ევროსაბჭომ წამყვანი პოზიცია უნდა დაიკავოს იმ გამოწვევებთან საბრძოლველად, რომლებიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას - აცხადებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 30 იანვარი 2020 11:28

სიძულვილის ენა, პოპულიზმი, უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია, თავდასხმები მედიაზე და ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, ბოროტად გამოყენების პოტენციალი - ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის თქმით, მისი ვადის მსვლელობისას ეს საკითხები ევროსაბჭოს მთავარი პრიორიტეტები იქნება.

მარია პეიინოვიჩ ბურიჩი აცხადებს, რომ ევროსაბჭომ წამყვანი პოზიცია უნდა დაიკავოს იმ გამოწვევებთან საბრძოლველად, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. 

ოთხშაბათს, 29 იანვარს ევროსაბჭოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ქართული მედიის კითხვაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციასა და მცოცავ ოკუპაციას შეეხებოდა, განაცხადა, რომ ამ საკითხებს ევროსაბჭო ყოველთვის ყურადღებით ადევნებდა თვალს და მისი გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაშიც ასევე გაგრძელდება.

„ჩვენ დეტალურად ვაკვირდებით ყველაფერს, რაც ხდება საქართველოში. საკითხი კომიტეტის თავმჯდომარეების დონეზე ყოველ 6 თვეში ერთხელ განიხილება. ეს საკითხი გენერალური მდივნისა და ევრსაბჭოს დღის წესრიგში რჩება“, - აღნიშნა მარია ბურიჩმა.

შეგახსენებთ, რომ 56 წლის ხორვატი პოლიტიკოსი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ევროსაბჭოს გენერალურ მდივნად სექტემბერში აირჩიეს და მან ნორვეგიელი ტორბიორნ იაგლანდი შეცვალა, რომელიც ამ პოსტს 2009 წლიდან იკავებდა.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

საქართველოს პრეზიდენტმა და ევროსაბჭოს გენმდივანმა ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილესბ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 28 იანვარი 2020 17:29

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტისას ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს პროდუქტიული შეხვედრისა და იმ პირადი წვლილისათვის, რომელიც მას მიუძღვის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტობისათვის საქართველოს მოსამზადებელ ეტაპზე.
 
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრისას განიხილეს საქართველოს საქმიანობის 4 პრიორიტეტი. საქართველო იმედოვნებს, რომ ყველა ამ მიმართულებით დიდ პროგრესს აჩვენებს.
 
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ევროპის საბჭოს ძალიან აქტიური წევრი იქნება. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული კრიტიკა, მაგრამ საქართველო ვითარდება, შენდება და აშენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამის დამადასტურებელი პროგრესი სახეზეა.
 
საქართველო ძალიან მადლიერია კონსოლიდაციის ანგარიშის გამო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან ის ერთადერთია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რეალურ ვითარებას ასახავს.
 
ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოს ძალიან რთული თვე ჰქონდა. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სწორედ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის შედეგია. ეს იმის ნიშანია, რომ, როცა საკითხის გარშემო ყველა ერთიანდება, შედეგის მიღება შესაძლებელია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 11 ნოემბერი 2019 10:53

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩის დახვედრის ცერემონია. მას ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.

გენერალური მდივნის ვიზიტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას უკავშირდება. ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს.

"მოგეხსენებათ, 2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება.
გენერალური მდივნის ვიზიტის მიზანია გაეცნოს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და დაისახოს საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

თავმჯდომარეობის პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია მრავალი სხვადასხვა დონის ღონისძიება, რაც ფართოდ წარმოაჩენს საქართველოს სტრასბურგში" - განაცხადა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს 10-11 ნოემბერს სტუმრობს. საქართველოსთვის თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია კი 27 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილი - ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველო - ნატოს ურთიერთობის ქვაკუთხედია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 მარტი 2019 16:27

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ძალიან სასიხარულო და საპატიოა ის ფაქტი, რომ საქართველო ნატოსთან ერთად მასპინძლობს ნატოს წვრთნებს, რაც ძალიან სერიოზული გზავნილი და ნიშანია იმისა, თუ რა დონეზეა და როგორი ნდობით ხასიათდება ჩვენი ურთიერთობები.
,,საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან დიდი ნიშანი იმისა, თუ რა გზაზე ვდგევართ - რომ ეს გზა უცვლელი და უალტერნატივოა, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება - სამხედრო, თუ პოლიტიკური რეფორმები, იმისათვის, რომ ამ გზაზე მყარად ვიაროთ.
ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსათვის ნატოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკა გრძელდება, თუნდაც ჩრდილო მაკედონიის მიღებით, რაც ძალიან დიდი წინსვლის ნიშანია და ჩვენ ამ გზით გავაგრძელებთ სვლას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატოს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს და ნატოს კარი ღიაა საქართველოსათვის. ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.
,,ქალბატონო პრეზიდენტო, ნამდვილად დიდი პატივია, თქვენთან ხელახლა შეხვედრა. ბოლოს ჩვენ ბრიუსელში შევხვდით ახლა უკვე თბილისში შედგა ჩვენი შეხვედრა, რაც საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ მაღალი დონის პარტნიორობას გამოხატავს.
საქართველო ნატოს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს. მე დღეს ერთობლივი წვრთნების ცენტრი მოვინახულე, სადაც ჩვენ, სხვადასხვა პარტნიორთან ერთად, ერთობლივ წვრთნებს ვახორციელებთ.
ეს მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველო და ნატო მხარდამხარ მოქმედებენ. მე უაღრესად მადლობელი ვარ ერთობლივი უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის.
ამას გარდა, საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მონაწილეა და წვლილი შეაქვს ჩვენს მისიაში, რომელსაც ავღანეთში ვახორციელებთ. მსგავსი ახლო თანამშრომლობით ჩვენ ვაძლიერებთ ნატოს მოკავშირეების უსაფრთხოებას. ასევე, გეხმარებით თქვენ, რაც ჩვენი, როგორც საქართველოს, ასევე ნატოს ინტერესშია. საქართველო ნამდვილად უნიკალური პარტნიორია. მივესალმებით რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესს.
ნატოს ლიდერებმა კვლავ განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მე ვესწრებოდი ნატოს სამიტს 2008 წელს, ბუქარესტში, სადაც ჩვენ პირველად განვაცხადეთ აღნიშნულის თაობაზე, თუმცა, მსგავსი განცხადებები კვლავ გაკეთდა გასული წლის ივლისში, ბრიუსელში.
ჩვენ ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ აგრეთვე მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. უარი თქვას მათი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, რადგან ეს ტერიტორიები  საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა შეაფასა შეხვედრა და აღნიშნა, რომ შეხვედრისას მისი მთავარი გზავნილი დღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ოკუპაციის ხაზთან ძალიან დამძიმდა ვითარება, ეს იქნება გატაცებები, თუ მუქარები ნატოს წვრთნების შესახებ.
,,ეს ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი ყოველდღიური სათქმელი უნდა იყოს, რათა მათ იცოდნენ, რომ საქართველო, რუსეთის ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, განაგრძობს სამშვიდობო გეგმებსა და სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, როცა საოკუპაციო ხაზზე იკეტება გადასასვლელი პუნქტები.
ამის მიუხედავად, საქართველო არ ცვლის სამშვიდობო გზავნილებს. სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია - მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გააქტიურდეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი, მიიღოს მან პოლიტიკური დატვირთვა, ან ჟენევაში ან სხვანაირად. არ შეიძლება, რომ ჩვენ შეგუებულნი ვიყოთ  საკითხის მხოლოდ ტექნიკურ დონეზე გადაწყვეტას, რადგან რეალურად პროგრესი, რომ მშვიდობიანად გადაწყდეს ეს საკითხი, ამ ფორმით, არ არსებობს, თუ ჩვენი პარტნიორები რუსეთს ყოველდღიურად არ შეახსენებენ, რომ მან უნდა შეასრულოს არებული ვალდებულებები.
ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა, ეს არის ჩვენი ძალა და ეს იქნება ჩვენი გამარჯვების გზა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში ალექსანდრე მაისურაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან კი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, ნატოს გენერალური მდივნის სამხედრო ასისტენტი გიერმუნდ ეიდე, საქართველოში ნატოს ოფისის ხელმძღვანელი როზალია პუგლისი, ნატოს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ევროატლანტიკური და მსოფლიო პარტნიორობის ოფიცერი სტეფან ელგერსმა, გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის მოადგილე კრისტიან მესზაროსი, ნატოს პრესსპიკერის მოადგილე პიერ კაზალეტი.

ნატო-ს გენერალური მდივანი და შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ერთმანეთს პენტაგონში შეხვდნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 10:00
ნატო-ს გენერალური მდივანი და შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ერთმანეთს პენტაგონში შეხვდნენ. ჯეიმს მატისისა და იენს სტოლტენბერგის საუბრის მთავარი თემა ძლიერი ნატო და შეერთებული შტატების მიერ ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა იყო. ჯეიმს მატისმა ტრანს-ატლანტიკური კავშირის კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ნატო-ს გენერალურ მდივანს ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 20:42

მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. დღევანდელი დღე იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გზაზე. არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, სადაც ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა საკუთარი არჩევანი გაეკეთებინა. მადლობას ვუხდით ამომრჩეველს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. საქართველოში არჩევნები შედგა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“. ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანზე ლიდერობენ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები. საზოგადოების მიერ გამოცხადებული ეს უდიდესი ნდობა გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას. მზად ვართ განახლებული ენერგიით განვაგრძოთ ყველა იმ გეგმის განხორციელება, რომელიც სწრაფი განვითარების გზით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნი საქართველოს მაისში ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 აპრილი 2016 20:48

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი მაისში საქართველოს ეწვევა, - ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმას მოეწერება ხელი. სამოქმედო გეგმისა და თანამშრომლობის საკითხების შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველო გამორჩეული სახელმწიფოა იმ მხრივ, რომ სწორედ ქართული მხარის ინიციატივით შემუშავდა ამბიციური სამწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას მოემსახურება.
გიორგი კვირიკაშვილმა ტორბიორნ იაგლანდს საქართველო-ევროსაბჭოს თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მთავრობის ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგი გააცნო. მხარეებმა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. ტორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ევროსაბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნდება.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-კონფერენცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 აპრილი 2016 20:15

საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ბოლო პერიოდში სულ უფრო უმჯობესდება, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ევროსაბჭოს სურს მხარდაჭერა, რათა მიიღოს წვდომა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე. ამ მხრივ ჩვენ გარკვეული ზომების განხორციელებას ვგეგმავთ, რაშიც საქართველოს მთავრობა გვეხმარება. ევროსაბჭომ უნდა შეძლოს ყველა ინსტრუმენტის გამოყენება ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
თავის მხრივ თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ტორბიორნ იაგლანდისა და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დანიელ მიტოვის ვიზიტი თბილისში, 2016 წლის მაისში, საქართველოს ახალი, 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების დაწყებას ისახავს მიზნად, რაც თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
„განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხები და ხაზგასმით აღვნიშნეთ იმ ამბიციური და კომპლექსური რეფორმების მნიშვნელობა, რომლებიც 2012 წლის შემდეგ განახორციელა საქართველოს მთავრობამ, როგორც ჩვენს ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ჩვენ დავაყენეთ მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების საკითხი, ასევე ცხინვალის რეგიონში შესაძლო რეფერენდუმი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, განაგრძოს რეფორმები, ადამიანის უფლებების, სასამართლო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას არსებული ჩარჩოს ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპარლამენტის კომიტეტი დადებითად შეაფასებს.
„ჩვენ განვაგრძობთ ორმხრივ რეჟიმში თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან, წევრ ქვეყნებთან, რათა მოხდეს ძალისხმევის კონსოლიდაცია სავიზო საკითხებზე მომდევნო შეხვედრისთვის, რომელიც მაისის დასაწყისში გაიმართება. ჩვენ ამ პროცესისადმი ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და განვაგრძობთ სვლას ამ მიზნისკენ“, - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო პოზიტიურად შეაფასა. ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ტორბიორნ იაგლანდმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია დაგეგმილი არჩევნების შესახებ. მისი თქმით, საქართველომ უკვე მიიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდებიან.
პრესკონფერენციაზე ასევე დაისვა კითხვა მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილმა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა.
პრემიერის თქმით, საქართველო გულწრფელად არის დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით და გამოთქვამს მზადყოფნას, მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საკუთარი ტერიტორია შესთავაზოს.
„მოხარული ვართ, რომ ბოლო პერიოდში შეინიშნება დეესკალაცია და ველოდებით კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის მიერდასმულ კითხვას, საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ხვალინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით.
გიორგი კვირიკაშვილი გამოსვლაში, ქვეყანაში მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას.
„გამოქვეყნდა ახალი რეიტინგი „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“, რომლის თანახმად, საქართველომ, 2012 წლის შემდეგ, 36 საფეხურით გაიუმჯობესა გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგი და ამ თვალსაზრისით უსწრებს არაერთ ევროპულ ქვეყანას. საქართველო, 180 ქვეყანას შორის, 64-ე ადგილზეა, მაგრამ ეს არ არის ის, რითაც უნდა ვიყოთ კმაყოფილები. ჩვენ უნდა განვაგრძოთ რეფორმები ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ და ვიხილავთ საქართველოს სამოქმედო გეგმას, რათა საქართველო ვაქციოთ ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად, ევროპული ინსტიტუციებით, სადაც იქნება ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების უმაღლესი ხარისხი. ხვალ ვისაუბრებ გატარებულ და მომავალ რეფორმებზე, რათა განვამტკიცოთ განცდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებში, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა და ჩვენთვის ამ რეფორმების გატარება უმაღლესი პრიორიტეტია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ჯანელიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 აპრილი 2016 09:48

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, 13 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიონ იაგლანდს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა მიმდინარე წლის მაისში გენერალური მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტისა და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენისთვის (2016-2019 წწ), რომლის პრეზენტაციაც ტორბიორნ იაგლანდის თბილისში სტუმრობის დროს, 2016 წლის 9 მაისს გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას. მინისტრმა გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ, მათ შორის: ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებებზე, რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მსგავსი განზრახვები, ისევე როგორც, სეპარატისტულ რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. "ხელშეკრულებები" და მათი იმპლემენტაციის პროცესი, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ქმედებას. 
სამინისტროს ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტების თემაზე გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებული მოხსენების პრაქტიკის გამო და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნების აუცილებლობას.მინისტრმა გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში გაწეულ ძალისხმევას. გენერალურმა მდივანმა, ტორბიონ იაგლანდმა მადლიერება გამოხატა ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში ქართულ მხარესთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად შედგება, წარმატებული იქნება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა სპეციალური ბრიფინგი გამართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 16:10

თბილისში 1-5 ივლისს გასამართი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს. 

ბრიფინგის დასაწყისში რობერტო მონტელამ საქართველოს პარლამენტს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ღონისძიების მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ ყოველწლიური სესია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე მნიშვნელოვან შეკრებას წარმოადგენს, რადგან იგი წელიწადში ერთხელ ტარდება და მას 57 ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი და ამდენივე სპეციალური სტუმარი ესწრება.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური