გერმანიის კანცლერი საქართველოს ესტუმრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 15:53

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრა. თვითმფრინავი, რომლითაც ა. მერკელი საქართველოში ჩამოფრინდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამოდენიმე წუთის წინ დაეშვა. 
გერმანიის კანცლერს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდნენ.
აეროპორტიდან ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრება, სადაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უმასპინძლებს. პრემიერი გერმანიის კანცლერთან ჯერ პირისპირ შეხვედრას, შემდეგ კი გაფართოებული ფორმატის აუდიენციას გამართავს. 
პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციიდან ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც კანცლერი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.
დღის ბოლოს კი, გერმანიის კანცლერი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
რაც შეეხება ანგელა მერკელის ვიზიტის გაგრძელებას 24 აგვისტოს, გერმანიის კანცლერი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს გამართავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
მერკელი ქართველ სტუდენტებსაც შეხვდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტების შემდეგ, მერკელი EUMM -ის პროგრამის ფარგლებში გამართავს შეხვედრას.
ასევე, 24 აგვისტოს დაგეგმილია კანცლერის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მერკელის ვიზიტი საქართველოში დასრულდება. კანცლერს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გააცილებენ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი 24 აგვისტოს დასრულდება. თბილისიდან ა. მერკელი სომხეთში ჩავა, რის შემდეგაც იგი აზერბაიჯანს ესტუმრება.

საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში - დავით ზალკალიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 13:53

საგარეო  საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, 10 წლის შემდეგ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ გახლავთ იმის  დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში.  

„ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის - გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლოს იგი საქართველოში 10 წლის წინ იყო, ასევე იმ  რეალობიდან და  იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს. ეს არის კიდევ ერთხელ მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების, ასევე, იმ საგარეო პოლიტიკური კურსის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, არის  მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის,“-განაცხადა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებისას საუბარი იქნება როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ განზომილებას.
„აუცილებელია, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის დონე იყოს შესაბამისობაში  საგარეო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროცესებთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი არის რეგიონალური ხასიათის, რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და ამ თვალსაზრისითაც, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია და ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს  მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში“-აღნიშნა მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ელჩმა ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018 12:02

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და გერმანიის ელჩ ჰაიკე ფაიჩის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს კანცლერ მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და გერმანული ინვესტიციების ზრდაზე საქართველოში, ასევე - განათლების მნიშვნელობაზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. გერმანულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი ხედვა - „მწვანე ეკონომიკა".

პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

გერმანულმა გაზეთმა ბილდმა თურქეთის პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა და მას ″დიქტატორი ერდოღანი″ უწოდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 07 ნოემბერი 2016 17:41

გერმანიის მაღალტირაჟიანმა გაზეთმა ბილდმა სათაურით -″დიქტატორი ერდოღანი? ახლა რისი ჯერია?″- სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ″ოპოზიციური პოლიტიკოსები შუაღამისას დააკავეს. ქუჩებში ისევ აფეთებების ხმები ისმის. თურქეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა. პრეზიდენტ ერდოღანის დიქტატორული ქმედებები დღითიდღე მატულობს″. გაზეთის მტკიცებით, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ 36 ათასი ადამიანი დააკავეს, რის შედეგადაც ციხეებში ადგილი აღარ არის.
″ვინც მთავრობას აკრიტიკებს აკავებენ. ახლა ქურთების დრო დადგა. შუაღამისას ქურთული ″სახალხო დემოკრატიული პარტიის″ თანათავმჯდომარეები სელაჰათინ დემირთაში და ფიგენ იუქსექდაღი დააკავეს. დემირთაში და იუქსექდაღი შესაძლოა ანტი-ტერორისტული კანონის ფარგლებში ოცდაათი დღის განმავლობაში ადვოკატებთანაც არ შეახვედრონ. ერდოღანმა ქურთებს ომი გამოუცხადა. ″სახალხო დემოკრატიული პარტია″ პარლამენტში 6 მილიონ ამომრჩეველს წარმოადგენს. ″სახალხო დემოკრატიული პარტიის″ დეპუტატების დაკავების შემდეგ ქალაქ დიარბაქირში აფეთქება მოხდა, სადაც დიდი რაოდენობით ადამიანი დაშავდა და რვა მშვიდობიანი მოქალაქე (ორი პოლიციელი) დაიღუპა. თურქეთი სამოქალაქო ომთან ასე ახლოს არასდროს არ ყოფილა. ევროპამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.″-ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ″გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თურქეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თურქეთის საელჩოს ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატი დაიბარა. ჯერ კიდევ ანკარასა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ერდოღანის დიქტატორული პოლიტიკის წინააღმდეგ წითელი ხაზის გავლების დრო მოვიდა.
ერდოღანის შეიარაღებილ ძალები არა მარტო სირიას, არამედ ჩრდილოეთ ერაყსაც თავს ესხმიან. ერდოღანი ISIS-ის ნაცვლად ქურთებს ეომება. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დიქტატორის შეჩერება უფრო მნიშვნელოვანია თუ ლტოლვილების შესახებ მიღწეული შეთანხმება?″-წერს გაზეთი სტატიაში.
გაზეთი ერდოღანის დიქტატორული ქმედებების ჩამონათვალსაც უთმობს ადგილს: ″თავისუფალი მედია გააქრო, ოპოზიცია გაანადგურა, საგანგებო მდგომარეობა გააგრძელა, ციხეებში პატიმრებს აწამებენ, 10 ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა და რექტორები უნივერსიტეტებიდან გამოაძევეს.″
გაზეთ ბილდის მიმომხილველის პროფესორი ერნსტ ელიტზის თქმით, ერდოღანმა თავის ქვეყანაში გადატრიალება მოაწყო.
″ერდოღანმა საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიას დარტყმა მიაყენა. ვინც მას აკრიტიკებს ყველა ციხეში მიდის. ერდოღანი ყოველდღე ადამიანის უფლებებს არღვევს. გერმანიას ცილსწამებს. მისი თქმით, გერმანია ტერორისტებს მხარს უჭერს და აქ თურქებს უსამართლოდ ეპყრობიან. სანამ მმართველი ერდოღანი იქნება, ევროკავშირთან მოლაპარაკებები არ უნდა გაგრძელდეს. ეს გერმანიის მთავრობამ მკაფიოდ უნდა აჩვენოს. ადამიანის უფლებები და აზრის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების მთავარი ქვაკუთხედია. ვინც ამას ომს გამოუცხადებს ტოლერანტობას არ უნდა ელოდოს.″-წერს მიმომხილველი.

წყარო: http://haberdar.com/dunya/alman-bild-gazetesi-diktator-erdogan-mansetiyle-cikarak-erdogan-i-sert-bir-dille-elestirdi-h33415.html

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური