მარგველაშვილის მოწოდება სააკაშვილს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 15:40

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისა და დაძაბულობის მუხტის შეტანისგან, პრეზიდენტის მოწოდების სესახებ, დღეს მარგვებაშვილის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია და არაერთხელ მოუწოდა უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანს, რომ უმჯობესია, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისგან. ძალიან კარგი იქნება, თუკი ის თავშეკავებას გამოიჩენს, არჩევნებში გარკვეული დაძაბულობის მუხტის შეტანისგან,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი და ერთმანეთისკენ მიმართული ემოციის შედეგი იქნება, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 11:32

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ყოველ წელს, ამ ტრაგიკულ დღეს, პატივს მივაგებთ ამ ძმათამკვლელი ომის მსხვერპლს, იმ ადამიანებს, ვინც დაიღუპა ამ ტრაგიკულ ომში.

ვმუშაობთ იმისათვის, რომ ერთიანი, ძლიერი საქართველო შეიქმნას.

ჩვენი ქვეყნის გაერთიანება  მშვიდობიანი და ერთმანეთისკენ მიმართული ემოციისა და მუშაობის  შედეგი იქნება.

ჩვენ, ასევე, დღეს დავაჯილდოვეთ 28 ადამიანი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეიძლება არ მოგწონს რომელიმე პარტია, მაგრამ არ შეიძლება არ გიყვარდეს შენი სამშობლო,- გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 17:57

საქართველოს პრეზიდენტი დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა.

გიორგი მარგველაშვილმა პირველკურსელებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტმა პირველკურსელებს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულების შესრულებისაკენ - საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

„თქვენ წელს პირველად წახვალთ არჩევნებზე, ეს განსაკუთრებული არჩევნებია, რადგან თქვენი როლიც განსაკუთრებულია.

მე თქვენი ასაკიდან მახსოვს, რომ პოლიტიკური ცხოვრება ერთი ჯგუფის მიერ მეორესთან დაპირისპირება და დევნის გამოცხადება იყო;  ასეთი ორპოლუსიანი იყო ქართული პოლიტიკა.

წელს ჩვენ პირველად გვაქვს განსხვავებული არჩევნები. არავინ საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანა დაინგრევა თუ ამ მიმართულებით, ან იმ მიმართულებით წავალთ.

წელს არის პირველი არჩევნები, როდესაც ასეთი დაძაბულობა არაა, როდესაც თქვენ და საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოთ არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ აირჩიოთ თქვენთვის მოსაწონი პოლიტიკოსი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადავდივართ პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ, ევროპულ რეჟიმზე, როდესაც ჩვენ ერთმანეთს არ ვუპირისპირდებით.

ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში არის ერთი პრობლემა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ამომრჩევლების დიდი ნაწილი არ აპირებს არჩევნებზე წასვლას, ეს დიდი პრობლემაა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის.

ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით დავდიოდით და ვესაუბრებოდით ასეთ ადამიანებს. იცით რას ამბობენ ისინი? პოლიტიკოსმა გამიცრუა იმედი, ან ვის უნდა მივცე ხმა, როცა განსაკუთრებით არავინ არ მომწონს.  მათ საკუთარი არგუმენტი აქვთ, მაგრამ ჩვენ დავდიოდით და ვეუბნებოდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ პირველ რიგში, არჩევნებზე არმისვლით არავინ დაისჯება, მაინც არჩეული იქნება ესა თუ ის პოლიტიკოსი. მეორე, არჩევნებზე არმისვლით, შენ არ ახორციელებ იმ მთავარს, რაც შენ გაგაჩნია - შენს მოქალაქეობრივ ვალს და მესამე, არ არის აუცილებელი გიჟდებოდე ამა თუ იმ პოლიტიკოსზე, აარჩიე, რომელიც შენ უფრო მოგწონს და, თუ ვერ აარჩევ, იცოდე, რომ არჩევნებზე არწასვლით აკეთებ ყველაზე ცუდს, შენ პასუხისმგებლობის პროცესი გამოგაქვს პოლიტიკიდან  და ფაქტობრივად, ისეთ ადამიანებს აძლევ უფლებას მოვიდნენ ხელისუფლებაში, ვინც შენთან ვალდებული არ არის, როგორც ამომრჩეველთან, რადგან  შენი მოქალაქეობრივი ვალი არ შეასრულე.

აქედან გამომდინარე, მე ძალიან აქტიურად მოვუწოდებ  მოსახლეობას, ჩვენ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისაკენ, რადგან მე არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი, არცერთი პარტიის რეკლამას არ ვაკეთებ და არცერთ ამომრჩეველს არ მოვუწოდებ ამა თუ იმ პარტიას მისცეს ხმა,  ეს არ არის ჩემი არჩევნები და ჩემი პოზიციაც არ არის, რომ მე მომცენ ხმა. მე უბრალოდ მინდა, რომ მოქალაქეები, გააქტიურდნენ ამ მიმართულებით.

ჩვენ მოვიარეთ მთელი საქართველო. ახალგაზრდები, აქტიურად იყვნენ ჩართული ამ კამპანიაში და არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებდნენ.

და დღეს მე მინდა იგივე გითხრათ თქვენ და გთხოვოთ თქვენ, ვინც პირველად მიდიხართ არჩევნებზე, რომ თქვენც აქტიურად მოუწოდოთ თქვენს მეგობრებს, მეზობლებს, რომ მოქალაქეობრივ ვალზე უარის თქმა არ შეიძლება. შენ შეიძლება არ მოგწონდეს პოლიტიკოსი, მაგრამ არ შეიძლება არ მოგწონდეს შენი ქვეყანა.

შეიძლება ესა თუ ის პოლიტიკური პარტია არ მოგწონს, მაგრამ არ შეიძლება არ გიყვარდეს შენი სამშობლო, რომელიც შენგან  მოქალქეობრივ მოვალეობას ითხოვს და შენ უნდა გააკეთო ეს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მთელი საქართველო მართლაც წავიდა არჩევნებზე, თუ მართლაც დადგა რიგები საარჩევნო უბნებთან, ეს ჩვენ მოგვცემს ბევრად უფრო ძლიერ ქვეყანას.

ეს ჩვენ მოგვცემს პარლამენტს, რომელშიც არ იქნება მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა, რომლებთაც ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა გაუხდიათ მთავარ საკითხად.

ეს ჩვენ მოგვცემს პარლამენტს, სადაც იქნება არაერთი პოლიტიკური პარტია, იქნება შეჯიბრება შეხედულებების, იქნება კამათი, დებატები და ამ დებატების შედეგად მიღებული უკეთესი რეალობა და უკეთესი კანონმდებლობა.

ამიტომ მინდოდა დღეს, ამ ამაღელვებელ დღეს, როდესაც თქვენ გახდით სტუდენტები ამ მოლოცვასთან ერთად ეს თხოვნა გამეზიარებინა თქვენთვის და იმედი გამომეთქვა, რომ თითოეული თქვენთაგანი მართლაც მივა საარჩევნო უბნებზე, თქვენთან ერთად მივლენ თქვენი მეგობრები და თქვენ იქნებით დემოკრატიის ის ელჩები, რომლებიც საზოგადოებას პოლიტიკაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ გამარჯვებას და ვიმედოვნებ, რომ 8 ოქტომბერი  საქართველოს დემოკრატიის სერიოზული გამარჯვება იქნება”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიებას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი უძღვებოდა.

პრეზიდენტმა უნივერსიტეტში მოწყობილი ნიადაგის შემსწავლელი ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით აღიჭურვა.

პრეზიდენტისგან წერილი, რომლითაც გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს, დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელებმაც მიიღეს- "შენ, ღირსეულად ჩააბარე აკადემიური გამოცდები და მჯერა, რომ მოქალაქეობრივ მოვალეობასაც ასევე, პასუხისმგებლობით მოეკიდები"- აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში.

 

ენს სტოლტენბერგი გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 18:07

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მასპინძლობისათვის მადლობას უხდის. გიორგი მარგველაშვილმა იენს სტოლტენბერგისგან მადლობის წერილი მიიღო.

„ბატონო პრეზიდენტო,

ჩემთვის დიდი პატივი იყო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თქვენთან შეხვედრა.

თქვენ და თქვენს მეუღლეს მადლობას გიხდით საბჭოს წევრების თბილი მასპინძლობისთვის.

ასევე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ გულწრფელი და კონსტრუქციული დისკუსიისათვის. მე შევნიშნე საქართველოს დიდი ინტერესი მონაწილეობა მიიღოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების განხილვაში, ასევე, თქვენი შეშფოთება რუსეთის პროპაგანდის მიმართ და ასევე, ნათელი მოლოდინი, იმისა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები უმაღალესი სტანდარტებით ჩატარდება. უფრო მეტიც, ეს ვიზიტი საბჭოსთვის იყო უნიკალური შესაძლებლობა, პირველი პირებისაგან მიეღო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.

ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მადლიერება მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მონაწილეობისათვის.

ავღანეთში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი და საქართველოს ჩართულობა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში იმის დადასტურებაა, რომ საქართველო ევროატლანტიკური უსაფრთხოების ღირსეული კონტრიბუტორია.

დაბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა თქვენს პერსონალურ წვლილს ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობის საკითხში და ქვეყნის  ევროატლანტიკური მისწრაფებების  წინსვლის პროცესში.

ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და საბჭოს სახელით, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში  მასპინძლობისთვის", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილისადმი მიწერილ წერილში.

გიორგი მარგველაშვილი სერჟ სარგსიანს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 11:51

 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს ულოცავს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სომეხ კოლეგას ოფიციალური წერილით მიმართა. “თქვენო აღმატებულებავ, მინდა გულითადად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილე. დღევანდელ ღირსშესანიშნავ დღეს, ქართველი ხალხი და პირადად მე გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას სომეხი ხალხის მიმართ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა ღრმა ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს ეფუძნება. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე სომეხ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

გიორგი მარგველაშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 სექტემბერი 2016 14:51

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორში იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.პრეზიდენტი საქართველოს უნივერსიტეტების ყველა პირველკურსელს ახალ სასწავლო წელს ულოცავს და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს."შეუძლებელია შენ არ შეასრულო შენი მთავარი მოვალეობა და დანიშნულება, რაც გაქვს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, არ გქონდეს იმედი არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ შენი ქვეყნის,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტის მოწოდება პოლიტიკოსებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 17:54

"პრეზიდენტი მოუწოდებს პოლიტიკოსებს მედიის მეშვეობით ერთმანეთთან საუბრისა და ურთიერთობების გარჩევის ნაცვლად, მეტი ესაუბრონ ამომრჩეველს საკუთარ გეგმებსა და საარჩევნო პროგრამებზე.  ვინაიდან არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესი, როდესაც ყველამ ერთად უნდა დავადასტუროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილური, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება. ხელისუფლების უფლება-მოვალეობა გარდა იმისა, რომ საზოგადოების დაცვაა, ასევე არის მათიინფორმირებაც, რაც უფრო ინფორმირებულია საზოგადოება, მით უფრო დაცულია ის,"- პრეზიდენტის მოწოდების შესახებ, დღეს მარგველაშვილის  პრესსპიკერმა  ეკა მიშველაძემ ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილს გერმანიის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 15:36

საქართველოს პრეზიდენტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა ჰაიკე ფაიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის საკითხებსაც შეეხო.

ახლადდანიშნულმა ელჩმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჰაიკე ფაიჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ეს იყო თანამებრძოლების ერთად ყოფნა ბრძოლაში, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 15:47

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო სწავლების „AGILE SPIRIT - 2016“ დახურვის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტმა და სწავლებაზე მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.

საერთაშორისო სწავლების „AGILE SPIRIT - 2016“ დახურვის საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე სწავლებაში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფებმა საჩვენებელი  წვრთნები გამართეს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა სწავლების  მონაწილეებს, საერთაშორისო წვრთნების მნიშვნელობა შეაფასა  და აღნიშნა, რომ დღევანდელ უაღრესად რთულ საერთაშორისო ვითარებაში მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენ ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.

"დღეს აქ გაისმა 6 ქვეყნის ჰიმნი. თქვენი ჰიმნები ისმის მიწაზე, რომელსაც ჩემი წინაპრები 3000 წლის განმავლობაში იცავდნენ. იცავდნენ ბევრად უფრო ძლიერი მტრისგან, იცავდნენ თავგამოდებით და 21-ე საუკუნეში მოიყვანეს ძალიან ძლიერი მაგრამ მცირერიცხოვანი ერი.

დღეს თქვენ ძალიან შთამბეჭდავი სურათი გვაჩვენეთ. ეს იყო ნამდვილი თანამებრძოლების ერთად ყოფნა ბრძოლაში. ეს იყო ერთი სულისკვეთებით მოქმედი ჯარისკაცების ბრძოლა, რომელიც ნამდვილად მომავალი გამარჯვებების იმედს გვაძლევს.

ყველაზე მეტად შთამბეჭდავი იყო თქვენი მეგობრული სული.

ეს მეგობრული სული იმარჯვებდა ყოველთვის და მომავალშიც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები მტრისაგან და გარეშე აგრესიისგან.

ღმერთმა არასდროს თქვენი საბრძოლო უნარები რეალობაში არ გამოგაყენებინოთ და ისე დაგაცვევინოთ თქვენი სამშობლო.

ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას ვისი ჯარისკაცებიც დღეს აქ ერთობლივად იმყოფებიან," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა ჩაატარეს.

საერთაშორისო სწავლების „AGILE SPIRIT - 2016“ დახურვის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ დიპლომატები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსი ბარბაქაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენშტაბის უფროსი გენერალ- მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდერ ვერშბოუ ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 16:49

საქართველოს პრეზიდენტმა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის, ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი  განსაკუთრებული წვლილისათვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

„ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ურყევი არჩევანია. ამ გზაზე ჩვენ წარმატებით გავიარეთ უამრავი გამოწვევა, სწორედ ჩვენი გამორჩეული მეგობრების მხარდაჭერით, რომლებიც კვლავ ჩვენს გვერდით დგანან წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

ჩემთვის დიდი პატივია დაგაჯილდოვოთ ოქროს საწმისის ორდენით იმ დამსახურებული წვლილისთვის, რომელიც მიგიძღვით საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში.

მე ამაყი ვარ, რომ საქართველოს თქვენი სახით მსგავსი განსაკუთრებული მეგობარი ჰყავს“,  - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ალექსანდერ  ვერშბოუმ  მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ჯილდოსათვის.

„ჩემთვის განსაკუთრებით დიდი პატივია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს აღიარება ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლისთავზე მოხდა. მსურს საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს მივულოცო ეს თარიღი.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველო და ნატო ძლიერი პარტნიორები და ახლო მეგობრები გახდნენ, დაკავშირებულნი საერთო ღირებულებებით და ერთიანი სურვილით დაიცვან ეს ღირებულებები.

მე ამაყი ვარ, რომ წვლილი შევიტანე ამ პარტნიორობაში და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს ნატოს წევრობასთან უფრო აახლოებს", - განაცხადა ალექსანდერ ვერშბოუმ.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური