ხელისუფლებას აქვს ძალა, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:42

თუკი ვინმე დაინტერესებულია, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, ეს არის პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ და სტაბილურ გარემოში მიმდინარეობს, რასაც ადასტურებენ საერთაშორისო დამკვირვებლები.

"ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ ხანგრძლივი, ოთხთვიანი წინასაარჩევნო პერიოდი, მოვიწვიეთ რაც შეიძლებოდა მეტი დამკვირვებელი, რომლებიც აკვირდებიან მთელ წინასაარჩევნო პროცესს და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი აცხადებს, რომ საქართველოში არის უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო პროცესი. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არა აქვთ ხალხის მხარდაჭერა. ხალხს სჭირდება სტაბილურობა და რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეს ნაციონალურ მოძრაობას, მათ არაფერი გამოუვათ. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალა, ჩაატაროს დემოკრატიული, ევროპული, გამჭვირვალე არჩევნები და ყველანაირი დესტაბილიზაცია არის გამორიცხული, მიუხედავად მათი რეალური მცდელობებისა, რომელსაც ყველანი ვხედავთ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დიდი რაოდენობის იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული ოპერაციისათვის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული, კომპლექსური ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამართალდამცავმა სტრუქტურამ.

"მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი ხალხი შეიცვალა"- კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:36

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ყველაზე პასუხისმგებლობიანი, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის და პირნათლად გვატარებს წინ, ჩვენი წინაპრების წინაშე, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლდანის მოსახლეობას, რომელსაც რაიონში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, კობა კობალაძე, ლევან კობიაშვილი და ლევან კობერიძე წარუდგინა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს, ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს იმ მიღწევას, რასაც დიდი პოლიტიკური ცვლილება, მშვიდობიანი არჩევნები, ადამიანის ღირსების დაცვა და ადამიანის ყველაზე მაღალ ფასეულობად მიჩნევა ჰქვია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში აღარასოდეს გაითელება ფეხქვეშ ადამიანის ღირსება, რაც ყველაზე დიდი მიღწევაა. 

"მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი ხალხი შეიცვალა, დღეს ყველაზე მეტად ფასობს არა გიჟური, ზედმეტად ემოციური მოწოდებები, არა ის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ გაუმართლებელი რისკებისა და საფრთხეების წინაშე, არამედ ის, რომ სტაბილურად, მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან ჩქარა წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ, გაცილებით უფრო გაფერადებული, გაცილებით უფრო განვითარეუბლი, გაცილებით აგუგუნებული ქვეყნისაკენ და ყველანი ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ჯანდაცვის, სოფლის მურნეობის რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მოსახლეობ აქალაქიდან სოფელს უბრუნდება, სადაც საკუთარი საქმის წამოწყებისა და ოჯახის ღირსეულად რჩენის შესაძლებლობაა. 

"აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ დღეს ადამიანები ქუჩაში აღარ იხოცებიან და აღარავინ იჩაგრება უსამართლოდ. ეს ყველაფერი ჩვენი მონაპოვარია და იმის შედეგია, რომ 2012 წლიდან საქართველო განვითარების აბსოლუტურად განსხვავებულ რელსებზე გდავიდა. ჩვენი ქვეყანა დღეს სრულიად სხვა რამეს უყრის კენჭს და სხვა რამის გამო მიდის არჩევნებზე - იმიტომ, რომ აღარ უნდა წარსულში დაბრუნება, ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი, მშვიდი ცხოვრება, ისეთი საქართველო, სადაც ადამიანები არ ხრავენ, არ ჭამენ ერთმანეთს და არ აყენებენ შეურაცხყოფას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმი,თ მმართველი გუნდის მთავარი მიზანია, გააერთიანოს ქვეყანა, საზოგადოება და ასე მოიტანოს უკეთესი მომავალი.

"მინდა, კიდევ ერთხელ გაგამხნევოთ, მიუხედავად იმისა, რასაც ისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო დააბრუნონ წარსულში, ეს ვერ მოხერხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობა დღეს მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე, რომელსაც არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის სიყვარულის გარეშე, საკუთარი ქვეყნის წინსვლის სურვილის გარეშე, რომელსაც აქვს ძალიან ნათელი, კარგად წარმოდგენილი, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, როგორ უნდ გავაუმჯობესოთ ჩვენი განათლების სისტემა, როგორ დავაფასოთ მეტად ჩვენი პედაგოგები, როგორ შევცვალოთ ინფრასტრუქტურა, როგორ გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო პირობები კერძო სექტორისთვის, მეტი დასაქმება მოვიტანოთ ქვეყანაში და როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის სისტემა, რომ მეტად იყოს ორიენტირებული თითოეული ადამიანის მომსახურებაზე. ჩვენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მოსამსახურეები ვართ, მაგრამ ამავე დროს, გაცნობიერებული გვაქვს ის როლი, რომელიც ჩვენ დაგვეკისრა და გულიხმობს იმას, რომ დღეიდან ოთხი წლის თავზე, ჩვენ უნდა მივიყვანოთ დანიშნულების ადგილას ჩვენი ქვეყანა და ეს დანიშნულების ადგილი უნდა იყოს გაჩირაღდნებული, აგუგუნებული, გაფერადებული, დაქოქილი ქვეყანა, რომელიც კეთილდღეობას მიიტანს ყველა თქვენგანის ოჯახში. ეს არის ჩვენი მიზანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ახალი, კომპლექსური სარაგბო ბაზის შესახებ, რომელიც მარტყოფში დღეს გაიხსნა და განაცხადა, რომ რაგბი არის სპორტის ის სახეობა, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ადამიანების გვერდში დგომა. 

"სწორედ ეს არის ქართველების დამახასიათებელი ყველაზე საჭირო თვისება, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ დღეს და ყველას, ვინც ქართველი ხალხისგან, საქართველოს მოსახლეობისგან პასუხს ელოდება, 8 ოქტომბერს უნდა ვუთხრათ - ჩვენ გავაცნობიერეთ ის წარმატებები, რომლებსაც მივაღწიეთ, ვუფრთხილდებით ამ წარმატებებს, უნდა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი და კიდევ უფრო სწრაფად უნდა გავავითაროთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ისე, რომ არც ერთი უდანაშაულო ცრემლი აღარ უნდა ვნახოთ საქართველოში. ყველა ბავშვი უნდა ვნახოთ გაღიმებული, ჩვენ უნდა შევუნარჩუნოთ ღირსება ჩვენს ხალხს და ხელის გულზე ვატაროთ ყველა ის სანუკვარი გრძნობა, სითბო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის, რომლის მოსპობასაც სამწუხაროდ შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს, იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანის გულში სანთელივით, ჩირაღდანივით ანთია, ის ერთმანეთის გაფრთხილების ყველაზე ძვირფასი გრძნობა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. ამას გავუფრთხილდეთ, მეგობრებო, და თუ ამას გავუფრთხილდებით, ყოველთვის ვიქნებით წარმატებულები, ყოველთვის მოვიტანთ უკეთეს მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის, რისიც მე მჯერა ჩემი გონების, ჩემი სხეულის ყველა უჯრედით და ამით ვცოცხლობ, ამით ვსუნთქავთ ეს გუნდი, რომელსაც ახლა ხედავთ და ამიტომ მჯერა, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რეალური იქნება", - მიმართა პრემიერმა მოსახლეობას და მოუწოდა, მხარი დაუჭირონ "ქართული ოცნების" გამორჩეულ კანდიდატებს - კობა კობალაძეს, ლევან კობიაშვილსა და ლევან კობერიძეს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, თითოეული მათგანი, საამაყო ადამიანია.
"კობა გამორჩეული პატრიოტია, გენერალი კობალაძე არის ადამიანი, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს საკუთარი ქვეყნის წინაშე; ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენა და არის გმირი, ყველა მისი თანატოლისთვის და არა მხოლოდ მათთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, გამორჩეული პარლამენტარი იქნება ლევან კობიაშვილი, რომელიც ყველასთვის ძალიან საყვარელი ადამიანია.

"მან არაერთი გამორჩეული წუთი აჩუქა ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს, ბევრი სიხარული მოგვიტანა ჩვე ნდა არის ადამიანი, რომელიც გულანთებული დაიცავს თითოეული თქვენგანის ინტერესს საქართველოს პარლაამენტში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ძალიან პერსპექტიული ახალი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში თავის სიტყვას იტყვის, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ლევან კობერიძე.

"ლევანი არის განსაკუთრებული ადამიანი, გამორჩეული ახალგაზრდა კაცი, სტრატეგიული მარკეტინგის პროფესიონალი, რომელმაც ძალიან სერიოზული გამოცდილება მიიღო კერძო სექტორში მუშაობით და, კობასთან და ლევანთან ერთად, არის ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი UEFA-ს პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 13:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ახალ პრეზიდენტთან, ალექსანდერ ჩეფერინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და UEFA-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო 2017 წელს საქართველოში გასამართ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს ევროპის ჩემპიონატს.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ფეხბურთის განვითარების მიმართულებით. ხაზი გაესვა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც გრძელვადიან ეფექტზეა გათვლილი და ითვალისწინებს - პროფესიული საფეხბურთო კლუბების ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიზნობრივ პროექტებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ერთი წლის განმავლობაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურას დამატებით 10 მოედანი შეემატება, რომლის მშენებლობასაც, UEFA-ს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ჩაეყარა საფუძველი.

გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდერ ჩეფერინს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინი UEFA-ს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

UEFA-ს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება გენერალური მდივანი თეოდორ თეოდორიდისი.

"ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა ისტორიული მოვლენაა"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 10:16

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ფაქტს გამოეხმაურა და საქართველოს მოსახლეობას ქვეყნისთვის უდიდესი მოვლენა მიულოცა. მისი განმარტებით, სამუშაო პროცესი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მიმდინარეობდა და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, 25 წლიანი საკმაოდ რთული პროცესი 2016 წლის 23 სექტემბერს წარმატებით დასრულდა.
„დღეს პირველი მთავრობის სხდომაა, მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს. მინდა გამოვეხმაურო ამ საკითხს და მოგილოცოთ ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული, 25 წელია სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა ამ საკითხზე მუშაობა და ძალიან მახარებს, რომ სწორედ დღეს დასრულდა ეს უზარმაზარი პროცესი და სწორი მიდგომით, ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი მოლაპარაკების შედეგად, მიღწეულ იქნა ეს უდიდესი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა არის ნამდვილად ისტორიული მოვლენა. გათვალისწინებულია, რომ ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყოს „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია,“ სადაც განთავსდება ისტორიული სამუზეუმო სივრცე, საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი. ქართული აკადემიის ფარგლებში იქნება საშუალება, რომ ქართველი მეცნიერები გარკვეული დროით დარჩნენ. იქ იქნება განსაზღვრული სივრცე, მათ შორის საცხოვრებელი ფართი, ქართველი მკვლევარებისთვის, სტუდენტებისთვის, მხატვრებისთვის, მუსიკოსებისთვის. მათ შეეძლებათ დარჩნენ და იმუშაონ საფრანგეთში. ეს მნიშვნელოვანია საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული, მეცნიერული და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისთვის,“ - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, გელა დუმბაძეს.
„მინდა მოგილოცოთ ყველას და მადლობა გადავუხადო გელა დუმბაძეს და თეა წულუკიანს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს და არაადამიანური შრომა გასწიეს, რათა მიღწეული ყოფილიყო ეს შეთანხმება. ასევე მადლობას ვუხდი საფრანგეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომლებთანაც იქნა მიღწეული ეს შეთანხმება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მნიშვნელოვანია რომ ქართველი ინვესტორები ევროპულ სტანდარტებს გაეცნონ, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 13:36

მნიშვნელოვანია რომ ქართველი ინვესტორები ევროპულ სტანდარტებს გაეცნონ, შექმნან ქართული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე ექსპორტირების ახალი მარშრუტები; ქართველი ბიზნესმენების ჩართულობა აუცილებელია ადგილობრივი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში, ახალი კანონმდებლობისა და რეგულაციების მიღებისას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა საჯარო დიალოგი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ, რომელსაც ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ. შეხვედრაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში, მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებსა და მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელეს.
მრგვალი მაგიდის ფორმატის დიალოგი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საჯარო დიალოგი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ ხელს შეუწყობს კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას ახალი მარეგულირებელი გარემოს შექმნის პროცესში, რათა მათი ინტერესები და საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

„წარმატებით დასრულდა ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების პირველი ეტაპი და დღეს მიმდინარეობს სახელისუფლებლო ინსტიტუტებს შორის 2017-2020 წლებისთვის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების ახალი დღის წესრიგის შეთანხმების პროცესი. ახალი დღის წესრიგი საკმაოდ ამომწურავი და ძალიან ამბიციურია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ინსტიტუტები, რეგულაციები და სტანდარტები ევროპულ ნორმებთან დაახლოების პროცესშია. ეს, პირველ რიგში, სასარგებლოა საქართველოს მოქალაქეებისათვის და, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ევროპული წესრიგის საქართველოში დამყარების მიზნით - რათა საქართველოს კანონმდებლობა და არსებული რეგულაციები დასავლელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგები გახდეს და გაუმჯობესდეს არსებული სტანდარტები, დამყარდეს კანონის უზენაესობის სტანდარტი ქვეყანაში, რაც საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად აქცევს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს საქართველოს ევროპეიზაციის თვალსაზრისით," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით. მისივე თქმით, შექმნილია ინვესტორთა საბჭო, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განიხილება კანონმდებლობასა და რეგულაციებში დაგეგმილი ყველა ცვლილება. 

„ადგილობრივი ბიზნესასოციაციების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ჩვენ უკვე შევქმენით ინვესტორთა საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს და რომლის შემადგენლობაშიც ეკონომიკური პროფილის მინისტრები და დიდი ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წევრები არიან წარმოდგენილნი. საბჭოში განხილული იქნება კანონმდებლობასა და რეგულაციებში მოსალოდნელი ყველა ცვლილება. ასე რომ, მიმაჩნია, მრავალპლატფორმიანი დიალოგის ფორმატი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს გაუმარტივებს გარდამავალ პროცესს," - განაცხადა პრემიერმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშემწყობი პროექტის მიხედვით, ხორციელდება მრგვალი მაგიდის შეხვედრების ციკლი, რომლის მიზანია - კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი მაქსიმალური ჩართულობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში.
საქართველოს მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა ხელსაყრელი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფა და კერძო სექტორის მხარდაჭერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნებთან ადაპტაციის პროცესში.
პროექტის ფარგლებში, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ასევე გაიმართება რეგიონებში.

უნდა ვიფიქროთ, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 10:11

დღეს ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაშუშოთ იარები, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და, მშვიდობიანად და მხოლოდ მშვიდობიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანა გამთლიანდეს, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გმირთა მოედანზე გააკეთა, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სოხუმის დაცემის დღე საქართველოს უახლეს და არა მარტო უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.

„ამ ომის შედეგად, ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირია ქვეყნის შიგნით და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. მთავარი, რასაც ყველა ჩვენგანი ვაცნობიერებთ, არის ის, რომ ეს იყო ომი ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ და, ამ ომს, თავშივე არ ჰყავდა მოგებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა დაღუპული მეომრის ხსოვნას დიდ პატივს მივაგებთ. ყველა მათგანი გმირია. სწორედ აფხაზეთის ომში დაღუპულთა გმირობა უნათებდა გზას ქართველ ჯარისკაცებს შემდგომში, კიდევ არაერთი შეიარაღებული კონფლიქტის დროს და სწორედ მათი გმირობა იყო მაგალითის მიმცემი ყველასთვის. დღეს ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაშუშოთ ეს იარები, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და მშვიდობიანად და მხოლოდ მშვიდობიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და დავიბრუნოთ ის ერთიანობა რომელიც გვქონდა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და მშვიდობიანად ვიცხოვროთ ყველამ ერთად ძმობაში, ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, ერთიან ქვეყანაში, ძმობაში და მეგობრობაში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი დღეს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დაღუპული გმირების ხსოვნას, მთავრობის მეთაურთან ერთად, პატივი მიაგეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.

ორი კვირა გავშორებს ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებს - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 სექტემბერი 2016 17:25

ორი კვირა გავშორებს ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებს, ამ არჩევნებმა უნდა გასცეს პასუხი  კითხვას „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში მიღწეული ძალიან დიდი გარდატეხა იყო თუ არა მნიშვნელოვანი საქართველოს უახლეს ისტორიაში, არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ დღეს გვაქვს ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო,  ერთმანეთს აღარ ვერჩით, არ არის დევნა არც ერთი ადამიანის, ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა გურჯაანში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მოგესალმებით,  გურჯაანელებო დიდი სიყვარულით. მიხარია,  რომ  ამდენ მხარდამჭერს ვხედავ“,- მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ყველაფერი ეს ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, ეს არის ის, რაც მიღწეულია უდიდესი ძალისხმევის, გმირული ნაბიჯის შედეგად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა

„ხუთი წლის წინ, ზუსტად შემოდგომაზე,  ამ დროს, ქართველი ხალხის თავდადებამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს საქართველოში არის თვისობრივად განსხვავებული წინასაარჩევნო გარემო. ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე და მინდა, როგორც თქვენმა მეგობარმა გთხოვოთ,  ყველა თქვენგანს, არ ავყვეთ ნერვებს. ძალიან უნდათ ჩვენი მდგომარეობიდან გამოყვანა, ძალიან უნდათ, რომ დაემსგავსოს წინასაარჩევნო პროცესი  იმას, რაც იყო საქართველოში არაერთხელ, მათ შორის 2012- ში, მაგრამ ვერ მიღწევენ ამას. ქართველი ხალხი დღეს სულ სხვანაირად უყურებს პოლიტიკას, ქართველი ხალხის გემოვნება, მოთხოვნები პოლიტიკოსების მიმართ არის შეცვლილი. დღეს ადამიანებს არ მოსწონთ, თუ ვინ ვინ დაჩაგრა, ვინ ვის უფრო მეტი შეურაცხყოფა მიაყენა, ხალხს სიმშვიდე სჭირდება, ხალხს სჭირდება ხვალინდელ დღეზე,  შვილების, შვილიშვილების უკეთეს მომავალზე ფიქრი და ზრუნვა. ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ეს არის ძალიან დიდი დამსახურება ქართველი ხალხის და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დიდი მონაპოვარია ისიც, ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ჯანმრთელობის დაცვა, სოფლის მეურნეობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, მიექცა ყველაზე დიდი ყურადღება .

„ყველაზე დიდი რესურსი დაიხარჯა იმაში,  რომ ჩვენს თანამოქალაქეებს აღარ ქონდეთ საფიქრალი,  ბინა გასაყიდი,  დასაგირავებელი , როცა მათ ოპერაციის გაკეთება ჭირდებათ.  თავისუფლად შეიძლება, სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით წამოიწყო სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი და ოჯახი არჩინო. უამრავი პროგრამა არსებობს მცირემიწიან ფერმერთა დახმარებისთის - გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები, დანერგე მომავალი მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად და ასე შემდეგ . ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ამაში დიდი რესურსი დაიხარჯა.  ჩვენი ბიუჯეტის თითქმის მესამედი იხარჯება მოქალაქეების ჯანდაცვაზე და სოციალურ მიმართულებებზე .

„ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ სითბო გვეჩვენებინა ჩვენი ხალხისთვის. ეს იყო ყველაზე დიდი მოთხოვნა 2012 წელს ახალი მთავრობის მხრიდან . რა თქმა უნდა,  ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი იმით,  რაც ამ ოთხი წლის განმავლობაშია მიღწეული,  ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ყველა ოჯახმა იგრძნოს ქვეყნის განვითარების პროცესი, კეთილდღეობა მივიდეს ყველა ოჯახში. სწორედ ამისთვის ჩვენ გვაქვს სრულიად ახალი,  ოთხ წელზე გათვლილი გეგმა,  რომელის დასრულებისას მივიღებთ თვისობრივად განვითარებული ქვეყანას, ხარისხობრივად განსხვავებული განათლების სისტემით, განახლებული და განსხვავებული ევროპული ხარისხის ინფრასტურქტურით და მმართველობითი სისტემით, რომელიც იქნება ადამიანზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული და, რომელიც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს, თუ რა გვჭირდება ჩვენ რეგიონებში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სწორედ ამ ყველაფრისთვის გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და არა მხოლოდ მშვიდობა, არამედ სიმშვიდე.

„არ შეიძლება,  საზოგადოება მუდმივად იყოს დაპირისპირების რეჟიმში. ჩვენ ვადევნებდეთ თვალ-ყურს, რომელმა პოლიტიკოსმა რომელი დაჩაგრა . ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს.  ნელ-ნელა მიდის ეს უკვე წარსულისკენ, მაგრამ  ერთეული ინციდენტები ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მთლიანად გადაშლის თავისი ისტორიის ყველაზე უარყოფით გვერდს, რასაც ჰქვია სამოქალაქო დაპირისპირებები, კონფრონტაცია ადამიანებს შორის, გაერთიანდება ერთ მუშტად, შეკრებს ყველა იმ დადებით ენერგიას , რომელიც თითოეულ ჩვენგანში, აი,  აქ მდგომ ადამიანებში არსებობს და მიმართავს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი პარლამენტი გვეყოლება ჩვენ 2016-დან 2020 წლამდე.  დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც გურჯაანელების ინტერესს წარმოადგეს მომავალ პარლამენტში, იქნება სწორედ ასეთი კაცი - ეს არის დავით სონღულაშვილი. მივესალმოთ და აუცილებლად მხარი დავუჭიროთ მას, რათა ყველაფერი, რაზეც მე ვისაუბრე,  გახდეს რეალობა ქვეყანაში“,-განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომრემ.

მისივე თქმით, მთავრობას სჭირდება ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდან და საკანონმდებლო ორგანაში აუცილებელია ისეთი კვალიფიციური ადამიანების მოსვლა, როგორიც დავით სონღულაშვილია.

„მე უკვე დავითს ვიცნობ 20 თუ არა, 17 წელი  ნამდვილად.  ის იყო ყოველთვის და დღესაც არის გამორჩეული, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც განათლება მიიღო, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის წამყვან უნივერსტეტებში. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, მათ შორის კერძო სექტორშიც. დარწმუნებული, ვარ  თავის  გამოცდილებას და, რაც მთავარია,  უამრავ პოზიტიურ,  დადებით თვისებას მოახმარს თითოეული თქვენგანის ინტერესების საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ოთხი წლის თავზე თვისობრივად, ხარისხობრივად განსხვავებულ ქვეყანას მივიღებთ.

„ჩვენ ვიცით, ეს როგორ გავაკეთოთ, ჩვენ ზუსტი, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა გვაქვს ამისათვის. ინფრატსრუქტურული განვითარების გეგმა უკვე მზად არის. კიდევ ხუთი მილიარდი დოლარი დაიხარჯება დამატებით,  გარდა იმისა, რაც დღეს იხარჯება ბიუჯეტით ქვეყნის სივრცით განვითრებაზე, კეთილმოწყობაზე, სატრანზიტო გზების,  ტურისტული გზების მშენებლობაზე, გურჯაანი, როგორც ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი, სატრანზიტო ადგილი, დაიბრუნებს თავის ფუნქციას. ტრანზიტი არ იქნება მხოლოდ სარფიდან წითელი ხიდისკენ და სადახლოსკენ მიმავალი გზა, არამედ ეს იქნება აუცილებლად თბილისიდან კახეთის გავლით, აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზაც; ეს იქნება აუცილებლად თბილისიდან ლარსის მიმართულებით თანამედროვე ავტობანის აშენება, ქუთაისის ჩრდილოეთ და სამხრეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზები; ანაკლიის პორტის პირველი ფაზა, რომელიც გააორმაგებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს; ეს იქნება აუცილებლად მოდერნიზებული რკინიგზა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით გადაიყვანს მგზავრებს და ტვირთების გადაზიდვას მოახდენს; ეს იქნება მცირე საოჯახო სასტუმროების, თუ საშუალო სასტუმროების ქსელების განვითარება, რომელიც ქვეყანაში ტურიზმს სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს; ეს იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და სიმშვიდე ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში, მეტი სიყვარული ადამიანებს შორის, გაერთიანება, ერთ მუშტად შეკრული ქვეყანა, გაერთიანებული, ძლიერი საქართველოს ნათელი მომავლისკენ მიმავალი, ადამიანის სიყვარულით აშენებული ქვეყანა. ამას გპირდებით ჩვენ უპირველეს ყოვლისა“,-განცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  ერთმანეთის გვერდით დგომით, დადებითი ენერგიების  გაერთიანებით მივაღწევთ საქართველოს  უკეთეს ხვალინდელ დღეს.   

„არც ერთი უსამართლოდ დაღვრილი ცრემლი აღარ იქნება საქართველოში. ჩვენ ისე მივაღწევთ ყველაფერს ამას, რომ ადამიანების ზურგზე არ გადავივლით, ღირსებას არ გავთელავთ, ქართველ კაცს შევუნარჩუნებთ იმ საუკეთესო თვისებებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ისტორიულად - ერთმანეთის გატანა, მეტი სიყვარული, მეტი სითბო. ამის პირობას გაძლევთ. ყველაზე მეტად შემზარავი ის არის, როცა დაზაფრულ, ბავშვების დამწუხრებულ სახეებს ვუყურებთ. ამის გაგრძელების რესურსი ქვეყანას აღარ გააჩნია. დღეს უნდა გავერთიანდეთ. ჩვენი შვილები უნდა გავაცინოთ, უკეთესი ქვეყნის მომავლით ავავსოთ მათი გულები, მათი გონება. სწორედ ასე, ერთმანეთის გვერდით დგომით, დადებითი ენერგიებისს გაერთიანებით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს სხვანაირად არ შეიძლება“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გურჯაანის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

კახა კალაძე დაწრმუნებულია, რომ საზოგადოების ერთიანობითა და „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარება კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯებით გაგრძელდება.

  „მიხარია ამდენ გულანთებულ ადამიანს რომ ვხედავ. პირველ რიგში, მინდა თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის. მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2011 წლიდან დავიწყეთ, თუმცა დამეთახმებით იმაში, რომ ბრძოლა დემოკრატიისთვის ბოლომდე არ არის მიყვანილი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი გადასალახი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით, როგორც ეს 2012 წელს სრულიად საქართველომ გააკეთა, ასევე არჩევნების გზით, ცივილიზებული გზით, ჩვენ მოვახერხებთ 8 ოქტომბერს გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ეს იქნება იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც ჩვენ 2012 წელს, თქვენთან ერთად დავიწყეთ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში,როგორი დამოკიდებულება,როგორი მიდგომა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, როგორი დამოკიდებული იყო თითოეული ჩვენთაგანის მიმართ. ჩვენს ოჯახებზე, მეგობრებზე, ახლობლებზე, ნათესავებზე როგორი შანტაჟი მიდიოდა ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ ჩვენ ერთად დგომით ეს ყველაფერი ღირსეულად თავაწეულებმა გამოვიარეთ და არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით მივაღწიეთ გამარჯვებას“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსის თქმითვე, „ქართული ოცნების“ გუნდს მომავალი ოთხი წლისთვის მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგემა აქვს.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, დარგების მიხედვით ბევრი გაკეთდა. ასევე კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითკმაყოფილნი ვართ იმ გაკეთებული საქმეებით, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში მოხდა. კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს რაიონებში, ქალაქებში,სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს და გარწმუნებთ იმაში, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ერთადერთი ძალაა ქვეყანაში, ვისაც აქვს შესაძლებლობა ამ პრობლემების მოგვარების. ამიტომ, მე მინდა მოგიწოდოთ ყველას,გთხოვოთ ყველას რომ 8 ოქტომბერს დავირაზმოთ ყველანი და მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან, მივიღოთ გადაწყვეტილება,ვის ვანდობთ ხვალ ჩვენს ქვეყანას,ჩვენს სამშობლოს.  დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენთაგანი მიიღებს და გააკეთებს სწორ არჩევანს,ეს არის თავისუფლება რომელიც ჩვენ ბრძოლით მოვიპოვეთ და გაძლევთ პირობას, რომ ჩვენს ბრძოლით მონაპოვარს ვერავინ ვერ წაგვართმევს. პარტია „ქართული ოცნება“ იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენს ღირსებას, თავისუფლებას ვერავინ ვერ შეეხება ვერასდროს. რაც მთავარია, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება,სწრაფი განვითარება, რომ შესაძლებელი იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა,შესაძლებელი იყოს სოციალურად დაუცველების შემცირება,შესაძლებელი იყოს უფრო მეტი კეთილგანწყობა, თითოეულ ჩვენთაგანში უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ და ეს ყველაფერი არის გარდაუვალი. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვებით თქვენთან ერთად კეთილდღეობას მიიღებას მიიღებს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე.მე მინდა წარმატებები გისურვოთ ყველას და დარწმუნებული ვარ რომ 8 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას რასაც პარტია „ქართული ოცნების “ ჰქვია“,-განაცხადა კახა კალაძემ.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 „ჩემო გურჯანელებო, ბატონო პრემიერო, ბატონებო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ გვერდში დგომისთვის. ყოველ ნაბიჯზე, ყოველი შეხვედრის დროს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას. დღეს კიდევ ერთხელ, თქვენ მოისმინეთ ის გეგმები, ის დაპირება, რაც უნდა განხორციელდეს 4 წლის განმავლობაში გურჯაანში და მთელს საქართველოში. „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, 8 ოქტომბრიდან დაიწყება პოზიტიური ცვლილებები, სწრაფი განვითარება, რომელიც გურჯაანს კეთილდღეობამდე მიიყვანს. ამიტომ, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. ამიტომ, კანონზომიერია ჩვენი წინსვლა და საქართველოს განვითარება. ამიტომ, გურჯაანი ირჩევს „ქართულ ოცნებას“. მე გურჯაანელების იმედი მაქვს, ისევე, როგორც თქვენ გეიმედებით. მე მჯერა თქვენი. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,-დასძინა დავით სონღულაშვილმა.

“ყოველთვის ვამბობ: ქიზიყელი ვარ!“ - პრემიერმა წნორში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 სექტემბერი 2016 17:19

არჩევნების მეორე დღიდანვე ძალიან მაღალი ტემპით გაგრძელდება ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა, რომელიც დაწყებულია; სისწრაფე აუცილებელია, იმისათვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს რეგიონული უპირატესობები და კონკურენტუნარიანობა, რომელიც მას გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წნორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ დღეს ადგილობრივ მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი წარუდგინა.

გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული სიხარული გამოხატა წნორელებთან შეხვედრის გამო, სადაც, მისი თქმით, ბავშვობის წლები გაატარა. “როდესაც მეკითხებიან სადაური ხარო, არასოდეს ვამბობ, რომ წარმოშობით ქიზიყელი ვარ, ყოველთვის ვამბობ: ქიზიყელი ვარ! ყოველთვის მიხარია, როცა აქ ჩამოვდივარ, ჩემთვის ყველაფერი ნაცნობი და ახლობელია აქ და ძალიან თბილი გრძნობა მეუფლება იმიტომ, რომ მთელი ბავშობა აქ მაქვს გატარებული. ჩემთვის ძალიან ემოციურია აქ ყოფნა და მინდა, განსაკუთრებულად მოგეფეროთ და გამოვთქვა ჩემი სიყვარული და პატივისცემა ყველა თქვენგანის მიმართ,”-აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.

მთავრობის მეთაური წნორის მოსახლეობას განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ქვეყნის სამომავლო განვითარების უზრუნველსაყოფად. “ორი კვირა გვაშორებს საპარლამენტო არჩევნებს, არჩევნებს რომელმაც უნდა დაადასტუროს არის თუ არა ის გზა სწორი, რა გზითაც ჩვენ მივდივართ; არჩევნებს, რომელმაც უნდა კიდევ ერთხელ განსაზღვროს საქართველოს მომავალი ოთხი წელი; არჩევნებს, რომელზეც ჩვენ მივდივართ პირნათელნი,”-განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. “დღეს არის საფუძველი იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სწრაფი ნაბიჯებით შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა, უპირველეს პრიორიტეტად გამოვაცხადოთ განათლება, კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ ჩვენი პედაგოგები…და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ დაპირისპირება ერთმანეთში და მეტი სიყვარულით, მეტი მომავლის რწმენით გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება,”-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მომდევნო 4 წელიწადში უნდა დასრულდეს ქვეყნის სატრანზიტო ინფრასტრუქტურა. “მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი. სარფიდან არა მარტო წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით, არამედ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით გამავალი ჩქაროსნული მაგისტრალი. იმისათვის, რომ კახეთმა დაიბრუნოს ის სატრაზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა.ეს არის აუცილებელი სამუშაო ადგილების შესაქმელად, ეკონომიკის განსავითარებლად და იმისათვის, რომ ქვეყანა მოძლიერდეს. აუცილებელი იქნება ტურისტული მიმართულებებით ევროპული სტანდარტის გზების გაყვანა, აუცილებელი იქნება ის, რაც ჩვენ დავიწყეთ- მცირე სასტუმროების ქსელების, საოჯახო სასტუმროების ქსელის განვითარების პროგრამა. ყველა ოჯახს უნდა შეეძლოს რამდენიმე ტურისტის მიღება მაინც ვისაც ამის სურვილი ექნება. ჩვენს ქვეყანაში დამწყებ ბიზნესმენს, ახალგაზრდას, რომელსაც გააჩნია იმის ნიჭი, რომ ახალი ბიზნესი წამოიწყოს, მშობლების ქონების დაგირავების გარეშე, უნდა ჰქონეს საშუალება , რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს ,”-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

"მთავარი გამოწვევაა რომ ნერვებმა არავის უმტყუნოს და მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე"- კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 სექტემბერი 2016 17:16

აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე. მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა და ჩვენი აგური დავდოთ საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დედოფლისწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დედოფლისწყაროელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი წარადგინა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ და არჩევნებში მონაწილეობიკენ მოუწოდა. მისი თქმით, არცერთი ადამიანის ხმა დასაკარგი არ არის.

"დღეს არის აბსოლუტურად წყნარი საარჩევნო გარემო და მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ნერვებმა არ უმტყუნოს არავის და მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე. თითქმის ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე, რომელში მონაწილეობაც უმნიშვნელოვანესია. საარჩევნო უბანზე ჩვენი არ მისვლით, არავის ვაჩუქოთ ჩვენი ხმა. დღეს გამორიცხულია არჩევნების გაყალბება, მაგრამ ყველა არ მისული ადამიანი, არის დაკარგული ხმა. ამიტომ, ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს მოუწოდოთ, არის ის, რომ არცერთი ხმა არ დავკარგოთ და ყველა ხმა მიიღოს იმ ადამიანმა და იმ პარტიამ, რომელსაც ამომრჩეველი უჭერს მხარს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება პატრიოტი, საქმიანი ადამიანები, სწორედ ისეთები, როგორიც ირაკლი შიოლაშვილია. „ ირაკლის ყველა თქვენგანი იცნობს. ალბათ უხერხულიც კი იქნება მე რომ ვილაპარაკო თქვენთან მის შესახებ. ის არის მართლაც ძალიან აქტიური ადამიანი, არცერთი დღე არ მოუსვენებია აღმასრულებელი ხელისუფლება ამ რეგიონის პრობლემების მოსაგვარებლად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ღირსეული წარმომადგენელი, ყველა თქვენგანის ხმის მიმტანი საქართველოს პარლამენტში“,-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

დედოფლისწყაროს მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. კახა კალაძემ 8 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ადგილობრივებს მოუწოდა ამ დღეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირონ. “მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მე მინდა გთხოვოთ ყველას, თითოეულ თქვენთაგანს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მივიდეთ 8 ოქტომბერს და დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი. ჩვენ შევცვალეთ ის მძიმე რეალობა, რომელიც იყო ქვეყანაში 2012 წლამდე. დღეს უკვე, ისე როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, არჩევნების გზით, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა კარგად განიხილოს ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილი გეგმა ქვეყნის განვითარების და კარგი დაფიქრების შემდეგ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ანდონ ქვეყნის მმართველობა ხვალ. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება თავისუფლება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება ჰქვია და ეს იქნება თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის გამარჯვება, რადგან ამ გუნდის გამარჯვება ნიშნავს საქართველოში თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას“,-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიოლაშვილმა „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ირაკლი შიოლაშვილმა კახეთის რეგიონში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. „მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ პრემიერს ჩამობრძანებისთვის, ამ დიდი ნდობისთვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, რომელთან ერთანაც ჩვენ ვიმუშავეთ, თითოეულმა ჩვენთაგანმა, ჩემი სახით, როცა ვიყავით გუბერნატორი, როცა ვიყავი გამგებელი. დიახ, ჩვენ ვთქვით და პირველი რაიონი იყო დედოფლისწყარო, სადაც საბავშვო ბაღები გავხადეთ უფასო. სწორედ დედოფლისწყაროდან მიეცა საფუძველი უფასო ბაგა-ბაღებს.3 თვის შემდეგ უკვე მთელს საქართველოში საბავშო ბაღები გახდა უფასო და ეს თქვენთან ერთად, დედოფლისწყაროელებთან ერთად გავაკეთეთ. მოვყევით და ყველა სკოლას ხელი დავატყვეთ. განსაკუთრებით მინდა ვთქვა, ჩვენ შევქმენით კახეთისთვის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. სისტემა, რომელმაც, თუნდაც რამდენიმე დღის წინ სრულიად კახეთი დაიცვა ძალიან დიდი საშიშროებისგან. ჩვენ ვიყავით და ვართ ის მთავრობა, რომელმაც მილების ამოღებისა და ჯართში ჩაბარების ნაცვლად დაიწყო მელიორაციის სისტემის აღდგენა. თუ გვინდა მაღალმოსავლიანი კახეთი, აუცილებელია მელიორაციის სიტემებზე მუშაობა. დიახ, ჩვენ შევძელით ის, რომ იმ სოფლებში,სადაც ელექტროენერგია საერთოდ არ ყოფილა, ბატონ კახა კალაძესთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად, რამდენიმე სოფელში, ნანატრი ელექტროენერგია მივიყვანეთ. დიახ, ჩვენ შევძელით ის, რომ რამდენიმე სოფელში, სადაც ბუნებრივი აირი საერთოდ არ ყოფილა, ამ სოფლების გაზიფიცირება მოვახდინეთ.ამასთან, დარწუნებული ვარ, რომ ქედების ზონაში, ჩვენ ძალიან მალე ბუნებრივი აირი გვექნება. ჩვენი მომავალი სამუშაო გეგმა იქნება, რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩვენს მხარეში. ეს იქნება გამოცოცხლება ჩვენი კუთხის და ჩვენი მხარის“,-აღნიშნა ირაკლი შიოლაშვილმა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება ასევე გაამახვილა ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ სახელწმიფო პროგრამებზე და აღნიშნა, რომ მთავრობამ საკუთარი დანაპირები შეასრულა-დედოფლისწყაროში ახალი საავადმყოფო იხსნება.

გიორგი კვირიკაშვილმა სამგორის რაიონს მარიამ ჯაში, გიორგი მოსიძე და შოთა ხაბარელი წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 სექტემბერი 2016 20:32

ჩვენ გვინდა სიყვარულზე, ხვალინდელ დღეზე დაფუძნებული, აგუგუნებული, გაფერადებული, განათებული ქვეყანა, დაქოქილი ეკონომიკით და მეტი სიყვარულით და ასეთ ქვეყანას ავაშენებთ ყველა თქვენგანთან, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამგორის რაიონის მოსახლეობას, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, მარიამ ჯაში, გიორგი მოსიძე და შოთა ხაბარელი წარუდგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში წინსვლა და განვითარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება დამშვიდდება და ერთმანეთისადმი სიყვარულით განიმსჭვალება.

„ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ არ იქნება სიძულვილი და ყოველ დილით იმის კითხვა, წინა ღამით რომელმა პოლიტიკოსმა რომელი შეჭამა ტელეეთერში, ვინ ვის აჯობა, ვინ უფრო მეტი ღვარძლი გადმოანთხია და ა.შ. ეს უნდა დასრულდეს. 25 წელი გავიდა - მეოთხედი საუკუნე, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. სამწუხაროდ, ამ 25 წლის მანძილზე ჩვენ ვერ მივიღეთ გაკვეთილი იმ მწარე საკუთარი შეცდომებიდან, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების დასაწყისშივე დავუშვით. იქიდან მოყოლებული, ჩვენი ცხოვრება წარმატებების და ამავე დროს შეცდომების ერთი დიდი ისტორიაა. ამიტომ, ახლა მაინც, საზოგადოება დავამშვიდოთ, ერთმანეთის მიმართ მეტი სიყვარული, მეტი მოთმინება გამოვიჩინოთ, ვიყოთ კონსტრუქციულები. სიყვარულიდან წამოვიდეს ის შენიშვნაც, რასაც ჩვენ თანამოქალაქეებს ვაძლევთ და არა სიძულვილიდან და მოგების სურვილიდან, რადგან ვერავინ იქნება მოგებული, თუ ასე გაგრძელდა. ადამიანისა და სამშობლოს სიყვარული მოდის იქიდან, რომ ჩვენ გვიყვარდეს ერთი, რიგითი, უბრალო, არაფრით გამორჩეული ადამიანი. მხოლოდ ასე შევძლებთ, ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა და ოთხი წლის თავზე ვიამაყოთ წარმატებებით. ასეთი ქვეყანა გვინდა ჩვენ და ასეთ ქვეყანას ვაშენებთ ამ გუნდთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ბრძენია, საქართველო მდიდარია მისი მრავალეროვანი შემადგენლობით, იმ კულტურით, რომელიც მრავალფეროვანია, მაგრამ ერთი ძლიერი ქართული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, ფონდმა „ქართუმ“ დააანონსა ახალი, 1-მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ხორციელდება.

„ქუთაისში შეიქმნება 60 ათას სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური ქალაქი, რომელიც იქნება მეცნიერების და განათლების ახალი კერა საქართველოში. ეს არის უდიდესი რამ ქვეყნისთვის. დღეიდან სამი წლის თავზე დასრულებული იქნება ანაკლიის პორტის პირველი ფაზა, ოთხი წლის თავზე დასრულებული იქნება ძირითადი ინფრასტრუქტურა სამთო კურორტებზე და ქალაქში მოგვარებული იქნება საჭირბოროტო პრობლემები - ავარიული სახლების, სოციალურად დაუცველთა და ა.შ. რომელიც ყველას ძალიან გვაწუხებს. ერთი წამით არ ვართ ილუზიაში, რომ ყველა პრობლემა მოვაგვარეთ და საქართველოში ახლა ყველაფერი კარგად არის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების - მარიამ ჯაშის, გიორგი მოსიძის და შოთა ხაბარელის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და თითოეული მათგანის ღირსებებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მარიამ ჯაში იყო ავტორი იდეისა, რომელმაც საქართველოში უკვე 300-მდე ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა - ეს არის „სოლიდარობის“ ფონდი, რომელიც უშუალოდ მისი ინიციატივით შეიქმნა, 8 მილიონი ლარის ნებაყოფლობით მობილიზება შეძლო და დღეს საქართველოში, დადასტურებული სიმსივნის გამო, უსახსრობის მიზეზით ბავშვები აღარ იღუპებიან.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მარტო ეს საქმე ღირს იმად, რომ ადამიანმა მთელი ცხოვრების მანძილზე იამაყოს. მარიამ ჯაში, ამავდროულად, საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის პროგრამების თანაავტორია.

„ჩვენი ყველა მოქალაქისთვის საამაყოა, რომ 21 სექტემბერს, ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, იმართება სპეციალური შეხვედრა, რომელსაც გენერალური მდივნის ორი მოადგილე ესწრება და რომელზეც საუბარი იქნება საქართველოსა და „სოლიდარობის ფონდის“ წარმატებაზე. არ ვიცი, მეტი რა შეიძლება გააკეთოს ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ნამდვილად ქვეყნის ისტორიაში ჩაიწერება. დარწმუნებული ვარ, მარიამი, მისთვის დამახასიათებელი გულისხმიერებით მოეკიდება და გადაჭრის თქვენს წინაშე მდგარ პრობლემებს, რადგან ოთხი წლის განმავლობაში ვუყურებდი, როგორ მუშაობდა, როგორ არ ერიდება არც ერთ ბარიერს, აღებს აბსოლუტურად ყველა კარს. იგი, არა მხოლოდ სამთავრობო სექტორის, არამედ კერძო სექტორის წარმომადგენლებთანაც ეფექტურად მუშაობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მარიამ ჯაშს 11-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს; მას, გაეროს ეგიდით, მიღებული აქვს მონაწილეობა 20-მდე ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სისტემის რეფორმირებაში; საქართველოში იყო შიდსისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამების თანაავტორი. „მგონია, რომ ნებისმიერი ადამიანი იამაყებდა ასეთ ისტორიით და მე პირადად მეამაყება, რომ მარიამის თანამებრძოლი ვარ. ეს აბსოლუტურად გულწრფელი სიტყვებია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის შეფასებით, მარიამ ჯაშმა მსოფლიოში საუკეთესო განათლება მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტში, ჰქონდა ძალიან გამართული და წარმატებული საერთაშორისო კარიერა, მაგრამ დაბრუნდა, რომ საკუთარ ქვეყანას და ხალხს ემსახუროს, რაც დასაფასებელია. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მარიამ ჯაში, როგორც გამორჩეული კანდიდატი, სამგორის რაიონში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, არიან სხვა კანდიდატები, რომლებიც საუბრობენ, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ, რაც აბსოლუტური ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

გიორგი კვირიკაშვილმა მოუწოდა, არჩევანი „ქართული ოცნების“ კანდიდატზე, მარიამ ჯაშზე გააკეთონ.

„არავითარი სხვა არჩევანი სამგორის რაიონში არ არსებობს, არც ოფიციალური და არც არაოფიციალური და მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. მინდა, მარიამს წარმატება ვუსურვო, მთელი გუნდის სახელით მხარდაჭერა გამოვუცხადო და მინდა, გთხოვოთ თქვენ, ნუ დააკარგინებთ საქართველოს შანსს, ჰყავდეს ასეთი პარლამენტარი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაჟორიტარი კანდიდატები არ არიან სიის მაღალ ეშელონებში, ამიტომ ყველა თქვენგანის ხმა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მარიამი შევიდეს საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის თავზე, ყველა თქვენგანი იამაყებს, რომ თქვენ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ“, - მიმართა პრემიერმა მოსახლეობას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური