"მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი"- გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017 14:12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო გარემო უპრეცენდენტოდ მშვიდი იყო.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა.

"ჩვენს ქვეყანაში ტარდება მნიშვნელოვანი არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი. ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც იმას მოწმობს, რომ ქართული ოცნების სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება"- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის ახალ ელჩს საქართველოში შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017 15:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის ახალ ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმა უნგრეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური ურთიერთობებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას. ელჩმა გამოთქვა უნგრული მხარის დაინტერესება, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილი - ეკონომიკაში არსებული დინამიკა ძალიან სახარბიელოა, მინდა მოვუწოდო ყველა ბიზნესმენს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დინამიკა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017 13:43

ჩვენ ძალიან დიდი ზრდა გვაქვს მშენებლობის სექტორში. მთლიანად ეკონომიკაში დინამიკა დღეს ძალიან სახარბიელოა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გლდანში, ბეტონის ფილების მწარმოებელი ქარხნის - "მეგაპროდაქშენის" გახსნაზე განცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას, თან ახლავს ასეთი ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. მისივე თქმით, აღნიშნული საწარმო ნამდვილად არის ტექნოლოგიური ცვლილების მომტანი მშენებლობის სფეროში.

პრემიერის განცხადებით, აღნიშნული საწარმო შეიქმნა ორი საწარმოს ბაზაზე, რომელთაგანაც თითოეული იყო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი.

კვირიკაშვილის თქმით, ორივე საწარმოს ფინანსურ კომპონენტში სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდა დახმარება. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, რომლებსაც აღნიშნული საწარმო აწარმოებს, „იქნება ძალიან ინტენსიურად გამოყენებული მშენებლობის პროცესში, ვინაიდან მას ხარისხის მაჩვენებლები აქვს ძალიან სახარბიელო იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას მშენებლობის პროცესში“.

"ჩვენ ძალიან დიდი ზრდა გვაქვს მშენებლობის სექტორში. მთლიანად ეკონომიკაში დინამიკა დღეს ძალიან სახარბიელოა. 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ბოლოს ჩვენ დავასრულებთ 36%-იანი ზრდით მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილში. ხოლო 2018 წელს 2016 წლის ბაზასთან შედარებით არის 89%-იანი ზრდა, თითქმის გაორმაგება არის ინფრასტრუქტურის ხარჯების. 1 მლრდ 830 მლნ ლარის ხარჯია ჩადებული 2018 წლის ბიუჯეტში მარტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მარტო სახელმწიფოს მხრიდან. ამას დაემატება კერძო სექტრის მზარდი დინამიკა. ანალიზის შედეგად, რომელიც შეუძლია ყველა თქვენგანმა ნახოს, ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი აქვს დღეს კერძო სექტორს. ანუ ეს ზრდა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან მოტანილი არ არის. აქედან გამომდინარე, 89%-იანი ზრდა შარშანდელ მონაცემთან შედარებით გაცილებით დიდ ეფექტს მოიტანს კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების კუთხით. ჩვენ თუ ამას დავამატებთ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მიდის, ასევე დასრულდა იურიდიული პროცესი ანაკლიის პორტის მოსამზადებელი სამუშაოების. ფინანსურ ინსტიტუტებთან თითქმის ბოლომდეა მისული საქმე და დეკემბერში იწყება უკვე ფიზიკური მშენებლობა ანაკლიის პორტის, რაც კიდევ უფრო დიდ დინამიკას მოიტანს და ასეთი ტიპის საწარმოების პროდუქციაზე გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნა იქნება. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ყველა ბიზნესმენს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ის დინამიკა და შესაძლებლობები, რომლებიც მათ მისცემს საშუალებას, გაზარდონ მასშტაბები, შემოიტანონ წამყვანი კომპანიების დანადგარები, ისეთი როგორცაა იტალიური დანადგარები ამ საწარმოში და დამერწმუნეთ, რომ ეს აუცილებლად მოიტანს დიდ უკუგებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

„საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით“ - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 13:33

საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და ფისკალური მენეჯმენტის საუკეთესო ხარისხით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პირველი მიმოხილვის დასრულებას და მის პოზიტიურ შედეგებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფისკალური მაჩვენებლები აბსოლუტურად იმ ჩარჩოებშია, რომელიც განსაზღვრული იყო, ხოლო ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელმა დაგეგმილს გადააჭარბა.

„ჩვენ, წლის ბოლოსთვის გვექნება ეკონომიკის უფრო მაღალი რეალური ზრდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. ეს არის ძალიან პოზიტიური ახალი ამბავი. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გადახედა ზრდის მაჩვენებლებს და პროგნოზი 4,3%-მდე აწია, თუმცა ჩვენ ცოტა უფრო მაღალ ზრდას ველოდებით წლის ბოლომდე. ეკონომიკურმა გუნდმა, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, ძალიან ეფექტურად იმუშავა. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად გამოირჩევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ფისკალური მენეჯმენტის სისტემით. ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ის კრიზისი, რომელიც რეგიონში იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველომ წარმატებით გადალახა. დღეს არის საკმაოდ დიდი გაჯანსაღების ტენდენცია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, რა თქმა უნდა, რეგიონშიც, მაგრამ საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ზრდის მაჩვენებლით და ფისკალური მენეჯმენტის საუკეთესო ხარისხით. რა თქმა უნდა, ეს არის მთავრობის, ასევე - ეროვნული ბანკის და კოორდინირებული კარგი მუშაობის დამსახურება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

"პოლიტიკური უსინდისობა, ზღვარს იქეთ გადასული ადამიანები" - კვირიკაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 11:58

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ თბილისის მერიასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა. 

"ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ზღვარს იქით გადასული ადამიანები, მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ" - თქვა კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. 
„არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა და არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ზღვარი ყველაფერი ამის. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ყველაფერი ამ ზღვარს იქეთ გადასული ადამიანები. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება. მოგეხსენებათ, პროექტი „პანორამა თბილისი“, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტოდ დიდი მწვანე ზონის აშენებას თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის 400 000 კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართი, რომელიც შენდება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მათ მიმდევრებს უნდათ, რომ წარმოაჩინონ - რამდენი ადამიანი იყო სულ, რომლებმაც მოინდომეს, რომ გზა გადაეკეტათ და პარალიზება მოეხდინათ 4-5 საათის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის?! ვფიქრობ, რომ აქ საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგი უფრო კარგად უნდა დავიცვათ, თუმცა ისიც გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების სახე ძალიან განსხვავებულია მათგან. ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა პუშკინის სკვერის მითვისება. საუბარია იმაზე, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს პარკინგი. როდესაც დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც დღეს თბილისში 10 პარკინგს ააშენებს და სამწუხაროდ, დღეს რადგანაც პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, რადგან მისი ღირებულება არაა ისეთი, როგორც მსოფლიოს სხვა წამყვან ქალაქებში, ამიტომ პარკინგი ძალიან გვჭირდება. ეს ადამიანი აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება იქ მშენებარე სასტუმროს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარე მიწისქვეშა ტერიტორიაზე, სადაც უნდა აშენდეს ეს პარკინგი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017 13:26

საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით მიმდინარე პროექტები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ვაზილ ჰუდაკის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საუბრისას, ხაზი გაესვა EIB-თან წარმატებულ თანამშრომლობას, ბანკის ჩართულობის გაზრდას კერძო სექტორში მიმდინარე ოპერაციებში, ასევე - საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, რაც, პრემიერის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

განსაკუთრებით აღინიშნა EIB-ის ძალისხმევა საქართველოში ინოვაციების მხარდაჭერის მიმართულებით და პროგრამა - InnovFin, რომელიც ინოვაციურ კომპანიებს ხელსაყრელი პირობებით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

შეხვედრაზე, ყურადღება დაეთმო ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ლარიზაციის სტრატეგიას, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვან პოზიციებს.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც საგადასახადო და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმას, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას; მართვაში გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას; ქვეყნის ინფრასტრუქტურის - სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძების განვითარებას და განათლების სისტემის რეფორმას მოიცავს.

პრემიერ-მინისტრმა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის შეღავათიანი ფინანსური რესურსით საჯარო სექტორში დაფინანსებულია დაახლოებით 1,33 მილიარდ ევროს ღირებულების საინვესტიციო პროექტები, ხოლო კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებისთვის ბანკს გამოყოფილი აქვს 209 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.

საუბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს მისი პოლიტიკური გუნდის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის.

შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის დინამიკაზე. პრემიერ-მინისტრმა ანგელა მერკელს ქვეყნაში მიმდინარე რეფორმების და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად ხელსაყრელი გარემოა შექმნილი, რასაც საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებიც ადასტურებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია, ასევე, სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური ვითარება იძლევა იმის ყველანაირ პირობას, რომ გერმანულმა ბიზნესწრეებმა უფრო აქტიურად განიხილონ საქართველო ბიზნესის საწარმოებლად, რაც მეტ ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული კავშირების განვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირისთვის.

ლიდერებმა ისაუბრეს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე და ამ კუთხით ქვეყნის როლზე რეგიონში. ასევე - საქართველოს მონაწილეობაზე ავღანეთის მტკიცე დახმარების მისიაში. გერმანია მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი სამხედროების როლს აღნიშნულ მისიაში.

შეხვედრისას განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობა. ხაზი გაესვა საქართველოს ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და აქტიური შერიგების პოლიტიკისკენ. აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.

ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა გერმანიის ფედერალური კანცლერის ადმინისტრაციაში შედგა. ქართული მხარიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია ესწრებოდნენ.

"რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას" - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 სექტემბერი 2017 11:28

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს 72-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, მან საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ხელისუფლების მიერ ბოლო 5 წელიწადში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა, მათ შორის შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს:

"გამოწვევებით, მიმდინარე და გაყინული კონფლიქტებით, სახელმწიფოთა და სხვათა მხრიდან აგრესიით აღსავსე დღევანდელ მსოფლიოში არც საქართველოა გამონაკლისი. და აქაც ჩვენი პოლიტიკის ცენტრში ჩვენი მოქალაქეები დავაყენეთ. გაეროს წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, რითაც არღვევს არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია, მათ შორის, უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის ათობით რეზოლუციას.

2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა. მან გააფორმა ე.წ. „შეთანხმებები ინტეგრაციის შესახებ“ და ხელი მოაწერა „ხელშეკრულებებს“ დე-ფაქტო ხელისუფლებებთან, რათა რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა სისტემებმა შთანთქან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მოსკოვმა გაააქტიურა საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის მილიტარიზაცია.

რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა საოკუპაციო ხაზების განმტკიცება მავთულხლართების, სანგრების, ე.წ. სასაზღვრო ნიშნულებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით. მავთულხლართები კი ზოგიერთის კარ-მიდამოს უბრალოდ შუაზე ჰყოფს.

დაუცველი ჯგუფები, რომლებიც აქამდე, მაგალითად, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ან ბავშვები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მისაღებად გადმოდიოდნენ მეორე მხარეს, დღეს ამას ვეღარ ახერხებენ, რადგან ე.წ. გადამკვეთი პუნქტები დაიხურა. ამასობაში კი, რუსეთი აგრძელებს მოძრაობაზე რეაგირებისა და სხვა სახის ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა მოიპოვოს სრული კონტროლი მთლიანად საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე.

საქართველო მტკიცედ ემხრობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. საქართველოს მთავრობა ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს. მან არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების შესახებ დებულების ერთგულება. რუსეთისგან საპასუხო მოქმედებას ადგილი ჯერ არ ჰქონია.

საქართველოს მუდმივი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების მოძიებისკენ, დამოწმებულია არაერთი ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭიროა დაჩქარდეს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება, და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ყოველ წელს გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს რეზოლუციას, სადაც კიდევ ერთხელ აცხადებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილთა უფლებას, დაბრუნდნენ შინ. საქართველო მადლობას მოახსენებს გაეროს ამ მხარდაჭერისთვის, მაგრამ ყოველივე ეს ჯერ ვერ იქცა რეალობად ასობით ათასი ჩემი თანამემამულისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან შინ დაბრუნებას და მაინც ვერ ბრუნდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გაეროს მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო უარს ამბობს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

"ჩვენ ურყევად ვიცავთ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას" - გიორგი კვირიკაშვილი გაეროს 72-ე ასამბლეაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 სექტემბერი 2017 11:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს 72-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, მან საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ხელისუფლების მიერ ბოლო 5 წელიწადში გადადგმულ საბიჯებზე ისაუბრა, მათ შორის სამართლებრივ სფეროზეც:

"ჩვენ სასტიკი ბრძოლა გამოვუცხადეთ კორუფციას. Heritage Foundation-ის 2017 წლის რეიტინგის თანახმად, კორუფციისგან თავისუფლების კატეგორიაში საქართველო 31-ე ადგილზეა, ანუ მისი პოზიციები 38 ადგილით გაუმჯობესდა 2012 წელთან შედარებით. იმავეს ადასტურებს Transparency International-ის 2016 წლის მონაცემები - საქართველო პირველ ადგილზეა რეგიონში.

ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ კერძო საკუთრების დაცვას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები 77 პუნქტით გაუმჯობესდა.

ჩვენ ურყევად ვიცავთ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას. ამ მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ჩვენი პოზიციები 28 პუნქტით გაუმჯობესდა და დღეს ჩვენ 63-ე ადგილზე ვართ მაშინ, როცა სულ ახლახან 91-ე ადგილზე ვიყავით.

რაც შეეხება სამართალდაცვასა და ფიზიკურ უსაფრთხოებას, ამ უმნიშვნელოვანეს სფეროებს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კატეგორიაში საქართველომ 67-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, გაუმჯობესება 41 ადგილით.

ეს არ გახლავთ კოსმეტიკური ცვლილებები. ჩვენ დავპირდით ჩვენს ხალხს, რომ შემოვიღებდით საპარლამენტო სისტემას და გავაუმჯობესებდით ჩვენს კონსტიტუციას საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გარდა იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა, მასში ასევე ასახულია ისეთი ახალი, პროგრესული ინიციატივა, როგორიცაა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, გარემოს დაცვა და ბევრი სხვა, რაც პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამ გადაწყვეტილებებში ასახულია ქართველთა მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ. ყოველივე ამას ქართველები ისტორიულ კანონზომიერებად აღიქვამენ, რადგანაც საქართველო უკვე დიდი ხანია ევროპის ფართო კულტურული და ისტორიული სურათის განუყოფელი ნაწილია.

საკონსტიტუციო რეფორმის პარალელურად, ჩვენ, სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, დავიწყეთ ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 20:46

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პაველ ფილიპს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგა. შეხვედრაზე, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-მოლდოვას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი არსებობს, გამოითქვა ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მზადყოფნა.

საქართველოსა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებმა საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ამ ფორმატებში განსახილველ საკითხებზე ქვეყნებს შორის სრული თანხვედრა არსებობს. საუბარი მომავალ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსაც შეეხო, აღინიშნა, ის პოზიტიური ფაქტორები, რაც ვიზა-ლიბერალიზაციამ ორ ქვეყნას მოუტანა.

გიორგი კვირიკაშვილმა და პაველ ფილიპმა საქართველოსა და მოლდოვაში არსებული ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები და კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარებაც განიხილეს.

საუბრის დასასრულს, პაველ ფილიპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლდოვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური