პრემიერმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 10:22

13 ივნისი, რა თქმა უნდა, დიდი ტკივილის დღეა, მაგრამ ამავე დროს - დიდი სიმამაცის და გმირობის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 13 ივნისის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან განაცხადა. 
მთავრობის მეთაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 2015 წლის სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნას.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 13 ივნისი არის ტრაგიკული თარიღი, როდესაც ძალიან მძიმე სტიქიურმა უბედურებამ, მრავალი ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე შეიწირა.
"იყვნენ მაშველები, რომლებმაც ძალიან დიდი გმირობა გამოიჩინეს და სიცოცხლე გაწირეს ადამიანების გადასარჩენად, მაგრამ ყველაზე მეტად ეს დღე დაამახსოვრდება საქართველოს, როგორც, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, უპრეცენდენტო კონსოლოდაციის დღე. 
ვფიქრობ, ჩვენს ერს გააჩნია ეს განსაკუთრებული თვისება, რომ ასეთ მომენტებში გაერთიანდეს და განსაკუთრებით უყვარდეთ ერთმანეთი ადამიანებს. ამიტომ, მე ასეთად მახსოვს ეს დღე",- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 ივნისი 2017 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემები ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიტვა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარია, რომლის მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით მთავრობა განსაკუთრებულად აფასებს.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ასევე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. გიორგი კვირიკაშვილმა ლიტვასა და პირადად საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებული მტკიცე პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

 

„მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირებზე, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა“ - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 13:46

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება - საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს საკონსტიტუციო კომისიას, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირებზე, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა:

„მმართველ გუნდში გაიმართა კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობდა მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა. მივიღეთ გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ ინიციატივით, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირებზე, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს. ვფიქრობთ, რომ ეს ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას აქვს და ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა“-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 10:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, გენერალ სტეპან პოლტორაკს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველო-უკრაინის ინტენსიურ თანამშრომლობას მთელ რიგ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. მხარეებმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ. 

ახალი რეისი ლონდონის მიმართულებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 ივნისი 2017 10:12

საერთაშორისო ფრენებს ახალი, პირდაპირი მიმართულების რეგულარული რეისი დაემატა - „თბილისი-ლონდონი-თბილისი", რომელსაც ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს. ახალი რეისის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს საქართველო-დიდ ბრიტანეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, ხალხთა შორის კავშირის გაძლიერებას, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უკვე შესაძლებელია გამგზავრება ევროპის 13 ქვეყანაში 21 მიმართულებით. 2017 წლის მხოლოდ ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადმა 47%-ით მოიმატა.

„ასევე უმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა, სასტუმროების ქსელი და არაერთი ტურისტული მიმართულება ვითარდება საქართველოში. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მადლობას ვუხდი საქართველოს ავიახაზებს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. იმედი მაქვს რეისები გაგრძელდება ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგაც. დარწმუნებული ვარ, ეს ავიაკომპანია კიდევ იტყვის თავის ხმამაღალ სიტყვას საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. დღეს ვიზალიბერალიზაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ უნიკალური საშუალება, რომ დამღლელი პროცედურების გარეშე გაემგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი ლონდონის ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ბრიტანელ ხალხს.

"კიდევ ერთხელ გამოვხატავ სამძიმარს ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახების, ბრიტანეთის მთავრობისა და ბრიტანელი ხალხის მიმართ. ტერორიზმს,სამწუხაროდ, არ აქვს საზღვრები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცივილიზებული სამყარო კონსოლიდაციით შეძლებს დაამარცხოს ეს უდიდესი სენი, რომელიც მსოფლიოს შეეყარა ამ ბოლო პერიოდში"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი დაესწრო. ელჩმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ საქართველოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრა ჩინელ ბიზნესმენებთან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 02 ივნისი 2017 10:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წამყვანი ჩინური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი და უმსხვილესი ინვესტორია, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აკავშირებს. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთსშორის თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო განამტკიცებს მჭიდრო პარტნიორობას.

„ორიოდე კვირის წინ ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებას, რაც არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. საქართველო გახდა ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ლიბერალური ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ჩინეთთან ამ რეგიონში. მინდა იცოდეთ, რომ საქართველო ღიაა ჩინური ინვესტიციებისთვის,"-განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და ხაზი გაესვა ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთიდაინტერესების მზარდ დინამიკას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა დაესწრნენ.

ჩვენი ქვეყნის გმირების, მსხვერპლი და სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 მაისი 2017 15:34

მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო ეს განსაკუთრებული დღე - 26 მაისი, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე - დამოუკიდებლობის, რომლისთვისაც ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა და დღეს ადგას იმ გზას, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ჩვენს ქვეყანას უკეთესი მომავლისკენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის გმირების, მართლაც საამაყო, სასიქადულო შვილების მსხვერპლი და სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის. ჩვენ აუცილებლად გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას, აუცილებლად ავაშენებთ ნამდვილად ევროპულ საქართველოს. მე ამაში ერთი წამით ეჭვი არ მეპარება. მინდა, ყველას მივულოცო - ჩვენი ქვეყნის მეგობრებსაც, რომლებსაც გული შესტკივათ ჩვენზე და მინდა, ყველა თქვენგანს მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - აღნისნული განცხადება პრემიერ-მინისტმა, გიორგი კვირიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლილსას გააკთა.

 

გივი ბერიკაშვილის ბიუსტის გახსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 მაისი 2017 10:38

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში" გივი ბერიკაშვილის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

"ძნელია გივი ბერიკაშვილზე ისაუბრო წარსულ დროში. იგი არის ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწე და ადამიანი, რომელმაც სიყვარულის განსაკუთრებული სტანდარტი დაამკვიდრა. გივი ბერიკაშვილმა შექმნა დაუვიწყარი სახეები კინოსა და თეატრში. მისი გმირების სიტყვებით ჩვენ ყოველთვის ვისაუბრებთ. ეს ფრაზები ჩვენს გონებაში არის ჩაბეჭდილი და ძალიან დიდხანს იცოცხლებს,"-განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გივი ბერიკაშვილის სკულპტურული პორტრეტი მოქანდაკე თემურ ჭყონიამ შექმნა. ქანდაკება, თბილისის მერიის ხელშეწყობით, ბრინჯაოში გოგი ჟღენტმა ჩამოასხა.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 15:07

მინდა, აღვნიშნო ის მედალთცვენა, რომელიც გვქონდა გასულ კვირას, ქართველი სპორტსმენების წარმატების სახით. ნამდვილად ღირსშესანიშნავია, რომ გასულ კვირას, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ჯამში 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 12 ბრინჯაოს მედალი; საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ინდივიდუალური მედალი მოიპოვა, ხოლო გუნდურ შეჯიბრში ურთულეს ბრძოლაში - ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დიდოსტატი ნანა ძაგნიძე - ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე;

პირველად, ქართული სპორტის ისტორიაში, ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავე ლუკა ღაღანიძემ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე რაპირით ფარიკაობაში ახალგაზრდებს შორის.

22-23 აპრილს საქართველოში პირველად ჩატარდა სუმოს ევროპის ჩემპიონატი და ქართველმა სუმოისტებმა ჯამში 16 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 3 ოქროს მედალია.

საქართველოს ნაკრების წევრმა, კიკბოქსინგში ცოტნე სულთანიშვილმა კი, ურთულეს ბრძოლაში, საფრანგეთში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგი კიკბოქსიორი დაამარცხა.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის მსოფლიო რუკაზე და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრი ხდება, რასაც ჩვენ მივესალმებით და ამას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა. „Check in Georgia Sport"-ის კომპონენტის ფარგლებში საქართველო წელს 13 საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური