გიორგი კვირიკაშვილი - ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 მაისი 2018 23:36

ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნარკოპოლიტიკის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომხმარებლისადმი ჰუმანურმა მიდგომებმა ბევრ ქვეყანაში გაამართლა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აურიოს არავინ ნარკოტიკის პოპულარიზაციაში.

“ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები. ამიტომ, ცვლილება რომ საჭიროა, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ მომხმარებლისადმი ჰუმანურმა მიდგომებმა ბევრ ქვეყანაში გაამართლა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ ნარკოტიკის პოპულარიზაციაში, ეს ყოვლად მიუღებელია, ხოლო ნარკოტიკების გამსაღებლებისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ. იმედი მაქვს, რაღაც ტიპის კონსენსუსი იქნება მიღწევადი. დიდი იმედი მაქვს, შევჯერდებით. გუნდში მიდის ამ საკითხის ძალიან აქტიური განხილვა და, რა თქმა უნდა, ის რაც დღეს დავაანონსეთ - აქტიური ცხოვრების წესის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა - არ არის მხოლოდ განცხადება, თემის პოპულარიზაციის მიზნით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გათვალისწინებული, თავისი კონკრეტული დაფინანსებით, თუ ძალიან მოკლე პერიოდში როგორ უნდა განვახორციელოთ ჯანმრთელობის ინფასტრუქტურის, კონკრეტულად - სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ახალი ობიექტების დამატება. ჩვენ მასობრივი და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ჩვენი მოსახლეობისთვის სპორტული ობიექტები, ჯანსაღი ცხოვრების წესი. მე უნდა ვეცადო, რომ მივაღწიოთ ისეთ მოდელს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ქვეყნისთვის იქნება მისაღები და ნარკოტიკების მოხმარებას შეამცირებს, სახელმწიფოს უხეშ დამოკიდებულებას ნარკომანებთან მიმართებაში შეარბილებს და ამავე დროს, შეურიგებელ ბრძოლას გამოუცხადებს ნარკოტიკებით ვაჭრობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კვირიკაშვილი - გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 მაისი 2018 00:50

გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ასევე, მოსახლეობამ, რომელიც ქუჩაში იდგა, მისცა საშუალება სამართალდამცველებს აღესრულებინათ საკუთარი ფუნქცია. 

"მინდა შევეხო გასულ 2 დღეში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კედელი არ არსებობს. არასოდეს ვიკავებთ თავს ახალგაზრდობასთან საუბრისგან. გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ გუშინ ქუჩებში ვიხილეთ სამართალდამცველები, პოლიციელები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად. ვიხილეთ სამართალდამცველი უწყებები, რომლებიც ემსახურებოდნენ საქართველოს და არა ერთ პოლიტიკურ ძალას და მის ინტერესს. ასევე უნდა ითქვას, რომ მოსახლეობამ, რომელიც ქუჩაში იდგა, მათმა უდიდესმა ნაწილმა მისცა საშუალება სამართალდამცველებს აღესრულებინათ საკუთარი ფუნქცია",- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი - თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 მაისი 2018 17:36

თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში, რადგან ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯი მხოლოდ მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეხუთე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

კვირიკაშვილი მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, რომ პარტიის ხელმძღვანელობის შეთავაზებას დათანხმდა. „მივესალმები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დაგვთანხმდა, უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, რისთვისაც მთელი „ქართული ოცნების“ სახელით მინდა მადლობა გადავუხადო. 

ჩვენ, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წინაშე და ვთვლით, რომ პარტია, რომელიც უმრავლესობით არის წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის ყველა რგოლში - აღმასრულებელ, ადგილობრივ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, საჭიროებს მეტ სიმტკიცეს და ახლებურ მიდგომას. აუცილებელია პარტია „ქართული ოცნება“ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანი ციკლის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით და ორიენტირებული იქნება განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია და ეს გზა არ იყო მარტივი. „ჩვენი გუნდი მძიმე მემკვიდრეობას, დიდ გამოწვევებს შეეჭდა და ბევრი პრობლემის გადაჭრა შეძლო. თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს, რომ ყველა სირთულე უკან მოვიტოვეთ და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. 

მეგობრებო, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში, რადგან ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯი მხოლოდ მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურებოდა. ჩვენი გუნდის და პირადად ჩვემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის და პრემიერმინისტრის ყველა გადაწყვეტილება ემსახურებოდა და მოემსახურება საქართველოს წინსვლას“, - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა. 

პრემიერი - საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში დარგის ლიდერი ხდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 მაისი 2018 15:07

საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში ამ დარგის ლიდერი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრემიერ-მინისტრი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის, ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრს ელი კოენსა და ისრაელის ელჩს საქართველოში შაბთაი ცურს.

„ჩვენ წელს ვზეიმობთ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს, თანამედროვე საქართველოს 100 წლის იუბილეს. ასევე ისრაელი ზეიმობს თანამედროვე ისრაელის 70 წლის იუბილეს და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი საზეიმო დღე. ჩვენი ორი მოძმე ქვეყნის სიხარული გაერთიანდა ამ ულამაზეს პროექტში და ეს არის საქართველოში ავიაინდუსტრიის დარგის გაცოცხლების დღე. საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში ამ დარგის ლიდერი ხდება. დღეს საქართველოში იხსნება სამხრეთ კავკასიაში პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა ATC, რომელიც თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს გამოუშვებს. ეს გახლავთ საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Systems Cyclone-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიცია 93 მილიონი დოლარია. „ელბიტ სისტემსი“ მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა, რომელიც ისეთ მსოფლიო გიგანტებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Boeing, Bombardier და Airbus და ა.შ. მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობისთვის წარმოებული ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, Elbit Systems-ის მიერ სწორედ საქართველო შეირჩა და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებას და ნამდვილად საამაყოა ის ფაქტორები, რომლებმაც ეს არჩევანი განაპირობა. ეს არის - ამ დარგში უკვე არსებული გამოცდილება, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, წარმოების განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები, ასევე, ევროკავშირთან, რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა.“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. 

„სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ , რაც 5 წელი გახლავთ, საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციის პოტენციური მყიდველები იქნებიან მსოფლიო საავიაციო ბაზრის წამყვანი კომპანიები და საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ფასით, ისე ხარისხით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საწარმოში შეიქმნა 300 ახალი სამუშაო ადგილი და დასაქმებული თანამშრომლების 90 პროცენტზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტი იქნება. 

„ქვეყანას ეყოლება მაღალი კვალიფიკაციის, მაღალტექნოლოგიური საწარმოო პროცესის უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტები. მათ უკვე გაიარეს გადამზადების პროგრამა ისრაელში და აღსანიშნავია, რომ ისრაელის წამყვანმა სპეციალისტებმა მათ პროფესიონალიზმს ძალიან მაღალი შეფასება მისცეს. ეს არის საქართველოსა და ისრაელს შორის განხორციელებული ყვეელაზე მსხვილი ერთობლივი ინდუსტრული პროექტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი მერცხალი. დამერწმუნეთ, ამ პროექტის შემდეგ იქნება არაერთი ერთობლივი ინდუსტრიული პროექტი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ისრაელი არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მსოფლიოში ყველაზე წამყვანი ტექნოლოგიები მიაწოდოს საქართველოს. 

„ჩვენ მივესალმებით ისრაელის ყველაზე მსხვილ ინვესტიციას საქართველოში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საპარტნიორო ფონდს, მის ხელმძღვანელ დავით საგანელიძეს, მის გუნდს, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის სამინისტროებს, ასევე დავითის წინამორბედს ირაკლი კოვზანაძეს, რომლის დროსაც მოეწერა ხელი და დაიწყო ეს პროექტი. ასევე კომპანია Elbit Systems Cyclone-ს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის და მინდა წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

გიორგი კვირიკაშვილი - დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ვეტერანებს, რომ მათი გმირობა დავაფასოთ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 მაისი 2018 12:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველას ვალია, რომ მათი გმირობა დავაფასოთ.
"მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ვეტერანებს. ჩვენი ვალია, რომ მათი გმირობა დავაფასოთ, ჩვენ უნდა ჩავიხუტოთ ისინი გულში. ისინი არიან ძალიან ძვირფასი ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის მსხვერპლად. საქართველომ გაიღო უდიდესი მსხვერპლი. 300 000-ზე მეტი ადამიანი აღარ დაბრუნდა. ზოგიერთი გმირის სახელი ცნობილია, ზოგის უცნობი. ასე რომ, დღეს პატივს მივაგებთ ყველას, ვინც თავი გააწირა ქვეყნის გადარჩენისთვის. საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას. სტაბილურობა არის ძალიან ძვირფასი და ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ამას",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

"სამწუხაროდ, დღემდე როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა" - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 მაისი 2018 13:11

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დღემდე პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა. 

პრემიერის თქმით, პარტია გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა მაგრამ ძალიან კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი თავმჯდომარე ხდება.

„ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა. ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე, მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში იმუშავებს კიდევ უფრო აქტიურად. ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით. რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი" - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი - არ უნდა დავივიწყოთ იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც “ქართულ ოცნებას” პირველივე დღიდან გვერდში ედგნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 24 აპრილი 2018 19:19

მნიშვნელოვანია მათი წვლილი, ვინც შემდგომში შემოუერთდა პარტიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმ ადამიანების წვლილის დავიწყებას, რომლებიც “ქართულ ოცნებას” პირველივე დღიდან გვერდში ედგნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც  მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებს და იმედი გამოთქვა, რომ პარტიული ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება.

„თითოეული თქვენგანის როლი და წვლილი იმ წარმატებაში, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, უმნიშვნელოვანესია. მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. რა თქმა უნდა, ეს გზა ყოველთვის ვარდებით მოფენილი არ არის - არის წარმატებები, არის შეცდომებიც, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ თანიმდევრულად, ადამიანის, ხალხის სიყვარულით ვაკეთებთ იმ საქმეს, რასაც ჩვენი ქვეყნის საქმე ჰქვია და რაც ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და ეკონომიკურ ძლიერებას უკავშირდება. იმედს გამოვთქვამ, რომ პარტიული ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება. ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი პარტიის არსებობა. მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წვლილი, რომლებმაც ყველაზე რთულ პერიოდში მიიღეს გადაწყვეტილება და დაუდგნენ გვერდით პარტიას და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება, შეეცვალა რეალობა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც შემდგომში შემოუერთდნენ პარტიას. პარტია მუდმივად უნდა იყოს განახლების პროცესში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმ ადამიანების წვლილის დავიწყებას, რომლებიც “ქართულ ოცნებას” პირველივე დღიდან გვედრში ედგნენ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას პარტიული ორგანიზაციის მუშაობაში. „ახალგაზრდები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად უჭირთ თამამი გადაწყვეტილებების მიღება, არასტანდარტული აზროვნება და სწორედ ეს გვჭირდება დღეს, რათა ჩვენი ქვეყანა სწრაფი ნაბიჯებით წავიდეს წინ“, - დასძინა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, მადლობას უხდის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018 13:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, მადლობას უხდის, ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა:

“მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია გახლდათ საქართველოში და მინდა აღვნიშნო, რომ ვიზიტის შედეგად ფონდი მთლიანად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას.

მინდა, მადლობა გადავუხადო მისიის ყველა თანამშრომელს მხარდაჭერისთვის, რა თქმა უნდა ადგილობრივ წარმომადგენლობას და მისიის ხელმძღვანელს, ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს, რომლის დახმარებაც ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო უმნიშვნელოვანესი -ფისკალური მაჩვენებლების გაჯანსაღების კუთხით, ქვეყნის სუვერენული ბალანსის გაჯანსაღების კუთხით და რა თქმა უნდა, საგადასახდელო ბალანსის გაჯანსაღების კუთხით, რაც სახეზეა და ეს, რა თქმა უნდა, არის წარმატებული რეფორმების განხორციელების შედეგი.

უნდა ითქვას, რომ თანამშრომლობის პროგრამა, რომელი ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან პროგრამას და ფონდის მიერ ძალიან დადებითად იქნა შეფასებული პროგრამის მიმდინარეობა. დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს გვქონდა, 2018 წლის დასაწყისი ასევე არის ძალიან კარგი.

მოგეხსენებათ, რომ 2017 წელი ჩვენ დავხურეთ 5%-იანი ზრდით, 2018 წლის დასაწყისში, 2 თვის ჯამით, გვქონდა 4.9%, თუმცა თებერვლის დინამიკა კიდევ უფრო უკეთესი იყო, ვიდრე იანვრის და 5.5% გახლდათ ზრდა.

კერძო სექტორში 2017 წელს ბრუნვები 19%-ით გაიზარდა და შეიქმნა 40 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დინამიკაში კერძო სექტორს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რომელიც მუდმივად პრობლემა გახლდათ - 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7% შეადგინა, რაც ძალიან სერიოზული გაჯანსაღების შედეგია.

2017 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით - მილიარდ 862 მლნ. აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 16.2%-იანი ზრდაა.

რეინვესტირებამ, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, 712 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რეინვესტიციები, ეს ნიშნავს, რომ ის თანხა, რომელიც კომპანიას შეეძლო გაეტანა ქვეყნიდან და დიდწილად, ასე ხდებოდა, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად დარჩა ქვეყანაში, რეინვესტირდა ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში და ეს გახლავთ 130%-იანი ზრდა, 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

საქონლის ექსპორტი - 2018 წლის პირველ სამ თვეში 28%-ით გაიზარდა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები - ასევე, 28%-ით. ფულადი გზავნილები - 20%-ით გაიზარდა.

რა თქმა უნდა, სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეს პოზიტიური დინამიკა აისახა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს შეფასებაში. კერძოდ, სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა, რომელიც გახლავთ სამ უმსხვილეს სარეიტინგო კომპანიას შორის გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე. ხოლო „Fitch“-მა, რომელიც ასევე ერთ-ერთია ამ სამ კომპანიას შორის, გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მომავლის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით.

ყოველივე ეს მტკიცე საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი და ის კურსი, რომელიც არის აღებული ხელისუფლების მიერ, არის სწორი და განსაზღვრულია იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახზე აისახოს ეს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავაგრძელოთ რეფორმირების პროცესი და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ყველა ფენამ იგრძნოს საკუთარ შემოსავლებზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდა.

მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს თანამშრომლობისთვის, დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია გახლავთ ის, რომ კოორდინაცია ეკონომიკურ გუნდში არის ძალიან კარგი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ჩვენგან მიდის პარლამეტში, ასევე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები სრულფასოვნად მუშაობდეს. ვფიქრობ, ეს წარმატება გამოხატულებაა ამ ძალიან კარგი კოორდინაციის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გასული წელი ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდული იყო - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018 16:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდაზე იასუბრა და განაცხადა, რომ გასული წელი ამ მხრივ რეკორდული იყო:

„ტურისტების ზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მისაღწევად. გასული წელი ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდული იყო. საქართველოს 7.5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

ტურისტების მაჩვენებლის ზრდამ 28 %-ს მიაღწია, რაც ვფიქრობთ, რომ არის მართლაც ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი.

2018 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით კი, საქართველოს მილიონ ნახევარი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ტურისტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასევე, 28 % გაიზარდა.

მხოლოდ მარტის თვეში, წინა წილის მარტთან შედარებით 33%-ით გაიზარდა ტურისტების მაჩვენებელი. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მეზობელი ქვეყნების მსგავსად, ძალიან მზარდია ევროკავშირიდან ტურისტების ზრდის მაჩვენებელი. კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ მარტში დიდი ბრიტანეთიდან შემოსულმა ტურისტების ზრდამ 74% შეადგინა, გერმანიიდან - 47%, ლატვიიდან - 45%, ლიტვიდან - 35% და საფრანგეთიდან - 25%. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით პირდაპირი ავიარეისები და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ პირდაპირი რეისები, როგორც ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით, ისე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მიმართულებით არის გაზრდილი. მე ძალიან გამიხარდა ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებული ახალი ამბავი, რომ ქართულმა კომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“ მთელი რიგი ევროპული ქალაქების მიმართულებებით ახალი პირდაპირი რეისები გახსნა. იმედი მაქვს, რომ ეს სეზონური არ იქნება და მომავალშიც გაგრძელდება.

ტურიზმი 2016 წელს საქართველოში იყო 2 მლრდ-ის შემოსავლის წყარო, 2017 წელს კი, ტურიზმიდან შემოსავალმა ჩვენს ქვეყანაში 2, 75 მლრდ დოლარი შეადგინა და ეს არის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პირდაპირ ჩვენი მოსახლეობისთვის, სხვადასხვა სახით: სასტუმროებში დახარჯული ფული, კვებაზე დახარჯული ფული, ტრანსპორტზე, საოჯახო სასტუმროებში დახარჯული ფული, რაც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არის შემოსავალი. დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურაში ჩაიდოს ინვესტიციები 4-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, სივრცითი მოწყობის განვითარების მიმართულებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა ეს დახარჯული ფული პირდაპირი ამონაგების სახით მიიღოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და მე მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება მაია ცქიტიშვილის ამ მიმართულებით.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები შევასრულეთ ბოლო წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ დიდი ბიუჯეტი შესრულდა, რაშიც ზურა ალავიძემ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და კიდევ ერთხელ მინდა, მას მადლობა გადავუხადო.“- გაანცხადა კვირიკაშვილმა.

26 მაისი მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 მარტი 2018 14:37

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ 26 მაისი უნდა იყოს ისეთივე საყოველთაო, საზეიმო დღე, როგორც სხვა დღესასწაულები.

"წელს 100 წელი სრულდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან და ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროგრამის განხორციელებას, როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც ჩართული იქნება აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება, ჩვენი საელჩოები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორიც შემოგვიერთდა და მე მინდა, მოვუწოდო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ რაც შეიძლება ფართოდ მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმის სათანადოდ აღნიშვნაში.

საზეიმო განწყობა საქართველოს ყველა რეგიონში ერთნაირად უნდა იგრძნობოდეს და მინდა, ვთხოვო ჩვენს ხალხს, რომ ამ იუბილეს განსაკუთრებით გავუსვათ ხაზი - დღეიდან მოყოლებული, ერთმანეთს განსაკუთრებულად მივულოცოთ 26 მაისის დღესასწაული, როგორც ჩვენ ერთმანეთს ვულოცავთ ტრადიციულ, საყოველთაო დღესასწაულებს. 26 მაისი უნდა იყოს, სწორედ, ისეთივე საყოველთაო, სასიხარულო და საზეიმო დღე, როგორც ჩვენ გვაქვს სხვა დღესასწაულები.

26 მაისს, 17:10 წუთზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა ქვეყანამ, შევკრათ სუნთქვა და ერთად ვიზეიმოთ ის უდიდესი დღესასწაული, რომელიც ჩვენი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავს უკავშირდება.

დაახლოებით, ორი ასეული ღონისძიებაა დაგეგმილი. განრიგსა და სხვა კონკრეტულ ინფორმაციას დეტალურად მივაწვდით მოსახლეობას"- განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ბიზნეს ნიუსი

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გა...

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრ...

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

დღეიდან, 10 მაისიდან პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გ...

პოპულარული

« მაისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური