პრეზიდენტი ჟან-კრისტოფ ბელიარს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017 14:49

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, პოლიტიკურ დირექტორს ჟან-კრისტოფ ბელიარს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, ისაუბრეს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების საკითხზე, ასევე, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების საკითხზე და განიხილეს ის ნაბიჯები, რაც უნდა გადადგას საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად.

,,უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირთან, მათ შორის სწორედ უსაფრთხოების კუთხით და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებითაც დაიწყო სტრატეგიული დიალოგი.

შეხვედრისას საუბარი შეეხო სწორედ იმ ნაბიჯებს, თუ როგორ შეიძლება, რომ გაძლიერდეს საქართველო საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში და ევროკავშირის მისია არის დღეისათვის სწორედ ის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც კონფლიქტის მონიტორინგის პროცესს ახორციელებს.

ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრობლემატიკა განიხილებოდეს საერთო ევროპული უსაფრთხოების კოტექსტში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ჰიბრიდულ ომებზე და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოს სამწუხარო გამოცდილებაც უნდა განიხილებოდეს საერთო ევროიპული უსაფრთხოების კონტექსტში'', - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"სიცოცხლეშივე ლეგენდად შერაცხული..."- პრეზიდენტი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 21:37

ცნობილი ქართველი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს:

 

"გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ბრწყინვალე ვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ.

სიცოცხლეშივე ლეგენდად შერაცხული, ლიკა ქავჟარაძე იმ იშვიათთაგანი იყო, ვინც ეკრანზე გამოჩენიდან მოყოლებული, უწყვეტად სარგებლობდა თითოეული ქართველის უპირობო
სიყვარულითა და პატივისცემით.

მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ მის ხსოვნას და თანადგომას ვუცხადებ მისი ოჯხის წევრებსა და ახლობლებს."- აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017 12:04

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა.

პრეზიდენტის აზრით, საქართველოს კონსტიტუცია ვერ გახდება განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური ხედვების მქონე მოქალაქეთა გამაერთიანებელი დოკუმენტი, თუ მას ექნება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა.

გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო 9 ოქტომბერს დაადო.

მოტივირებული შენიშვნები შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017 23:29

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისა და 20-მდე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა:

უმრავლესობის მომართვის საფუძველზე, პრეზიდენტი ვეტოში უცვლელად ასახავს უმრავლესობის წინადადებებს.

პრეზიდენტი ვეტოში გაიმეორებს ასევე, "ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციას 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

დაბოლოს, საკითხზე, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაშია ქართული საზოგადოების პოზიციასთან, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით - ამ წინააღმდეგობის დაძლევის ვერსიად, პრეზიდენტი, ვენეციის კომისიის სულისკვეთების გაზიარებით, სთავაზობს უმრავლესობას, რომ პრეზიდენტის არჩევის საკითხი მომავლში გადაწყვიტოს ორპალატიანმა პარლამენტმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი პოზიცია უზრუნველყოფილია პარლამენტში ოპოზიციის ხმებით, რაც განაპირობებს იმას, რომ "ქართული ოცნების" პრინციპული პოზიციები გატარდება ცხოვრებაში და კონსტიტუცია აღარ იქნება ერთპარტიული დოკუმენტი. ამავე პოზიციას მხარს უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. ამ ყველაფრის ერთობლიობით, შესაძლებელი იქნება ქართული დემოკრატია გადავიდეს პოლიტიკური დისკუსიის, კომპრომისის და კონსენსუსის მიღწევის ევროპულ სტანდარტზე.

პრეზიდენტისა და ოპოზიციურ პარტიების შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე.

გიორგი მარგველაშვილი მზადაა, ხვალ მმართველ პარტიას შეხვდეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 14:19

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის კონკრეტულ თარიღს ასახელებს და მმართველ პარტიას პრეზიდენტთან შესახვედრად 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში იწვევს.

„სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება მარტივი სიტუაციების გართულება და ასეა ახლაც.

თითქმის კვირაზე მეტია საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის ასეთი შეხვედრისათვის. პრეზიდენტი ყოველთვის ღიაა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებზე საკომუნიკაციოდ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის, ცხადია, „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ კვლავ ადგილი აქვს სპეკულაციას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომუნიკაციაც იყო.

სწორედ, ამ სპეკულაციების დასასრულებლად მინდა, ძალიან ღიად განვაცხადო და ღიად მოვიწვიო „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

პრეზიდენტი მზადაა მათ 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდეს,“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიის რესპუბლიკას ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017 13:51

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დელეგაციასთან ერთად დღეს ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიის რესპუბლიკას ეწვია.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიზე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

საქართველოს პრეზედენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლისაბონში ბელემის სასახლეში გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზას, პრემიერმინისტრ ანტონიო კოსტას და პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ედუარდო ფერო როდრიგესს შეხვდება.

პრეზიდენტები პირიპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრების შემდეგ მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად პორტუგალიის კერძო სამეცნიერო ,,ფონდ შამპალიმოს’’ მოინახულებს, რომელიც ნეიროლოგიის, ონკოლოგიისა და კარდიოლოგიის სფეროებში ბიო-სამედიცინო კვლევების მიმართულებით მუშაობს.

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში პორტუგალიის უძველესი ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს და გრასას მონასტერს დაათვალიერებს, რომელშიც ქეთევან დედოფლის წამების ამსახველ პანოს გახსნის

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტს პორტუგალიაში 3 ოქტომბერს დაასრულებს.

გიორგი მარგველაშვილი - ვეტო რომ რთული ვითარებიდან გამოსავალია, ყველა თანხმდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017 17:27

ვეტო რომ ამ რთული ვითარებიდან გამოსავალია, მგონი ყველა თანხმდება, კონსტიტუციის მიმღები „ქართული ოცნებაც“ და პოლიტიკური სპექტრიც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. 

პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციის ამ ფორმით მიღებამ არაორდინალური სიტუაცია შექმნა. 

„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ ის ჯგუფი, რომელმაც ძალიან პოზიტიურად იმუშავა სულ რამდენიმე კვირის წინ და ეს არაერთხელ აღინიშნა. სრულიად განსხვავებული შეხედულებების პოლიტიკურმა ძალებმა შეძლეს და შექმნეს ერთიანი თანხმობის დოკუმენტი კომენტარებისა და შესწორებების სახით არსებული კონსტიტუციის პროექტზე. ეს დოკუმენტი გავუზიარეთ საზოგადოებას, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, პარლამენტში მიღებული იქნა კონსტიტუციის ის დოკუმენტი, რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, მაგრამ დოკუმენტმა თავიდანვე საათებსაც ვერ გაუძლო. თავიდანვე ჩვენ მოვისმინეთ მმართველი პარტიის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ არ მიღებული, ხელმოუწერელი დოკუმენტი, რომელიც არ არის უბრალო კანონი, არის საქართველოს კონსტიტუცია, უკვე თურმე ჩასასწორებელია ორ საკითხთან დაკავშირებით - ხაზს ვუსვამ, რომ ის ორი საკითხი რომელიც უნდა ჩასწორებულიყო იმ სიიდანაა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ. ამასთან ერთად ეს ის ორი საკითხია, რომელზეც ვალდებულება აიღო „ქართულმა ოცნებამ“, რომ ჩაასწორებდა. ვიტყოდი, რომ კონსტიტუციის ასე ჩქარა მიღება ასეთი დინამიკით, რომ ჯერ არ არის მიღებული და უკვე ჩასასწორებელია, არაორდინალურია. ამ ეტაპზე ეს არაორდინალურობა არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის სირთულე. ეს არის სირთულე ქვეყნისთვის. მინდა დღეს ჩვენ შევიკრიბოთ იმისთვის, რომ როგორმე პოზიტიურად გამოვიდეთ ამ სირთულიდან“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს და საკონსტიტუციო პროცესში მონაწილე პარტიებს კონსულტაციებს სთავაზობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 16:31

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს და ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, კონსულტაციებს სთავაზობს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მიშველაძის თქმით, კონსულტაციები ხვალ, 16:00 საათზე გაიმართება.

"მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ გუშინ მიიღო კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის ხარვეზების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე მიანიშნებდა არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია. 

ამ დროისათვის, ახლად მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს მმართველი გუნდიც. ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი, მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილვევლად, ,,ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ 16:00 საათზე სთავაზობს კონსულტაციებს პრეზიდენტის სასახლეში", - განაცხადა მიშველაძემ.

პრეზიდენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 სექტემბერი 2017 18:17

საქართველოს პრეზიდენტის ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა, საოკუპაციო ძალა ახორციელებს მორიგ ვანდალურ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ.

ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით ხდება დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა, რაც მიზნად ისახავს ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას საქართველოს ამ ძირძველი ტერიტორიიდან.

ეს არის 2008 წელს განხორციელებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელება და ქმედება მიმართული ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისაკენ. ეს არის დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ უმკაცრესი შეფასება უნდა მისცეს“, -აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

"პულტებით, ხელის გადაგრეხვით ჩვენ რეალურად ვერ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს"- პრეზიდენტი უმრავლესობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 17:43

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს ოპოზიციასთან ერთად შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შეთანხმებული ვარიანტი გააცნო, რომელიც დღეს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და გასაჯაროვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ, დოკუმენტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი ძალა ოპოზიციის მაგალითს მიბაძავს, საერთო თანხმობის დოკუმენტის შესამუშავებლად დათმობაზე წავა, რათა პოლიტიკურ ძალებს შორის საბოლოო კონსენსუსი შედგეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტის ამოსავალი "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რომელშიც ოპოზიციასთან შეთანხმებით ცვლილებები შეეხო -პროპორციული საარჩევნო სისტემის (მანდატების სამართლიანი წესით განაწილების) დაუყოვნებლივ შემოღების საკითხს, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებას, ბარიერის 3%-მდე დაწევას, საარჩევნო ბლოკებისა და უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნების საკითხს, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უკეთ ორგანიზების, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერების საკითხებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსულტაციო პროცესის შედეგად დაიდო თანხმობის დოკუმენტი, რომელიც თავის თავში მოიცავს, კონსტიტუციური მოწყობის როგორც "ქართული ოცნების" ხედვას, ასევე გაერთიანებული პოლიტიკური სპექტრის ხედვებსაც.

"იმედი მაქვს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა გაიაზრებს იმას, რომ პულტებით, ხელის გადაგრეხვით ჩვენ რეალურად ვერ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს.

უკვე მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში და ჩვენივე შეფასებითაც, ის კლიშე, რომელიც არსებობდა, რომ თურმე საქართველოში ვერასდროს განსხვავებული პოლიტიკური ძალები ვერ დასხდებიან ერთ მაგიდასთან და თუ დასხდებიან ისინი ვერავითარ ახალს ვერ შეიმუშავებენ, ეს კლიშეც დანგრეულია.

მიხარია, რომ ჩვენ მივედით ამ ერთიან ხედვამდე და კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ თანხმობის მოტივაცია გადაძლევს იმ სიხისტეს, რომელიც რატომღაც უკვე მერამდენედ ახასიათებს საქართველოში იმ ძალას, რომელსაც გააჩნია პულტები, მერამდენედ ძალას, რომელსაც გააჩნია საკონსტიტუციო მანდატები, მერამდენედ ასეთი ძალა არ უყურებს წინა გამოცდილებას, რომ ხელის გადაგრეხა და იძულებით რაღაცის მიღება ქართული საზოგადოებისთვის თავისთავად მიუღებელია“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რადიკალურად განსხვავებულმა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა დათმობისა და კონსენსუსის მაგალითი მისცეს მმართველ პარტიას - ძალიან მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში, წინასაარჩევნო პერიოდში და იმედია, იგი ამ მაგალითს გაიზიარებს.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური