პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 მაისი 2018 14:24

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 143 მსჯავრდებული შეიწყალა.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 84 მსჯავრდებული.

შეწყალების აქტით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 59 მსჯავრდებულს.

შეწყალების საკითხთა კომისიამ მიმდინარე ეტაპზე განიხილა სულ 1347 პირის საქმე.

 

„როგორც იცით, პრეზიდენტს ძალადობრივ დანაშაულებზე მსჯავრდებული პირების საქმეების განხილვაზე მორატორიული აქვს გამოცხადებული, სწორედ ამ მორატორიუმის ფარგლებში კომისიამ გადადო 216 საქმე. ესენი არიან მსჯავრდებულები, რომლებიც გასამართლებული არიან ძალადობრივ დანაშაულზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე, ძარცვაზე, ყაჩაღობაზე. მათ საქმეს კომისია აუცილებლად განიხილავს უახლოეს მომავალში, როცა მორატორიუმი ამოიწურება“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 მაისი 2018 13:46

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს დღეს სასახლეში გამართული შეხვედრისას გადასცა.

გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებისაგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა გამოძიებისა და ექსპერტიზის მიმდინარეობის შესახებ. ასევე შეხვედრისას საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შესატან სახელმწიფოთაშორის განაცხადს.საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი უნდა შეიტანოს.

"ჩვენ დღეს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მადლობას ვუხდით ასეთი გმირი შვილის გაზრდისთვის, იმისთვის, რომ თქვენ სამშობლოს გაუზარდეთ მებრძოლი ჯარისკაცი, რომელიც იცავდა ჩვენს ღირსებას, იცავდა ჩვენს ინტერესებს ქვეყნის გარეთ და ადამიანი, რომელიც ტრაგიკულად და გმირულად შეეწირა თავის სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს დაცვას.

დიდი მადლობა ასეთი შვილის გაზრდისთვის. ჩვენ არჩილს ვანიჭებთ ღირსების ორდენს გარდაცვალების შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ის უზარმაზარი ტკივილი, რაც ჩვენ თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილის გარდაცვალებით ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება ბოლომდე გამოძიებული და დამნაშავეები იქნებიან დასჯილნი.

ღმერთმა გაანათლოს მისი სული. ჩვენ ახალგაზრდა თაობას მისი და მისნაირების გმირობის მაგალითზე აღვზრდით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მათი შვილის დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ მუდმივად გრძნობენ პრეზიდენტის გვერდში დგომას და მხარდაჭერას. როგორც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მზადდება აღნიშნული საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენა.

"ამ საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი ამზადებს ევროპულ სასამართლოში შესატანად, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ პარასკევს გავაგზავნეთ განცხადება რუსეთის ფედერაციაში გამოძიების დაწყების შესახებ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან და წამებასთან დაკავშირებით.

რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი პირი, რომელსაც ბრალად შეერაცხება აღნიშნული უკანონო ქმედება, რადგან რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა და ახორციელებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ის სახელმწიფო, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამ ტერიტორიაზე, მომხდარი დანაშაულები სრულად მას შეერაცხება.

ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან უნდა გვქონოდა კომუნიკაცია. ჩვენ მოვთხოვეთ გამოძიების დაწყება. ველით რუსეთის ფედერაციისგან პასუხს. რასაკვირველია, დიდი იმედები ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს.

ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ამოვწუროთ შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

რაც შეეხება საქართველოს წინააღმდეგ მიმართვას, ჩვენ დავაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას. ჩვენი მიზანი არ არის, რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, ვუჩივლოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მაგრამ თუ ჩვენ დავინახავთ, რომ გამოძიება აქ არაეფექტურად მიმდინარეობს და სათანადო გულმოდგინებით არ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი, იძულებულნი ვიქნებით, რომ შევიტანოთ როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე საქართველოს წინააღმდეგ", - აღნიშნა თამარ ავალიანმა.

გიორგი მარგველაშვილი - პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, მორჩილი იქნება, თუ თავისუფალი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 მაისი 2018 14:54

პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ძალიან ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, მორჩილი იქნება თუ თავისუფალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. პრეზიდენტს ჟურნალისტებმა კითხეს, თუ რომელ სასახლეში უნდა იმუშაოს ახალმა პრეზიდენტმა.

„მე ვთქვი რამდენიმე თვის წინაც, რომ ეს იქნება საარჩევნო თემა. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ძალიან ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას – იქნება ის მორჩილი თუ იქნება ის თავისუფალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა არ უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას მეორე ვადით.

გიორგი მარგველაშვილი - ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 მაისი 2018 12:09

ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა, სადაც 9 მაისთან დაკავშირებით მან უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. 

პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცა და მათი დაფასების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას, დიდი მადლობა და პატივისცემა. წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ 100 წლის და 100 წელზე უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. მათ დაამარცხეს არამხოლოდ ფაშიზმი, არამედ მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ამ ბრძოლაში. მადლობა ამ დიდი გამარჯვებისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ირაკლი კობახიძე - "მარგველაშვილი "ქართული ოცნებისთვის" საპრეზიდენტო არჩევნებში არანაირი რისკფაქტორი არ არის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 მაისი 2018 23:47

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნებისთვის“ არანაირი რისკ-ფაქტორი არ არის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა.
„მარგველაშვილი იმ შემთხვევაში იქნებოდა ჩვენთვის ფაქტორი, თუ მას ექნებოდა მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა, თუმცა, სურათი არის ისეთი, რომ მეორე ადგილზე მისი გასვლის ალბათობა არის ძალიან დაბალი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პროგნოზით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, ხოლო მეორე ადგილზე ერთმანეთს კონკურენციას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გაუწევენ. 

„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ადგილის ბედი გადაწყვეტილია - ეს იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი. რაც შეეხება მეორე ადგილს, აქ იქნება კონკურენცია ძირითადად, ორ სუბიექტს შორის. არსებითად არ შეცვლილა ვითარება მას შემდეგ, რაც ჩატარდა ბოლო მუნიციპალური არჩევნები და კონკურენცია წარიმართება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

„26 მაისს დავინახავთ რა ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დასავლეთისგან“ - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 მაისი 2018 16:23

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა, მან განვლილი ხუთი წელი შეაჯამა და საკუთარ გამოსვლაში საგარეო კურსზე ისაუბრა:

„პირველი, მინდა დავიწყო ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსით და ვითარებით. ევროპული ინტეგრაცია შთამბეჭდავ შედეგებს გვაჩვენებს, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ეს არის, სულ ბოლოს მიღწეული უმაღლესი დონის დიალოგი.

ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, სულ მალე 26 მაისს დავინახავთ, თუ რა ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დასავლეთისგან.

ნატო-სთან მიმართებით ჩვენ ვიყავით მანამდეც ასპირანტი ქვეყანა და დავრჩით ასპირანტ ქვეყნად, მაგრამ დრამატულად გაიზარდა ნატო-ს წვრთნები საქართველში, გვაქვს არსებითი პაკეტი, გაზრდილია თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის რეფორმები, რომლებიც თავდაცვის მიმართულებით ხორციელდება საქართველოში აძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

აქვე მინდა, ერთი მხრივ, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ჯარისკაცს, რომელიც საქართველოს დროშას ასე ამაყად მაღლა სწევს, ყველა იმ ოჯახს, რომელმაც განიცადა ტკივილი ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვით და ხაზი გავუსვა იმას, რომ იმ რეფორმებს, რომელიც დაწყებულია თავდაცვის სფეროში, მათი მასშტაბის გაზრდა და შესაბამისად, დაფინანსების გაზრდა, ნამდვილად სწორი იქნება და ნამდვილად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვეს მიტჩელთან შეხვედრაზე "აშშ-ს მხარდაჭერის აქტის შესახებ" ინიციატივა განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 30 აპრილი 2018 16:29

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ვეს მიტჩელთან შეხვედრაზე "აშშ-ს მხარდაჭერის აქტის შესახებ" ვაშინგტონში ვიზიტისას გაკეთებული ინიციატივა განიხილა.

ვეს მიტჩელთან შეხვედრაზე, რომელიც თბილისში ევროპული დიპლომატიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება, პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა აშშ-ი ვიზიტის შთაბეჭდილებებზე და შედეგებზე, საქართველო - ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების და ინტენსიფიკაციის საშუალებას ქმნის.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებში, როგორიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ეკონომიკური კავშირები და ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული სხვა საკითხები.

შეხვედრისას ასევე განიხილეს ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხები და ის ნაბიჯები, რომლებიც კოორდინირებულად, ჩვენს პარტნიორებთან და უპირველეს ყოვლისა აშშ-სთან ერთად უნდა გადაიდგას.

გიორგი მარგველაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 აპრილი 2018 14:04

საქართველოს პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ოფიციალური ვიზიტით, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად ეწვია. ვიზიტის მიზანი არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ურთიერთობის გაღრმავებაა.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია აბუ დაბის საპრეზიდენტო აეროპორტში გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილს, პირველ ლედისა და საქართველოს დელეგაციას აეროპორტში

არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრე შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანი დახვდა, რომლის მონაწილეობითაც გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია.

ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოს პრეზიდენტმა ტახტის მემკვიდრეს საქართველოს დელეგაცია წარუდგინა, რომლის შემადგენობაში არიან: საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რეზიდენციით ელ-ქუვეითში როლანდ ბერიძე.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 10 -11 აპრილს გაიმართება, გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს გამართავს აბუ დაბიში ტახტის მემკვიდრე შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანთან და დუბაიში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერმინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან, გვირგვინით შეამკობს ვაჰად ალ კარამას სამხედრო მემორიალს და ემირატების სტრატეგიული კვლვების ცენტრში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროების პარტნიორობისა და გეოპოლიტიკურ საკითხებზე საჯარო ლექციას წაიკითხავს.

პრეზიდენტმა 64 მსჯავრდებული შეიწყალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018 16:25

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 64 პირი.

„დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 64 მსჯავრდებული, აქედან 3 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანია. შეწყალების კომისიამ, რომელიც 28-29 მარტს მუშაობდა, სულ 335 პირის საქმე განიხილა და პრეზიდენტს საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდა.

შეწყალებულთაგან 41 მსჯავრდებული, მათ შორის 1 ქალბატონი, დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას; დანარჩენ 23 მსჯავრდებულს კი, რომელთაგან 2 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანია, შეწყალების აქტით სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

პრეზიდენტის სასახლეში ლუკაშენკოსა და ბელარუსის დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 მარტი 2018 19:23

საქართველოს და ბელარუსის პრეზიდენტებმა სასახლეში დახვედრის ცერემონიაზე პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და სამთავრობო დელეგაციები წარუდგინეს ერთმანეთს.

ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური და სექტორული ურთიერთობების გაღრმავებაა სხვადასხვა სფეროებში: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკასა და ბიზნესში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს და ბელარუსის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ ჩარჩო ხელშეკრულებას. საქართველო-ბელარუსის ურთიერთთანამშრომლობის ოცდახუთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში ეს მოხდება პირველად - თანამშრომლობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ის, რომ ბელარუსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"ბელარუსი არის საქართველოს მხარდამჭერი, პრეზიდენტი ლუკაშენკო ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს. ცხადია, ვიზიტის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხება ბიზნესფორუმის მიმდინარეობას და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას. პრეზიდენტ მარგველაშვილისა და პრეზიდენტ ლუკაშენკოს პირველი შეხვედრისას, საქართველოში წინა ვიზიტის შემდეგ, განსაკუთრებით გაზრდილია ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა და ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტი ასეთი ტიპის ურთიერთობა გაღრმავდეს", -აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობდნენ: ვიცეპრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველო-ბელარუსის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი მურთაზ კიკორია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.

ოფიციალური დახვედრის შემდეგ პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან და ორმხრივი პოლიტიკური და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრებენ. მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას კი, მედიას განცხადებების სახით გააცნობენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური