გიორგი მარგველაშვილი - ორჯერ ორი ოთხია, თუ ხუთი, ასეთ საკითხებზე ვსაუბრობთ, როდესაც ვაჩერებთ თვითმმართველობის პროცესს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 23:41

თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას, საქართველოს პრეზიდენტი პროცესების უკან დაბრუნებად აფასებს. 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, თვითმმართველი ორგანოების გაძლიერებით მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემოდა, მათი პრობლემები უფრო ეფექტურად მოგვარებულიყო.

საქართველოს პრეზიდენტმა ვადამდელი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე არჩევნების თარიღს ვერ დანიშნავს. 

”ორჯერ ორი ოთხია, თუ ხუთია, ასეთ საკითხებზე ვსაუბრობთ, როდესაც ვაჩერებთ თვითმმართველობის პროცესს და ვცდილობთ იოლად შევატრიალოთ ყველაფერი უკან. ამ პროცესს შევარდნაძესთან დაპირისპირებიდან გააჩნია თავისი ისტორია, როცა ვითხოვდით მეტ თვითმმართველობას, მერე უკვე სააკაშვილის პერიოდში არჩეული თბილისის მერი იყო, ამაში ვმონაწილეობდით და გვახსოვს. ამ პროცესის პოზიტივიც მახსოვს, როდესაც ”ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის ნაწილში წინ გადადგა ნაბიჯი. 

პრეზიდენტი ვერ გამოაცხადეს არჩევნების თარიღს, პრემიერის კონტრასიგნაციის გარეშე. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც იურიდიული განათლება აქვს ან ახსოვს შარშანდელი პროცესი, ესმის, რომ მე პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის გარეშე ვერ გამოვაცხადებ არჩევნების თარიღს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

გიორგი მარგველაშვილი - ბევრად მეტი მინდოდა გამეკეთებინა და ბევრად მეტი მინდა ვაკეთო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 23:02

ძალიან ბევრი რამ ამ 4 წლის განმავლობაში ვერ გავაკეთე. რთულია ყოველდღიურად იცოდე, რომ შენს მოქალაქეებს ძალიან ბევრი სირთულე აქვთ და შენ არ გაქვს შესაძლებლობა ამ სირთულეების გადაჭრის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, პრეზიდენტს 2013 წლის შემდეგ აღარ აქვს აღმასრულებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება. „ალბათ მნიშვნელოვანია ის, რომ ბევრად მეტი მინდოდა გამეკეთებინა და ბევრად მეტი მინდა ვაკეთო. როდესაც მე „ქართული ოცნების“ გუნდში ვიყავი, როდესაც ვუპირისპირდებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ სულ სხვა იყო ემოცია. მაშინ ბევრად უფრო რომანტიულები ვიყავით მომავალთან მიმართებაში. იმ პოლიტიკური რეალობის ფარგლებში, რომელიც შემდეგ იყო, ვცდილობდი ჩემი ვალდებულება მაქსიმალურად შემესრულებინა. ეს ვალდებულება ცოტა რთულია იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუცია შეიცვალა 2013 წელს. ბუნებრივია, ამის თაობაზე ბევრი არ იყო ინფორმირებული, რა ცვლილებები შევიდა. მე აღარ მქონდა უფლება აღმასრულებელი გადაწყვეტილებების მიღების, პრეზიდენტს აღარ ემორჩილებოდნენ მინისტრები, პრეზიდენტი ხდებოდა გარკვეული ბალანსი დემოკრატიის, კონსტიტუციის, ეს საკითხები იყო ძალიან ახალი. მინდა პირველ რიგში მადლობა ვუთხრა მოქალაქეებს, რომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად გაიგეს. მათ გაიგეს, რომ მე არ შემილია პენსიების მომატება, არ მაქვს შესაძლებლობა სოციალური დაზღვევა გავზარდო, უზრუნველვყო დასაქმება, გადავწყვიტო ეკონომიკური სირთულეები და ა.შ. ძალიან ბევრი რამ ამ 4 წლის განმავლობაში ვერ გავაკეთე. რთულია ყოველდღიურად იცოდე, რომ შენს მოქალაქეებს ძალიან ბევრი სირთულე აქვთ და შენ არ გაქვს შესაძლებლობა ამ სირთულეების გადაჭრის. მე ამ სიმძიმით ვცხოვრობ და როდესაც მაქვს შესაძლებლობა, მაქსიმალურად ვცდილობ ის შეჭირვება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, რამენაირად გადავწყვიტო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი - არაფრის დიდებით არ უნდა გავატაროთ არც ერთი მეტრი მავთულხართის გაბმა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 22:59

ჩვენ არასდროს შევეგუებით იმ ისტორიულ უსამართლობას და ვანდალიზმს, რაც ხდება ჩვენს მიწა-წყალზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”არჩევანი” განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მცოცავი ოუპაციის შესაჩერებლად რა ბერკეტები არსებობს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ”ეს შეუგუებლობა მიგვიყვანს ჩვენ ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე”. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ ვითარებას რამდენიმე კომპონენტი გააჩნია და მათ შორის მთავარი არის რუსეთი.

”პირველი ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც 21-ე საუკუნეში ერთდროულად ცდილობს, იყოს გლობალური პოლიტიკის მოთამაშე, იყოს იმ დიდ ქვეყანათა შორის, რომლებიც განაპირობებენ ჩვენს პლანეტაზე წესრიგს და ამავე დროს აქვე, ევროპის ტერიტორიაზე საქართველოში მოქმედებს სრულიად შუასაკუნებრივი ლოგიკით, სადაც დამოკიდებულება არის ასეთი - მე რადგან გამაჩნია იარაღი, გამაჩნია ძალაუფლება, მე მაქვს შენს ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო შენაერთები, შეგიქმნი სირთულეს ყოველდღიურად. ეს არის ის შუასაუკუნებრივი ლოგიკა, რომლზეც დიდი ხანია კაცობრიობამ უარი თქვა. რუსეთის ფედერაციას აქვს ერთი რიტორიკა, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ რას ამბობენ - ისინი გვეუბნებინ ჩვენ ძალიან მტკივნეულ რამეს, რომ მიიღეთ რეალობაო. ეს არის გამიზნული პოლიტიკა, რომ შეარყიონ ჩვენი მდგრადობა და ერთიანობა”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ვითარებაში არ უნდა მოდუნდეს არავინ, არც პრეზიდენტი, არც საგარეო უწყება, არც ოპოზიცია და არც რიგითი მოქალაქე. ”არაფრის დიდებით არ უნდა გავატაროთ არც ერთი მეტრი მავთულხართის გაბმა, არც ერთი კვადრატული მეტრი, რომლის დაპყრობასაც ახორციელებს ოკუპანტი ძალა”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 12:14

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ამერიკელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და დონალდ ტრამპს მისალოც წერილს უგზავნის.

„თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ, გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე.

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ამერიკელმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე მრავალი გამოწვევა გაიარა. აშშ ყოველთვის იყო როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურა სხვა ერებისათვის, ასევე მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი.

ვითვალისწინებ რა არსებულ არასტაბილურ და ცვალებად გარემოს, მჯერა, რომ თქვენი ქვეყანა წარმატებით გაივლის ყველა გამოწვევას და ახალ სიმაღლეებს მიაღწევს წარმატებული განვითარებისათვის.

ვსარგებლობ ამ შემთხვევით და ნება მომეცით კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი.

ჩვენი ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია; ჩვენმა ერებმა ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით ერთად გაიარეს სხვადასხვა გამოწვევა საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად. მადლიერებას გამოვხატავთ და განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე აშშ-ის მიერ გაწეულ მხარდაჭერას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი გამოხატულ ურყევ პოზიციას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატების, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

საქართველოს პრეზიდენტი აბიტურიენტებს მიმართავს

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 09:06

ძვირფასო აბიტურიენტებო,
თქვენ ცხოვრებაში, შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო.
მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. ამავე დროს, ღრმად მწამს, რომ მეცნიერება და შემოქმედება, ახალი ცოდნის წარმოების პროცესი არის ის, რასაც თითოეული ქვეყნის განვითარება თუ მთლიანად კაცობრიობის წინსვლა ეფუძნება.
ამიტომ, მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რომელსაც სკოლებში ეუფლებოდით.
მჯერა, რომ წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელით. რომ თქვენი შრომა ჩვენ ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენ პირად წინსვლას.

პატივისცემით,
გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი აბიტურიენტებს მიმართავს და ეროვნული გამოცდებზე წარმატებას უსურვებს

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 03 ივლისი 2017 12:05

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აბიტურიენტებს მიმართავს და ეროვნული გამოცდებზე წარმატებას უსურვებს

“ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენ ცხოვრებაში, შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო.

მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. ამავე დროს, ღრმად მწამს, რომ მეცნიერება და შემოქმედება, ახალი ცოდნის წარმოების პროცესი არის ის, რასაც თითოული ქვეყნის განვითარება თუ მთლიანად კაცობრიობის წინსვლა ეფუძნება.

ამიტომ, მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რომელსაც სკოლებში ეუფლებოდით.

მჯერა, რომ წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე, საინტერესო ცხოვრება გელით და თქვენი შრომა ჩვენ ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენ პირად წინსვლას”- აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო პროცესის შეჩერებისაკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ივნისი 2017 10:39

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრაზე ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებზე და მისი განხილვის პროცესში მაქსიმალური კონსენსუსის აუცილებლობაზე გამახვილდა.
„ჩვენ ვიმეორებთ ერთი და იგივეს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რომ ამოსავალი საკონსტიტუციო პროცესისთვის კონსენსუსი და დიალოგია.
რეალურად, ექვსი თვე დასჭირდა მმართველ გუნდს იმისთვის, რომ დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ვერც ქართულ საზოგადოებას და ვერც საერთაშორისო საზოგადოებას ვერაფერს გამოაპარებ და მოატყუებ და დღეს ყველანი ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე.
იმისთვის, რომ არ შეჩერდეს ქართული დემოკრატიის განვითარება, იმისთვის, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში, უნდა შევხედოთ ვითრებას,  „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს ის, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის დემოკრატიულ იმიჯს და შეაჩეროს ეს პროცესი და დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი, ისე როგორც ის უნდა მიმდინარეობდეს დიალოგის, ჩართულობის, კონსენსუსის ღირებულებებიდან გამომდინარე.
გავიგე, რომ დასჭირდა ექვსი თვე იმისთვის, რომ ეს ანბანური ჭეშმარიტება ჩვენთვის მაინცადამაინც ევროპიდან ეთქვათ, მაგრამ ახლა ამ მომენტში გავიაზროთ ვითარების სირთულე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ნუ შევიყვანთ კრიზისში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მთავარი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში დიალოგის გზით კონსენსუსის მიღწევაა.
„ჩემი მესიჯი დღეს და შემდეგაც იქნება ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყონ დიალოგი, ერთმანეთთან საუბარი, იმისათვის, რომ შედგეს კონსენსუსი.
პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია და თავად პრეზიდენტი მოუწოდებს დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიას“,- აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი; პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.

პრეზიდენტმა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის მონაწილეებისათვის ბათუმში მიღება გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017 11:27

საქართველოს პრეზიდენტის სახელით დღეს ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესის მონაწილეებისათვის მიღება გაიმართა. მიღებაზე გიორგი მარგველაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებთან ერთად მივიდა და 40 -მდე ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე და ერთიანი ევროპული დისკუსიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ამაყია იმით, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარე ქვეყანაა.

“ეს მაღალი სტატუსი ბუნებრივია, გამომდინარეობს იმ ადამიანების შრომიდან, რომელთა გადაწყვეტილებები და ერთგულება კონსტიტუციური სამართლის, დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისადმი და ადამიანის უფლებადაცვითი საქმიანობისადმი შესაბამისად შეფასდა მათი ევროპელი კოლეგების მიერ.

დღეს თქვენგანის პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებიდან გამომდინარე საქართველო კიდევ ერთხელ ზეიმობს თავის ადგილს და როლს ევროპულ სამართლებრივ პროცესში.

პატივცემულო სტუმრებო, ჩვენ ერთად ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვან დროს, როდესაც ჩვენს საზოგადოებებში ევროპული ღირებულებების, ევროპული სამართლის უზენაესობის კონცეფციის, ადამიანის უფლებების პრევალირების საკითხებთან დაკავშირებით ცხოველი დისკუსია მიმდინარეობს.

ამ თვალსაზრისით, სწორედ საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გზავნილია. საქართველო ერთერთი ყველაზე ევროოპტიმისტი ქვეყანაა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც სჯერათ ევროპული ღირებულებების და მიისწრაფვის ევროპული დემოკრატიის, ევროპული სახელმწიფოებრიობისა და ევროპული სამართლისაკენ.

ამ თვალსაზრისით, მომავალი თქვენი სამუშაო, ის დასკვნები და შედეგები, რომლებსაც თქვენ საზოგადოებას გაუზიარებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისა და მისი მომავლისთვის.

ის დებატები, რომლებიც მიმდინარეობს ევროპულ სივრცეში აუცილებლად გულისხმობს, რიგ შემთხვევებში, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას იმისა, რასაც კონსტიტუციონალიზმის, კონსტიტუციური სამართლის ევროპული სტანდარტი ჰქვია.

ამ თვალსაზრისით, თქვენგან მტკიცე პოზიციის დაკავება საქართველოსთვის და ევროპული ცივილიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს.

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესი, რომელიც კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში საკონსტიტუციო სასამართლოების როლს ეხება, ბათუმში, ხვალ გაიხსნება და მასში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები მიიღებენ.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ასევე, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ შეხვდება.

გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 17:22

საქართველოს პრეზიდენტი აფგან მუხთარლის საქმეს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს - მზად და ღია იქნება ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად.

აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლესთან ლეილა მუსტაფაევასთან და ადვოკატთან შეხვედრისას გააკეთა.

 

პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა ლეილა მუსტაფაევას ინიციატივით შედგა და მასზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის შესახებ ისაუბრეს.

 

შეხვედრას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ესწრებოდნენ.

 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმე დიდ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დემოკრატიულობისა და ფასეულობებისათვის.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული მხარის და ოჯახის ყველა კითხვას პასუხი გაეცეს დროულად. ეს კითხვებია: რატომ აწარმოებს გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ, რატომ არ აქვს მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი და ბევრი მნიშვნელოვანი ეჭვი, რომელიც ოჯახს აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების სრული დაცვით, გარდა ამისა გამოძიებამ იმუშაოს ისე, რომ ოჯახი დარწმუნდეს, რომ მისი ინტერესები დაცულია“,- აღნიშნა ანა დოლიძემ.

აფგან მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი საქმის კურსში ჩააყენეს ევროსასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, პრეზიდენტი დაინტერესდა საქმის ძირითად გარემოებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შემდგომშიც მიადევნებს თვალს საქმის განვითარებას, რადგან ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კონკრეტული დაზარალებულისათვის, ასევე, ქვეყნის იმიჯისა და სუვერენიტეტისათვის.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 26 ივნისი 2017 08:52

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის “მოითხოვე ქართული“ ფარგლებში, თბილისში ოთხ ქართულ საწარმოს ეწვია და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.
საპრეზიდენტო კამპანიით “მოითხოვე ქართული“, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, გიორგი მარგველაშვილი გოგა ჩანადირისა და ტარიელ ზივზივაძის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციით ქართული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და მრჩევლებთან ერთად ქართული ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების კომპანიას „გეფერინი“, ყავის საწარმოს „მონდო“, ჭურჭლის სარეცხი ღრუბლების მწარმოებელ კომაპნიას „დენოლა“,  და ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ქართული ავეჯის შოუ რუმს ეწვია.
კომპანია "დენოლა" 2014 წელს სახ. პროექტის "აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოს ძირითად მიმართულებას აქაფებული პოლეურეტანის (პარალონი) წარმოება წარმოადგენს.
კომაპნია საკუთარ პტროდუქციას ავეჯის, ლეიბებისა და სხვა ანალოგიური პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს აწვდის საქართველოში და საზღვარგარეთ.
გიორგი მარგველაშვილმა წარმოების პროცესში მიიღო მონაწილეობა და კომპანიაში დასაქმებულებს გაესაუბრა.
ქართული ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების კომპანია „გეფერინში“ პრეზიდენტი დასაქმებულების ანაზღაურებით და წარმოების გაფართოების შესაძლებლობებით დაინტერესდა.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია “Gepherrini MC” 2014 წლის 7 აგვისტოს დაარსდა და თავდაპირველად, ქალის ჩანთების წარმოება დაიწყო, ეტაპობრივად, ქალის ჩანთებს მამაკაცის და ბავშვის ჩანთები შეემატა, შემდგომ ეტაპზე კი ნატურალური ტყავის სამაჯურებისა და მამაკაცის საფულეების წარმოება დაამატა. ბრენდს საკუთარი პროდუქცია უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გააქვს.
გიორგი მარგველაშვილი ყავის საწარმოში „მონდო“ უახლესი, თანამედროვე დანადგარების მეშვეობით ყავის მარცვლების  მოხალვა, დაფქვა და დაფასოების პროცესს დაესწრო.
კომპანიაში რამდენიმე სახეობის ყავა მზადდება. ბრენდი განსაკუთრებულ მომსახურებას სთავაზობს HORECA (სასტუმრო/რესტორანი/კაფე) ბიზნესის იმ მფლობელებს, რომლებიც ყავის საკუთარი ბრენდის შექმნით და მის სავაჭრო ობიექტებზე გაყიდვით არიან დაინტერესებულნი. „მონდოს“ ლაბორატორიაში, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, აღნიშნული ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ყავის სასურველი გემო და სასურველი სახელწოდებით შექმნან ყავის ახალი ბრენდი.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართული წარმოების გაძლიერებით და მისი შეძენით საქართველოს მოსახლეობა აძლიერებს ქართულ ეკონომიკას და ეხმარება ეროვნული ვალუტის სტაბილურობას.
„მედიასთან ერთად საქართველოს არაერთი რეგიონი მოვიარე და ვნახე ძალიან ბევრი საინტერესო, ქართული წარმოება. დღეს თბილისში ვართ.
ქართულ საწარმოში არაერთხელ მაქვს ნაყიდი ღრუბელი, იმისთვის რომ გამეკეთებინა სახლში ავეჯი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და ვუთხრა ყველას, ვინც ყიდულობთ პროდუქტს, ყოველთვის მოიკითხეთ, თუ არის შესაძლებლობა იყიდოთ ქართული“,  - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური