2017 წ. ვიბრძოდით პრეზიდენტის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დასაცავად - გ. მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 იანვარი 2018 11:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან განვლილი 2017 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ტრადიციულად, პრეზიდენტის ინსტიტუტის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებისა და მხარდაჭერისათვის უწევდა ბრძოლა.
"ტრადიციულად გვიწევდა პრეზიდენტის ინსტიტუტის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, არა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანა ხდება სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები დაცულია.
იყო დრამატული პერიოდიც, როდესაც სრულიად ხელოვნური, ერთწლიანი პროცესით მოხდა კონსტიტუციის ცვლილებების ინიცირება. კონსტიტუციისა, რომელიც არ მიიღო არც ქართულმა საზოგადოებამ და არც მე და რომელზეც ვეტოს უფლება გამოვიყენე.
ამავე დროს, როგორც ყველა ნორმალურ საზოგადოებაში, ჩვენ ვვითარდებოდით. ეკონომიკური პარამეტრები უფრო უკეთესია, პარამეტრებზე ვსაუბრობ, მე არ ვამბობ, რომ ცხოვრება უკეთესი გახდა მოქალაქეებისთვის, მაგრამ პარამეტრები უკეთესია, ვიდრე ველოდით. ნამდვილად გადავდგით ნაბიჯი წინ ვიზალიბერალიზაციის მეშვეობით.
2018 წელი მე თავისუფლების წლად გამოვაცხადე და მინდა, რომ თავისუფლება, რომელიც გულისხმობს გააზრებას იმისა, რა უნდა ვაკეთოთ, აი ამ ძირითადებზე შევთანხმდეთ, როგორც საზოგადოება, როგორც ქვეყანა და ამ ძირითადისკენ ვიმოძრაოთ უფრო გაერთიანებულად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017 13:12

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, შეწყალების აქტის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს 123 პატიმარი, ხოლო 64 პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა. 

”რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა მსჯავრდებულთა შეწყალების მორიგი აქტი. დეკემბრის შეწყალების თანახმად, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ 187 მსჯავრდებულს შეეხო შეწყალება. ამ 187 მსჯავრდებულიდან 12 არის ქალი და 3 არის არასრულწლოვანი. დღევანდელი შეწყალების აქტის თანახმად, საპატიმრო დაწესებულებებს 123 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს. ამ 123 მსჯავრდებულიდან 8 არის ქალი და 1 არის არასრულწლოვანი. 64 მსჯავრდებულს, რომელთა შორის არიან როგორც ვადიანი, ისე უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები, საპატიმრო სასჯელი შეუმცირდათ სხვადასხვა ოდენობით. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო შეწყალების კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე. კომისიამ იმუშავა 14-24 დეკემბრის პერიოდში და სულ განიხილა 1182 მსჯავრდებულის საქმე”, - განაცხადა ქორიძემ. 

პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ განკარგულება გამოსცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017 16:24

საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ განკარგულება გამოსცა.

„განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 111 პუნქტის შესაბამისად გამოსცა.

როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, 2017 წლის 18 დეკემბრიდან ცხადდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი:

,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინონ საბჭოს წევრის არა უმეტეს ერთი კანდიდატისა.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლო-ებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.

საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი და სარგებლობდეს მაღალი რეპუტაციით. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წევრობის კანდიდატის წინასწარი თანხმობა;

ბ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;

გ) ავტობიოგრაფია;

დ) უმაღლესი იურიდიული განათლების (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) სპეციალობით არანაკლებ 5 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია - დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში;

თ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატის წარდგენა შეიძლება კონკურსის გამოცხადებიდან ათი დღის განმავლობაში.

საბუთები მიიღება მისამართზე: ქ. თბილისი, აბდუშე-ლიშვილის ქ. N1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა”, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებაში.

გიორგი მარგველაშვილი - წელს ბევრი თვალსაზრისით გართულდა ვითარება ჩვენს რეგიონში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 12:02

წელს რეგიონში ბევრი თვალსაზრისით გართულდა ვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე - „თბილისის საერთაშორისო სტრატეგია“ განაცხადა. 

საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულ სტუმრებსა და ექსპერტებს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით საქართველოს როლზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს როგორც სამხედრო, ასევე იდეოლოგიური კუთხით. 

„წელს ბევრი თვალსაზრისით გართულდა ვითარება ჩვენს რეგიონში. ტერორიზმი გახდა კიდევ უფრო ხელშესახები საფრთხე, რუსეთის როლი რეგიონის მილიტარიზაციის თვალსაზრისით - იქნება ეს რუსეთის აქტიური ჩართულობა ბალტიის, შავი ზღვის თუ ცენტრალური აზიის მიმართულებით, ამ თვალსაზრისით ჩვენი დაცულობის ხარისხი თვისობრივად იკლებს. თუ შევხედავთ წელს, აგრეთვე წინა წლებში განვითარებულ პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ის ფორმები, რომელიც ემყარება შეხედულებას, რომ რუსეთთან შეიძლება მუშაობა, ჩემი აზრით, 2008 წლიდან დაწყებული 2014 წლის უკრაინის ტრაგიკული მოვლენებით, ეს კონცეფცია რეალურად საფუძველს მოკლებულია. რუსეთი არ განიხილავს ამ პროცესებს, თუნდაც მათთვის საინტერესო პოზიციიდან. რუსეთი ძალიან ნათლად ხედავს რეგიონში იმის შესაძლებლობას, რომ პრივილეგირებული ინტერესები გაატაროს, მათ შორის სამხედრო გზით. ჩვენ ვხედავთ რუსეთის აქტიურობას აგრეთვე იმ წერტილებში, რომელიც, მათი აზრით, მოწყვლადია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

"მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი სტრატეგია და ხედვა რეგიონში სიტუაციის დარეგულირებისათვის" - პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017 15:21

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის ანექსიური, აგრესიული, პროვოკაციული ქმედებები და შვეიცარიის განსაკუთრებული როლი საქართველო - რუსეთის ურთიერთობების საკითხებში - აღნიშნული თემები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან დორის ლოიტჰარდთან პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრისას განიხილა.

საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობის განხილვის თვალსაზრისით შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო-შვეიცარიის 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში და მადლობა გადაუხადა დორის ლოიტჰარდს შვეიცარიის მიერ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში შესრულებული უმნიშვნელოვანესი მისიისათვის - შუამავლის როლისა და საქართველოს ინტერესების მხარდაჭერისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიელ კოლეგას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს პოზიტიური ნაბიჯისა, რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტში პროგრესი არ არის და მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარია, როგორც შუამავალი ქვეყანა ფლობდეს ობიექტურ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციასა და ანექსიასთან დაკავშირებით.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ფაქტობრივი ანექსიის ნათელი ნიშანია რუსეთის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმებები.

საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული ნაბიჯები და ცალსახა აგრესია უწოდა ნოემბრის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ, სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნასა და ცხინვალში ე.წ. საბაჟო პუნქტის შექმნის შესახებ განცხადებას, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ევროპული უსაფრთხოების სისტემის გასანადგურებლად.

როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით განაგრძობს არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას. მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა, მათი ერთიანი სტრატეგია და ხედვა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისა და რეგიონში სიტუაციის დარეგულირებისათვის.

პრეზიდენტებმა უსაფრთხოების საკითხები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 16 ნოემბერი 2017 13:41

საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ალოისიო ნუნეს ფერეირას საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საქართველო-ბრაზილიის ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისათვის გადასცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოსათვის გაწეული სამსახურისათვის.
"განსაკუთრებული მადლობა მინისტრს იმ როლისთვის, რომელსაც ის თამაშობს საერთაშორისო არენაზე საქართველოს მნიშვნელობის და საქართველოს პრობლემატიკის წარმოჩენისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამყარების მხარდაჭერაში.  მიგვაჩნია, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს გლობალური სტაბილურობის წინაპირობაა, რომ ყველა ასე ერთგულად ვემსახუროთ საერთაშორისო ურთიერთობების ცივილურ ღირებულებებს",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჯილდოს გადაცემისას.
დაჯილდოების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტსა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ბრაზილიასთან ურთიერთობების გაღრმავებით.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ალოისიო ნუნე ფერეირა ფილიოს ბრაზილიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და შეუქცევადი მხარდაჭერისათვის.
შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე. ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ და ტურიზმის სფეროში ურთიერთობის დინამიკის ზრდაზე, განათლების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

გიორგი მარგველაშვილი ქართულ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს ულოცავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 08 ნოემბერი 2017 13:42

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს ულოცავს:

"დღეს უდიდესი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა. 
კაცობრიობის განვითარების ხანგრძლივ პროცესში, მუდმივად ცვალებად მსოფლიოში, ნებმისმიერი ერის ცხოვრებაში დგება გარდამტეხი მომენტი, როდესაც მისი წინსვლა თუ გაქრობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აუწყობს ფეხს ახალ გამოწვევებს, რამდენად შეძლებს შეინარჩუნოს საუკეთესო, რისთვისაც საკუთარი ისტორიის განმავლობაში მიუღწევია, და ამავდროულად, წარუვალ ტრადიციათა და კულტურულ მონაპოვართა სიმაღლიდან განჭვრიტოს მომავლის კონტურები, შეიძინოს ხვალინდელი დღის ახალი, მკაფიო ხედვა, რომელიც შინაგანი განახლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ტრანსფორმაციის ახალ ენერგიასა და ენთუზიამს მისცემს ადამიანებს. 
ისტორიაში იშვიათად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ეს მისია დიდწილად ერთმა ადამიანმა იტვირთა და წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა მოახმარა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის საფუძველის ჩაყრას. ილიას მოღვაწეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში - კულტურაში, განათლებასა და მეცნიერებაში, ეკონომიკაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში დასახა გზა საქართველოს განვითარებისა, რომელსაც დღესაც მივყვებით, ჩაუქრობელი იმპულსი მისცა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას, გზა გაუკვალა მომავალ თაობებს, დაგვისახა მოქალაქეობისა და ზნეობის ურყევი ორიენტირები. 
გულითადად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და წმინდა ილია მართლის გზით - ქვეყნის მსახურებისა და სიმართლის გზით სიარულს გისურვებთ ყველას"- ნათქვამია პრეზიდენტის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

"როცა უცხოელებს ავუკრძალეთ მიწის ყიდვა, მისი ფასი დავაგდეთ"- პრეზიდენტი საკონსტიტუციო ჩანაწერის გამო მმართველ გუნდს აკრიტიკებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ოქტომბერი 2017 12:31

მიწის გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდს აკრიტიკებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით კონსტიტუციაში პათეტიკური თუმცა უშინაარსო ჩანაწერი გაკეთდა და არ იქნა გათვლილი ის შედეგები, რომელიც მიწის გასხვისების აკრძალვას მოჰყვებოდა. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა გუშინ, ფერემერებთან შეხვედრის დროს გააკეთა

 

"„იყიდება საქართველო“ - ამ პათეტიკით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს. მე მგონია, რომ კონსტიტუციაში, აი ამ რაღაც უშინაარსო, პრანჭია ფრაზის ჩაწერით, ჩვენს სოფლის მეურნეობას სირთულე შეუქმენით.

მიზანი იყო დიადი, ნათელი, რომ კონსტიტუცია მიგვეღო, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ მიღებული კონსტიტუციის პირობებში როგორ შევამციროთ ის ზიანი, რომელიც ჩვენ მივაყენეთ, ამა თუ იმ სექტორს.

ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი რაც აქ, ამ შემთხვევაში გასაკეთებელია ეს არის სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფა იმისთვის, რომ მიწის ბაზარი შედგეს.

როცა უცხოელებს ავუკრძალეთ მიწის ყიდვა, შესაბამისად ბანკებთან ჩვენ მისი საგარანტიო ფასიც დავაგდეთ, აი ეს უნდა იქნას კონპენსირებული რაღაც ფორმით.

თუ აი ამ ლექსის ჩაწერა გინდა კონსტიტუციაში და ჩაწერე ეს პათეტიკა, ახლა მიდი, დაუბრუნდი ფერმერს და ჰკითხე: რამდენად იოლად მიდის სოფლის მეურნეობაში ფული, რამდენად მზად არიან ბანკები სესხების გაცემაზე? თუ ეს, ასე არ არის, მაშინ კეთილი ინებე და ეს სადღეგრძელო აიღე და დააბალანსე ფინანსური ნაკადებით იმისთვის, რომ რაღაცნაირად ქვეყანაში მიწის ბაზარი ამა თუ იმ ფორმით შედგეს“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017 18:12

 პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელმოწერის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადა.

ხელმოწერის მიუხედავად, როგორ ცნობილია, პრეზიდენტი კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მთელ რიგ დებულებებს არ იზიარებს. მან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 117 ხმით დასძლია. 

13 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობამ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და კენჭისყრის შედეგად, პროექტის პირვანდელ რედაქციას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.

გიორგი მარგველაშვილი იტალიის რესპუბლიკას ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017 13:07

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვია. გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 16 ოქტომბერს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კვირინალეს სასახლეში გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში - დელეგაციასთან ერთად შეხვდება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე.

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარესთან პიეტრო გრასოსთან.

გიორგი მარგველაშვილი რომში ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის სტუდენტებს შეხვდება და საჯარო ლექციას წაიკითხავს.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში 17 ოქტომბერს დასრულდება.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური