გიორგი კვირიკაშვილმა ქობულეთის მოსახლეობას კობა ნაკაიძე და გიორგი რომანაძე წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 16:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქობულეთის მოსახლეობას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - კობა ნაკაიძე და გიორგი რომანაძე წარუდგინა.

 

მთავრობის მეთაურმა მომავალი 4 წლის გეგმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმები ეკონომიკის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან გარღვევას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობას ისახავს მიზნად. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს მთავრობის ცენტრალური ფიგურა ადამიანია და მისი ღირსება, უფლება, იყოს თავისუფალი, ჰქონდეს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და არავინ ახორციელებდეს მასზე არანაირ ზეწოლას, უზენაესია.

„დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, ვერ დამისახელებთ ბიზნესმენს, რომელიც დაიბარეს ფინანსურ პოლიციაში, თუ სხვაგან და უთხრეს, რომ განახორციელოს მისთვის არასასურველი პროექტი. ვერ დამისახელებთ, ვერც ერთ მსხვილ თუ წვრილ ბიზნესმენს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ამგვარი ზეწოლის ობიექტი გახდა. ეს ყველაფერი დიდი მონაპოვარია და ამყველაფერს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, რაც სწრაფი ნაბიჯებით განხორციელდება. ასევე, გაგრძელდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

,,ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება ფიზიკურად, თვისობრივად, ხარისხობრივად სხვა საქართველო'' - კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 16:17

საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, იყოს გათითოკაცებული, გახლეჩილი, ერთმანეთთან დაპირისპირებული, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთ მუშტად შევიკრათ, - ამის სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხულოს მოსახლეობას, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე წარადგინა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო აღარ უნდა დაბრუნდეს წარსულში, უნდა წავიდეს მხოლოდ წინ და ამის გარანტიას, უალტერნატივოდ, „ქართული ოცნება“ იძლევა. „არც ერთი ადამიანის ღირსებაზე არ გადავივლით და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის მათაც, ვინც შეიძლება დღეს გზააბნეული იყოს, იმიტომ, რომ საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, იყოს გათითოკაცებული, გახლეჩილი, ერთმანეთთან დაპირისპირებული”, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც სერიოზული წინსვლისა და ეკონომიკური გარღვევის მომტანი იქნება. გასული ოთხი წლის უმთავრეს მონაპოვრად კი პრემიერ-მინისტრმა ადამიანის ღირსება და თავისუფლება დაასახელა.

„დღეს ადამიანის ღირსება არის ის უზენაესი, რომელსაც ჩვენ ხელის გულზე ციმ-ციმ ვატარებთ და რომელიც ჩვენთვის ყველაზე გასაფრთხილებელია. საქართველოში აღარასოდეს უნდა მობრუნდეს ის პერიოდი, როცა უდანაშაულო ადამიანებს იჭერდნენ, ბიზნესმენებს აიძულებდნენ სხვადასხვა პროექტის გაკეთებას, ოჯახის წევრებს უჭერდნენ. რა თქმა უნდა, წარსულში იყო დადებითი მომენტებიც და ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო ბევრი უარყოფითიც. ჩვენ უნდადავინახოთ კარგიც და ცუდიც. ჩვენ არ ვართ არაობიექტურები, ჩვენ ყოველთვის სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს და სიმართლე არის ერთი, რომ 2012-მა წელმა საქართველოში შეცვალა პოლიტიკური ამინდი. დღეს გაცილებით უფრო თავისუფალია ქართველი ხალხი.დღეს ტელევიზიებს არავინ ერჩის, წერენ და გადმოსცემენ, რაც მათ სურთ. ხშირად არის უსამართლო, ხშირად არის დამახინჯებული რეალობა, მაგრამ ჩვენ ასეთი ქვეყანა გვინდა. ჩვენ გვინდა თავისუფალი ქვეყანა. დაწმუნებული ვართ, ქართველ ხალხს გააჩნია იმის შინაგანი ძალა და ენერგია, რომ ასეთი თავისუფლებით მიაღწიოს ყველაზე კარგ შედეგს - განავითაროს ჩვენი ქვეყანა და მოუტანოს უკეთესი მომავალი ჩვენს მომავალ თაობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა განათლების სისტემის ძირეულ რეფორმასა და პედაგოგების დაფასების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2017 წლიდან, პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება, რისთვისაც გათვალისწინებულია 60 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება.

„ქუთაისში დაიწყო საქართველოსთვის უპრეცენდენტო მასშტაბის უმაღლესი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელიც 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი და საქართველოში მთლიანად შეცვლის ამინდს. ჩვენ კიდევ უფრო უნდა წავახალისოთ ბიზნესი და 2017 წლის 1-ლი იანვრიდან, მოგების გადასახადი აღარ იქნება, თუ მოგება დივიდენდის სახით არ გადანაწილდა. თუ მოგება იქნება ჩაბრუნებული ბიზნესის განვითარებაში, ის მოგების გადასახადით არ დაიბეგრება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გახსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 12:08

როდესაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ საქართველოს, ისინი ხედავენ სტაბილურ გარემოს, რეგულაციების სიმცირეს, დაბალ გადასახადებს, ბიუროკრატიის ნაკლებობას და ბიზნესგარემოს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოში არსებულმა მიმზიდველმა ბიზნესგარემომ შესაძლებელი გახადა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის მნიშვნელოვნად გაზრდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

"დღეს ვამყარებთ ჩვენს პოზიციებს, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების დაფასებული და ანგარიშგასაწევი პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომლებიც სრულად ამოქმედდა ორი თვის წინ. გარდა ამისა, ღრმავდება ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან. ჩვენ ვამართლებთ ჩვენს იმიჯს, როგორც რეგიონში წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა. ჩვენი ეკონომიკა დღესაც წარმატების მაგალითია ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონში, რომელიც განიცდის ეკონომიკურ დეპრესიას თუ არა, მნიშვნელოვან შეფერხებას: 2015 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 2,8 პროცენტით, ხოლო 2016 წელს მოსალოდნელია, სულ მცირე, სამპროცენტიანი ზრდა," - განმარტა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიზანიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფაა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს საგადასახადო სისტემის, კაპიტალის ბაზრის, განათლების, ჯანდაცვისა და საპენსიო სისტემის სფეროთა რეფორმები.

გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 10:12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა.
შეხვედრა 11 სექტემბრის ტრაგიკული თარიღის გახსენებით დაიწყო.
მხარეებმა ისაუბრეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე და ქართული სამხედრო კონტინგენტის წვლილზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში.

შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს და სამხედრო განათლების სექტორში გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.

"მოხარული ვარ, რომ შედგა თქვენი პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც დაემთხვა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსებიდან 10 წლისთავს, რომლის ჩამოყალიბებაში დიდია საფრანგეთის წვლილი. თქვენს ვიზიტს ვაფასებთ, როგორც საფრანგეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების მკაფიო გზავნილს," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე. 
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.

ბიზნესის სახლი - სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ახალი მოდელი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 10:57

სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებური მოდელი, რომელიც დაზოგავს დროს და  ფინანსურ რესურსებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს კორუფციის რისკებს. ასე შეაფასა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი პროექტი „ბიზნესის სახლი“, რომლის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია ორთაჭალაში  გაიმართა. უყურეთ  „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“,  მთავრობის ახალ ინიციატივას„ ბიზნესის სახლის“ შესახებ პრემიერი, ვიცე-პრემიერი და ბიზნესმენები აფასებენ.

გიორგი კვირიკაშვილმა ტალებ რიფაის სამუშაო სადილზე უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 17:20

გიორგი კვირიკაშვილმა ტალებ რიფაის ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის ჩატარების ადგილად საქართველოს შერჩევისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერის შეფასებით, ეს, საქართველოს, როგორც მეღვინეობის აკვნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცების კუთხით, უდიდესი მოვლენაა.
მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველოში ღვინის დაყენების უნიკალური ტრადიციული მეთოდები, მათ შორის ქვევრში დაყენება, იუნესკოს მიერ, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი მიიჩნევს, რომ საქართველოში - ღვინის უძველეს სამშობლოში, რომელსაც მეღვინეობის 8 000-წლიანი ტრადიცია აქვს, ღვინის ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი არსებობს.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციის სტუმრები საქართველოში სასიამოვნო დროს გაატარებენ და თავიანთ ქვეყნებში საუკეთესო შთაბეჭდილებებით დაბრუნდებიან.
ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია, რომელშიც 42 ქვეყნის 250 დელეგატი და 150-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობს, დღეს სრულდება.

"ჩემი საქართველო აქ არის" - "ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 10:25

"ჩემი საქართველო აქ არის" - "ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპი, რომელიც გიორგი ცაბაძის ამავე სახელწოდების სიმღერაზეა გადაღებული,  საზოგადოებას გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მუსიკალური კლიპის მიზანია, საზოგადოებაში გაფანტული დადებითი ენერგია შეკრიბოს და ქვეყნის საკეთილდღეოდ, ერთ აზვირთებულ, პოზიტიურ ენერგიად გარდაქმნას. 
“ამ ენერგიების შეკრების გარეშე შეუძლებელია, რაიმე შედეგის მიღწევა და ჩვენ დავადასტურეთ საქმითაც და სიტყვითაც, რომ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოწოდებულია, დაასრულოს საქართველოში კონფრონტაცია, დაასრულოს დაპირისპირება, გააერთიანოს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ ნამდვილად გვინდა, ისეთი საზოგადოება, სადაც იქნება აზრთა სხვადასხვაობა, პოლემიკა, მაგრამ იქნება ცივილიზებული, სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობები. სწორედ ამიტომ მეგობრებო, ეს კლიპი არის სიყვარულზე დაფუძნებული. ეს არის ურთიერთპატივისცემაზე, ეს არის ჩვენს ეროვნულ ფასეულობებზე, რომელიც აბსოლუტურ ჰარმონიაშია დასავლურ ფასეულობებთან. ეს მუსიკალური კლიპი არის მშვიდ ცხოვრებაზე, სტაბილურ განვითარებაზე და სიკეთეზე, ეს არის გულისხმიერებაზე და დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანი, ყველზე კარგ სიზმარში ხედავს იმ საქართველოს, რომელსაც ახლა ყველა თქვენგანი ნახავთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სოციალური უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 11:44

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრს, იან ვეიმინს შეხვდა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითად საკითხებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დინამიკას და ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორია. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ იზრდება ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება და ქართული ღვინის ექსპორტი ჩინურ ბაზარზე.

მხარეებმა ისაუბრეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე, რაც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სფეროში, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით. გამოითქვა იმედი, რომ დოკუმენტს სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება სოციალურ პოლიტიკაში გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით და გახდება "ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.

ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,- გიორგი კვირიკაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 09:35

"რა პროგნოზები მაქვს მე, რა თქმა უნდა, მე მაქვს პროგნოზი იმისა, რომ ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მოახდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში, დაამკვიდრა გაცილებით მაღალი პოლიტიკური სტანდარტი, როდესაც აღარ არის მედიაზე ზეწოლა, ბიზნესზე ზეწოლა, თავისუფლების დაცვის ინდექსი გაცილებით უფრო მაღალი - გაორმაგებულია და ეს აღიარებულია ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხალხი ამას აფასებს და მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ჩვენ ველოდებით ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას,"- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.  

გიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2016 14:57

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის მთავარი თემები.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ ნაბიჯს ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად განიხილავს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და ნატო-ს მნიშვნელოვან წვლილს ამ პროცესში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები თანდათან უფრო ვითარდება და ამაზე ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, ხოლო საქართველო - ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და საიმედო პარტნიორი.

საუბრისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საუბარი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, დემოკრატიული ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველსაყოფად, ძალისხმევას არ დაიშურებს.

შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ხოლო, საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური