გმირები არასოდეს კვდებიან, ისინი სამარადისოდ ცოცხლობენ და ხელახლა იბადებიან - ილია ზუკაკიშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 09 იანვარი 2021 10:31

ამერიკის მეგობართა კლუბის (AFC) პრეზიდენტი, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მისალოცად სახლში ესტუმრა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

შობის ბრწყინვალე დღესასწაულის ფარგლებში, კვლავ მოგვეცა შესანიშნავი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ განვახორციელოთ ეროვნული პროექტი “გვახსოვდეს ჩვენი გმირები“.  აღნიშნული ინიციატივა, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელების უკვდავყოფას და ერის ღირსების გაძლიერების მიზანს ემსახურება.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცო და მადლიერება გამოვხატო, რუსეთის ფედერაციასთან  საომარი მოქმედების დროს გმირულად დაღუპული თითოეული ჯარისკაცის ოჯახის წევრის მიმართ. ვფიქრობ დამეთანხმებით, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების და პოლიციელების ხსოვნა, უპირველესად იმსახურებს განსაკუთრებულ, ღირსეულ და მოკრძალებულ პატივისცემას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდადებული მეომრების სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას. გმირები არასოდეს კვდებიან, ისინი სამარადისოდ ცოცხლობენ და ხელახლა იბადებიან - განუცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა. 

ეროვნული პროექტის “გვახსოვდეს ჩვენი გმირები“ (ს) მხარდაჭერისთვის, ამერიკის მეგობართა კლუბი მადლობას უხდის თითოეულ ორგანიზაციას, რომლებიც სიამოვნებით შეუერთდნენ საშობაო მილოცვის აქტს და ჩაერთნენ ღონისძიების განხორციელების პროცესში; ლიბერთი ბანკი, კომპანიები - ენერჯი, ავერსი, პიელ ნატურალსი, ბრენდი სუპრემო, მაკდონალდსი და კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია.                                                                      

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და ბრწყინვალე შობის დღესასწაულს. 2021 - ყოფილიყოს უამრავი სასიამოვნო ემოციის და უფლის წყალობით დახუნძლული ბედნიერების წელი. მიყვარხართ, მეამაყებით და ბედნიერი ვარ, რომ მაქვს პატივი ვიყო თქვენი მეგობარი.  

ილია ზუკაკიშვილი

ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი

10 წელი აგვისტოს ომიდან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 11:54

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. ოში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მათ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროები.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის სხვა მაღალჩინოსნები. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეკრებილ ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა და თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდში, მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილე ქართველი და უცხოელი სამხედროებიც იმყოფებოდნენ.

სპუტნიკი მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციას იწყებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 08 აპრილი 2017 09:23

პროექტის პირველი ეტაპი სოციალურ ქსელებში ინტერაქტიული აქცია იქნება, რომლის ფარგლებში სოციალური ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე თავისი ახლობლების ისტორიები და ფოტოები გაასაჯაროოს.

საინფორმაციო სააგენტო და რადიო "სპუტნიკ საქართველო" მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი (1939 — 1945 წლები) მიძღვნილ მულტიმედიურ პროექტს "ჩვენი გმირები" იწყებს. პროექტის პირველი ეტაპი სოციალურ ქსელებში ინტერაქტიული აქცია იქნება, რომლის ფარგლებში სოციალური ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე თავისი ახლობლების ისტორიები და ფოტოები გაასაჯაროოს. ამისთვის აუცილებელი იქნება "სპუტნიკ საქართველოს" ოფიციალურ Facebook-გვერდზე ფოტოები და ისტორიები განათავსოს, რომელთაგანაც საუკეთესოები "სპუტნიკ საქართველოს" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება, ხოლო კონკურსის გამარჯვებულებს სპუტნიკისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.

პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, რომელიც სტარტს აპრილის შუა რიცხვებში აიღებს, „სპუტნიკ საქართველო" მკითხველს წარუდგენს ომის ვეტერანებთან და მათი ოჯახის წევრებთან ინტერვიუებს და ფაშიზმზე გამარჯვების თემასთან დაკავშირებული ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ნარკვევებს. რესურს "სპუტნიკ საქართველოს" ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: "თითოეულ ქართულ ოჯახში ახსოვთ მეორე მსოფლიო ომში საქართველოს ფასდაუდებელი წვლილი. სპუტნიკის ახალი პროექტის მიზანი — ჩვენი წინაპრებისა და ბაბუების გმირობის ხსოვნა და ახალი თაობისთვის ამ კავშირის ჩვენებაა". საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი მებრძოლი წავიდა, რომელთაგან მხოლოდ 300 ათასი დაუბრუნდა საკუთარ სახლ-კარს. საქართველოს ათი ათასობით მცხოვრებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ, მათგან 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. ყველაზე ცნობილი — უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993 წლები) იყო, რომელმაც სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად, 1945 წლის მაისში რეიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.

"სპუტნიკ საქართველომ" ქვეყანაში მუშაობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე, რადიორესურსსა და მაღალტექნოლოგიურ მულტიმედიურ პრეს-ცენტრს. „სპუტნიკ საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი. სპუტნიკი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალ ამბების ზოლი ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში მუშაობს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

 

საარჩევნო ადმინისტრაციამ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგო პატივი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 14:37

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

თამარ ჟვანიამ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგო პატივი. „დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ერთიანი საქართველოს იდეას შეეწირნენ. მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუთხრა, რომ ჩვენი ხალხი გმირების თავგანწირვას არასოდეს დაივიწყებს“, -განაცხადა თამარ ჟვანიამ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 23 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

 

9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 09 აპრილი 2016 14:09

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. დავით ებრალიძემ 27 წლის წინ მომხდარი მოვლენები შეაფასა.
„9 აპრილი ჩვენი უახლესი ისტორიის დიდი ძვრების და გაერთიანების დასაწყისი იყო. როგორც დიდ დღეებს შვენის, ამ დღესაც ჰყავს თავისი გმირები. 9 აპრილს გმირები დაეცნენ და ცხადია, ამ თვალსაზრისით, ეს დღე ტრაგიკულიც არის. თავდაცვის სამინისტრო პატივს მიაგებს 9 აპრილის გმირებს. ეს დღე ყოველთვის იქნება ღირსშესანიშნავი დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში“.
27 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ.

ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური