გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 10:07

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეფან პოლტორაკი სასახლეში მიიღო.
მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინას საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე მსგავსი მიზნები ამოძრავებთ და ორივე ქვეყანა რუსეთიდან მომავალი საფრთხეებისა და აგრესიის პირისპირ დგას.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინაში და გააგრძელებს ორმხრივი ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობას და უკრაინის მხარდაჭერას ყველა ფორმატში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეფან პოლტორაკმა გიორგი მარგველაშვილს უკრაინის პრეზიდენტის მადლობა გადასცა იმ პირადი წვლილისათვის, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში.
შეხვედრისას საუბარი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის მზადების საკითხებს შეეხო, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.

"მიყვარს ეს დღე და მიყვარს, როცა ყველა ერთად ვზეიმობთ ამ დღეს"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 მაისი 2017 17:10

"მიყვარს ეს დღე და მიყვარს, როცა ყველა ერთად ვზეიმობთ ამ დღეს. მახსოვს, რამდენად შორს ჩანდა ეს დღე თუნდაც 27-30 წლის წინ და რამდენად რთულ ვითარებაში ვიყავით. მოხდა გარდატეხა და ვიხსენებ იმ ადამიანებს, რომლებსაც მაშინაც უხაროდა ეს დღე. დღესაც, როცა ყველანი ერთად ვართ ერთი ემოციით გაერთიანებულნი ძალიან მიხარია და ყველას გილოცავთ, ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს", - საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და შვილთან ანა მარგველაშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა, მოქალაქეებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები 

პრობლემებზე მითითება არის ის, რაც ჩვენ გვეხმარება უკეთესი საზოგადოების შექმნისათვის, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 13:24

საქართველოს პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა სახალხო დამცველის საპარლამენტო გამოსვლას და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის აქცენტები ქვეყნის პოლიტიკურ- საზოგადოებრივ დისკუსიას განაპირობებს, ძალიან საინტერესო და ყურადსაღებია.
პრეზიდენტი მოუწოდებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას გააანალიზონ და მხედველობაში მიიღონ ყველა ის საკითხი, რომელიც ომბუდსმენმა წამოჭრა საპარლამენტო გამოსვლისას.
გიორგი მარგველაშვილმა იმ განწყობების შესახებაც ისაუბრა, რომელიც სახალხო დამცველის მიმართ არსებობს და იმ ადამიანებს უპასუხა "ვისაც მიაჩნია, რომ ომბუდსმენი გუნდრუკს უნდა უკმევდეს ხელისუფლებას, დაკავებული იყოს შედარებითი ანალიზებით, წარმოაჩენდეს არა პრობლემებს, არამედ ქადაგებდეს რამდენად კარგადაა ვითარება.
"ბევრი საინტერესო ინსტიტუტი არსებობს, ბევრი საინტერესო პოლიტიკოსი მოევლინება ხოლმე საზოგადოებას, რომელიც აღავლენს დიდებას ძლიერთა ამა ქვეყნისა მიმართ, მაგრამ არა ომბუდსმენი.
ომბუდსმენის ფუნქცია მდგომარეობს სწორედ იმაში და ჩვენ ომბუდსმენის სამსახურს და სახალხო დამცველის სამსახურს ვუხდით ხელფასს სწორედ იმაში, რომ აღმოაჩინოს პრობლემები, წარმოგვიდგინოს, მოგვცეს შესაძლებლობა მათი ანალიზის და მათი დაძლევის.
თუ ომბუდსმენი მხოლოდ ისაუბრებს იმის თობაზე რა არის გაკეთებული კარგი, ასეთ შემთხვევაში ასეთ ინსტიტუტს არ ექნება ფასი.
არიან ადამიანები, რომლებიც ამას სრულიად უფასოდ აკეთებენ და მათ შეგვიძლია მივანდოთ ეს საქმე.
სწორედ კრიტიკული ანალიზი, სწორედ პრობლემებზე მითითება არის ის, რაც ჩვენ გვეხმარება უკეთესი საზოგადოების შექმნისათვის,'' -  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, რომელსაც უჩა ნანუაშვილიც ესწრებოდა.

პრეზიდენტის არჩევის წესის შესაცვლელად მმართველ ძალას ძლიერი არგუმენტი სჭირდება, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 09 მაისი 2017 16:32

როგორი უნდა იყოს ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის სისტემა და როგორ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება, როგორი თვითმმართველობა გვსურს, როგორი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის სისტემა, - ეს ის თემებია, რომელზეც დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
საყოველთაო განხილვებში ჩართვამდე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა კამპანიის “კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში გამართული შეხვედრისას დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემა, რომელიც ჩადებულია საკონსტიტუციო ცვლილებებში ვერ უზრუნველყოფს მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას, ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას და ამომრჩეველთა ხმების დაცულობას. პრეზიდენტის აზრით, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება თუ, როგორც ცვლილებებშია დარჩება 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარერი, აეკრძალებათ პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნა და დაკანონდება გადაუნაწილებელი მანდატების ე.წ. განაწილების ბონუსსისტემა. 
“საარჩევნო სისტემაში პრობლემურია ბლოკების შექმნის უფლების აკრძალვა. ამის მერე ყველაზე უსამართლო ნაწილი, რომელსაც მე ვხედავ, არის გაუნაწილებელი ხმების საკითხია - როცა ყველა გაუნაწილებელი მანდატი მიაქვს არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას. 
ასეთი ერთობლიობა, ჩემი აზრით, შექმნის ისეთ ვითარებას, როდესაც ასეთი სამი, ოთხი, ხუთი ძლიერი პოლიტიკური პარტიის შექმნა გაჭირდება, რაც გამოიწვევს ხელისუფლების დაპირისპირებას ოპოზიციასთან და ვიქნებით ისევ ამ დაპირისპირებაში - ხელისუფლება ოპოზიციას შორის”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკური პროცესი არ უნდა იყოს დაპირისპირების შემქმნელი, არ უნდა იყოს პრინციპული დაპირისპირების, ერთმანეთზე გადაკიდების მიზეზი. 
“სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ვართ მცირერიცხოვანი ერი და ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, პოლიტიკურად, ტრადიციულად, ვუპირისპირდებით ძალიან აგრესიულად ერთმანეთს, ყველაზე მეტად ალბათ ეს დაპირისპირება სწორედ სამეგრელოს ახსოვს. 
ეს უნდა შეიცვლოს. არ შეიძლება, რომ ჩვენ ოპოზიციას არ მივცეთ საშუალება, რომ უფრო გაძლიერდეს და მითუმეტეს ეს გაძლიერება იყოს არა ერთი, არამედ  მოხდეს რამდენიმე ოპოზიციური ძალის გაძლიერება, მოხდება არა ეს სამოქალაქო დაპირისპირება, არამედ იქნება მშვიდი კამათი და ვინ რამდენ პროცენტს აიღებს'', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან საუბრისას.
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს ასეთი მმართველობის მოდელები, სისტემები ევროპაში და დემოკრატიულია, მაგრამ, საქართველოში უკვე 90-იან წლებში ჩამოყალიბებულია პრეზიდენტის არჩევის ტრადიცია, რომელიც შექმნილია, როდესაც დაფუძნდა პრეზიდენტის ინსტიტუტი.
“როდესაც გვქავს უკვე ასეთი ტრადიცია, როდესაც ჩვენ როგორც მოქალაქეები და ამომრჩევლები მივეჩვიეთ იმას, რომ პრეზიდენტს ვირჩევთ, თუ შენ ამას მე მიცვლი, თუ მართმევ არჩევანის უფლებას, ეს უნდა ამიხსნა რატომ აკეთებ ამას. რა პრობლემა იქნება იმაში, რომ ჩვეულებრივმა, რიგითმა მოქალაქემ, რიგითმა ამომრჩეველმა აირჩიოს პრეზიდენტი”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 

გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს ხარების დღესასწაულს ულოცავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 07 აპრილი 2017 16:17

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მოწამეთას მონასტრიდან მიულოცა.
„ხარებას გილოცავთ სრულიად საქართველოს!
ამ დღეს, როდესაც კაცობრიობას ეხარა მომავალი მაცხოვრის დაბადება, მინდა, რომ სიხარულისა და ახლის დაბადების ემოცია ყველა ჩვენგანში გაცოცხლდეს.
მე დღეს ამ დღესასწაულს გილოცავთ მოწამეთას მონასტრიდან. მოწამეთა არის ჩემი გვარის წარმოშობის სოფელი და მიხარია, რომ აქ მოვხვდი და ამ მშვენიერი ადგილიდან მაქვს შესაძლებლობა მოგილოცოთ ეს მშვენიერი დღესასწაული“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მოწამეთაში პირველ ლედისთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.

ჩვენ ვიწყებთ პროცესს - კონსტიტუცია ყველასია, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 10 მარტი 2017 17:18
„იმისთვის, რომ ვაქციოთ კონსტიტუცია რეალურად თანხმობის დოკუმენტად, ჩვენ ვიწყებთ პროცესს - კონსტიტუცია ყველასია, რომლის მიზანია ყველა მოქალაქეს, ინტერესჯგუფს, ყველა ჯგუფს, რომელიც შეადგენს ჩვენს მრავალეთნიკურ, მრავალკულტურულ და სხვადასხვა შეხედულების ირგვლივ გაერთიანებულ ქვეყანას, მივცეთ შესაძლებლობა, გამოხატოს პოზიცია ამ უმნიშვნელოვანესი თანხმობის დოკუმენტში,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. დღს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვა შედგა.

ყველა მხარეს მივცეთ შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 14:45

"ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ან თავისი ვერსიის სიმართლე, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცველ სტრუქტურებს, აკეთონ თავისი საქმე, პოლიტიკური ჩარევების გარეშე,"- განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოში, პატრიარქსა და მეუფეებთან შეხვედრის შემდეგ.

ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა,- გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 31 იანვარი 2017 14:58

"ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები. პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები. ასეთი სტრუქტურის შექმნისას კი, ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს ამ უწყების ანგარიშვალდებულება და ეფექტური კონტროლი სამივე სახელისუფლებო შტოს, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს მხრიდან," - ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა,  ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 იანვარი 2017 11:33

საქართველოს პრეზიდენტი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს:

"გულითადად გილოცავთ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს.

სომეხთა და ქართველთა ძმობა იმავე ხნისაა, რამდენისაც ჩვენი ქვეყნების ისტორია. ფასდაუდებელია თქვენი გარჯა საქართველოს აღმშენებლობისა და განვითარებისათვის. აქ დაბადებული უამრავი სომეხი ხელოვანით, მეცნიერითა თუ საზოგადო მოღვაწით ჩვენ ისევე ვამაყობთ, როგორც თქვენი ისტორიული სამშობლო სომხეთი.

ვუერთდები თქვენ სიხარულს და გისურვებთ, რომ 2017 წელი ჯანმრთელობის, ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის,"- ნატქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

ერთმანეთის გაძლიერებით, ჩვენ თვითონაც ვძლიერდებით, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 10:47

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ორ საზოგადოებრივ ინიციატივაში ჩაერთნენ.
გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი აქციას “იყიდე ქართული“ შეუერთდნენ. აქციის ფარგლებში, საახალწლოდ ოჯახისათვის ავლაბრის ბაზარში და სასურსათო მაღაზიაში ქართული წარმოების პროდუქტები და მაღაზია „იმერში“ ქუთაისის ფაბრიკაში შეკერილი სამოსი შეიძინეს.
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი მოუწოდებენ საზოგადოებას შეუერთდნენ აქციას და შეიძინონ ქართული პროდუქცია.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი მეორე აქციასაც შეუერთდა. გიორგი მარგველაშვილი ქველმოქმედ აკა სინჯიკაშვილის აქციაშიც ჩაერთო, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის საახალწლო საჩუქრების დარიგებას გულისხმობს.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, აკა სინჯიკაშვილს სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის საჩუქრები - ჩურჩხელები და ჩიჩილაკები გადასცა.
„პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გაგახსენოთ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხალხია, რომელსაც სწორი და კეთილი გადაწყვეტილებების მიღების საოცარი უნარი აქვს.
მე შევუერთდი ორ აქციას. ერთი არის აქცია, რომ ჩვენ შევიძინოთ ჩვენი სამამულო პროდუქცია და ჩვენი სამამულო პროდუქციის შეძენით დავეხმაროთ ჩვენს წარმოებას და მეორე არის აქცია, რომელიც უკავშირდება სოციალურად დაუცველი ადამიანების მხარდაჭერას. ეს ორივე აქცია საზოგადოებიდან მოდის.
ერთი გოგა ჩანადირის აქციაა, მეორე კი, აკა სინჯიკაშვილის აქციაა, რომელსაც ვუერთდები და მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა სხვების ძალიან სწორ წამოწყებებს გვერდში დავუდგე და იგივეს მოგიწოდებთ, თქვენც, ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც გვაქვს შესაძლებლობა ორივე, აი ამ ძალიან სწორ წამოწყებას დავუჭიროთ მხარი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გვახსოვდეს ის, რომ ერთმანეთის გაძლიერებით, ერთმანეთის გვერდში დგომით ჩვენ თვითონაც ვძლიერდებით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური