ამოქმედდა კანონი, რომელიც გერმანიაში ლეგალურად დასაქმების უფლებას იძლევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 01 მარტი 2020 15:15

გერმანიაში დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალური დასაქმების უფლებას აძლევს.

ახალი კანონის თანახმად, კვალიფიციურ მუშახელს მესამე ქვეყნებიდან ეძლევა უფლება, გერმანიაში შრომითი ხელშეკრულების გარეშე ექვსი თვით ჩავიდეს და ადგილზევე მოიძიოს სამსახური.

საჭიროა კვალიფიკაცია, ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე) და საკმარისი ფინანსური სახსრები გერმანიაში საცხოვრებლად.

მნიშვნელოვანი პირობაა, რომ პირის კვალიფიკაცია აღიარებული იყოს გერმანიაში, ასევე სამსახურის მაძიებელს ჰქონდეს დაზღვევის პოლისი და დროებითი საცხოვრებელი.

არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაში, მესამე ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება 24-თვიანი ვიზის აღება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ახალი კანონი მსურველებს გერმანიაში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობასაც სთავაზობს, ამისათვის პრეტენდენტი უნდა იყოს არა უმეტეს 25 წლის და ფლობდეს გერმანულ ენას (მინიმუმ B2 დონე).

იმ პირებს, ვისაც გერმანიაში კონკრეტული სამუშაოს შეთავაზება აქვთ, შეუძლიათ მიიღონ ოთხწლიანი ვიზა ან იმ ხანგრძლივობის, რაც მითითებულია შრომით ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში, ოთხი წლის შემდეგ, დასაქმებულს ბინადრობის მიღების უფლება ექნება.

ბოლო კვლევების მიხედვით, გერმანიაში ამჟამად 1.2 მილიონი თავისუფალი სამუშაო ადგილია. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობაზე კანცლერმა ანგელა მერკელმა 2018 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტისას ისაუბრა.

როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება.

გერმანიაში ლეგალური დასაქმებისთვის გერმანიის შრომის სამინისტრომ სპეციალური საინფორმაციო პორტალი შექმნა, სადაც დაინტერესებულ პირს საკუთარი კვალიფიკაციის შემოწმება და სხვა ამატებითი ინფორმაციის მოძიება შეუძლია.

წყარო: https://1tv.ge/news/amoqmedda-kanoni-romelic-evrokavshiris-arawevri-qveynebis-moqalaqeebs-germaniashi-legaluri-dasaqmebis-uflebas-adzlevs/

გერმანია ზრდის ფინანსურ დახმარებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 21 დეკემბერი 2018 11:58

გერმანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, გერმანიის ელჩმა ნატო-ში ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500 000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა.

„ამით გერმანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის მნიშვნელობას, რომლის დაფინანსებაც დამოკიდებულია ნატო-ს პარტნიორების მხრიდან ნებაყოფლობით გამოყოფილ გრანტებზე, რადგან ამისთვის ნატო-ში არ არსებობს სპეციალური საბიუჯეტო სახსრები. გერმანია როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალით მომავლშიც დაეხმარება საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500 000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის.

„2014 წელს ნატო-ს უელსის სამიტზე გერმანიამ ნატო-ს სხვა პარტნიორებთან ერთად შექმნა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი (SNGP), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ნატო-სთან. გერმანიისთვის SNGP კვლავ რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად საქართველოს მდგრადი დახმარებისათვის მის მიერ დასახულ გზაზე.

აქედან გამომდინარე გერმანიის ელჩმა ნატოში (ბრიუსელში), ბატონმა ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს SNGP-ის საქართველოში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500.000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის თანხმობა განაცხადა.

2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500.000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის. საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფინანსება ამ ახალი თანხებიდანაც განხორციელდება, რადგან მისი მხარდაჭერა პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აღნიშნულია  საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018 15:07

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. დელეგაციაში ასევე, იმყოფებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა.
გერმანიაში ვიზიტი ბუნდესვერის საინფორმაციო ცენტრში სტუმრობით დაიწყება, სადაც დელეგაცია ბუნდესვერის განათლების სისტემის შესახებ დაგეგმილ ბრიფინგს დაესწრება. 
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანულ მხარესთან შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში გაიმართება. საქართველოს დელეგაციას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ბუნდესვერის თავდაცვის შტაბის უფროსი, გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და კანცლერის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში უმასპინძლებენ. 
საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორიაში პირველად მოეწერება ხელი სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. 
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ ითვალისწინებს ნატოს ღია კარის პოლიტიკას, ნატოს 2014 და 2016 წლების სამიტების გადაწყვეტილებებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, რაც დაეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისათვის მომზადებაში და განსაზღვრავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. 
27 ნოემბერს თავდაცვის მინისტრი საპატიო სტუმრის რანგში დაესწრება ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარს მასპინძლობს. დღის მეორე ნახევარში ვიზიტი ქალაქ ჰამბურგში ბუნდესვერის გენერალური შტაბის აკადემიაში გაგრძელდება, სადაც მინისტრი ქართველ სტუდენტებს შეხვდება, გერმანული მხარე კი, წარმოადგენს პრეზენტაციას Mission Command-ის გერმანულ მოდელზე. 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 27 ნოემბერს დასრულდება.

გერმანიის ლაიფციგის უნივერსიტეტის პოსტ-დოქტორანტების ჯგუფი ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 15 სექტემბერი 2018 15:16

15 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვია ლაიფციგის უნივერისტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ფილოსოფიის კათედრის, გლობალურ და ევროპულ მეცნიერებათა ინსტიტუტის პოსტ-დოქტორანტების ჯგუფი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტის თემაზე სასწავლო-კვლევითი ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

გერმანელ მკვლევარებთან შეხვედრისას სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანელი მკვლევარების ჯგუფი, აგრეთვე, შეხვედრებს გამართავს სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია საოკუპაციო ხაზის მონახულება.

გიორგი მარგველაშვილი - გაყოფილი გერმანია ძლიერი, ერთიანი ერი გახდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 აგვისტო 2018 11:42

"გერმანია მრავალი წლის მანძილზე საქართველოს დიდი მხარდამჭერი იყო. ჩვენი დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე გერმანელებმა ითავეს ლიდერობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მხარდაჭერისათვის. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ მომავალზე და ჩვენს ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, გვახსოვს, რომ გერმანია გაყოფილი იყო და ის გახდა ერთიანი, ძლიერი ერი, ევროპული პროცესების ლიდერი და ხედვის განმსაზღვრელი.
ჩვენ საქართველოსათვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ და ვიცით, რომ ამ გზაზე გერმანიის სახით გვყავს საუკეთესო მეგობარი", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან შეხვედრისას გააკეთა.
როგორც ანგელა მერკელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა, მან პირობა შეასრულა და საქართველოს ესტუმრა: "მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა, ახლა შევძელი პირობის შესრულება, თუმცა ვიცი, რომ დიდი დრო დაჭირდა ამას. მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოს დემოკრატიისა და  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე. ვფიქრობ, რომ თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის მანძილზე".
ვიზიტის უმთავრესი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა იყო. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს, რადგან თავდაცვის სფეროში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს და რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, ანგელა მერკელმა ცხადად ისაუბრა საქართველოს ოკუპაციაზე, როგორც პრობლემაზე ისე ტერმინოლოგიურად.
"კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრობლემების გადაწყვეტაში და ის ამის დასადასტურებლად ხვალ გაემგზავრება ოკუპაციის ხაზზე, როგორც მან თავად აღნიშნა. საუბარში ნათლად იყო დაფიქსირებული ის პოზიცია, რომ ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე მიუღებელია ის, რაც მოხდა ათი წლის წინ და რომ არასდროს გერმანია ამას არ შეეგუება.
მერკელმა ცალსახად ისაუბრა იმის თაობაზე, რომ გერმანია ყოველ ღონეს იხმარს, რათა შეჩერდეს ის, რაც ხდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, შეიცვალოს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ და ყოველ ღონეს იხმარენ, რომ ეს ისტორიული უსამართლობა შეწყდეს“, - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.
მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს საქართველო - გერმანიას შორის არსებული დღის წესრიგის ფართო სპექტრი: ორმხრივი ურთიერთობების საკითხები - სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება. ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ის საკითხები, რამაც უფრო ინტენსიური უნდა გახადოს საქართველოს და გერმანიის ურთიერთობები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: გერმანიის სახელმწიფო მდივანი, პრესის ფედერალური სამსახურის უფროსი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი, კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში უვე კორსეპიუსი, სამხრეთკავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი.

"​საქართველო გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილებს ელის" - დავით ზალკალიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 აგვისტო 2018 18:10

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა. დავით ზალკალიანის განცხადებით, ანგელა მერკელი საქართველოში 10 წლის წინ იმყოფებოდა და მის ამჟამინდელ ვიზიტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: „იმ გამწვავების ფონზე, რომელიც საქართველოს აქვს,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სტუმრობს ევროკავშირის ისეთი წამყვანი ქვეყნის კანცლერი, როგორიც გერმანიაა და ეს ვიზიტი  საყურადღებოა  დროის თვალსაზრისითაც“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ  „საქართველო გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილებს ელის“.  
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გერმანიის კანცლერთან გამართულ შეხვედრაზე, საუბარი გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხს შეეხება. ასევე ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე. ამ კონტექსტში, ზალკალიანის თქმით,  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება თანამშრომლობის ეკონომიკურ განზომილებაზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის ის დონე, რომელიც გვაქვს გერმანიასთან, ასევე იყოს  ეკონომიკურ განზომილებაშიც“ - განაცხადა  ზალკალიანმა. 
მინისტრის ინფორმაციით, გერმანიის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმი,  რომელშიც გერმანიის წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. „ეს ფორუმი საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი ინტენსიფიკაციის გზებზე მსჯელობის კიდევ ერთი საშუალება იქნება”- დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში  23-24 აგვისტოს შედგება. 

გერმანიაში სატვირთო და სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 08 მაისი 2018 11:10

სამხრეთ გერმანიაში სატვირთო და სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
გერმანული კომპანიისა და სარკინიგზო ოპერატორის Deutsche Bahn-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეჯახება ბავარიაში, აიხახის სადგურთან მოხდა.
Deutsche Bahn-ისა და გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის ხელმძღვანელებთან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 14:17

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის (BAKS) ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა. აკადემიის პრეზიდენტთან, კარლ-ჰაინც კამპთან და დეკანთან, პოლკოვნიკ, კლაუს ჰანდელთან შეხვედრა ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის 2017 წლის გეგმის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) განვითარებას, გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალურ აკადემიასა (BAKS) და DIB სკოლას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო. ლევან იზორიას განცხადებით, იგეგმება რეგიონული კონფერენციების ორგანიზება და უსაფრთხოების იმ არქიტექტურის განმტკიცება, რასაც ევროპის უსაფრთხოება ჰქვია. ამ თვალსაზრისით, გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. 
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) დირექტორი, თეა ნიკოლაშვილი, სკოლის გერმანელი მრჩეველი, კონრად ვუდტკე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერი, საზღვაო კაპიტანი, შტეფან ანიქოფერი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰაიკე პაიჩი დაესწრნენ.

დღესვე, გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის (BAKS) წარმომადგენლები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრებიან, სადაც მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

DIB 2016 წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა. გერმანია სკოლას როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტების ჩართულობის კუთხით აქტიურად უჭერს მხარს.

გერმანიაში ქუთაისელი სტუდენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017 15:40

გერმანიაში ქუთაისელი სტუდენტი გარდაიცვალა. 19 წლის ბახვა იმედაძე გერმანიაში გარდაცვლილი ორშაბათს დილით იპოვეს. ის გერმანიაში სასწავლო კურსით იმყოფებოდა. გამგზავრებამდე ბახვა იმედაძე წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტი იყო, თუმცა გაცვლითი სასწავლო კურსის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა.
"ფაქტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ რა მიზეზით, არ ვიცით. ის იყო ჩვენი სტუდენტი, მაგრამ გაცვლითი პროგრამის გამო შეიჩერა სტატუსი და წავიდა. მომხდარის გამო მწუხარებას გამოვთქვამთ", - განაცხადა წერეთლის უნივერსიტეტის პრორექტორმა შალვა კირთაძემ.
ქართველი სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენში პირმა პოლიციელ ქალს საბუთების შემოწმების დროს ესროლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 13 ივნისი 2017 12:00

გერმანული მედია მიუნხენში მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალებზე წერს. გერმანული მედიის ინფორმაციით, პირმა პოლიციელ ქალს საბუთების შემოწმების დროს ესროლა. 

პოლიციელი მძიმედ დაჭრილია. ასევე დაშავებულია ოთხი ადამიანი.

მიუნხენის გარეუბანში, უნტერფორინგის სარკინიგზო სადგურზე პოლიცია მასშტაბურ ოპერაციას ამ წუთებშიც ატარებს. სადგურის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. 

გვერდი 1/ 6-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური