გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაციის წევრებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 19 მარტი 2019 11:56

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის შესასწავლად არიან ჩამოსული. დელეგაციას ხელმძღვანელობს ჰონგ კონგის (ჩინეთი) სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ედვარდ იაუ. 

ვიზიტის მიზანია დელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რასაც საქართველო სთავაზობს „ერთი გზა-ერთი სარტყელის~ ინიციატივის ფარგლებში. გარდა ამისა, ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისეთ საკვანძო სექტორებში როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლის მიზანსაც ქვეყნის ინკლუზიური ზრდა წარმოადგენს. აღინიშნა ის უპირატესობა, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მოქმედების გამო. გიორგი ქობულიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქართული და ჰონგ კონგის კომპანიები მიიღებენ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებით. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესებას საერთაშორისო ანგარიშებსა და სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებში. 

ჰონგ კონგის ბიზნესდელეგაციამ გამოხატა დიდი დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორით, მათ შორის, ენერგეტიკის, წარმოების, ტექნოლოგიების, IT-ის მიმართულებით. 

შეხვედრის დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლებს შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და სხვა ოფიციალური პირები.

გიორგი ქობულიამ იაპონელ კოლეგასთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 მარტი 2019 11:29

ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრთან ჰიროშიგე სეკუსთან. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ ვაჭრობაზე. აღინიშნა, რომ 2018 წელს ექსპორტი 55 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ამავე დროს, აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით პოტენციალი გაცილებით მეტია, რაც აუცილებლად უნდა იყოს ათვისებული. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდად დინამიკაზე იაპონიაში, კერძოდ, 2018 წელს ზრდამ 28 პროცენტი შეადგინა. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ტოკიოში ღვინის გამოფენის მოწყობის ფაქტი, რომელიც მარტში გაიხსნება, 7 მაისამდე იმუშავებს და გამოფენის დამთვალიერებლებს მიაწვდის ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიისა და უწყვეტი ტრადიციების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობას იაპონიის ბაზარზე. ასევე დადებითად შეფასდა ტოკიოში საქართველო - იაპონიის ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქტების პოპულარიზებას იაპონიის ბაზარზე. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე შეთანხმებაზე საქართველოსა და იაპონიის  ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას (NEXI) შორის, რომელსაც ხელი 15 მარტს მოეწერება. აღინიშნა, რომ შეთანხმება სტიმულს მისცემს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდას, აგრეთვე ხელს შეუწყობს საქართველოში იაპონური ინვესტიციების შემოსვლას. 

ქართულმა მხარემ ასევე გაამახვილა ყურადღება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხზე და იაპონელ კოლეგას აღნიშნული პროცესის დაწყება შესთავაზა. ასევე აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებაზე, რომლის შედეგადაც შეთანხმების ძირითად ტექსტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. შეხვედრაზე მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რათა დასრულდეს დარჩენილი ფორმალური პროცედურები შეთანხმების გაფორმების მიზნით. იაპონურმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ შემდგომ ნაბიჯად შესაძლოა, საქართველოსა და იაპონიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დაწყების შესაძლებლობა განიხილოს. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საქართველოსა და იაპონიის მინისტრებმა ისაუბრეს, ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება იყო. ქართული მხარე იაპონიის გამოცდილებით დაინტერესდა. 

ქართული მხარემ იაპონურ მხარეს ორი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა შესთავაზა. საუბარია, 230-250 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურისა და მზის 50 მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებზე. ითქვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია, თუკი იაპონური კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერებში. 

გარდა ამისა, ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმაზე და გამოთქვა დაინტერესება, რომ იაპონურმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული საწარმოების ენერგოაუდიტში და როგორც საბითუმო მომხმარებლებს, გაუწიოს ტექნიკური დახმარება და გაუწიოს გამოცდილება მათი ენერგოეფექტურობის გეგმის შემუშავების მიზნით. 

ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გათვალისწინებით, პრიორიტეტად განისაზღვრება ჰიდრო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელების მეშვეობით. განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების დიდი პოტენციალი, არამარტო წყლის რესურსის, არამედ ქარის, მზის, გეოთერმული და ბიომასის ენერგიის ათვისების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. ქართულმა მხარემ გამოთქვა ინტერესი, რომ აღნიშნულ პროცესში იაპონურმა კომპანიებმა უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. 

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონელი კოლეგა თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის მესამე ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

გიორგი ქობულიამ სინგაპურის მხარესთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018 17:55

სინგაპურში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია სინგაპურის საზღვაო და საპორტო ხელისუფლების მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ენდრიუ ტანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სინგაპურის საზღვაო ტრანსპორტის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე.

შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით უკვე დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რომლის შემდეგაც დოკუმენტი დიპლომატიური არხებით გაეგზავნა სინგაპურის მხარეს.

ამასთან, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში აქტიურად განიხილება საზღვაო კლასტერის შემუშავების იდეა-პროექტი, რომელიც საზღვაო საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ სინგაპური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საზღვაო კლასტერის შემქმნელი ქვეყანაა, ქართულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება, რომ სინგაპურმა საქართველოსთან ამ კუთხით ითანამშრომლოს და გამოცდილება გაუზიაროს.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს პორტებში „ერთი ფანჯრის“ პრინციპის პროექტისა და საპორტო სერვისების დიჯიტალიზაციის პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელთან დაკავშირებითაც სასურველი და სასარგებლო იქნებოდა რეკომენდაციების მიღება ისეთი ქვეყნისგან, როგორიცაა სინგაპური.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ურთიერთგაცვლისა და ერთობლივი პროგრამების მომზადების მიზნით. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საზღვაო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის MPA აკადემიაში სპეციალური სწავლებების გავლის შესაძლებლობაზე.

 

გიორგი ქობულია OECD ევრაზიის რეგიონულ დირექტორს უილიამ თომპსონს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018 16:57

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის რეგიონულ დირექტორს უილიამ თომპსონს შეხვდა. 

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის პროგრამა და მისი პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის, პროექტი, რომელიც საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესწავლას და გაუმჯობესებას შეეხებოდა. 

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს, საქართველოში 2019 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიის ფორუმის ჩატარებას შეეხებოდა. 

შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ OECD-ის ევრაზიის რეგიონის დირექტორმა მისი ორგანიზაციის სახელით გამოთქვა საქართველოს დიდი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ეკონომიკური რეფორმების მიმართ. 

„ჩვენ მოვილაპარაკეთ ორ მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი ეხება დიდ პროექტს, რომელსაც ვიწყებთ OECD-ისთან ერთად, რომლის ფარგლებშიც ისინი შეისწავლიან ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ გარემოს და დაგვეხმარებიან OECD ქვეყნებიდან საგრძნობლად მეტი ინვესტიციის მოზიდვაში. ეს პროექტი დაიწყება 2019 წელს და მთელი წელი გაგრძელდება. მეორე საკითხი შეეხებოდა OECD-ის ევრაზიის კვირეულის ჩატარებას საქართველოში. ეს დიდი პატივი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, დაგვეხმარება კიდევ ერთხელ საქართველოს პოპულარიზაციაში, განსაკუთრებით ბიზნეს სამყაროში და ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა OECD-ისთან კიდევ უფრო ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. 

„ჩვენ OECD-ში უაღრესად მოხარულები ვართ, რომ საქართველოში OECD ევრაზია 2019-ის ჩატარების შესაძლებლობა გვაქვს. გვახარებს საქართველოს მთავრობის ასეთი დადებითი დამოკიდებულება. ეს არის ძალიან მაღალი დონის ღონისძიება, რომელზეც იკრიბებიან OECD ევრაზიის ქვეყნების ვიცე პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, და ელჩები,“ - განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციის ევრაზიის რეგიონის დირექტორმა უილიამ თომპსონმა. მისი თქმით, „ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის, გააუმჯობესოს საკუთარი პროფილი OECD-ის წევრი ქვეყნებისთვის და აჩვენოს მათ ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები, როგორ მოახერხა მან განვითარება და როგორ იქცა რეგიონში წამყვან რეფორმატორ ქვეყნად“. 

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.

გიორგი ქობულია: „აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 1,5 მილიარდიანი საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას გეგმავს“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018 10:28

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მინისტრის შეფასებით, შეხვედრა პოზიტიური და სასარგებლო იყო - საუბარი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. 

როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი ქობულიამ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკს საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს 3 მლრდ დოლარამდე ინვესტიცია, დღესდღეობით კი  აქვს1,5 მილიარდიანი პორტფელი. „ეს, პრაქტიკულად, ჩვენი ეროვნული პროდუქტის 10%-ს შეადგენს. ბანკი აპირებს ამ პორტფელის გაფართოებას - კერძოდ, ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში ADB-ის პორტფელის გაფართოების საკითხზე, ასევე საპენსიო რეფორმისა და PPP-ს კანონის დანერგვა-მხარდაჭერაზე“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

გიორგი ქობულიასა და იეშიმ ელჰან-კაიალარის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში საშუალო და მცირე ბიზნესების მხარდაჭერის კუთხით მუშაობის გააქტიურება. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, ამ მიმართულებით ბანკმა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა წარმოადგინა. „ბანკი რეგიონებში განახორციელებს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რათა ისინი ერთმანეთს დააკავშიროს - მაგალითად, სასტუმროები და პროდუქტების მწარმოებლები, რათა მათ ითანამშრომლონ. ბანკი ასევე დააფინანსებს მათ ბიზნესებს, რომ შეძლონ პროდუქციის შექმნა და თუ სასტუმროს აშენება“- აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ქობულია თანხმლებ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 22 სექტემბერი 2018 04:30

გიორგი ქობულია თანხმლებ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო DCFTA-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე განვიხილეთ, არის საშუალო და მცირე საწარმოების მხარდაჭერა. ამ კონტექსტში ვილაპარაკეთ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნაზე, რომელშიც ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი გვეხმარება და დიდ დახმარებას გაგვიწევს მომავალშიც“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომ საკრედიტო-საგარანტიო ფონდმა მოგვცეს ის შედეგები, რომელიც გვჭირდება - მან უნდა დააფინანსოს ის სფეროები, ის კომპანიები, რომლებიც მაქსიმალურ შედეგს მოგვცემენ ეკონომიკის ზრდაში და ასევე მოგვცემენ  ევროპის ბაზრებთან ინტეგრაციის საშუალებას“- აღნიშნა მინისტრმა.

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური