ტრენინგი მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017 11:47

მედიასთან კომუნიკაციის საკითხებზე საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა ტრენინგი გაიარეს.

სწავლება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ გახსნეს. როგორც გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სანდო, დროული, ზუსტი ინფორმაციის გაცემა მედიასთან ეფექტური ურთიერთობის არსებითი საფუძველია.

მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე ესაუბრა ტრენინგის მონაწილეებს ჟერომ ლეღო და განაცხადა, რომ საოლქო კომისიების თავმჯდომარეები რეგიონებში არჩევნების სახეს წარმოადგენენ და მედიის წარმომადგენლებთან მათი ეფექტური კომუნიკაცია საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მედიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებსა და ინტერვიუს მიცემის ტექნიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ქეთი მაისურაძემ  და ფონდის ექსპერტმა თამარ მამულაშვილმა ჩაატარეს.

3 დღიან ტრენინგი ცესკომ IFES-ის მხარდაჭერით განხორციელა.

 

 

 

მოიხდის თუ არა საჯაროდ ბოდიშს რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ეკა მაღრაძე?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 03 სექტემბერი 2017 11:43

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის 9–საათიან „კურიერში“ ცესკოს მიერ შესყიდვების წარმოებასთან დაკავშირებულ სიუჟეტში დაშვებულ უზუსტობებზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ ბრიფინგი გამართა.

შარაბიძემ რუსთავი 2-ზე 9 საათიან გამოშვებაში გასულ ინფორმაციას შესყიდვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია იმიჯისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მიმართავს სასამართლოს ჟურნალისტის - ეკო მაღრაძის წინააღმდეგ.

„სიუჟეტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას, რომელიც აზიანებს საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს. აქედან გამომდინარე, ცესკო მიმართავს ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამრთლოს, რათა მას დაევალოს სიუჟეტში აღნიშნული არასწორი ფაქტების საჯაროდ უარყოფა“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

მისივე თქმით, „გუშინ 9 საათიან კურიერში გავიდა ჟურნალისტ ეკო მაღრაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი ცესკოს საარჩევნო შესყიდვებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავდა არსებით ფაქტობრივ უზუსტობებს. კონრეტულად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში გაცხადდა, რომ ცესკო ტენდერებს ფაქტობრივად აღარ ატარებს და მომსახურებას ყიდულობს იმ კომპანიებისგან, რომელსაც ხელმძღვანელობა თავად არჩევს. რაც მცდარია, ვინაიდან შესყიდვებისთვის ხდება ფასთა წინასწარი კვოტირებები, ასევე ხდება შესასყიდი პროდუქციის შესწავლა წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით“.

„სულ 2017 წლის მანძილზე, არასაარჩევნო პერიოდში, გამოცხადდა 76 ტენდერი, რომელთაგანაც არ შედგა 26 ტენდერი, მათ შორის ორჯერ გამოცხადების შემდგომ 6 ტენდერი, ხოლო წარმოქმნილი ეკონომია 177 ათას ლარს შეადგენს. რაც შეეხება საარჩევნო პერიოდის შესყიდვებს, იგი ხორციელდება კონკრეტული წლის საარჩევნო ბიუჯეტიდან და საარჩევნო კოდექსის 52–ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით. ცესკო უფლებამოსილია განახორციელოს ასეთი შესყიდვები, გამომდინარე საარჩევნო პროცესების მნიშვნელობიდან და შესაბამისი ვადებიდან. ასე რომ, საარჩევნო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების კანონიერება აბსოლუტურად ეჭვგარეშეა“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

„აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში ჟურნალისტმა დაასახელა შესყიდვის კოდები და არა ის, თუ რა იქნა რეალურად შესყიდული, მაგალითად, საბიუჯეტო სპეციფიკიდან გამომდინარე კოდს ქვია „საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები“, თუმცა, რეალურად, შესყიდულია საარჩევნო უბნებზე ბიულეტენის კონვერტები, ხოლო სახელმწიფო კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში A4 ფორმატის ქაღალდი, რომლითაც მარაგდება ცესკო, საოლქო საარჩევნო კომისიები, ცესკოს სტამბა საარჩევნო დოკუმენტაციის, მათ შორის, ამომრჩეველთა კედლის სიების დასაბეჭდად“, – თქვა შარაბიძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული შესყიდვების ყველა ხელშეკრულება საჯაროდ ხელმისაწვდომია და, შესაბამისად, საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მით უმეტეს სიუჟეტის ავტორს, შეეძლო ამ დოკუმენტების სრულად ნახვა.

„ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რაც ყველაზე სამწუხაროა, სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტმა დაასახელა აბსოლუტურად მცდარი თანხა, ნაცვლად საკომუნიკაციო სტრატეგიის და სარეკლამო კამპანიის კონცეფციის შექმნისათვის გადახდილი 77.974,97 ლარისა დასახელდა 793 ათასი ლარი, როგორც დახარჯული კველვებსა და სტატისტიკებში, ანუ 10 ჯერ მეტი თანხა სულ სხვა მიზნობრიობით“, – აღნიშნა შარაბიძემ.

ჩვენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას დავუკავშირდით მიმდინარე დავის ეთიკის ჭრილში შეფასებისთვის. ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა განაცხადა, რომ მას ეს სიუჟეტი ნანახი არ აქვს და ვერ გააკეთებს კომენტარს კონკრეტულ სიუჟეტზე, ვინაიდან ამ საკითხზე შეიძლება განცხადება შევიდეს ქარტიაში და თუ ორგანიზაციამ წინასწარ დააფიქსირა თავისი პოზიცია, ამ შემთხვევაში აზრი ეკარგება მიმართვას ქარტიისადმი.

„მე ვუშვებ იმას, რომ ცესკომ შეიძლება მომართოს ქარტიას და მე ვფიქრობ ეს სწორი იქნება. თუკი მას მიაჩნია, რომ „რუსთავი 2“–მა დაარღვია ქარტიის რომელიმე პრინციპი და მათ აქვთ პრეტენზია, აუცილებლად უნდა მომართონ ქარტიას. ქარტია არის თვითრეგულირების ორგანო და თუკი ცესკო მომართავს ამ ორგანოს, ცხადია საბჭო იმსჯელებს ამ მასალის შესახებ და დაადგენს, იყო თუ არა დარღვევა ქარტიის რომელიმე პრინციპის“, – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა. 

ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 18:41

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს, ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძეს მონაცემების ელექტრონული ვერსია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი პატარიძემ  და თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძემ გადასცეს.

სააგენტომ ცესკოს 3 577 375 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემები გადასცა. ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კიდევ ერთხელ განაახლებს ამომრჩეველთა ერთიან სიას.

მონაცემების ხელახალი დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა).

 სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური