26 მაისი მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 მარტი 2018 14:37

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ 26 მაისი უნდა იყოს ისეთივე საყოველთაო, საზეიმო დღე, როგორც სხვა დღესასწაულები.

"წელს 100 წელი სრულდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან და ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროგრამის განხორციელებას, როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც ჩართული იქნება აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება, ჩვენი საელჩოები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორიც შემოგვიერთდა და მე მინდა, მოვუწოდო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ რაც შეიძლება ფართოდ მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმის სათანადოდ აღნიშვნაში.

საზეიმო განწყობა საქართველოს ყველა რეგიონში ერთნაირად უნდა იგრძნობოდეს და მინდა, ვთხოვო ჩვენს ხალხს, რომ ამ იუბილეს განსაკუთრებით გავუსვათ ხაზი - დღეიდან მოყოლებული, ერთმანეთს განსაკუთრებულად მივულოცოთ 26 მაისის დღესასწაული, როგორც ჩვენ ერთმანეთს ვულოცავთ ტრადიციულ, საყოველთაო დღესასწაულებს. 26 მაისი უნდა იყოს, სწორედ, ისეთივე საყოველთაო, სასიხარულო და საზეიმო დღე, როგორც ჩვენ გვაქვს სხვა დღესასწაულები.

26 მაისს, 17:10 წუთზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა ქვეყანამ, შევკრათ სუნთქვა და ერთად ვიზეიმოთ ის უდიდესი დღესასწაული, რომელიც ჩვენი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავს უკავშირდება.

დაახლოებით, ორი ასეული ღონისძიებაა დაგეგმილი. განრიგსა და სხვა კონკრეტულ ინფორმაციას დეტალურად მივაწვდით მოსახლეობას"- განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 მარტი 2018 16:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ კოლეგას, პირისპირ შეხვედა. კვირიკაშვილმა, კარენ კარაპეტიანს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იქნება ის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელსაც მხარეები შეხვედრაზე განიხილავენ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, როგორც საქართველო, ისე სომხეთი წელს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, რაც ორივე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.

"მიხარია, რომ ვიმყოფები ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. მაღალი დონის ვიზიტები ქმნის საჭირო ფონს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის" - განაცხადა კვირიკაშვილმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, ქვეყნებს შორის არსებულ კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და ყურადღება მაღალი დონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილა. კარენ კარაპეტიანის თქმით, უმნიშვნელოვანესია არსებული ურთიერთობებისთვის ახალი დინამიკის შეძენა.

მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე ქართულ დელეგაციას პრემიერი ხელმძღვანელობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 თებერვალი 2018 11:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. 
მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. 
სამუშაო ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან. ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის წევრების ორმხრივი შეხვედრები. 

პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას მიიღებს სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „ქართული პოლიტიკა და ლიტერატურა", რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით იმართება.
მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვედრას გამართავს ბიზნესის წარმომადგენლებთან. 
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე არიან.

გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 იანვარი 2018 11:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური შვეიცარიის კონფედერაციას 22-24 იანვარს ეწვევა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე - Strategic Outlook - Eurasia. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ პირებსა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი არიან

„ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მომავალი წელი უფრო დინამიური იქნება“ - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017 11:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით 2018 წელი უფრო დინამიური იქნება. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 4.9% იყო და ეს კარგი მაჩვენებელია:

“ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გადალახა 2014 წლის შემდგომი გარე ეკონომიკური შოკის პერიოდი და ვფიქრობთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2017 წლის 9 თვეში შეიქმნა 38 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი 4- პუნქტიან გეგმაში, ბიზნესს მისცა საშუალება 500 მლნ ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსი დაეზოგა. ეს რესურსი მიმართული იქნა ეკონომიკაში, რაც დიდწილად არის მაღალი დინამიკა. მომავალი წლიდან იგეგმება, რომ მხოლოდ ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად სულ 5-დან 7 სამუშაო დღის პერიოდში იქნება შესაძლებელი დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნება. ასევე, 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რაც ფინანსურ სექტორს კიდევ უფრო მდგრადს გახდის და დაზოგვის მაჩვენებელს გაზრდის, გააუმჯობესებს ჩვენს ქვეყანაში. ამ რეფორმას მხარს უჭერს სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. 2018 წელს ასევე მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება ერთიანი მომსახურების სივრცის - ბიზნესსახლის პროექტის მიმართულებით და ასევე გავააქტიურებთ სტარტაპების დაფინანსების დაწყებულ პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2017 წელი მნიშვნელოვანი იყო საგარეო ეკონომიკური მიმართულებითაც:

“მოგეხსენებათ, რომ საქართველომ დაიწყო ძალიან წარმატებით ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების განხორციელება და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. სულ უფრო მეტი მწარმოებელი ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მწარმოებელი, ითვისებს იმ პოტენციალს, რომელსაც იძლევა ევროპის ბაზარი და ეს ნამდვილად გასახარია. ასევე, ჩვენ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება გავაფორმეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და დარწმუნებული ვარ, ამ ხელშეკრულების ნაყოფს ჩვენ ვიგრძნობთ 2018 წლის განმავლობაში. ამ ხელშეკრულებამ უკვე ამოქმედებამდე მოიტანა ეფექტი და წელს ჩვენ 7 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავყიდეთ ჩინეთის ბაზარზე. ჩვენი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის დივერსიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს შეუქცევადად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ საგარეო ვაჭრობის და ექსპორტის კუთხით რისკები გვქონდეს განაწილებული“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პირისპირ შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017 15:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მთავრობის მეთაურმა სომხეთის პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„ღრმად პატივცემულო პრეზიდენტო, მოგესალმებით. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ვიზიტით ჩამოსვლა. პირველ რიგში მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ მშვიდობა და თქვენს ქვეყანას - სტაბილური განვითარება. მოხარული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი აგვირგვინებს წელს, როდესაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე ვიზეიმეთ, თუმცა ჩვენი ურთიერთობები მრავალსაუკუნოვანია და ყოველთვის იყო ისეთი თბილი და კეთილმეზობლური, როგორიც დღეს არის. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დინამიკის ზრდას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა სერჟ სარგსიანს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტმა და ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების რწმენა გამოთქვა.

„დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თბილი მიღებისთვის. დარწმუნებული ვარ, მაღალი დონის შეხვედრები მხოლოდ და მხოლოდ დადებით შედეგს მოიტანს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში, რომლებიც მუდმივად აღმასვლის მიმართულებით ვითარდება. გასული ათასწლეულების გზა გვავალდებულებს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხების წინაშე, კარგად გავიაროთ ჩვენთვის მონდობილი პერიოდი. ვსარგებლობ შემთხვევით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამდეგ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ მოთმინებას, ოპტიმიზმს, ვინაიდან ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ მოვალენი ვართ, კიდევ უფრო განვვითარდეთ", - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.

მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე - საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ ვიზიტზე სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017 11:39

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ რეფორმები და ცვლილებები ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. ამის შესახებ კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ისაუბრა. 
„თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი ჩამოყალიბდეს, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია. სწორედ ესაა დაგეგმილი ცვლილებების არსი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა, გვანიჭებს მანდატს, შეუქცევადად განვაგრძოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი. მეტიც, გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც კიდევ უფრო უკეთ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ჩვენს უმთავრეს მიზანს - ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. 
ამისთვის, ვგეგმავთ მთელი რიგი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რომელზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. 

წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც იგეგმება მთავრობის სტრუქტურის ცვლილება და რომელსაც მოჰყვება შესაბამისი საკადრო გადაადგილებები შემდეგი მიმართულებებით:

• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას.

თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, კიდევ უფრო მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს. ეკონომიკის სამინისტრო მულტისექტორული უწყებაა და პასუხისმგებელია არა მხოლოდ ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაზე, არამედ საგარეო ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინოვაციურ მოწყობაზე და სხვა სექტორულ განვითარებაზე. ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მართვის და ეკონომიკის სხვა მიმართულებების ერთი „ქოლგის" ქვეშ მოქცევა ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გადის. 

• ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად. შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად, მინისტრი ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს. გიორგი გახარია სწორედ მენეჯერული გამოცდილებით არის შერჩეული ამ პოსტზე და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება. 

• აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი.
ეს უნდა იყოს ოპერატიული ფუნქციებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი აპარატი, რომელიც პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. გიორგი მღებრიშვილი, მისი გამოცდილებით, იქნება ამ სტრუქტურის კარგი ხელმძღვანელი.

• ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორია. 
მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება და აჩვენა კონკრეტული შედეგები „საქართველოს რკინიგზის" მართვის პირობებში. 
სწორედ ამ პერიოდში მოხდა საქართველოს რკინიგზის ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში, დაიწყო ყურის ქვეყნებისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე ძალიან აქტიური მუშაობა; მოხდა თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა და ახალი, თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა.
მამუკა ბახტაძე გახლავთ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა INSEAD-ის ცნობილ ბიზნესსკოლაში, საფრანგეთში.

• განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია და მას კარგად იცნობენ აკადემიურ წრეებში.
მიხეილ ჩხენკელი პროფესიით გახლავთ მათემატიკოსი. მან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა.
ბატონი მიხეილი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის პენსილვანიის უნივერსიტეტის არაერთი ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები.
იგი კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები მრავალ წამყვან უნივერსიტეტთან, მათ შორის ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, და ა.შ.

• კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.
ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტის განათლებასთან გაერთიანება, ერთის მხრივ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს ახალგაზრდულ მიმართულებას და მოახდენს მის ინტეგრაციას განათლების რეფორმასთან.
მეორეს მხრივ, რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, მისი ინტეგრაცია კულტურასთან თანასწორ შესაძლებლობებს გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მართვას.

• გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში - ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში. მსგავსი მოდელებია პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში. 
ეს მიდგომა უზრუნველყოფს ორივე მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და არავითარ შემთხვევაში, რომელიმე მათგანის შესუსტებას. 

• საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.
ახალი გამოწვევები, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს, გულისხმობს გაცილებით უფრო ფართო კონტექსტს, რომელიც მთელი ჩვენი საგარეო უწყების პრიორიტეტი და ძირითადი ხაზია. თავისთავად ის, რომ ამ მიმართულებას ვიცე-პრემიერი ფარავს, მიუთითებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული შიდა რეფორმების კოორდინაციის აუცილებლობაზე.

• პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. 
ამ სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა.

• ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დავამტკიცებთ, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდენს კოორდინაციას ცვლილებების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, მინდა ვთხოვო პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ რეფორმებს, რათა ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე, უმოკლეს ვადაში დასრულდეს.

• საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ, სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით წარვდგებით პარლამენტის წინაშე ნდობის განსაახლებლად.

• ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები შეეხო და რომლებიც, ბუნებრივია, ჩვენი გუნდის წევრებად რჩებიან, დიდ მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისათვის.

• რაც შეეხება სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების არსს, რატომ არის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი? ჩვენი ყველა საარჩევნო დაპირება და რეფორმა ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და სწრაფ განვითარებას. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება.

• შსს-ს, პროკურატურის, სასამართლოს, სასამართლოს, სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმების მთავარი ორიენტირი ყოველთვის იყო და არის ადამიანი. სწორედ ამიტომ ყველა ამ ცვლილებამ შედეგად გამოიღო ადამიანთა უფლებების მიმართულებით მიღწეული უდიდესი პროგრესი, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო შეფასებაში.

• ჩვენ ასევე ძირეულად შევცვალეთ და ადამიანზე ორიენტირებული გავხადეთ: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებული მრავალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რიგით ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

• ამავე დროს, ჩვენი ხელწერაა, რომ ცვლილებები მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, არა რადიკალურად, არამედ ევოლუციურად განვახორციელოთ.

• თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი ჩამოყალიბდეს, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია. სწორედ ესაა დაგეგმილი ცვლილებების არსი.

• დარწმუნებული ვარ, რეფორმები და ცვლილებები ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე.

 

პრემიერ-მინისტრი პავლო როზენკოს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 15:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერს, სოციალური პოლიტიკის მინისტრ პავლო როზენკოს შეხვდა, რომელიც, სოციალური პროგრამების მიმართულებით, საქართველოს გამოცდილებას ეცნობა.

პავლო როზენკომ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, გაიზიაროს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის კუთხით საქართველოში არსებული თანამედროვე პროგრამები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის ვიცე-პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში ბოლო პერიოდში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აღინიშნა, რომ ამაზე მაღალი დონის ვიზიტებიც მეტყველებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებზე და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

საქართველოს პრემიერი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის გახსნის ცერემონიალს დაესწრება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 30 ოქტომბერი 2017 11:33

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.
თურქეთის პრემიერი საქართველოს მთავრობის მეთაურს ტელეფონით ესაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ბინალი ილდირიმის განსაკუთრებულ წვლილს, ბოლო წლების განმავლობაში თურქეთის ტრანსპორტის სფეროს მოდერნიზებაში.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონია აზერბაიჯანში ხვალ გაიმართება. ღონისძიებას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი.

გაერო-ს დღისადმი მიძღვნილი მიღება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017 11:17

საქართველოს წევრობას გაერო-ში 25 წელი შეუსრულდა და ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ამ 25 წელიწადში ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან რეგიონულ ლიდერ ქვეყნად გადაიქცა; მეტიც, დღეს საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას თავმჯდომარეობს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას - დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

პრემიერმა გაერო-ს დღე მიულოცა ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ნილს სკოტს და საქართველოსა და გაერო-ს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„ჩვენი წარმატება მნიშვნელოვნად უკავშირდება საქართველოში გაერო-ს ნაყოფიერ მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც ბევრი მიმართულებით გვაქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ გაეროს 13 უწყებასთან ისეთ მთავარ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ეკონომიკური და სოციალური განვითარება, ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება და გარემოს დაცვა. ჩვენ დაგვიგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება და ზუსტად ვიცით გაეროს სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. მინდა, დღეს ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს გაერო-ს საქმიანობას ქვეყანაში, ასევე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით. ჩვენი მთავრობისთვის უდიდესი პატივია, რომ ვართ ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე და შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის საქმიანობაში. მოგეხსენებათ, ეს გავლენიანი გლობალური მოძრაობა იღვწის ღიაობისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, განსაკუთრებით მე-16 მიზანს, რომელიც ითვალისწინებს „მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობას ყველა დონეზე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს დღევანდელ პირველ პლენარულ სხდომას, რომელიც, მისი შეფასებით, 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა.

„ამ პროცესში გაწევრიანებულია ყველა ქვეყანა და მთავრობა იმ გზაზე, რასაც ჰქვია მსოფლიოს ტრანსფორმაციისა და ეროვნულ პრიორიტეტებთან მდგრადი განვითარების ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განზომილებების ინტეგრაცია. საქართველოში ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ეფექტიანი მმართველობის განსამტკიცებლად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ უცხადებს საქართველო მტკიცე მხარდაჭერას გაეროსა და მის საქმიანობას. კიდევ ერთხელ, მადლობას მოვახსენებ ნილს სკოტს და მის კოლეგებს დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა რწმენა, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოსა და გაერო-ს თანამშრომლობასა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში.

„1992 წელს, საქართველო გაეროს წევრი შიდა და საგარეო გამოწვევების ფონზე გახდა. მას შემდეგ მან გასაოცარი ტრანსფორმაცია განიცადა. მეტიც, ის გაეროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ძვირფასი წევრი გახდა. საქართველო განაგრძობს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გაეროს საქმიანობაში - უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. საერთაშორისო ჩართულობის ეს ტენდენცია ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობისა და ხალხის დიდ სურვილს, მხარი დაუჭიროს გაეროს საქმიანობას უფრო ძლიერი, უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდის, გარემოს დაცვის, თანაბარი შესაძლებლობისა და გენდერული თანასწორობის, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად და ყველასათვის სათანადო ცხოვრების პირობების მისაღწევად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ერსა და საქართველოს მთავრობას ამ ღირებული თანამშრომლობისათვის, ასევე იმისათვის, რომ ის საშუალებას აძლევს გაეროს, წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებაში", - აღნიშნა ნილს სკოტმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური