ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,- გიორგი კვირიკაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 09:35

"რა პროგნოზები მაქვს მე, რა თქმა უნდა, მე მაქვს პროგნოზი იმისა, რომ ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მოახდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში, დაამკვიდრა გაცილებით მაღალი პოლიტიკური სტანდარტი, როდესაც აღარ არის მედიაზე ზეწოლა, ბიზნესზე ზეწოლა, თავისუფლების დაცვის ინდექსი გაცილებით უფრო მაღალი - გაორმაგებულია და ეს აღიარებულია ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხალხი ამას აფასებს და მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ჩვენ ველოდებით ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას,"- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.  

გიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2016 14:57

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის მთავარი თემები.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ ნაბიჯს ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად განიხილავს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და ნატო-ს მნიშვნელოვან წვლილს ამ პროცესში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები თანდათან უფრო ვითარდება და ამაზე ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, ხოლო საქართველო - ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და საიმედო პარტნიორი.

საუბრისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საუბარი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, დემოკრატიული ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველსაყოფად, ძალისხმევას არ დაიშურებს.

შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ხოლო, საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.

ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2016 10:10

ეს ვიზიტი არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის განვითარების კუთხით, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის რიგით მეოთხე ვიზიტს საქართველოში.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა და მას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა.

„ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისა და აღიარების დასტური. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნება ძირითადი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები, რაც უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციისთვის," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხვა წევრებთან.

„რუსთავი 2-ის" საქმეს ორი განზომილება გააჩნია, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:03

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში არსებული მედიაგარემო შეაფას და უპასუხა შეკითხვას ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა უზრუნველყოს თავისუფალი მედიასივრცე და არ მოხდეს მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიასივრცე იქნას უზრუნველყოფილი. ყველას შეუძლია შეამჩნიოს განსხვავება მედიაგარემოში, რაც იყო წლების წინ და ახლა. გასულ წელს ჩვენ გადავედით ციფრულ მაუწყებლობაზე და მოქმედი კანონმდებლობით დღეს 10 დღე სჭირდება ახალი არხის გახსნას. „რუსთავი 2" საქმეს რაც შეეხება, მას გააჩნია ორი განზომილება. პირველი - მფლობელობის და ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს საქმიანობაში და მეორე განზომილება არის მედიის თავისუფლება. მე ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება გავაკეთე ამ არხის მიმართ, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს. შევთავაზეთ ასევე მედიასაბჭოს შექმნა. თუ ვინმეს აინტერესებს „რუსთავი 2"-ის შენარჩუნება ისე როგორც ის არის დღეს, ეს არის პირველ რიგში მთავრობა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

საქართველოსთვის ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღება უკიდურესად მნიშვნელოვანია, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:01

საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთ კონკრეტულ შედეგს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" განაცხადა.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ სადისკუსიო სესიას "მაკეინის ინსტიტუტის" დირექტორი დევიდ კრამერი უძღვებოდა. ამერიკელი ანალიტიკოსი დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება საპარლამენტო არჩევნებამდე მოხდეს, რაც მისი თქმით, გააძლიერებს პროდასავლურ სულისკვეთებას მოსახლეობაში და ევროპის მოწინააღმდეგე ძალებს არ მისცემს რიტორიკის წარმართვის შესაძლებლობას.

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთათვის ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღება, რაც დაემატება და შეავსებს ჩვენს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. დღეს მცირე მეწარმეებისთვის არც თუ ისე იოლია ევროპაში მოგზაურობა, რის გამოც შეფერხებულია მათი საქმიანობა. ასე რომ, უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის ჩვენ ვუყურებთ, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთ კონკრეტულ შედეგს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა აუცილებელი პირობა და მოთხოვნა და ჩვენ ვიმსახურებთ უვიზო მიმოსვლას. გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაცია ძალაში შევა იმაზე ადრე, ვიდრე ამას კომისარი ჰანი ვარაუდობს. დიდ მადლობას მოვახსენებ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტს, რომელმაც გუშინ „მწვანე" აუნთო საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შემდგომ დისკუსიებს. გამოვთქვამ იმედს, რომ უვიზო მიმოსვლის შემოღება შესაძლებელი იქნება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის სრულად შემოღებამდე. მეორე მხრივ, ეს არის შემდგომი დისკუსიის თემა. საქართველოში პროდასავლური სულისკვეთების გასაღვივებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია შედეგების მიღწევა 8 ოქტომბრის არჩევნებამდე, მენდეთ, ამას არ ვამბობ ჩემი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროდასავლური განწყობის ასამაღლებლად და ანტიევროპული ძალების მიერ თავიანთ კამპანიაში ამ დროებითი შეფერხების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის," - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და მთლიანად რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია რეგიონის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებით. გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე.
"რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე. რამდენიმე თვის წინ საოკუპაციო ხაზზე ქართველი მოკლეს. კამერამ გადაიღო მკვლელი და ეს ადამიანი ჯერ კიდევ თავისუფალია. რასაკვირველია, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი უარყოფით ზეგავლენას ახდენს მთავრობის იმიჯზე, მმართველი პარტიის იმიჯზე. ყოველდღიურად აკავებენ ეთნიკურ ქართველებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მისი გადაკვეთის გარეშეც კი, როდესაც ისინი საქონელს მწყემსავენ, შეშას აგროვებენ. რამდენიმე დღით ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, დაკავებული და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ხელს უშლის საქართველოს სტაბილურობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და გრძელვადიანი გამოსავლის ძიება, რაც სრულიად გამორიცხავს კომპრომისს სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„როდესაც ვამბობთ „სუვერენიტეტს", ჩვენ ვგულისხმობთ ქართველი ხალხის, ქართველი ერის სუვერენულ გადაწყვეტილებას დასავლურ გზასთან დაკავშირებით. დაუშვებელია ამ გადაწყვეტილების შეცვლა, რადგანაც ის ასახავს ქართველი ხალხის ნებას, გამოხატულს არაერთხელ სხვადასხვა გამოკითხვისა თუ კვლევის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ჩვენი სურვილია, რუსეთის გზავნილის მიწოდება იმის შესახებ, რომ ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ კიდევ ერთ კონფლიქტში და ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ ჩვენს ურთიერთობებში შემდგომ გართულებას, განსაკუთრებით სამხედრო ხასიათის გართულებას, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. რასაკვირველია, ურთიერთობები ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამ ურთიერთობებში დაძაბულობის შემსუბუქების ინსტრუმენტები, რათა შეიქმნას საფუძველი პრობლემების გრძელვადიან ჭრილში გადაჭრისთვის, რასაკვირველია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით," - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თემაზე, ისაუბრა რეგიონული მნიშვნელობის ენერგოპროექტებზე და ხაზი გაუსვა ენერგოსექტორში აზერბაიჯანთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო მდიდარია ენერგორესურსებით და მას შეუძლია მიაღწიოს სტაბილურ ენერგეტიკულ ბალანსს. მანვე სპეკულაციური უწოდა „გაზპრომთან" დაკავშირებით გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანთან ენერგოსექტორში ურთიერთობას. არ არსებობს სპეკულირების საფუძველი „გაზპრომთან" ურთიერთობის დამყარების შესახებ, რადგან გვაქვს კარგი ურთიერთობები „სოკართან". ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ ურთიერთობები შევინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ, როგორც წარსულში ვნახეთ, „გაზპრომის" გაზი ბევრჯერ იქნა გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 11:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, კრისტა მარკვალდერს შეხვდა, რომელიც, ოფიციალური ვიზიტით, თბილისში იმყოფება.

საუბარი სხვადასხვა სფეროში საქართველო-შვეიცარიის თანამშრომლობას შეეხო. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, ასევე, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელობას, რომელსაც შვეიცარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას მოეწერა ხელი.

მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების ზრდის პერსპექტივაზე.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა შვეიცარიის დახმარების როლი, საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში.

მთავრობის მეთაურმა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, განათლებისა და მმართველობის სისტემის რეფორმირებას და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას გულისხმობს.

შეხვედრას შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს წევრი, ევროკავშირისა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტი ტომას აესკი, შვეიცარიის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი კლაუდიო ფიშერი, ხოლო საქართველოს მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში, ირაკლი ყურაშვილი დაესწრნენ.

გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 17:12

სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შეხვდა. საუბრის დასაწყისში სომხეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა და სერჟ სარგსიანმა საქართველო-სომხეთს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზეც ისაუბრეს და გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის პრეზიდენტმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალი სრულად იქნება გამოყენებული. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ურთიერთანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კომუნიკაციები, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. 

გიორგი კვირიკაშვილმა და სერჟ სარგსიანმა რეგიონალური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეკონომიკური პროექტების სწრაფად და შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის რეგიონალურ უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

პირისპირ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

გიორგი კვირიკაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 16:07

სომხეთის რესპუბლიკაში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა. პირისპირ საუბრის დროს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-სომხეთს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში არსებული თანამშრომლობა განიხილეს. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს. პრემიერ-მინისტრებმა გამოხატეს სრული მზაობა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.
პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა ეკონომიკის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებს. ხაზი გაესვა ქართულ სომხური მთავრობათაშორისი კომისიის ჩატარების მნიშვნელობას.

გაფართოებულ შეხვედრას ქართული მხრიდან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ხოლო სომხური მხრიდან ვიცე-პრემიერი, საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების მინისტრი ვაჩე გაბრიელიანი, ენერგეტიკის მინისტრი ლევონ ეოლიანი და ტრანსპორტის მინისტრი გაგიკ ბეგლარიანი დაესწრნენ.

,,ჩვენ უნდა დავამშვიდოთ საზოგადოება, აღარ უნდა იყოს კონფრონტაცია“ - პრემიერმა ყვარელში სესიაშვილი წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 04 სექტემბერი 2016 15:24

ჩვენ უნდა დავამშვიდოთ საზოგადოება, აღარ უნდა იყოს კონფრონტაცია, ერთმანეთთან დაპირისპირება; შეიძლება, ყველა ერთ აზრზე არ ვიყოთ, მაგრამ უნდა არსებობდეს სულისკვეთება საზოგადოებაში, რომ ყველანი ერთად ერთ სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყვარელში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც ყვარლისა და თელავის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“, ირაკლი სესიაშვილი წარადგინა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყვარელი არის საქართველოს მარგალიტი, უმშვენიერესი ადგილი, რომელსაც ყოველთვის გამორჩეული ინტელიგენცია ჰყავდა. გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს პედაგოგი უფრო დაფასებულია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მთიან რეგიონებს, არსებობს „მთის კანონი“, რომლის მიხედვითაც პედაგოგები, ექიმები, ექთნები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეღავათებით სარგებლობენ. „დღეს ჩაყრილია საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოში ყველა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ ვმოგზაურობთ საქართველოს ყველა რეგიონში, ვხვდებით ადამიანებს და ჩანს რამხელა განსხვავებაა ქალაქსა და სოფელს შორის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეგიონებში, რაიონებში, სოფლებში იყოს ყველა ინფრასტრუქტურა და ცხოვრების ის კომპონენტები, რომელიც პრაქტიკულად მოშლის განსხვავებას. რა თქმა უნდა, ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავება იქნება, მაგრამ ინფრასტრუქტურულად, ყველაფერი ის, რაც არის ქალაქში, უნდა იყოს ხელმისაწვდომის სოფლად. ჩვენ წამოვიწყეთ უპრეცედენტოდ ამბიციური პროექტი, რომ საქართველოს 2000 დასახლებულ პუნქტში მივიდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი, სწრაფი ინტერნეტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემისთვის, როდესაც შესაძლებელი გახდება სოფლის სკოლებში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, ტელეხიდების მეშვეობით, სასწავლო გაკვეთილების ჩატარება. ეს ყველაფერი რეალობაა, დაწყებულია და გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე დღიდან ოთხი წლის თავზე, ჩვენ თვისობრივად ახალი საქართველო უნდა მივიღოთ - საქართველო, რომელშიც იქნება თვისობრივად განსხვავებული განათლების სისტემა, როდესაც პედაგოგი იქნება კიდევ უფრო დაფასებული. ნამდვილად დაიმსახურეს ჩვენმა პედაგოგებმა, რომ ჩვენ ისინი მუდმივად არ ვატეროროთ გამოცდებით, არამედ აქცენტი გადავიტანოთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდება უმაღლესი განათლების სისტემაში, რათა ახალგაზრდებმა ოთხი წელი არ დახარჯონ იმ სპეციალობებზე, რომლებიც ნაკლებად მოთხოვნადია; არამედ, ყურადღება გამახვილდება და სახელმწიფო რესურსი დაიხარჯება უფრო მოთხოვნად სპეციალობებზე, რათა ადამიანი, უმაღლესი განათლების მიღებისთანავე დასაქმდეს.

 

„ჩვენ გვექნება პროფესიული გადამზადების პროგრამები არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველასთვის. ჩვენ არც ერთი ადამიანის რესურსი არ უნდა დავკარგოთ, არც ახალგაზრდის, არც შუახნის ადამიანების და არც ხნიერების“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, მთავრობას ასევე კონკრეტული გეგმა აქვს, როგორ უნდა შეუწყოს ხელი კერძო სექტორს. გიორგი კვირიკაშვილმა გამოყო მცირე სასტუმროების წასახალისებელი პროგრამა - „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ პირველი იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იქნება, თუ მოგებული თანხა ბიზნესში ჩაბრუნდება; ასევე, 2017 წლის ბოლოდან ამოქმედდება თვისობრივად განსხვავებული საპენსიო სისტემა, ხოლო არსებული პენსიონრების უზრუნველყოფას, მთავრობა ეკონომიკურ ზრდას შეუსაბამებს.

თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი სესიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სხვადასხვა მიმართულებით რეგიონის პოტენციალზე გაამახვილა.

„ჩვენ დღეს, პირველი რაც შეგვიძლია თქვენ შეგპირდეთ და სიტყვა ვთქვათ, არის ის, რომ უნდა გავერთიანდეთ სიკეთის გარშემო. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ საერთო ქვეყნის, უსაფრთხოების, მშვიდობის, სტაბილურობის გარშემო და რა თქმა უნდა, ამ სიკეთემ უნდა მოუტანოს თითოეულ ჩვენთაგანს კეთილდღეობა. ამ რეგიონს და მთლიანად კახეთს აქვს გამორჩეული პოტენციალი თავისი სოფლის მეურნეობის შესაძლებლობებით, ტურისტული შესაძლებლობებით. ყველაფერს თავი დავანებოთ - ეს არის მშრომელი ხალხი და არცერთს არ გვეპარება ეჭვი, რომ ამ რეგიონს, ჩვენს რეგიონებს აქვს ძალიან სერიოზული პერსპექტივები. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მეც თქვენთან ერთად მინდა ვიყო მაქსიმალურად ჩართული ჩემი ენერგიით, ჩემი ძალღონით, ჩემი შესაძლებლობებით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მაქვს და იმაზე მეტს უნდა ელოდეთ, ვიდრე თითოეულ თქვენთაგან წარმოგიდგენიათ“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მისივე თქმით, პატრიოტიზმი ერთგულების გარეშე არ შეიძლება. „ ერთგულება მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი, თუმცა სიყვარული პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს და აი ამ პასუხისმგებლობით მოვდივარ. თითოეულ თქვენთაგანს, პირველი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებს. ჩემი პასუხისმგებლობით ვეცდები და გავაკეთებ კიდევაც იმას, რომ, ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, ყველა ის სიკეთე, რასაც „ქართული ოცნება“ მთელ ქვეყანას შესთავაზებს, რა თქმა უნდა,ამას მე თქვენთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, ამ ყველაფერს ჩვენს საყვარელ თელავსა და ყვარელს მოვუტან“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

,,ქვეყნის მთავრობა და ბიუროკრატიული აპარატი უნდა გარდავქმნათ ისე, რომ იყოს ორიენტირებული მოსახლეობაზე“ - პრემიერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 04 სექტემბერი 2016 15:21

ქვეყნის მთავრობა და ბიუროკრატიული აპარატი უნდა გარდავქმნათ ისე, რომ იყოს უფრო მეტად ორიენტირებული მოსახლეობის, საქმიანი ადამიანების საჭიროებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გელა სამხარაულის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა გელა სამხარაულზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის ძალიან ბევრს შრომობდა სასოფლო-სამეურნეო და მთის რეგიონების განვითარებისთვის.

”დარწმუნებული ვარ, ის ყველა ჩვენგანთან ერთად ხმალამოღებული დამცველი იქნება თითოეული თქვენგანის ინტერესების”, - მიმართა ახმეტელებს გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ახმეტის ყოფილ მაჟორიტარს ზურაბ ზვიადაურს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის გუნდში რჩება.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ძირეული რეფორმები განხორციელდება მმართველობაში.

"ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ამ პერიოდის განმავლობაში რა ცვლილებები უნდა განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის სწრაფი განახლებისთვის, რათა სრულად დასრულდეს ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა, ტურისტული მიმართულებებით გზების მშენებლობა, ტურიზმის განვითარების მიზნით. ახმეტას ეს პირდაპირ შეეხება, ვინაიდან ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, თუ როგორ გავზარდოთ ახმეტის სატრანზიტო ფუნქცია. საინტერესო გეგმები გვაქვს თუშეთის მიმართულებითაც", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე გაწერილია კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა 4 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეიცვალოს განათლების სისტემა, პედაგოგი იყოს უფრო დაფასებული.

"ისინი ნამდვილად იმსახურებენ მეტ დაფასებას სახელმწიფოს მხრიდან”, -აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პარტიის შექმნის შესახებ და 2012 წლის შემოდგომაზე მოხდა ძირეული გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ სინამდვილეში.

"თქვენ გახსოვთ 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანია, თუ რა ხდებოდა: ზეწოლა, ქვების სროლა, ჩაქოლვები. დღეს არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. მხოლოდ რამდენიმე ინციდენტი მოხდა. შევეცდებით, ეს აღარ განმეორდეს. ამ 4 წლის განმავლიბაში მოვაგვარეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი ფუნდამენტური პრობლემები, როგორიც არის ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვა. დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, აღარ არის საჭირო უკანასკნელი ქონების გაყიდვა, რომ ოჯახის წევრს უმკურნალო. არასოდეს ყოფილა სახელმწიფოს მხრიდან ამხელა ყურადღება სოფლის მეურნეობაზე, როგორც არის დღეს. ჩაყრილია საფუძველი, რათა თითოეული თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ამას აუცილებლად მივაღწევთ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება სტაბილურობაზე გაამახვილა.მისი თქმით, სტაბილურობის გაერშე შეუძლებელია სამომავლო გეგმებზე საუბარი.

”გონივრული საგარეო პოლიტიკის მეშვეობით ჩვენ შევძელით ის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდით დასავლეთს და ამავე დროს ავიცილეთ საფრთხეები რუსეთთან მიმართებაში.

ჩვენი შემდგომი ამოცანაა ვისაუბროთ ურთიერთობების ნორმალიზაციაზე, მაგრამ რა თქმა უნდა ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხებში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ახმეტის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ახმეტაში ვითარდება ინფრასტრუქტურა, როგორც საგზაო, ასევე შემდგომში ლოჯისტიკური თვალსაზრისით და ამ ყველაფერს ტურიზმის განვითარება მოჰყვება.

„ასევე, მინდა აუცილებლად ავღნიშნო და კიდევ ერთხელ გაგახსენოთ, ძალიან დიდი დანაშაული წინა ხელისუფლების, რაც ახმეტელების მისამართით ჩაიდინა. მოგეხსენებათ, ხე-ტყის მრეწველობა ახმეტისთვის ყოველთვის ტრადიციული დარგი იყო და უამრავი ადამიანი იყო ამ მიმართულებით დასაქმებული. როდესაც გაყიდეს გრძელვადიანი ლიცენზია და ფაქტობრივად, ეს რესურსი აღარ გახდა ხელმისაწვდომი ახმეტელებისთვის, პირიქით, მას შემდეგ უბედურების მომტანიც კი არის ზოგიერთი ოჯახისთვის. ამ საკითხზე სწორედ, პრემიერთან შეთანხმებით, ჩვენ ვმუშაობთ. დღეს რა ხდება რეალობაში, ეს რესურსი იჭრება, მორის სახით გადის დასავლეთ საქართველოში, იქ იხერხება და იყიდება უცხოეთში, იმის მაგივრად, რომ აქ ადგილზე ამუშავებულიყო წარმოება, აქ ადგილზე დასაქმებულიყო ხალხი, თან უამრავი ამ მიმართულების სპეციალისტი ცხოვრობს ახმეტაში, მათ ეს სიკეთე არ ადგებათ. ამიტომ, ჩვენ უახლოეს მომავალში, სწორედ ზეგ გვექნება შეხვედრა ამ საკითხზე გარემოს დაცვის სამინისტროში და გვინდა, რომ წარმოგიდგინოთ უკვე ახალი ხედვა, თუ როგორ შეიძლება სწორედ ჩვენი ხელისუფლების, სახელმწიფოს ჩარევით, ეს რესურსი გახდეს ხელმისაწვდომი და ახმეტას კვლავ დაუბრუნდეს ის ფუნქცია, რომ ადგილზე შეიქმნას დამატებული ღირებულება და გახდეს სიკეთე ჩვენი მოსახლეობისთვის. გეგმები მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

მაჟორიტარობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ თითოეულ ადამიანს გათვითცნობიერებული აქვს „ქართული ოცნების“ ხედვა და 8 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებენ.

„მე მჯერა თქვენი სიბრძნის, მჯერა იმის, რომ თქვენ გააკეთებთ რეალურ არჩევანს და მხარს დაუჭერთ „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა გელა სამხარაულმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური