კახა კალაძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 19:09

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება: "მოგესალმებით, არჩევნების დასრულებამდე დარჩა ერთ საათზე ნაკლები. საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და სტაბილურ გარემოში, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ შემთხვევებს, სადაც ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროვოკაციებს. ყოველი კონკრეტული სამართალდარღვევა იქნება აღკვეთილი და გამოძიებული. აღსანიშნავია ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიჩინეს, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე უცხოეთში გახსნილ 50-ზე მეტ საარჩევნო უბანზე. დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“.

არჩევნების მაღალი, დემოკრატიული სტანდარტების პირობებში ჩატარება არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტური ინტერესი და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების უსუსური პროვოკაციული ქმედებები ქართველი ხალხის არჩევანს საფრთხეს ვერ შეუქმნის. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, არ ავყვეთ პროვოკაციებს, მშვიდ ვითარებაში დაველოდოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს", - აცხადებს კ. კალაძე.

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 18:56

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება: "კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ მოაწყვეს პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა 48-ე უბანთან, მარნეულის საარჩევნო ოლქში, ნაც. მოძრაობის 100-ზე მეტი აქტივისტი იყო მისული საარჩევნო უბანთან და მათ სცადეს ძალადობრივი ფორმით და მეთოდებით საარჩევნო უბნის ჩაშლა. კერძოდ, მათი მიზანი იყო, როგორც ჩანს ყუთის გატაცება. ჩვენ მოვუწოდეთ თავიდანვე ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არ აყოლოდნენ პროვოკაციას, არცერთ შემთხვევაში არ შესულიყვნენ ძალადობრივ მოქმედებებში ნაც. მოძრაობის წარმომადგენლებთან და ასევე, მოვუწოდეთ მათ შორის ღია ეთერიდან, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩარეულიყვნენ ამ ყველაფერში. რეალურად, სამართალდამცავი ორგანოები მივიდნენ ადგილზე და საბოლოო ჯამში ნაც. მოძრაობის აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, როგორც ჩვენს აქტივისტებს, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. მათ შორის ისინი ესროდნენ ქვებსაც. ეს არის ტრადიციული მეთოდი ნაც.მოძრაობის. გვახსოვს ჩვენ არაერთი აქტი წინა არჩევნებიდან, ისინი მათ შორის ქვებს ისროდნენ. გამოირჩეოდნენ ისინი აგრესიულობით სამართალდამცავი ორგანოების, პოლიციის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის შედეგად დაშავებულია სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი, რომელსაც ასევე ქვა ესროლეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. აქვე დამატებით აღვნიშნავთ შემდეგს, რომ სამწუხაროდ, „რუსთავი2“-ის ეთერში გავრცელდა სიცრუე, მორიგი სიყალბე.

კერძოდ, თქვა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა, რომ თითქოს მათ არ იცოდნენ ვისი აქტივისტები დაესხნენ თავს საარჩევნო უბანს. ყველამ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი, ყველაფერი იყო ნათელი. ესენი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც თავს დაესხნენ უბანს და სამწუხაროა, რომ „რუსთავი2“ კიდევ ერთხელ ავლენს იმას, რომ ისინი არიან სიცრუის აგიტატორები ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, „იმედის“ ჟურნალისტს გაუტეხეს კამერა ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა და ეს არცერთხელ არ იყო ხსენებული „რუსთავი2“-ის სიუჟეტებში. აქედან ძალიან კარგად ჩანს ის, თუ როგორი კოლეგიალობა იციან „რუსთავი2“-ის ე.წ. ჟურნალისტებმა.

რაც შეეხება ნაც.მოძრაობის დღევანდელ სპიკერს, გიორგი ტუღუშს, რომელიც იყო სააკაშვილის ომბუცმენი და სააკაშვილის ბოლო სასჯელაღსრულების მინისტრი, მანაც გაავრცელა ბინძური ტყუილი, ბინძური სიცრუე. ესეც არ გვიკვირს ჩვენ ბუნებრივია გიორგი ტუღუშისგან. მან თქვა, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხნენ თავს ამ უბანს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ესენი იყვნენ ნაც.მოძრაობის წარმომადგენლები, ისინი თავს დაესხნენ საარჩევნო უბანს, შეეცადნენ საარჩევნო უბნის ჩაშლას, ყუთის გატაცებას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენ ვპირდებით ნაც.მოძრაობის აქტივისტებს და მათ შორის იმამყულიევს, რომელიც იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი, ისინი ძალიან მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 15:28

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება:

საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რასაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, კვლავაც არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი ხარვეზები საარჩევნო პროცესში.  აღვნიშნავთ, რომ მოხდა ერთი სამწუხარო ინციდენტი, 48-ე საარჩევნო უბანთან, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საარჩევნო დამკვირვებლებს.  ჩვენი ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე.

მოვუწოდებთ ყველას, ვინც ჩართულია  საარჩევნო პროცესში, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ მყისიერი რეაგირება ნებისმიერ ამგვარ ინციდენტზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და საარჩევნო ყუთთან პოზიციის დაფიქსირებით, საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში.

 

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2016 17:26

დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს საქართველოსთან დაკავშირებული  ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, შედგა საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის წევრს ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას. ვულოცავთ ჩვენს მოსახლეობას ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, დარწმუნებულები ვართ, სულ მალე საქართველოს მოქალაქეები  უვიზოდ იმოგზაურებენ  ევროპის ქვეყნებში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა  საპარლამენტო  არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. ეს არის ჩვენის აზრით ნათელი დადასტურება იმის, რომ ევროპა ცალსახად აღიარებს  იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და პოზიტიურად აფასებს იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე არის ნათელი  მტკიცებულება და დადასტურება იმის,  რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით და მიუხედავად სხვადასხვა დესტრუქციული მცდელობებისა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, ჩვენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში  დამაჯერებელი  გაიმარჯვების შემდეგ, კიდევ უფრო აქტიურად და სწრაფად გავაგრძელებთ ამ  პოზიტიურ განვითარებას.

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2016 15:40

გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ თბილისში მომხდარ უმძიმეს დანაშაულს. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის მოტივი საბოლოოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გვაქვს მყარი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს აქტი პირდაპირ არის  დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებთან. შემაშფოთებელია, რომ დანაშაულებრივი აქტის განხორციელებისთანავე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან გაისმა ბრალდებები „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მიმართ, რასაც ჩვენ ვერ დავტოვებთ მკაცრი რეაგირების გარეშე. გუშინდელმა აქტმა კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელი ძალაუფლების ხელში ჩაგდების ზღვარგადასული სურვილის გამო. მკაცრად ვაფრთხილებთ ამ ადამიანებს, უარი თქვან დანაშაულებრივ განხარხვებზე და ნუ ეცდებიან ჩრდილის მიყენებას დემოკრატიული საარჩევნო პროცესისთვის. მოვუწოდებთ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდნენ დღვანდელი აქციის მიმდინარეობას, აგრეთვე საარჩევნო პროცესებს მომდევნო სამი დღის განმავლობაში, რათა აღიკვეთოს ვითარების   დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოწყობის ყოველგვარი მცდელობა. გამოვთქვამთ იმედს, რომ სამართალდამცავი ორგანოები შეძლებენ დანაშაულის მოტივისა და დამნაშავის სწრაფად დადგენას. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2016 09:49

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ის რაც მოხდა გუშინ საღამოს თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. უკვე დაწყებულია გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება დამნაშავე პირების დასაკავებლად. 
ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს.
მინდა მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებს და განმახორციელებლებს - თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა! ყველა აგებს პასუხს!
ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ და არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას!", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 22:18

საქართველოს მთავრობის სახელით მინდა დავგმო ყველა განცხადება, რომელიც მიმართულია ერებსა და სახელმწიფოებს შორის შუღლის გაღვივებისკენ. თურქეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მტკიცედ იცავს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ურთიერთობები ვითარდება ურთიერთპატივისცემისა და კეთილმეზობლური პრინციპების დაცვით და არ არსებობს არცერთი ნიშანი იმისა, რომ ამ ურთიერთობებს რაიმე უქმნიდეს საფრთხეს.

მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეისწავლოს ყოველი განცხადება, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და მოახდინოს მყისიერი რეაგირება.

კორეის რესპუბლიკის მთავრობის განცხადება ჩრდილოეთ კორეის რიგით მეხუთე ბირთვული ცდის შესახებ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 15:42

1. 2016 წლის 9 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ ჩაატარა რიგით მეხუთე ბირთვული ცდა (Punggye-ri, North Hamgyong Province).

2. დიდი ოცეულისა და აღმოსავლეთ აზიის სამიტზე საერთაშორისო საზოგადოების აშკარა გაფრთხილებების მიუხედავად, მან კიდევ ერთხელ განახორციელა ატომური ცდა, რითიც უხეშად დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. კორეის რესპუბლიკის მთავრობა მკაცრად გმობს ამგვარ დანაშაულებრივ პროვოკაციას, რომელიც გახლავთ მიუტევებელი.

3. ჩრდილო კორეული რეჟიმი განაგრძობს სახიფათო პროვოკაციებს, ფოკუსირებულია მხოლოდ და მხოლოდ ატომური და რეაქტიული შესაძლებლობების განვითარებაზე, რითიც სრულად უგულვებელყოფს საკუთარი მოქალაქეების ადამიანურ უფლებებსა და სასიცოცხლო საშუალებებს. ჩრდილო კორეულმა რეჟიმმა რაიმე გზით უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი ქმედებებით ვერაფერს მიაღწევს. რაც უფრო მეტ წინდაუხედავ პროვოკაციას განახორციელებს, მით უფრო მეტად დადგება საერთაშორისო სანქციებისა და მკაცრი დიპლომატიური იზოლაციის წინაშე, რაც საბოლოო ჯამში მიიყვანს ეკონომიკური კოლაფსსა და თვით განადგურებამდე.

4. კორეის რესპუბლიკა ისევ და ისევ მკაცრად მოუწოდებს ჩრდილო კორეას, რომ სასწრაფოდ უარი თქვას ბირთვული იარაღისა და სარაკეტო პროგრამის დასრულებაზე, გარდაუვალი და კონტროლირებადი წესით. კორეის რესპუბლიკა გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო საზოგადოებასთან და ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დაწესდეს გაცილებით უფრო მკაცრი სანქციები გაეროს უშიშროების საბჭოსა და ორმხრივ დონეზე.

5. გარდა ამისა, კორეის რესპუბლიკის მთავრობა შეინარჩუნებს მზაობას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომავალში შესაძლო პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ, რაც საფრთხეს შეუქმნის კორეის რესპუბლიკის და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებას, რასაც გაეცემა შეუდრეკელი და მდგრადი პასუხი.

ირაკლი კობახიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 19:54

ჩვენს ინტერესებშია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან, სამართლიან გარემოში ჩატარება და ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. ჩვენ დღეს ვსაუბრობდით პროვოკაციების საშიშროებაზე, სამწუხაროდ, ორი მცირე ინციდენტი მოხდა დღეს, ორ სხვადასხვა რეგიონში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ  ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ჩვენ კიდევ ერთხელ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები. კარგია, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ მსუბუქი პროვოკაციებით შემოიფარგლა და რაიმე მძიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.კიდევ ერთხელ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რომ მომავალში მაქსიმალურად მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები.

თავდაცვის სამინისტროს განცხადება მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 15:35

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოსალოდნელ  ცვლილებებთან დაკავშრებით გავრცელებულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.

"მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოსალოდნელ  ცვლილებებთან დაკავშრებით არის დაუზუსტებელი და მცდარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მართლაც იგეგმება სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან მიმართებში, თუმცა, ეს არ გულისხმობს დეპარტამენტის გაუქმებას, არამედ მიმართულია მის კიდევ უფრო გაძლიერებისა და ფუნქციურად მეტი დატვირთვისკენ. 

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ორგანიზაციულ-სტრუქტურული რეფორმის პროცესი ემყარება ერთის მხრივ, შექმნილი ობიექტური მოცემულობის შეფასებასა და ანალიზს და მეორეს მხრივ, ნატოს ოფისის, საერთაშორისო ექსპერტებისა და მრჩევლების რეკომენდაციებს, ოპტიმიზაციისა და რაციონალური ერთიანი პოლიტიკის წარმოების კუთხით.

კერძოდ, დღეს არსებული სიტუაციით, თავდაცვის სამინისტროში არსებობს დუბლირებული ფუნქცია-მოვალეობებისა და ამოცანების მქონე დეპარტამენტები, შესაბამისად, გაბერილი შტატებით. ადგილი აქვს ფუნქციების იდენტურობასა და ურთიერთგადაფარვას. საგულისხმოა, რომ შტატების სიმრავლე არ არის გამოწვეული შესასრულებელი ამოცანების სიმრავლით. პირიქით, დეპარტამენტების დატვირთვა მინიმალურია და შესაბამისად, მათი საქმიანობაც ნაკლებად ეფექტიანი. რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის პროცესში სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს აქტიურ კონსულტაციებს უწევენ ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველთა ჯგუფი CUBIC, დიდი ბრიტანეთის მრჩევლები; ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა ნატოს ოფისთან და არსებითი პაკეტის წარმომადგენლებთან. მათ ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციას თავდაცვის დაგეგმვის, მართვისა და შიდა კოორდინაციის მექანიზმების ინტეგრირების გაუმჯობესება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავდაცვის სამინისტროში მოვლინებული დიდი ბრიტანეთის მრჩევლებიდან ერთ-ერთი, უშუალოდ სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს უწევს სარეკომენდაციო მომსახურებას.

სწორედ ნატოს ოფისისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში სამინისტროს ბრიტანელი მრჩევლის რეკომენდაციით იქნა მიღებული გადაწყვეტილება დეპარტამენტის სახეცვლილების შესახებ, რის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდება სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. აღნიშნული გადაწყვეტილება, საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ კოორდინირებული საქმიანობა და ერთიანი პოლიტიკა, რაც გაზრდის როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობების ეფექტიანობას,'- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური