საქართველოს პრემიერი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017 12:08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

საუბარი შეეხო მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუციის შექმნას ემსახურება. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ ცვლილებებით, რომელიც პოლიტიკოსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო კომისიამ უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე შეიმუშავა, საქართველოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელს; უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მთავრობას; კიდევ უფრო მეტად აკონკრეტებს პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციებს; უზრუნველყოფს ადამიანის, საზოგადოების დაცულობის უფრო მაღალ ხარისხს.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღს, რაც 2024 წლიდან იგეგმება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მმართველი გუნდის პოლიტიკური ნებით ხდება, რაც დიდი მიღწევაა და ეს საკითხი არც ერთი ხელისუფლების პირობებში, დღის წესრიგშიც არ დამდგარა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეხვედრა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.

პრემიერმა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა გახსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 17:39

ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში სრულად შევიდა, - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა. 

გზის გახსნის ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესა და იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრ მოტომე ტაკისავასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. 

მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისი გახდება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს დააკავშირებს. 

"იმერეთი არის გული საქართველოსი. პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ - ჩქაროსნული მაგისტრალები; ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ქუთაისს დააკავშირებს მესტიისა და თეთნულდის კურორტთან; მაგისტრალი, რომელიც ქუთაისს დააკავშირებს აბასთუმანსა და სამხრეთ საქართველოსთან; ქუთაისის აეროპორტის გაფართოების პროექტი,რომელიც ახლა იწყება; აღმოსავლეთ-დასავლეთის რკინიგზის სამგზავრო განშტოება, რომელიც პირდაპირ ქუთაისის აეროპორტის ჭიშკართან მივა; ქუთაისის ძალიან მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო კომპლექსი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას - ეს ყველაფერი ერთად და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ის უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქუთაისს ბუნებრივად გააჩნია, გადააქცევს ამ ადგილს ჭეშმარიტ ცენტრად. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, ლოგისტიკური ცენტრი განვავითაროთ ქუთაისის აეროპორტთან და სულ ერთი საათის სავალზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს არა მხოლოდ ამ ადგილს, არამედ მთლიანად საქართველოს. ჩვენ მომსწრე ვართ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო განვითარების მონაკვეთისა", - განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ხორციელდება უამრავი პროექტი, რაც არასოდეს ყოფილა და მომავალი წლის მეორე კვარტლიდან ერთდროულად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება;საინვესტიციო და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით, კაპიტალური დანახარჯები გაორმაგდება, რაც პარტნიორების მონაწილეობით არის შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრმა იაპონიის მთავრობას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს საქართველოს განვითარების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 
"გზის ეს მონაკვეთი არის შემადგენელი ნაწილი იმ მნიშვნელოვანი გარდაქმნის პროცესისა, რომლის მონაწილეც ყველა ჩვენგანია. მხოლოდ საერთო ჩართულობით არის ეს წარმატება შესაძლებელი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა. მოტომე ტაკისავამ აღნიშნა, რომ საქართველოს, როგო0რც სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ავტომაგისტრალი პოზიტიურ წვლილს შეიტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონის განვითარებაში.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 9 პარალელური ხიდი, ორი სატრანსპორტო კვანძი, ოთხი საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები. პროექტის ღირებულება 71 მილიონი ლარი და 22 მილიონი ევროა და ის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა.

შეხვედრა B’nai B’rith International-ის დელეგაციასთან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 10:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი B'nai B'rith International-ის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ორგანიზაციის პრეზიდენტი გარი სოლცმენი ხელმძღვანელობს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ისრაელის 26-საუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც სულ უფრო ვითარდება. მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

გიორგი კვირიკაშვილი B'nai B'rith International-ის დელეგაციას საქართველოს მიღწევებსა და მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის შესახებ ესაუბრა.
ორგანიზაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად დაუჭერს მხარს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას, როგორც ისრაელიდან, ასევე - ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ნატახტარის აეროდრომზე ავიაშოუ გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 26 ივნისი 2017 08:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატახტარის აეროდრომის ტერიტორიაზე გამართულ ავიაშოუს დაესწრო. ბალტიისპირელი პროფესიონალი მფრინავით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა- Baltic Bees რეაქტიული და სპორტული თვითმფრინავებით შესრულებული საჰაერო-სანახაობრივი მანევრები შეასრულა და ფიგურული ფრენები წარმოადგინა.

ავიაშოუს მიზანია საქართველოში საფუძველი ჩაეყაროს ავიაფესტივალს "Fly-Fest-Georgia". მსგავსი ფესტივალები ყოველწლიურად იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და წარმოადგენს ტურისტული ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს.

კანის საერთაშორისო ფესტივალზე მიღწეული წარმატება

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 23 ივნისი 2017 09:32

საქართველოში „მეექვსმილიონე ტურისტის" შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი კანის საერთაშორისო ფესტივალზე ვერცხლის და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა, რაც არის ძალიან დიდი წარმატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კანის ფესტივალზე მიღწეული წარმატება ხელს შეუწყობს საქართველოს  ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას.

„2016 წელს ტურისტების შემოსვლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მათმა რიცხვმა 6 400 000-ს მიაღწია. მეექვსმილიონე ტურისტის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა კომპანია Windfor's-მა. პროექტი განხორციელდა მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და ტურიზმის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობით. მინდა, კომპანია Windfor's-ს და მთელს საქართველოს მივულოცო ეს წარმატება. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო  მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და ტურიზმის ადმინისტრაციას ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის.  ვიდეორგოლს აქვს  ბევრი ნახვა და დარწმუნებული ვარ, კანის ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ ათჯერ მეტი ადამიანი ნახავს მას, რაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობას გაზრდის," - აღნიშნა პრემიერმა.

შეხვედრა ADB-ის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 20 ივნისი 2017 11:02

საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დადებითი ტენდენციები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის შონ ო სალივანის შეხვედრის მთავარი თემები.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა ოთხპუნქტიანი გეგმის შესახებ, რომელიც სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას - სივრცით მოწყობას, განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმას გულისხმობს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ ტენდენციას და აღინიშნა ის მზარდი მონაცემები, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური ზრდის, ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით აქვს.

გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების ბანკს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ასევე - საპენსიო და კაპიტალის ბაზრისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის რეფორმების პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინისტროში დღეს ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას, რომლის თანახმად აზიის განვითარების ბანკი საქართველოს "მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტის" განსახორციელებლად 80 მლნ აშშ დოლარის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. პროექტის ფარგლებში, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზისა დასარკინიგზო სადგურებსა და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია განხორციელდება.

შონ ო სალივანმა განაცხადა, რომ აზიის განვითარების ბანკი სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

პრემიერმა მცხეთაში თანამედროვე სტანდარტების კულტურის ცენტრი გახსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 12:15

მცხეთაში ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე კულტურის ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგიძესთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ კულტურის ცენტრს 450-კაციანი საკონცერტო დარბაზი აქვს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტებით, უმაღლესი კლასის ვიდეო-აუდიო გახმოვანებითა და განათების სისტემებით. 

როგორც კულტურის სახლში აცხადებენ, შენობაში განთავსებულია სარეპეტიციო დარბაზები, საგრიმიოროები, ხმის ჩამწერი სტუდია, საოპერატოროები, სარეჟისორო და ა. შ. 

მცხეთაში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ასევე დაათვალიერა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები. 
აღსანიშნავია, რომ პროექტი მოიცავს ორ საცურაო აუზს, დახურულ მრავალფუნქციურ დარბაზს, ასევე გათვალისწინებულია საუნა და სატრენაჟორო სივრცეები. 

მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

პრემიერმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 10:22

13 ივნისი, რა თქმა უნდა, დიდი ტკივილის დღეა, მაგრამ ამავე დროს - დიდი სიმამაცის და გმირობის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 13 ივნისის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან განაცხადა. 
მთავრობის მეთაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 2015 წლის სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნას.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 13 ივნისი არის ტრაგიკული თარიღი, როდესაც ძალიან მძიმე სტიქიურმა უბედურებამ, მრავალი ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე შეიწირა.
"იყვნენ მაშველები, რომლებმაც ძალიან დიდი გმირობა გამოიჩინეს და სიცოცხლე გაწირეს ადამიანების გადასარჩენად, მაგრამ ყველაზე მეტად ეს დღე დაამახსოვრდება საქართველოს, როგორც, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, უპრეცენდენტო კონსოლოდაციის დღე. 
ვფიქრობ, ჩვენს ერს გააჩნია ეს განსაკუთრებული თვისება, რომ ასეთ მომენტებში გაერთიანდეს და განსაკუთრებით უყვარდეთ ერთმანეთი ადამიანებს. ამიტომ, მე ასეთად მახსოვს ეს დღე",- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 ივნისი 2017 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემები ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიტვა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარია, რომლის მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით მთავრობა განსაკუთრებულად აფასებს.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ასევე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. გიორგი კვირიკაშვილმა ლიტვასა და პირადად საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებული მტკიცე პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური