გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს და საკონსტიტუციო პროცესში მონაწილე პარტიებს კონსულტაციებს სთავაზობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 16:31

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს და ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, კონსულტაციებს სთავაზობს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მიშველაძის თქმით, კონსულტაციები ხვალ, 16:00 საათზე გაიმართება.

"მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ გუშინ მიიღო კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის ხარვეზების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე მიანიშნებდა არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია. 

ამ დროისათვის, ახლად მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს მმართველი გუნდიც. ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი, მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილვევლად, ,,ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ 16:00 საათზე სთავაზობს კონსულტაციებს პრეზიდენტის სასახლეში", - განაცხადა მიშველაძემ.

პრეზიდენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 სექტემბერი 2017 18:17

საქართველოს პრეზიდენტის ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა, საოკუპაციო ძალა ახორციელებს მორიგ ვანდალურ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ.

ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით ხდება დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა, რაც მიზნად ისახავს ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას საქართველოს ამ ძირძველი ტერიტორიიდან.

ეს არის 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელება და ქმედება მიმართული ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისაკენ. ეს არის დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ უმკაცრესი შეფასება უნდა მისცეს“, -აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

"პულტებით, ხელის გადაგრეხვით ჩვენ რეალურად ვერ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს"- პრეზიდენტი უმრავლესობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 17:43

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს ოპოზიციასთან ერთად შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შეთანხმებული ვარიანტი გააცნო, რომელიც დღეს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და გასაჯაროვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ, დოკუმენტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი ძალა ოპოზიციის მაგალითს მიბაძავს, საერთო თანხმობის დოკუმენტის შესამუშავებლად დათმობაზე წავა, რათა პოლიტიკურ ძალებს შორის საბოლოო კონსენსუსი შედგეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტის ამოსავალი "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რომელშიც ოპოზიციასთან შეთანხმებით ცვლილებები შეეხო -პროპორციული საარჩევნო სისტემის (მანდატების სამართლიანი წესით განაწილების) დაუყოვნებლივ შემოღების საკითხს, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებას, ბარიერის 3%-მდე დაწევას, საარჩევნო ბლოკებისა და უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნების საკითხს, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უკეთ ორგანიზების, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერების საკითხებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსულტაციო პროცესის შედეგად დაიდო თანხმობის დოკუმენტი, რომელიც თავის თავში მოიცავს, კონსტიტუციური მოწყობის როგორც "ქართული ოცნების" ხედვას, ასევე გაერთიანებული პოლიტიკური სპექტრის ხედვებსაც.

"იმედი მაქვს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა გაიაზრებს იმას, რომ პულტებით, ხელის გადაგრეხვით ჩვენ რეალურად ვერ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს.

უკვე მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში და ჩვენივე შეფასებითაც, ის კლიშე, რომელიც არსებობდა, რომ თურმე საქართველოში ვერასდროს განსხვავებული პოლიტიკური ძალები ვერ დასხდებიან ერთ მაგიდასთან და თუ დასხდებიან ისინი ვერავითარ ახალს ვერ შეიმუშავებენ, ეს კლიშეც დანგრეულია.

მიხარია, რომ ჩვენ მივედით ამ ერთიან ხედვამდე და კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ თანხმობის მოტივაცია გადაძლევს იმ სიხისტეს, რომელიც რატომღაც უკვე მერამდენედ ახასიათებს საქართველოში იმ ძალას, რომელსაც გააჩნია პულტები, მერამდენედ ძალას, რომელსაც გააჩნია საკონსტიტუციო მანდატები, მერამდენედ ასეთი ძალა არ უყურებს წინა გამოცდილებას, რომ ხელის გადაგრეხა და იძულებით რაღაცის მიღება ქართული საზოგადოებისთვის თავისთავად მიუღებელია“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რადიკალურად განსხვავებულმა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა დათმობისა და კონსენსუსის მაგალითი მისცეს მმართველ პარტიას - ძალიან მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში, წინასაარჩევნო პერიოდში და იმედია, იგი ამ მაგალითს გაიზიარებს.

პრეზიდენტმა ლატვიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017 15:28

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის ელჩთან იანის ზლამეცთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იანის ზლამეცი მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ლატვიის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იანის ზლამეცს საქართველოსა და ლატვიის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

​​საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წელთან დაკავშირებით მილოცვები გაცვალეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 სექტემბერი 2017 11:46

გიორგი მარგველაშვილმა და ემანუელ მაკრონმა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული მილოცვები გაცვალეს.
,,მსურს სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენს ხალხებს შორის ისტორიულ-კულტურული კავშირები საუკუნეებს ითვლის, რამაც  უზრუნველყო ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა და განაპირობა ჩვენი სამხედრო კონტიგენტების ურთიერთთანადგომა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
ჩვენ ვაძლიერებთ  ერთმანეთს და შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას“,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.
საქართველოს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
,,საფრანგეთი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავენ. ეს ქმედება, საქართველოს მიერ მისი დამოუკიდებლობის აღდგენის ბუნებრივი გაგრძელება იყო; დამოუკიდებლობის, რომლის დაცვა დღეს, როგორც წარსულში, იმ კონკრეტული ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს.
მოხარული ვარ, რომ საფრანგეთი და საქართველო ავითარებენ დღეს საერთო ღორებულებებზე დაფუძნებულ მყარ და ხარისხიან ურთიერთობებს, და ვიმედოვნებ, რომ მომავალი წლები ყველა სფეროში დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელების საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყნებს.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამ მიმართულებით ჩემს სრულ ჩართულობასა და, ასევე, ჩემს ერთგულებაში, რომ საფრანგეთი განაგრძობს საქართველოსა და ევროკავშირთან მისი პარტნიორობის მხარდაჭერას მშვიდობის, სტაბილურობისა და მთელი რეგიონის განვითარების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მისალოც წერილში.
 

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 სექტემბერი 2017 16:38

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია მიიღო
შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.
,, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განხილული იყო აშშ - საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების საკითხები, როგორც სამხედრო თანამშრომლობის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე ქვეყნის შიდა, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას.

გიორგი მარგველაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 12:10

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.

გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 07 აგვისტო 2017 14:41

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია (Zaza Pachulia) საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის ღირსების ორდენი გადასცა.

"ზაზა ფაჩულია, პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც მოიპოვა NBA-ის თასი და გადაწყვიტა, რომ ეს გამარჯვება თავის სამშობლოში აღენიშნა.

ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენს წარმატებას საზოგადოებას უზიარებ და უბრუნებ.

ზაზა ფაჩულია არ ივიწყებს თავის სამშობლოს, თავის საზოგადოებას. ის ჩვენს გვერდით იყო მაშინაც, როდესაც თბილისს უჭირდა წყალდიდობის შემდეგ. მინდა, მადლობა ვუთხრა მას ამ პატრიოტული სულისკვეთებისთვისაც“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიისას.

ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს დაჯილდოებისათვის.

„რაც გამიკეთებია ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად გულით გამიკეთებია და ასეთ რაღაცას არ ველოდებოდი. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი გიფასებს იმ შრომას, ყველა იმ საქმეს, რასაც აკეთებ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ვეცდები, რომ ეს ღირსების ორდენი ვატარო ღირსეულად ჩემს ცხოვრებაში", - განაცხადა ფაჩულიამ.

დაჯილდოების ცერემონია დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ზაზა ფაჩულიას ოჯახის წევრები, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, მწვრთნელები და საკალათბურთო კლუბის Golden State Warriors წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტი ავღანეთში ქართველი სამხედროს გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 აგვისტო 2017 12:14

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო.

,,ქედს ვიხრი თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ემსახურება სამშობლოს, ვინც ბრძოლაში სიცოცხლე დაკარგა, ვინც განშორებულია თავის ოჯახს.

ვუცხადებ მათ პატივისცემას და საქართველოს მოქალაქეების სახელით უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ," - აღნიშნულია უმაღლესი მთავარსარდლის განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილი უმძიმესი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს გარდაცვლილი უმცროსი სერჟანტის ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს - „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს.

საქართველოს პრეზიდენტი თავდასხმის შედეგად დაშავებულ ქართველ სამხედროებს, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში მკურნალობენ, სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ინიციატივით მიმართა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017 10:35

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და კონკრეტული ინიციატივების უფრო სწრაფ და ეფექტიან იმპლემენტაციას.
"შედგა საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტს შორის, სადაც განხილული იქნა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა აქტუალური საკითხი.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტს იმ ნათელი მხარდამჭერი გზავნილებისთვის, რომლებიც გაჟღერდა ამ ვიზიტის განმავლობაში.
ხაზგასმით აღინიშნა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ გზავნილების ეფექტიან იმპლემენტაციას და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარების და კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.
პოლიტიკური კონსულტაციების არსებული ფორმატების კიდევ უფრო გაძლიერებისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მაიკ პენსს შესთავაზა იდეა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განიხილოს საქართველოს საკითხებში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ.
კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ კონტრიბუციას, რასაც საქართველო იღებს  საერთაშორისო უსაფრთხოებაში და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიკეთისა და სტაბილურობის მომტანია",- აღნიშნა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური