პრემიერ-მინისტრის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 აგვისტო 2017 10:49

14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა. მისი შედეგების სიმძიმე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა. 

ჩვენი ერთად ცხოვრების ისტორია სამაგალითოა და არა გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში. ჩვენ შორის არ უნდა იდგეს უცხო ძალა, ეს საზიანოა ჩვენთვის - ქართველებისა და აფხაზებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. 
მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 11:18

2008 წლის 11 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩაიწერა როგორც გმირობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის კიდევ ერთი დღე. ამ დღეს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მებრძოლებმა თავდადების შეუდარებელი მაგალითი აჩვენეს - მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულმა ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან და 17 ჯარისკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

მათი სახელებია - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. ამ სახელებს დავიწყება არ უწერია.

ქედს ვიხრი მათი უკვდავი სულების წინაშე და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

მთელ საქართველოს გულში უნთია აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის სანთელი - პრემიერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 12:23

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივი პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიაგო. 

პრემიერი ძმათა სასაფლაოზე მთავრობის წევრებთან ერთად გამოჩნდა და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

”8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა. მე მინდა ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, ვინც სიცოცხლე არ დაინანა საკუთარი სამშობლოსათვის. მთელ საქართველოს გულში უნთია მათი ხსოვნის სანთელი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ომის შედეგებს - პრემიერის თქმით, ქვეყნის გაერთინებისთვის მუშაობენ.

"ჩვენ ვმუშაობთ, რომ მაქსიმალური ძალისხმევა დავხარჯოთ, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ.

რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან, ძლიერ, დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს ვაშენებთ, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისა და ოსებისთვის. ამიტომ ჩვენ თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ყველა სათქმელი უნდა ვუთხრათ და უნდა შევრიგდეთ. შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და აუცილებლად გავაერთიანებთ ქართველების, აფხაზებისა და ოსების გულებს. არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს დასაკარგი შვილი აღარ გვყავს",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

NBA-ის საჩემპიონო თასის წარდგენის ცერემონია

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 11:10

ყველას გვახსოვს თამაში, ანგარიშით 129:120, რომლის შემდეგაც, ქართული დროშა აფრიალდა Golden State Warriors-ის თავზე; დიდი მადლობა ამისთვის, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NBA-ის ჩემპიონობა საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და Golden State Warriors-ის კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას, რომელმაც NBA-ის საჩემპიონო თასი საქართველოში ჩამოიტანა.

პრემიერმა ზაზა ფაჩულიას ყველა ქართველის სახელით უდიდესი მადლობა გადაუხადა იმ ძალიან დიდი სიხარულისთვის, რომელიც მან ყველას მიანიჭა.

"მინდა, კიდევ უფრო დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დამოკიდებულებისთვის, რომელსაც ყველანი ვგრძნობთ შენი თითოეული წარმატების შემდეგ, როდესაც შენს ყველა წარმატებას უძღვნი პირველ რიგში შენს სამშობლოს - საქართველოს. შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ამ დარბაზში არიან და რომლებისთვისაც პირადი მაგალითი, რომ ყველაზე კონკურენტული ლიგის ჩემპიონობა ქართველისთვის შესაძლებელია, რეალობა გახდა. რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა უდიდესი შრომა, მიზანმიმართულობა და მიზანსწრაფულობა და ამას წინ უძღოდა ჩვენს მიერ გატეხილი არაერთი ღამე შენი წარმატების მოლოდინში. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადო", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ზაზა ფაჩულიას. 
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს და ნაკრების წევრებს წარმატებები უსურვა "ევრობასკეტზე".

"საქართველო არის ახალი წარმატებების მოლოდინში, წარმატებებისა ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში და რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების წარმატების მოლოდინში "ევრობასკეტზე", სადაც ზაზა არის ისევ კაპიტანი და სადაც, ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მივაღწევთ. მინდა, ჩვენს ბიჭებს, ჩვენს ნაკრებს დიდი წარმატება ვუსურვო ზაზასთან ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ უდიდესი სიხარულისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სპორტის სასახლეში, სადაც ზაზა ფაჩულიამ ქართველ გულშემატკივარს დღეს NBA-ის საჩემპიონო თასი წარუდგინა.

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც NBA-ის საჩემპიონო თასს მასპინძლობს - Golden State Warriors-ის ბაზა თასმა წელს პირველად დატოვა.

ღონისძიებას ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრები, მეგობრები, მხარდამჭერები, მწვრთნელები და ვეტერანი კალათბურთელები დაესწრნენ. გაიმართა საკალათბურთო შოუ.

ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი SSA Marine-ი ხდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017 10:52

უმსხვილესი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება, - შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი დღეს მოეწერა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

„კონტი ჯგუფის" შემდეგ, SSA Marine-ი მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი SSA Marine-ი ხუთ კონტინენტზე, 250-ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU)ემსახურება. SSA Marine-ი დიზაინის, ოპერირების და პროექტების განვითარების თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების სტანდარტებს ამკვიდრებს.

ხელმოწერის ცერემონიამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტ რობერტ ვოტტერსთან და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებთან. მხარეებმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკური პარტნიორობის საკითხებს და საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს.

პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისა და იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც ამერიკა საქართველოს უწევს.

„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშვნელოვანესია და საქართველო მადლიერია იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარებისათვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უწევს. აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდასაჭერად გაჟღერებული ძლიერი გზავნილები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ადასტურებს ამერიკისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალს. ჩვენ მოწოდებული ვართ, ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას უფრო მეტი ეკონომიკური შინაარსი შევძინოთ - ეს ამ შესანიშნავი თანამშრომლობისა რა მორიგი, არამედ უმთავრესი ნათელი ნიშანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას.

რობერტ ვოტტერსმა საქართველოს მთავრობის მეთაურს პროექტის დაწყების დღიდან გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" შეიმუშავა ანაკლიის პორტის გენერალური გეგმა და პორტის წინასწარი დიზაინი; განახორციელა 50-ზე მეტი სახმელეთო, საზღვაო ეკოლოგიური და საინჟინრო კვლევა სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა მიმართულებისთვის; დაწყებულია ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა.

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

"საქართველო არის ისრაელის ძალიან სანდო პარტნიორი" - კვირიკაშვილმა ისრაელის პრეზიდენტს მიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 25 ივლისი 2017 15:13

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინს შეხვდა. მხარეებმა კონკრეტულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკასა და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველო-ისრაელის განსაკუთრებულ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ ორი ერის მეგობრობის ისტორია 2 600 წელს ითვლის.

"ქართველებს შორის აშკარაა უაღრესად პოზიტიური განწყობა, სენტიმენტები ებრაელთა მიმართ. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვმასპინძლობთ 150 000 ტურისტს ისრაელიდან, რომელთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, ხოლო ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია ბევრ სფეროში. ჩვენთვის დაუვიწყარია თქვენი ვიზიტი საქართველოში რამდენიმე თვის წინ, რომლის დროსაც ჩვენ გვქონდა თანამშრომლობის გაღრმავების გზების განხილვის შესაძლებლობა. შემოდგომაზე კი ჩვენ ვუმასპინძლებთ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას, რათა განვიხილოთ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მაღალი ტექნოლოგიები, განათლება თუ უსაფრთხოება. ჩვენ ვდგავართ მსგავსი გამოწვევების წინაშე და ჩვენ უნდა ვისწავლოთ თქვენი გამოცდილებიდან. საქართველო არის ისრაელის ძალიან სანდო პარტნიორი ამ გამოწვევებით სავსე სამეზობლოში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი - აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017 12:13

ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრის ამპლუაში დღეს კახა კალაძის ბოლო მთავრობის სხდომაა და მას მადლობა გადაუხადა.

„კახას მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. უხეში დათვლით, ეს არის დაახლოებით, მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. 18 ჰიდრო, 2 თბო და ერთი ქარის ელექტროსადგური აშენდა. ჩაყრილია საფუძველი მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობაზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე არჩევნებში გაიმარჯვებს.
„ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის. მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო ახალი სიმაღლეების ასაღებად“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ვიცე- პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატია.

პრემიერი - მზად ვართ, საკონსტიტუციო პროექტზე დიალოგი გავაგრძელოთ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017 12:04

მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი და მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება კიდევ რაღაცებზე შეთანხმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან.

„ჩვენ შევეხეთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს. ბატონმა ჯანი ბუკიკიომ გამოხატა კმაყოფილება ჩვენი მზადყოფნის გამო, რომ გავაგრძელოთ დიალოგი. მოგეხსენებათ, რომ ეს პროცესი საკმაოდ მაღალი ჩართულობით მიმდინარეობდა წინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესისგან განსხვავებით. იყო ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო განხილვები, სადაც ყველა იყო ჩართული. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კიდევ გავაგრძელოთ ეს დიალოგი, რათა ჩვენ მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების გამოხატულება. ეს არის მნიშვნელოვანი. შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად არის მზადყოფნა პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის მიმართულებით. ჩვენ ჩვენი მხრიდან გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები და კიდევ ერთხელ ვამბობ, მზად ვართ, გავაგრძელოთ და კიდევ მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება კიდევ რაღაცებზე შეთანხმება. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის მთავრობას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 12:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"გულითადად ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ამერიკელ ხალხს 4 ივლისს - დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები სრულიად უნივერსალურია თავისუფლების მოყვარული ერებისათვის და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც.

საქართველოსათვის ამერიკის შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს ურყევ მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.
წელს ჩვენ აღვნიშნავთ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაღრმავებას როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 
ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც შედგა თეთრ სახლში ჩვენი პარტნიორობის 25 წლისთავისა და საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმების აღსანიშნავად. ასევე ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად მივიჩნევთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს, რომელიც ამ ზაფხულს ეწვევა საქართველოს.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ მათ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას" - აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ივნისი 2017 10:33

ორი თვის წინ საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს აშშ-ში, მაიკ პენსთან ჩემი შეხვედრისას ვთხოვე მას, ვიზიტით წვეოდა ჩვენს ქვეყანას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მკაფიო მხარდაჭერის კუთხით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური