ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 სექტემბერი 2019 13:29

2019 წლის 5 სექტემბერს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში, დავით დონდუამ სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებებზე. მათ შორის ისაუბრა სოფელ გუგუტიანთკარსა და სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე.
მისი განცხადებით უკანასკნელი თვეების მანძილზე რუსეთის ფედერაცია განაგრძობდა ხელოვნური დაბრკოლებებისა და ბარიერების აღმართვას, ზღუდავდა გადაადგილების თავისუფლებას, კვლავაც იტაცებდა და უკანონოდ აპატიმრებდა საქართველოს მოქალაქეებს. მათ შორის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის შედეგად, სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრები ოჯახები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები.  სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, მათ შორის, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის, რუდოლფ მიხალკას პირადი ჩართულობას,  ვითარების დასტაბილურების  მიზნით.
საქართველოს ელჩმა ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დევნაზე. მან ყურადღება გაამახვილა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორისა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე. ასევე, საოკუპაციო ძალის მიერ ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებასა და მის რუსულ სამხედრო ბაზაზე გარდაცვალებაზე.
ელჩის განცხადებით 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრისა და საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციიდან 11 წლის შემდეგაც, რუსული მხარე კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, უკრაინისა და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წარმომადგენლებმა. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის 28 ქვეყნის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონტენეგრო და ისლანდია.
დელეგაციებმა გამოხატეს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ლიეტუვას დელეგაციამ, მეგობართა ჯგუფის (ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები არიან: აშშ, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, უკრაინა, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, შვედეთი, ირლანდია, რუმინეთი) სახელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 11 წლის შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობა რჩება უკიდურესად შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით. მან ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისი სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.
ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
დელეგაციებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და აღნიშნეს ქართული მხარის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება. მათი განცხადებით, ხელოვნური დაბრკოლებებისა და ბარიერების აღმართვა, ასევე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.
დელეგაციებმა დაგმეს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და განაცხადეს, რომ არ აღიარებენ მათ ლეგიტიმურობასა და შედეგებს.
მეგობართა ჯგუფის წევრებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინციატივის - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ - მიმართ და მიესალმნენ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან არსებული დაძაბულობის დე-ესკალაციისკენ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.

ეუთო-ში აშშ-ს მისიის განცხადება
https://osce.usmission.gov/on-the-situation-in-georgia/ 

დავით დონდუა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გიოტმიოლერს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 სექტემბერი 2018 12:51

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერთან. 
 
 შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს ურიერთობების დინამიკა,ბრიუსელის სამიტის შედეგები, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესი. 
 
 მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად. კიდევ ერთხელ დადასტურდა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. გენერალური მდივნის მოადგილემ კმაყოფილება გამოხატა საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე როგორც რეფორმების განხორციელების, ისე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.
 
 როუზ გიოტმიოლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა.  
 
 ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.

ეკვადორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018 17:56

პარაგვაი - მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ, პარაგვაის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  შეხვედრა გამართა ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ხოსე ვალენსიასთან.  შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს  „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ადამიანური მობილურობის სამინისტროს შორის საერთო ინტერესების საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების“ შესახებ. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა და პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ეკვადორს შორის  თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. 
შეხვედრაზე ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ მიმოიხილეს საქართველოსა და ეკვადორის რესპუბლიკას შორის ორმხრივ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები,  ისაუბრეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უწყებათაშორის თანამშრომლობაზე. 
ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა ინტერესი საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გაზიარების კუთხით. 
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ და ეკვადორის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა  (რეზიდენციით ბუენოს-აირესი) ირაკლი ყურაშვილმა.
საქართველოს დელეგაცია პარაგვაის ახლადარჩეული პრეზიდენტის მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაციაში მონაწილეობის მიზნით ეწვია. 

დავით დონდუა ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 16:41

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა  საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს სერ გარი ჯონსონს შეხვდა. შეხვედრის დროს ყურადღება დაეთმო გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. ასევე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით.

დავით დონდუამ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების 5-ე მიმოხილვით კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 22:21

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (ეჩშძ) ხელშეკრულების 5-ე მიმოხილვითი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ხელმძღვანელობით.
კონფერენციის ფარგლებში ბატონმა დავით დონდუამ საქართველოს სახელით განცხადება გააკეთა.  თავის გამოსვლაში იგი შეეხო ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის სფეროში არსებულ კრიზისს, მის გამომწვევ მიზეზებსა და დაძლევის შესაძლო გზებს. მან აღნიშნა, რომ კრიზისის მთავარი გამომწვევი მიზეზი არის არა იმდენად სისტემის შეუსაბამობა 21-ე საუკუნის მოთხოვნებთან, არამედ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობოდ და პირნათლად შესრულების პრობლემა. ქართველმა დიპლომატმა დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულ სამხედრო აგრესია და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ინფრასტრუქტურის აღმშენებლობა. რუსეთის ფედერაციის უპასუხისმგებლო და დესტრუქციულმა ქმედებებმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშმა დარღვევამ ეჩშძ რეჟიმი ღრმა კრიზისამდე მიიყვანა, რამაც მნიშვნელოვნად შეარყია ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. 
საქართველოს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული კრიზისის დაძლევაზე მიმართული ნებისმიერი ძალისხმევა უნდა ეყრდნობოდეს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუძემდებლური დოკუმენტებით განსაზღვრულ   უმნიშვნელოვანეს ნორმებსა და პრინციპებს.
დავით დონდუამ დაადასტურა საქართველოს  ერთგულება ეჩშძ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისადმი და მოუწოდა წევრ-სახელმწიფოებს ამ უმნიშვნელოვანესი რეჟიმის პირნათელი შესრულებისაკენ.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამართა ორმხრივი შეხვედრები პარტნიორი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

დავით დონდუა ირლანდიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016 12:38

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის დოილის თავმჯდომარეს, შონ ო’ფარელს შეხვდა.შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ირლანდიის თანამშრომლობის დღის წესრიგი და ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ”საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწულ პროგრესს. ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. მინისტრის მოადგილემ პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაბილურობის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება”, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, შონ ო’ფარელმა დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მიმართ და საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის მზაობა გამოთქვა.

დავით დონდუამ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 17:14

2016 წლის 5 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ მონაწილეობა მიიღო ნატო-ს კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში. პანელზე სახელწოდებით „Georgia on the way to NATO Warsaw Summit: Role of Effective Strategic Communications“ დავით დონდუამ ისაუბრა ვარშავის სამიტისთვის საქართველოს საკითხის მზადების პროცესზე, საქართველოს მოლოდინებსა და ამ კონტექსტში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. 

დავით დონდუა ესტონეთს ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 მარტი 2016 17:01

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, თანმხლებ უწყებათაშორის დელეგაციასთან ერთად ესტონეთს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ:   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი დოლიძე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი, ნატა ქორიძე; თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის, ნატო-ში ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, თინათინ მზარელუა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, თეა ახვლედიანი.
 
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კიულლიკე სილლასტე-ელლინგთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან მიკო ჰალიასთან; ასევე, შედგა ქართული დელეგაციის შეხვედრები ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის  კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარკო მიჰკელსონთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სვენ მიკსერთან. 11 მარტს, საელჩოს ორგანიზებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაიმართა დისკუსია თემაზე: „საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები“.
 
გამართული შეხვედრებისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის პროცესის განვითარებაზე,  ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებულ იმპლემენტაციასა და  ვარშავის სამიტის მიმართ საქართველოს მოლოდინებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების კუთხით მიღწეულ პროგრესს,  საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას, ქვეყანასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევებს, საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. 
 
ესტონელ კოლეგებთან შეხვედრებისას, დავით დონდუამ ფართოდ მიმოიხილა ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები; რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და გამოწვევები. ამ მხრივ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში, ისევე როგორც ოკუპაციის ხაზის გასწვრივ არსებულ მდგომარეობასა და ბოლოდროინდელ განვითარებებზე; საქართველოს მიერ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციის კუთხით გადადგმულ ცალმხრივ ნაბიჯებსა და რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზე, „მცოცავი ანექსიის“, საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „შეთანხმებების“ და უკანონო „ბორდერიზაციის“ ჩათვლით. საუბარი შეეხო აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტებს. ამ კონტექსტში, დავით დონდუამ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ადგილზე საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნის მნიშვნელობაზე. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, ამ კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და განხორციელებულ რეფორმებს, ხაზი გაესვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს წვლილის მნიშვნელობას და ნატო-ს ვარშავის სამიტის მოლოდინებს.
 
ესტონურმა მხარემ  ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.  
 

დავით დონდუას ვიზიტი ბერლინში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 15:57

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ვიზიტი  ბერლინში დასრულდა.

ვიზიტის ფარგლებში დავით დონდუა შეხვდა 2016 წელს ეუთო-ში გერმანიის თავმჯდომარეობისას ფედერალური მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს, გერნოტ ერლერს; საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩევლის მოადგილეს, იოახიმ ბერტელეს; ეუთო-ში მომავალი თავმჯდომარეობისას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამუშაო შტაბის ხელმძღვანელს, ანტიე ლეენდერცეს; კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს, ანდრეას პეშკეს. შეხვედრები გაიმართა ასევე გერმანიის წამყვან კვლევით ცენტრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძოდ: მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის,  საგარეო პოლიტიკის საზოგადოებისა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის წარმომადგენლებთან.

შეხვედრების მთავარ თემას წარმოადგენდა  გერმანიის როლი საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით, 2016 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობის კონტექსტში.

მინისტრის მოადგილემ გერმანელ დიპლომატებს გააცნო საქართველოში შექმნილი უსაფრთხოების მდგომარეობა. ყურადღება გაახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტერიზაციისა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებაზე. ხაზი გაესვა ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, მათ შორის, ადმინისტრაციულ საზღვარზე თავისუფალი გადაადგილებისა და გალში ქართულ ენაზე განათლების შეზღუდვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მცოცავი ანექსიის პროცესზე, კერძოდ, ინტეგრაციის შესახებ ე.წ. „ხელშეკრულებების“ კვალდაკვალ დარგობრივი შეთანხმებების დადებაზე, რაც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ინტეგრაციას რუსეთის უსაფრთხოების, ეკონომიკის, სამხედრო და სოციალურ სისტემაში.

მინისტრის მაოდგილემ ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. ისაუბრა ეუთო-სა და ზოგადად, საერთაშორისო ჩართულობის გაზრდაზე, როგორც ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ისე ნდობის აღდგენის პროცესში. ხაზი გაესვა ასევე ევროკავშირის სადამკვირვემლო მისიის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის მნიშვნელობას.

დავით დონდუამ გერმანულ მხარეს გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა საქართველოში კონფლიქტის დარეგულირებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართულებით. განხილულ იქნა ასევე უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონში არსებული ვითარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებული პროგრესი ისევე, როგორც საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. 

გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერინიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და გამოხატა მზადყოფნა 2016 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობის კონტექსტში გერმანიის მეტ ჩართულობაზე საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების კუთხით. გერმანიის წარმომადგენლებმა მხარდაჭერა აღუთქვეს ქართულ მხარეს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელებაში. 

დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 აგვისტო 2015 20:40

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დავით დონდუა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჩენ გუო ფინს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში არსებულ თანამშრომლობას. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბოლო პერიოდში ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ახალი აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის“ პროექტში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. ამასთან ერთად, მხარეებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სამომავლო რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და შესაბამისი პოზიციები შეაჯერეს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა დავით კერესელიძემ შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე ლიუ ძინსონთან. მხარეებმა „აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის“ პროექტში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში საუბარი აგრეთვე შეეხო ა.წ. 15-16 ოქტომბერს დაგეგმილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური