ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცები ჰყავს ჩვენს ქვეყანას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 26 აგვისტო 2017 10:31
,,ადამიანურად მადლობა მინდა გითხრათ თქვენი თავდადებისათვის და გმირობისთვის. გულით ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცები ჰყავს ჩვენს ქვეყანას."- ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ჯარისკაცებს, მეტყევეებსა და ექიმებს. ,,თქვენ გადაარჩინეთ ათასობით ჰექტარი ტყე. ცუდია რაც მოხდა, მაგრამ გაცილებით ცუდი შეიძლება მომხდარიყო, რომ არა თითოეული თქვენთაგანის გმირობა. მადლობა ყველას" - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 650 თანამშრომელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 900 თანამშრომელი, მათ რიგებში არიან მეხანძრე-მაშველები, სასაზღვრო პოლიციის 20 მფრინავი. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, პოლიციელები, ექიმები, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები. გამოყენებული იყო ათეულობით ერთეული მძიმე ტექნიკა, ასევე ავიაცია. სტიქიას ებრძოდა თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის და საინჟინრო ბრიგადის ათასზე მეტი სამხედრო. ცოცხალი ძალა და ტექნიკა, ცეცხლის საბოლოო ლიკვიდაციამდე, ბორჯომის ხეობაში რჩება.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო ძალები ჩაერთო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 25 აგვისტო 2017 11:44

 საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის 1000 ზე მეტი სამხედრო მოსამახურე ბორჯომის ხეობაში დილიდან დისლოცირდა.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საჯარისო ნაწილები ჩაერთნენ. ბორჯომის ხეობაშია საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ტექნიკა და ცეცხლმაქრი საშუალებები. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს საგანგებო შტაბში პრემიერ მიისტრთან გამართულ თათბირს დაესწრო და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედრო მოსამსახირეებს შეხვდნენ. თავდაცვის მინისტმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და ატენის ხეობაში გაწეული სამსახურიათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ამხედრო მოსამახურეებს ხანძარ საწინააღმდეგო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ გარკვეული შედეგი დღეს მიღწეული იქნება.

 

საერთო ჯამში დადებითი დინამიკა გვაქვს-გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 აგვისტო 2017 11:37

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: ,,უკვე მეოთხე დღეა, ყოველდღიურად, მიუხედავად პერიოდულად სიტუაციების გაუარესებისა, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა.

აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ მიერ გაყვანილი გზების მეშვეობით, შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან. ამიტომ ამ ეტაპზე, უკვე დადგა უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის საჭიროება. გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი.

აღმოსავლეთ სარდლობის 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა. მათთან ერთად, ვინც აქამდე მუშაობდა ყველა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. უკვე ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და ვფიქრობთ, რომ დღის ბოლოს გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა. თუმცა როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს, უკვე გაერთიანებული ძალებით გვექნება, მივალთ იქამდე, რომ გადავალთ ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე. ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეს, ერთობლივი შტაბი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას.

მოსახლეობას საფრთხეს ვაშორებთ. წუხელ საღამოს ერთ-ერთ ზონაში საკმაოდ გართულებული მდგომარეობა იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით საფრთხის აცილება. პრევენცია გაკეთებულია ყველა ზონაში, საფრთხე არავის ემუქრება. ამ დაგეგმარებით გავაგრძელებთ მუშაობას დღეს, ხვალ და ორი დღის შედეგებით ვფიქრობ, რომ საბოლოოდ გადავტეხავთ ამ სიტუაციას და გადავალთ ცეცხლის საბოლოდ ჩაქრობის ეტაპზე.

არდაგანში იყო წუხელ ცოტა გართულებული სიტუაცია, მაგრამ ავიაციისა და ცოცხალი ძალის მეშვეობით, შესაძლებელია ამ ზონის განეიტრალებაც, ისე რომ არ გართულდეს. ეს არის ერთ-ერთი ზონა რომელზეც კონცენტრირება ხდება. პრინციპში ორად არის გაყოფილი ცოცხალი ძალა, ერთი აქამდე არსებული ჯგუფი იმუშავებს წაღვერის მონაკვეთზე. დანარჩენ ზონებზე საჯარისო ნაწილსა და ცოცხალ ძალას განვათავსებთ და ავიაციასთან ერთად კომბინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას.

„ასეთი წინადადება არის მისასალმებელი“ - გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის მხრიდან დახმარების შემოთავაზებაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017 10:50

ხანძარი ბორჯომის ხეობაში - რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების სურვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფასებს. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ იმ სიტუაციაში რაც საქართველო-რუსეთს შორის არსებობს, ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან დახმარების შემოთავაზება მისასალმებელია:

„მადლობა იმ დახმარებისთის, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, რუსეთმა გამოთქვა დახმარების მზადყოფნა, ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება არის მისასალმებელი, ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის წინაშე, სწორედ აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში როდესაც ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთიერთობა რუსეთთან, ასეთი წინადადება არის მისასალმებელი.

ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017 10:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე, გასული ღამის მანძილზე ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ატენში ხანძარი ლოკალიზებულია. კერების სრული ლიკვიდაციის მიზნით, ხეობაში მუშაობას აგრძელებენ თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილები. ასევე, ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა. მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს დაეხმარებიან.
ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც.
საგანგებო შტაბის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
შტაბის სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში გაიმართა.

საგანგებო შტაბის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 აგვისტო 2017 11:25

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში სრული დატვირთვით მიმდინარეობდა, ბოლო ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი, ხანძრის კერების ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. საგანგებო შტაბი, მთავრობა, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. 

გამთენიისას სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა რომლებმაც ღამით, არჯევანიძის ტყიდან თორთის გზამდე 3 კილომეტრიანი გზა გაჭრეს, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება. ქართულ და აზერბაიჯანულ ვერტმფრენებთან ერთად, რამდენიმე საათში, საავიაციო სამუშაოებში ჩაერთვება თურქული მხარეც, რომელიც დამატებით 2 ვერტმფრენს გამოაგზავნის. ამ დროისათვის არ არსებობს ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე.

მთელი ღამე შეუჩერებლად მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ადგილზე იმყოფება 300- ზე მეტი მაშველი. 100-ზე მეტი ტყის მცველი, უსაფრთხოების სამსახურის, შსს-ს, გარემოს დაცვის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სახანძრო სამსახურების, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილზე რჩება და საგანგებო შტაბის მუშაობას უშუალოდ ხელმძღვანელობს.

პრემიერ-მინისტრის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 აგვისტო 2017 10:49

14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა. მისი შედეგების სიმძიმე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა. 

ჩვენი ერთად ცხოვრების ისტორია სამაგალითოა და არა გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში. ჩვენ შორის არ უნდა იდგეს უცხო ძალა, ეს საზიანოა ჩვენთვის - ქართველებისა და აფხაზებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. 
მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 11:18

2008 წლის 11 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩაიწერა როგორც გმირობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის კიდევ ერთი დღე. ამ დღეს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მებრძოლებმა თავდადების შეუდარებელი მაგალითი აჩვენეს - მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულმა ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან და 17 ჯარისკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

მათი სახელებია - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. ამ სახელებს დავიწყება არ უწერია.

ქედს ვიხრი მათი უკვდავი სულების წინაშე და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

მთელ საქართველოს გულში უნთია აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის სანთელი - პრემიერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 12:23

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივი პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიაგო. 

პრემიერი ძმათა სასაფლაოზე მთავრობის წევრებთან ერთად გამოჩნდა და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

”8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა. მე მინდა ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, ვინც სიცოცხლე არ დაინანა საკუთარი სამშობლოსათვის. მთელ საქართველოს გულში უნთია მათი ხსოვნის სანთელი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ომის შედეგებს - პრემიერის თქმით, ქვეყნის გაერთინებისთვის მუშაობენ.

"ჩვენ ვმუშაობთ, რომ მაქსიმალური ძალისხმევა დავხარჯოთ, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ.

რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან, ძლიერ, დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს ვაშენებთ, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისა და ოსებისთვის. ამიტომ ჩვენ თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ყველა სათქმელი უნდა ვუთხრათ და უნდა შევრიგდეთ. შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და აუცილებლად გავაერთიანებთ ქართველების, აფხაზებისა და ოსების გულებს. არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს დასაკარგი შვილი აღარ გვყავს",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

NBA-ის საჩემპიონო თასის წარდგენის ცერემონია

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 11:10

ყველას გვახსოვს თამაში, ანგარიშით 129:120, რომლის შემდეგაც, ქართული დროშა აფრიალდა Golden State Warriors-ის თავზე; დიდი მადლობა ამისთვის, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NBA-ის ჩემპიონობა საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და Golden State Warriors-ის კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას, რომელმაც NBA-ის საჩემპიონო თასი საქართველოში ჩამოიტანა.

პრემიერმა ზაზა ფაჩულიას ყველა ქართველის სახელით უდიდესი მადლობა გადაუხადა იმ ძალიან დიდი სიხარულისთვის, რომელიც მან ყველას მიანიჭა.

"მინდა, კიდევ უფრო დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დამოკიდებულებისთვის, რომელსაც ყველანი ვგრძნობთ შენი თითოეული წარმატების შემდეგ, როდესაც შენს ყველა წარმატებას უძღვნი პირველ რიგში შენს სამშობლოს - საქართველოს. შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ამ დარბაზში არიან და რომლებისთვისაც პირადი მაგალითი, რომ ყველაზე კონკურენტული ლიგის ჩემპიონობა ქართველისთვის შესაძლებელია, რეალობა გახდა. რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა უდიდესი შრომა, მიზანმიმართულობა და მიზანსწრაფულობა და ამას წინ უძღოდა ჩვენს მიერ გატეხილი არაერთი ღამე შენი წარმატების მოლოდინში. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადო", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ზაზა ფაჩულიას. 
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს და ნაკრების წევრებს წარმატებები უსურვა "ევრობასკეტზე".

"საქართველო არის ახალი წარმატებების მოლოდინში, წარმატებებისა ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში და რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების წარმატების მოლოდინში "ევრობასკეტზე", სადაც ზაზა არის ისევ კაპიტანი და სადაც, ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მივაღწევთ. მინდა, ჩვენს ბიჭებს, ჩვენს ნაკრებს დიდი წარმატება ვუსურვო ზაზასთან ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ უდიდესი სიხარულისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სპორტის სასახლეში, სადაც ზაზა ფაჩულიამ ქართველ გულშემატკივარს დღეს NBA-ის საჩემპიონო თასი წარუდგინა.

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც NBA-ის საჩემპიონო თასს მასპინძლობს - Golden State Warriors-ის ბაზა თასმა წელს პირველად დატოვა.

ღონისძიებას ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრები, მეგობრები, მხარდამჭერები, მწვრთნელები და ვეტერანი კალათბურთელები დაესწრნენ. გაიმართა საკალათბურთო შოუ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური