საზოგადოება ამ ვითარებას არ შეეგუება, გავაპროტესტებთ ყველანაირი კონსტიტუციური ფორმით- ბოკერია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 13:09
„მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით „რუსთავი2“-ის დაცვა ყველანაირი კონსტიტუციური ფორმით მოხდება, „ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი საზოგადოება ივანიშვილის რეჟიმმა და პირადად მან, ასევე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა, რომელმაც მისი დაკვეთით ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებაზე იმუშავა და ბოლო ფაზაში იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც ზეწოლას ან მის დაკვეთას ვერ გაუძლეს, ან უბრალოდ სიამოვნებით შეასრულეს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ამ ვითარებას არ შეეგუება. როგორ ფორმებს მიიღებს, როდის იქნება კულმინაცია ამ სამოქალაქო პროტესტის, მე ამ პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ჩვენ არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას, ვაპროტესტებთ და ვაგრძელებთ ამას, მათ შორის ყველანაირი კონსტიტუციური ფორმით, აქ „რუსთავი 2“-თან დგომით. შეუძლებელია ჩვენ და ამ ქვეყნის აქტიური მოქალაქეები შევეგუოთ ამ ვითარებას და ივანიშვილის გეგმას, რომ ის იყოს მმართველი ყოველგვარი კრიტიკის გარეშე და ჩვენს მოქალაქეებს არ დავუტოვოთ შესაძლებობა დემოკრატიული ფორმით კრიტიკისა და შემდეგ ამ ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გუშინ "რუსთავი2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

გიგა ბოკერია - მთელი რესურსი უნდა დაიხარჯოს ახალ პრეზიდენტთან კონტაქტის დამყარებაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 ნოემბერი 2016 11:26

საქართველოს ამოცანაა ახალ პრეზიდენტთან, მის ადმინისტრაციასთან ძალიან სწრაფად დაამყაროს კონტაქტები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ქორთიარდ მარიოტში“ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქამდეც უნდა ჰქონოდა მცდელობა ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის ბანაკთან კომუნიკაციის და კავშირის დამყარების. 

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დახარჯოს მთელი თავისი რესურსი, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველო იყოს რაც შეიძლება მაღლა. ეს არ იქნება მარტივი, ისედაც პრობლემები გვქონდა ამ მიმართულებით ჩვენი მთავრობის არაკომპეტენტურობის გამო. საქართველოს უფრო ბევრად რთული მომენტები ჰქონია ისტორიაში, ამიტომ მოთქმას, შავბნელ პროგნოზებს არაფერი მოაქვს ქვეყნისთვის. პირიქით, მთელი რესურსი უნდა დაიხარჯოს ახალ პრეზიდენტთან კონტაქტის დამყარებაზე“, - განაცხადა ბოკერიამ.

სიტყვიერი შელაპარაკება ყიზილაჯლოს 50-ე უბანზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 12:23

ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ამ დროისათვის უბანზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - სოზარ სუბარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარნეულში თამაზ ნავერიანი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ - გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, გიორგი კახიძე და სხვა წარმომადგენლები.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „50-ე საარჩევნო უბანი უნდა გაუქმდეს, რადგან საარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს“. მისივე თქმით, ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას და უბანზე ამომრჩევლის შეშვებას მარკირების გარეშე. გიგა ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული დარღვევები უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დააფიქსირა, რის გამოც ის უბნიდან გააძევეს.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, სოზარ სუბარმა და თამაზ ნავერიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. 

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ადგილზე ამ დრომდე რჩებიან.

გიგა ბოკერია - „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 15:03

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში უნდა შევიდნენ და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ.როგორც გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაა, რომელზეც განიხილება ორი საკითხი - პარტიის საპარლამენტო ცხოვრებაში და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საკითხი. „საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ ჩვენი პარტიის შიგნით პოზიციები გაყოფილია და მსურს, რომ ამ მნიშვნელოვანი კენჭისყრის წინ სხვებს შევუერთდე და საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია - მე კარგად მესმის ჩვენი ამომრჩევლების, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის ემოცია, მათი აღშფოთება იმ უმსგავსობის გამო, რაც ჩვენ ვიხილეთ წინასაარჩევნო კამპანიისა და როგორ ჩატარდა არჩევნების დღე, მაგრამ მე მყარად მჯერად და მწამს, რომ სწორედ ამ უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად ამ არათავისუფალი და არასამართლიანი არჩევნებისა, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ერთადერთი პროდასავლური და დემოკრატიული, ქმედითი პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე. ეს არის აუცილებელი დემოკრატიული ინსტიტუტების ტრადიციის პატივისცემიდან გამომდინარე. ეს არის აუცილებელი იმ 500 000 ამომრჩევლის პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა. ეს არის აუცილებელი იმ ადამიანების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც დააშინეს და ხმა ვერ მოგვცა და დიახ, იმ ადამინების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ ხმა არ მოგვცა“, - განაცხადა ბოკერიამ.
სწორედ იმავე არგუმენტებიდან გამომდინარე, გიგა ბოკერია თვლის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში.

ხალხი ემორჩილება ივანიშვილის რეჟიმს, - გიგა ბოკერია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 15:59

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხალხი პირდაპირ ემორჩილება ივანიშვილის რეჟიმს.

"საკონსტუტიციო სასამართლოს თავმჯდომარე და ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირ აცხადებენ, რომ მათზე, მათი ოჯახის წევრებსა და გარემოცვაზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა ხორციელდება. პრემიერ-მინისტრი არაფერს არ წყვეტს და ხალხი პირდაპირ ემორჩილება ივანიშვილის რეჟიმს და ივანიშვილს, რომელიც პირადად ამ უკანონო ქმედებებს ახორციელებს. ეს არის კატასტროფული ვითარება, ქვეყანაზე ზრუნვის ნაცვლად ეს ხალხი საკუთარი ძალაუფლების შენახვისთვის ყველაფერზე მიდის. სწორედ ამიტომ, ოქტომბერში არჩევნების გზით ხელისუფლებას წერტილი უნდა დავუსვათ,“ -  გიგა ბოკერიას განცხადებას ”ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

"ივანიშვილი და მისი მარიონეტული გუნდის წევრები ხვდებიან, რომ წააგებენ" - გიგა ბოკერია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 22 ივნისი 2016 12:36

 საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან ინიცირებული ცვლილება ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ ხელისუფლებამ დაიქვემდებაროს სასამართლო სისტემა სრულად. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო.“ივანიშვილი და მისი მარიონეტული გუნდის წევრები ხვდებიან, რომ წააგებენ. ამიტომ ეპოტინებიან ამ მანიპულაციებს, რომ რაღაც პოზიციები შეინარჩუნონ. ჩვენი, როგორც საზოგადოების ამოცანაა, რომ ეს ზიანი, რაც ივანიშვილმა მოიტანა და მოაქვს ჩვენი სამართლებრივი სისტემისთვის, აღმოვფხვრათ. მაგრამ, კიდევ უფრო მთავარია ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ მანიპულაციებს პოლიტიკური ამოცანებისთვის, სამართლებრივი სისტემის. ეს სჭირდება საქართველოს და ამას იზამს საქართველოს მომავალი ხელისუფლება, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა ივანიშვილს ჩამოვაცილებთ ხელისუფლებას,“- განაცხადაერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ.საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ახალი ცვლილებები იგეგმება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საქმე ეხება სასამართლოს ახალი წევრის შერჩევა დანიშვნის პროცედურებს, რომლისთვისაც გამოყოფილი ერთი თვე, ინიციატივის თანახმად, სამამდე იზრდება.

ბოკერია ფარულ ჩანაწერებს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მარტი 2016 15:52

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალის გავრცელების ფაქტებს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

„ამ პრობლემას, ამ სიბინძურეს, ამ ამაზრზენ ამბავს, ამ საფრთხეს ჩვენი ქვეყნის მომავლისა ჰქვია სახელი და გვარი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ეს არის მისი საფირმო ნიშანი ამ კაცს ჰგონია, რომ ამ მეთოდებით შეინარჩუნებს ძალაუფლებას,“-აცხადებს გიგა ბოკერია.

მისი თქმით ნაციონალური მოძრაობის მთავარი ამოცანა ხელისუფლების შეცვლაა, რის შემდეგაც ისინი განახორციელებენ რეფორმებს, რომლებიც სუს-ის გაუქმებასა და ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს გააქრობს. 

გიგა ბოკერიას განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 15:21

"მთელი ეს საარჩევნო პერიოდი და არჩევნები საქართველოსთვის იქნება გარდამტეხი ქვეყნის შიგნით და გარეთ ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულების თვალსაზრისით," - შეფასება ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ იოჰანეს ჰანმა ინფორმაცია მოისმინა ოპოზიციური პარტიებისგან.

„ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ ივანიშვილის მთავრობას არ გადავადგმევინოთ ისეთი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მომავალს ქვეყნის შიგნით და გარეთ საფრთხის წინაშე დააყენებს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.  

გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს-თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 17:49

"ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანი გიგა ბოკერია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს. ჩერგოლეიშვილის თქმით მისი მეუღლის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით მას დაუკავშირდნენ.

„მირეკავს ვინმე კონსტანტინე სადათიერაშვილი სუსიდან. გიგას ვერ ვპოულობ უწყება რომ ჩავაბარო და დაკითხვაზეა დაბარებული მოწმის სახით მოდულის შენობაშიო. უწყებას პარტიაში მიიტანენ და მერე ვისაც ცირკი გაინტერესებთ, მოდით მოდულის შენობასთან“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

სავარაუდოდ საქმე უკავშირდება ე.წ. უკრაინული ვიკილიქსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც,  გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის საუბარი იყო დაბეჭდილი. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური