პრეზიდენტმა ლატვიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017 15:28

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის ელჩთან იანის ზლამეცთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იანის ზლამეცი მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ლატვიის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იანის ზლამეცს საქართველოსა და ლატვიის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

​​საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წელთან დაკავშირებით მილოცვები გაცვალეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 სექტემბერი 2017 11:46

გიორგი მარგველაშვილმა და ემანუელ მაკრონმა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული მილოცვები გაცვალეს.
,,მსურს სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენს ხალხებს შორის ისტორიულ-კულტურული კავშირები საუკუნეებს ითვლის, რამაც  უზრუნველყო ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა და განაპირობა ჩვენი სამხედრო კონტიგენტების ურთიერთთანადგომა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
ჩვენ ვაძლიერებთ  ერთმანეთს და შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას“,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.
საქართველოს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
,,საფრანგეთი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავენ. ეს ქმედება, საქართველოს მიერ მისი დამოუკიდებლობის აღდგენის ბუნებრივი გაგრძელება იყო; დამოუკიდებლობის, რომლის დაცვა დღეს, როგორც წარსულში, იმ კონკრეტული ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს.
მოხარული ვარ, რომ საფრანგეთი და საქართველო ავითარებენ დღეს საერთო ღორებულებებზე დაფუძნებულ მყარ და ხარისხიან ურთიერთობებს, და ვიმედოვნებ, რომ მომავალი წლები ყველა სფეროში დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელების საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყნებს.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამ მიმართულებით ჩემს სრულ ჩართულობასა და, ასევე, ჩემს ერთგულებაში, რომ საფრანგეთი განაგრძობს საქართველოსა და ევროკავშირთან მისი პარტნიორობის მხარდაჭერას მშვიდობის, სტაბილურობისა და მთელი რეგიონის განვითარების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მისალოც წერილში.
 

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 სექტემბერი 2017 16:38

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია მიიღო
შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.
,, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განხილული იყო აშშ - საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების საკითხები, როგორც სამხედრო თანამშრომლობის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე ქვეყნის შიდა, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას.

გიორგი მარგველაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 12:10

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.

გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 07 აგვისტო 2017 14:41

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია (Zaza Pachulia) საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის ღირსების ორდენი გადასცა.

"ზაზა ფაჩულია, პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც მოიპოვა NBA-ის თასი და გადაწყვიტა, რომ ეს გამარჯვება თავის სამშობლოში აღენიშნა.

ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენს წარმატებას საზოგადოებას უზიარებ და უბრუნებ.

ზაზა ფაჩულია არ ივიწყებს თავის სამშობლოს, თავის საზოგადოებას. ის ჩვენს გვერდით იყო მაშინაც, როდესაც თბილისს უჭირდა წყალდიდობის შემდეგ. მინდა, მადლობა ვუთხრა მას ამ პატრიოტული სულისკვეთებისთვისაც“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიისას.

ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს დაჯილდოებისათვის.

„რაც გამიკეთებია ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად გულით გამიკეთებია და ასეთ რაღაცას არ ველოდებოდი. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი გიფასებს იმ შრომას, ყველა იმ საქმეს, რასაც აკეთებ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ვეცდები, რომ ეს ღირსების ორდენი ვატარო ღირსეულად ჩემს ცხოვრებაში", - განაცხადა ფაჩულიამ.

დაჯილდოების ცერემონია დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ზაზა ფაჩულიას ოჯახის წევრები, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, მწვრთნელები და საკალათბურთო კლუბის Golden State Warriors წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტი ავღანეთში ქართველი სამხედროს გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 აგვისტო 2017 12:14

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო.

,,ქედს ვიხრი თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ემსახურება სამშობლოს, ვინც ბრძოლაში სიცოცხლე დაკარგა, ვინც განშორებულია თავის ოჯახს.

ვუცხადებ მათ პატივისცემას და საქართველოს მოქალაქეების სახელით უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ," - აღნიშნულია უმაღლესი მთავარსარდლის განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილი უმძიმესი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს გარდაცვლილი უმცროსი სერჟანტის ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს - „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს.

საქართველოს პრეზიდენტი თავდასხმის შედეგად დაშავებულ ქართველ სამხედროებს, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში მკურნალობენ, სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"საოკუპაციო ზოლთან მდგარი ადამიანები საკუთარი ქმედებით ქართველი ხალხის შეუგუებლობას გამოხატავენ"- პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 25 ივლისი 2017 15:18

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საოკუპაციო ზონაში საზოგადოების წევრების სამოქალაქო პატრულირებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ იქ მდგარი ადამიანები საკუთარი ქმედებით ქართველი ხალხის სიმტკიცეს გამოხატავენ. გარდა ამისა, პრეზიდენტი აქტივისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

„პირველ რიგში გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოების წევრებს, რომლებიც ამ წუთებში საოკუპაციო ზონაში სამოქალაქო პატრულირებას აწარმოებენ. პრეზიდენტის აზრით, დღეს საოკუპაციო ზოლთან მდგარი ადამიანები საკუთარი ქმედებით ქართველი ხალხის სიმტკიცეს და ოკუპაციის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავენ. ეს სულისკვეთება საბოლოოდ ჩვენს ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს გამარჯვებამდე. ამასთანავე, პრეზიდენტი სამოქალაქო აქტივისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მავთულხლართების მეორე მხარეს დგას ის ძალა, რომელიც მუდმივად ეძებს და აწყობს პროვოკაციებს.

მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში კვლავ გააქტიურდა საოკუპაციო ზოლის გადმოწევის ფაქტები; აღიმართა ე.წ. ბანერები; ორიოდე დღის წინ ოკუპანტებმა მორიგი ხნული გაავლეს სოფელ ყარაფილასთან და ეს ყოველივე ხდება რუსეთის სამხედრო წვრთნების ფონზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს.

აღნიშნული ფაქტი, კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ვითარებას და წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, არამედ სახელმწიფოთა ურთიერთობების ყოველგვარი ცივილური პრინციპების უგულვებელყოფას. ეს ყოველივე მიუთითებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია, კვალავაც არ არის საკმარისი რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება მნიშვნელოვანია“ - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

პრეზიდენტმა ვეტო ერთდროულად ორ კანონპროექტს დაადო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 ივლისი 2017 18:34

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის კანონში და ასევე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ პროექტებს ვედო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს გადაუგზავნა.

 ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა:

"თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება უაღრესად დასანანია, იმიტომ რომ ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქების სტატუსი მიენიჭა 2014 წელს, ქართული ოცნების რეფორმის ფარგლებში. ამ პროცესის უკან შეტრიალება არის აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელია. როდესაც შვიდ ქალაქს ერთმევა თვითმმართველობის სტატუსი ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და გაძლიერებას ქვეყანაში. თვითმმართველობა უზრუნველყოფს მთავრობის ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავრი შემკვეთის, ამომრჩევლის მიმართ," - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებსაც. მარგველაშვილის თქმით, აღნიშნული სახით კანონის მიღება ასუსტებს ცესკოს მიმართ ნდობის ხარისხს

"ცვლილებები ერთის მხრიც თვითმმართველობის მნიშვნელობას აკნინებს და მეორეს მხრივ ასუსტებს ცესკოს - საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ხარისხს. პოლტიკური პლურალიზმი კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს საარჩევნო სტრუქტურებში"- განაცხადა მარგველაშვილმა.

ორივე კანონზე ვეტოს დადების თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, შემდგომ კი ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს.

გიორგი მარგველაშვილი ენერგოუსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 13:23

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ენერგოუსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა

ბათუმში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საქართველოს ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საქართველოს როლი ენერგოთვალსაზრისით მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის.

„ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოება დიდწილად სწორედ საქართველოს როლზე დგას, იმ სატრანზიტო როლზე, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს.

შესაბამისად, განვიხილეთ ყველა ის შესაძლებლობები, რომელიც რეგიონში არსებობს, იმისათვის, რათა ერთის მხრივ, საქართველო და რეგიონი, მეორე მხრივ, ევროკავშირი იყოს უფრო მეტად უსაფრთხო ენერგოთვალსაზრისით“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების მიმართულებით გაჩენილ შესაძლებლობებს და იმ პროექტებს, რომლითაც საქართველო ენერგოსისტემის გაძლიერებას შეძლებს.

პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017 12:19

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი შეწყალების აქტს, რომლის მიხედვით 170 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეწყალებულთაგან 9 ქალია. შეწყალებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.
როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, 120 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, დანარჩენს კი სასჯელი შეუმცირდებათ.
ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ სულ განიხილა 1073 პირის საქმე.

პრეზიდენტის განკარგულება შეწყალების თაობაზე სასჯელაღსრულების სამინისტროს უკვე გადაეგზავნა. 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური