საქართველოსთვის ჩინეთის განვითარება დიდი შესაძლებლობაა და არა გამოწვევა - საქართველოს პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 ივნისი 2018 17:30

საქართველოსთვის ჩინეთის განვითარება იშვიათი და დიდი შესაძლებლობაა და არა გამოწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩინურ საინფორმაციო სააგენტო „სინხუასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო მზად არის, ჩინეთთან თანამშრომლობა ყველა სფეროში გააღრმავოს. „ჩვენ ჩინეთის განვითარებას ვუყურებთ როგორც მსოფლიოსთვის იშვიათ და დიდ შესაძლებლობას, გამოწვევის ნაცვლად. სწორედ ამიტომ საქართველომ ხელი მოაწერა გასულ წელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მოთამაშეა გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და ხელს უწყობს მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას.„როდესაც ვსაუბრობთ სხვადსხვა ერებს შორის ეკონომიკურ ან კულტურულ დიალოგზე, არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ჩინეთი, რომელიც ეკონომიკურად, დემოგრაფიულად და სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სწორი მიმართულებით ვითარდება. მისი თქმით, ორ ქვეყანას აკავშირებს ნდობაზე დაფუძნებული, პროდუქტიული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პარტნიორობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, გაერო-ში ჩინეთის როლის გათვალისწინებით.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ჩინეთთან ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის „ერთი სარტყელის, ერთი გზის“ შესახებ. „თუ შეხედავთ ინიციატივის „ერთი სარტყელის, ერთი გზის“ ფარგლებში პროექტებს, აღმოაჩენთ უამრავ მარშრუტს. თუმცა საქართველოს გზა ყველაზე მარტივი და საინტერესოა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიცირების ხელშეწყობა შეუძლია.

გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ ჩინეთის ელჩთან ძი ეინჩთან და მის მეუღლესთან ჯანგ ხონგთან სამუშაო სადილი გამართეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 ივნისი 2018 17:25

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჩინეთის ელჩთან ძი ეინჩთან და მის მეუღლესთან ჯანგ ხონგთან სამუშაო სადილი გამართეს
სასტუმრო "ხუალინგ თბილისში" გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - ჩინეთის ურთიერთობების გააქტიურებასა და გაფართოებაზე ისაუბრეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 მაისი 2018 20:23

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ულოცავს. 

"ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე. ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მსურს აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანელმა ხალხმა უამრავი გამოწვევა გამოიარა, რათა აეშენებინა წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენი სახით ვხედავ აყვავებულ ქვეყანას, რომელსაც ღირსეული ადგილი უჭირავს საერთაშორისო ასპარეზზე.

ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის გათვალისწინებით, მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისთვის.

ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა”, - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.

პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 მაისი 2018 14:24

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 143 მსჯავრდებული შეიწყალა.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 84 მსჯავრდებული.

შეწყალების აქტით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 59 მსჯავრდებულს.

შეწყალების საკითხთა კომისიამ მიმდინარე ეტაპზე განიხილა სულ 1347 პირის საქმე.

 

„როგორც იცით, პრეზიდენტს ძალადობრივ დანაშაულებზე მსჯავრდებული პირების საქმეების განხილვაზე მორატორიული აქვს გამოცხადებული, სწორედ ამ მორატორიუმის ფარგლებში კომისიამ გადადო 216 საქმე. ესენი არიან მსჯავრდებულები, რომლებიც გასამართლებული არიან ძალადობრივ დანაშაულზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე, ძარცვაზე, ყაჩაღობაზე. მათ საქმეს კომისია აუცილებლად განიხილავს უახლოეს მომავალში, როცა მორატორიუმი ამოიწურება“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 მაისი 2018 13:46

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს დღეს სასახლეში გამართული შეხვედრისას გადასცა.

გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებისაგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა გამოძიებისა და ექსპერტიზის მიმდინარეობის შესახებ. ასევე შეხვედრისას საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შესატან სახელმწიფოთაშორის განაცხადს.საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი უნდა შეიტანოს.

"ჩვენ დღეს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მადლობას ვუხდით ასეთი გმირი შვილის გაზრდისთვის, იმისთვის, რომ თქვენ სამშობლოს გაუზარდეთ მებრძოლი ჯარისკაცი, რომელიც იცავდა ჩვენს ღირსებას, იცავდა ჩვენს ინტერესებს ქვეყნის გარეთ და ადამიანი, რომელიც ტრაგიკულად და გმირულად შეეწირა თავის სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს დაცვას.

დიდი მადლობა ასეთი შვილის გაზრდისთვის. ჩვენ არჩილს ვანიჭებთ ღირსების ორდენს გარდაცვალების შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ის უზარმაზარი ტკივილი, რაც ჩვენ თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილის გარდაცვალებით ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება ბოლომდე გამოძიებული და დამნაშავეები იქნებიან დასჯილნი.

ღმერთმა გაანათლოს მისი სული. ჩვენ ახალგაზრდა თაობას მისი და მისნაირების გმირობის მაგალითზე აღვზრდით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მათი შვილის დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ მუდმივად გრძნობენ პრეზიდენტის გვერდში დგომას და მხარდაჭერას. როგორც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მზადდება აღნიშნული საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენა.

"ამ საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი ამზადებს ევროპულ სასამართლოში შესატანად, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ პარასკევს გავაგზავნეთ განცხადება რუსეთის ფედერაციაში გამოძიების დაწყების შესახებ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან და წამებასთან დაკავშირებით.

რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი პირი, რომელსაც ბრალად შეერაცხება აღნიშნული უკანონო ქმედება, რადგან რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა და ახორციელებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ის სახელმწიფო, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამ ტერიტორიაზე, მომხდარი დანაშაულები სრულად მას შეერაცხება.

ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან უნდა გვქონოდა კომუნიკაცია. ჩვენ მოვთხოვეთ გამოძიების დაწყება. ველით რუსეთის ფედერაციისგან პასუხს. რასაკვირველია, დიდი იმედები ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს.

ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ამოვწუროთ შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

რაც შეეხება საქართველოს წინააღმდეგ მიმართვას, ჩვენ დავაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას. ჩვენი მიზანი არ არის, რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, ვუჩივლოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მაგრამ თუ ჩვენ დავინახავთ, რომ გამოძიება აქ არაეფექტურად მიმდინარეობს და სათანადო გულმოდგინებით არ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი, იძულებულნი ვიქნებით, რომ შევიტანოთ როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე საქართველოს წინააღმდეგ", - აღნიშნა თამარ ავალიანმა.

გიორგი მარგველაშვილი - პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, მორჩილი იქნება, თუ თავისუფალი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 მაისი 2018 14:54

პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ძალიან ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, მორჩილი იქნება თუ თავისუფალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. პრეზიდენტს ჟურნალისტებმა კითხეს, თუ რომელ სასახლეში უნდა იმუშაოს ახალმა პრეზიდენტმა.

„მე ვთქვი რამდენიმე თვის წინაც, რომ ეს იქნება საარჩევნო თემა. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ძალიან ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას – იქნება ის მორჩილი თუ იქნება ის თავისუფალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა არ უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას მეორე ვადით.

გიორგი მარგველაშვილი - ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 მაისი 2018 12:09

ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა, სადაც 9 მაისთან დაკავშირებით მან უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. 

პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცა და მათი დაფასების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას, დიდი მადლობა და პატივისცემა. წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ 100 წლის და 100 წელზე უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. მათ დაამარცხეს არამხოლოდ ფაშიზმი, არამედ მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ამ ბრძოლაში. მადლობა ამ დიდი გამარჯვებისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ირაკლი კობახიძე - "მარგველაშვილი "ქართული ოცნებისთვის" საპრეზიდენტო არჩევნებში არანაირი რისკფაქტორი არ არის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 მაისი 2018 23:47

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნებისთვის“ არანაირი რისკ-ფაქტორი არ არის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა.
„მარგველაშვილი იმ შემთხვევაში იქნებოდა ჩვენთვის ფაქტორი, თუ მას ექნებოდა მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა, თუმცა, სურათი არის ისეთი, რომ მეორე ადგილზე მისი გასვლის ალბათობა არის ძალიან დაბალი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პროგნოზით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, ხოლო მეორე ადგილზე ერთმანეთს კონკურენციას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გაუწევენ. 

„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ადგილის ბედი გადაწყვეტილია - ეს იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი. რაც შეეხება მეორე ადგილს, აქ იქნება კონკურენცია ძირითადად, ორ სუბიექტს შორის. არსებითად არ შეცვლილა ვითარება მას შემდეგ, რაც ჩატარდა ბოლო მუნიციპალური არჩევნები და კონკურენცია წარიმართება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

„26 მაისს დავინახავთ რა ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დასავლეთისგან“ - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 მაისი 2018 16:23

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა, მან განვლილი ხუთი წელი შეაჯამა და საკუთარ გამოსვლაში საგარეო კურსზე ისაუბრა:

„პირველი, მინდა დავიწყო ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსით და ვითარებით. ევროპული ინტეგრაცია შთამბეჭდავ შედეგებს გვაჩვენებს, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ეს არის, სულ ბოლოს მიღწეული უმაღლესი დონის დიალოგი.

ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, სულ მალე 26 მაისს დავინახავთ, თუ რა ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დასავლეთისგან.

ნატო-სთან მიმართებით ჩვენ ვიყავით მანამდეც ასპირანტი ქვეყანა და დავრჩით ასპირანტ ქვეყნად, მაგრამ დრამატულად გაიზარდა ნატო-ს წვრთნები საქართველში, გვაქვს არსებითი პაკეტი, გაზრდილია თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის რეფორმები, რომლებიც თავდაცვის მიმართულებით ხორციელდება საქართველოში აძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

აქვე მინდა, ერთი მხრივ, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ჯარისკაცს, რომელიც საქართველოს დროშას ასე ამაყად მაღლა სწევს, ყველა იმ ოჯახს, რომელმაც განიცადა ტკივილი ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვით და ხაზი გავუსვა იმას, რომ იმ რეფორმებს, რომელიც დაწყებულია თავდაცვის სფეროში, მათი მასშტაბის გაზრდა და შესაბამისად, დაფინანსების გაზრდა, ნამდვილად სწორი იქნება და ნამდვილად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვეს მიტჩელთან შეხვედრაზე "აშშ-ს მხარდაჭერის აქტის შესახებ" ინიციატივა განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 30 აპრილი 2018 16:29

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ვეს მიტჩელთან შეხვედრაზე "აშშ-ს მხარდაჭერის აქტის შესახებ" ვაშინგტონში ვიზიტისას გაკეთებული ინიციატივა განიხილა.

ვეს მიტჩელთან შეხვედრაზე, რომელიც თბილისში ევროპული დიპლომატიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება, პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა აშშ-ი ვიზიტის შთაბეჭდილებებზე და შედეგებზე, საქართველო - ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების და ინტენსიფიკაციის საშუალებას ქმნის.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებში, როგორიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ეკონომიკური კავშირები და ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული სხვა საკითხები.

შეხვედრისას ასევე განიხილეს ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხები და ის ნაბიჯები, რომლებიც კოორდინირებულად, ჩვენს პარტნიორებთან და უპირველეს ყოვლისა აშშ-სთან ერთად უნდა გადაიდგას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური