ცესკოს საინფორმაციო, სარეკომენდაციო განცხადება პოლიტიკური პარტიებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 აგვისტო 2017 15:13

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

შეგახსენებთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის თანახმად,  პარტია, რომელიც რეგისტრირებული იყო და მონაწილეობდა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლად, ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში ან/და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ მომდევნო 3 დღის განმავლობაში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა).

კოდექსში შესული ცვლილებების  თანახმად,  პარტიებისთვის გამარტივდა საარჩევნო რეგისტრაციისთვის საჭირო  პროცედურები. კერძოდ, პარტიას აღარ ესაჭიროება მისი წესდებისა და სარეგისტრაციო მოწმობის დედნების ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლების ცესკოში წარმოდგენა. ცესკოს თავმჯდომარისთვის კანონმდებლობით დადგენილი  წესით წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს  მხოლოდ  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანეტოს მიერ ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

ვინაიდან საჯაროდ განცხადებულია, რომ ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოსთვის იგეგმება არჩევნების ჩატარება და მოახლოვდა არჩევნების დანიშვნის თარიღი, რომელიც გულისხმობს არჩევნების დანიშვნას 60 დღით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია რეკომენდაციას უწევს შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებზეც ვრცელდება 142-ე მუხლის მოქმედება, მიმდინარე კვირიდან, ან პრეზიდენტის მიერ განკარგულების გამოცემის დღიდან, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამონაწერის მოთხოვნის მიზნით.

პრემიერ-მინისტრის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 აგვისტო 2017 10:49

14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა. მისი შედეგების სიმძიმე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა. 

ჩვენი ერთად ცხოვრების ისტორია სამაგალითოა და არა გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში. ჩვენ შორის არ უნდა იდგეს უცხო ძალა, ეს საზიანოა ჩვენთვის - ქართველებისა და აფხაზებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. 
მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 11:18

2008 წლის 11 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩაიწერა როგორც გმირობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის კიდევ ერთი დღე. ამ დღეს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მებრძოლებმა თავდადების შეუდარებელი მაგალითი აჩვენეს - მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულმა ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან და 17 ჯარისკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

მათი სახელებია - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. ამ სახელებს დავიწყება არ უწერია.

ქედს ვიხრი მათი უკვდავი სულების წინაშე და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017 10:29

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში “ვიზიტი” წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის გამიზნული პოლიტიკის გაგრძელებას. 

აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე მსგავსი ქმედება ემსახურება სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის გზით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას რუსეთის მხრიდან. ამ ნაბიჯით კრემლი ასევე უშედეგოდ ცდილობს თავისი საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერასა და ლეგიტიმაციას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის პრეზიდენტის “ვიზიტს” ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის აგრესიულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 11:14

2017 წლის 7 აგვისტოს ცხრა წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციიდან. 

2008 წლის აგვისტოს ომიდან ცხრა წლის თავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, რაც გამოიხატება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში უკანონო ინტეგრაციით, ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციითა და საოკუპაციო ხაზის გამაგრებით მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით. რეგულარულად ხდება საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო დაკავებები და გატაცებები, მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა აფხაზეთის მიმართულებით ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვამ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ გრძელდება ეთნიკური დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შელახვა. მაშინ, როცა ასობით ათასი ადამიანი გამოდევნილია საკუთარი სახლიდან, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილ ძირძველ ქართველ მოსახლეობას თავის მიწა-წყალზე, როგორც უცხოელებს, ისე ექცევა. გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის შეზღუდვის კვალდაკვალ, მომავალი სასწავლო წლიდან ცხინვალის რეგიონის ქართულ სკოლებშიც იკრძალება მშობლიურ ენაზე სწავლება. ამ ფონზე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს მეტ იზოლაციაში მოაქციოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები და მიზანმიმართულად უშლის ხელს მათ ჰუმანიტარულ კონტაქტებს დანარჩენ საქართველოსა და მსოფლიოსთან.
რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებს თავის სამშვიდობო პოლიტიკას და დიპლომატიის, მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით ესწრაფვის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველო პირნათლად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და კონსტრუქციული ჩართულობით ცდილობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგის მიღწევას. მეტიც, იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სისტემატიურად ეწევა ძალის გამოყენებას, საქართველომ არაერთხელ, მათ შორის, აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე დაადასტურა ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ. საოკუპაციო ხაზზე აღმართულ მავთულხლართებსა და ხელოვნურ ბარიერებს კი საქართველოს მთავრობა უპირისპირებს ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის ინტენსიურ პოლიტიკას.
სწორედ მსგავსი რაციონალური და მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგად, ზემოხსენებული ურთულესი გამოწვევების პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე  და წინსვლა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
ქართული მხარე დიდად აფასებს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მათ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად დარეგულირებას. საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის ცხრა წლის თავზე ქართული მხარე კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული  მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 10:09

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვის გამო, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. 
აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის.
სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.
ზემოაღნიშნული ფაქტი და ზოგადად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რათა აღნიშნული ქმედება ადექვატური საერთაშორისო შეფასებისა და შესაბამისი პასუხის გარეშე არ დარჩეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციაში მომხდარ მეწყერთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 11:11

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მწუხარებას, მიმდინარე წლის 24 ივნისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის მაოსიანის მაზრაში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით, რომლის შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი, ხოლო უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება 93-მდე ადგილობრივი მცხოვრები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანადგომას უცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას და ჩინელ ხალხს, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017 10:21

2017 წლის 20-21 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი შედგა. გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი. 

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

რაუნდის წინ გაიმართა არაფორმალური საინფორმაციო სესია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე თავისუფალი გადაადგილებისა და კონტაქტების არსებული გამოცდილების შესახებ, რომლის დროსაც განხილულ იქნა კვიპროსის წარმატებული მაგალითი. მოწვეულმა ექსპერტმა მოლაპარაკებების მონაწილეებს გააცნო, თუ როგორაა უზრუნველყოფილი თავისუფალი გადაადგილება და გაყოფილ საზოგადოებებს შორის კომუნიკაცია კვიპროსში. ექსპერტმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ასევე სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, განათლების, ეკონომიკის, კულტურულ მემკვიდრეობისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე კუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის პრაგმატული თანამშრომლობის შესახებ.

ორივე სამუშაო ჯგუფში ქართველმა მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მდგომარეობა.

საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ მწვავედ დააყენეს რუსეთის ანექსიის პოლიტიკის შედეგები, რაც გამოიხატება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სივრცეში ეტაპობრივ ინტეგრაციაში. მათ შორის აღინიშნა ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმისა და ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყოველდღიურად ხდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევა. კერძოდ, საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ნაცვლად, რუსეთი, პირიქით, აძლიერებს სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. რეგულარული ხასიათი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნებსაც, რაც ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენებით მუქარის მკაფიო გამოხატულებაა.

ამ ფონზე საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურების მნიშვნელობა. ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. აღნიშნულ თემებზე გაიმართა საგნობრივი დისკუსია, რომლის შედეგადაც მონაწილეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა ერთობლივი განცხადების მიღების მიზნით.

ინტენსიური განხილვის საგანს წარმოადგენდა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა საქართველოდან აღნიშნეს, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე წინასწარ ახმოვანებენ ავლევის, ორჭოსანისა და წითელუბნის სოფლებში დამატებითი ხელოვნური ბარიერების აღმართვის გეგმებს. მოუწოდეს თანათავმჯდომარეებს, აშშ-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პრევენციული ზომების მიღებისკენ. საქართველოდან მონაწილეებმა დააყენეს ასევე საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებებისა და გატაცებების მავნე პრაქტიკა და მოუწოდეს მონაწილეებს, კვიპროსის მაგალითის მსგავსად, პრაგმატული გზები გამოიძებნოს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლების უზრუნველსაყოფად.

ყურადღება დაეთმო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აუცილებლობას. მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გეგმები, გალის მსგავსად, ახალგორის სკოლებშიც შეზღუდონ მშობლიურ ენაზე სწავლება, რაც ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ბავშვების განათლების ხარისხზე. ქართველმა მონაწილეებმა თანათავმჯდომარეებს, აშშ-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სთხოვეს ქმედითი ზომების მიღება მსგავსი სცენარის განვითარების აღკვეთის მიზნით.

განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა გიგა ოთხოზორიას მკვლელის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობა, რაზეც მკაფიო პოზიცია გამოხატეს თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა. ჟენევის მოლაპარაკებებისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ქართველი მონაწილეების კონსტრუქციული თანამშრომლობის პასუხად, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უპასუხისმგებლო პოზიცია რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ კიდევ უფრო აძლიერებს დაუსჯელობის სინდრომს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და ახალისებს ძალადობას ეთნიკურ საფუძველზე.

მონაწილეებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ გამოწვევების საპასუხოდ გაწეული ერთობლივი ძალისხმევის შესახებ, როგორც პრაგმატული და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითზე, განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობა. მონაწილეებმა იმსჯელეს მათი გადარჩენისთვის ერთობლივი ნაბიჯების  შემუშავებაზე.

თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აღნიშნეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვის მნიშვნელობა. თუმცა ამ თემაზე დისკუსიის დაწყებისთანავე რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკების დარბაზი. მსგავსი უპასუხისმგებლო მიდგომა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მანდატისა და სამშვიდობო პროცესების მიმართ მოსკოვის დამოკიდებულებას.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2017 წლის 10-11 ოქტომბერს.
 

სააპელაციო სასამართლო ”ბირჟა მაფიას” წევრების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 12 ივნისი 2017 17:19

სააპელაციო სასამართლო ”ბირჟა მაფიას” წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამასთან სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულები ვალდებულები არიან წინასასამართლო სხდომამადე კვირაში ერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში ანგარიშგების ვალდებულების შესასრულებლად და ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

”თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ (მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი) ბრალდებულების გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატების სააპელაციო საჩივრები დასაშვებად ცნო და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებების მართლზომიერების შესაფასებლად საქმეთა ზეპირი მოსმენა დანიშნა.

ბრალდებულებს გ. ქებურიასა და მ. მგალობლიშვილს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ნარკოტიკული დანაშაულის შესაძლო ჩადენა.

2017 წლის 12 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებებით დაკმაყოფილდა დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები. კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებები ორივე ბრალდებულის მიმართ. ბრალდებულ მ. მგალობლიშვილს პატიმრობის ნაცვლად, დაცვის მხარის მოთხოვნისამებრ, შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 50.000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებულ გ. ქებურიას - გირაო 20.000 ლარის ოდენობით. ამასთან, ბრალდებულებს დაევალათ წინასასამართლო სხდომამადე კვირაში ერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში ანგარიშგების ვალდებულების შესასრულებლად, ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება”-ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში. 

ლევან და გია ყარამანაშვილები განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 11 ივნისი 2017 15:04

ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის აქციების საკონტროლი პაკეტების მფლობელები ლევან და გია ყარამანაშვილები ტელეკომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავად განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას. მათივე თქმით, გვარამიამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლაში და ხვალვე შეუძლია განაახლოს ტელეკომპანიაში თავისი უფლებამოვალეობების შესრულება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ბოლო დღეებში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ტელეკომპანიარუსთავი 2-ში მიმდინარე პროცესები და განსაკუთრებით, ინფორმაცია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ. გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს ნიკა გვარამია, არ შეესაბამება სიმართლეს. ნებისმიერი მინიშნება ამაზე ან არაინფორმირებულობის შედეგია ან - მიზანმიმართული სიცრუე. სინამდვილეში, თათბირზე, რომელიც შეეხებოდა ტელეკომპანიაში დაგროვილ ფინანსურ პრობლემებს, ნიკა გვარამიამ თავად განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას, რასაც დამსწრე დამფუძნებლის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, როგორც არსებული ემოციური ფონის, ასევე იმის გამო, რომ ნიკა გვარამია თავად განიხილავდა წასვლის შესაძლებლობას, რის შესახებაც ვიცოდით როგორც ჩვენ, ასევე ტელეკომპანიის თანამშრომლებმა, რომელთა წინაშეც ეს საჯაროდ იქნა გაცხადებული რამდენიმე კვირის წინ. აღსანიშნავია, რომ თათბირი მოწვეულ იქნა არა დამფუძნებლების, არამედ თანამშრომლების მიერ, ხოლო გიორგი ყარამანიშვილი მასზე მივიდა თათბირის მონაწილეთა თხოვნით.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად არ გაუკეთებია, ნიკა გვარამიას ხვალვე შეუძლია განაახლოს ტელეკომპანიაში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება. ნიკა გვარამიამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლაში. მისი როლი ივანიშვილისგან რუსთავი 2-ის დაცვაში ფასდაუდებელია.

დაბოლოს, ტელეკომპანიის კოლექტივს გვინდა ვაცნობოთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, დამფუძნებლები და გენერალური დირექტორი შეთანხმდნენ კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის ერთობლივ გეგმაზე. აუცილებელია ამ გეგმის განუხრელად შესრულება, მენეჯმენტის ხარჯების ოპტიმიზაციისა და კონტროლის გზით, რათა დაუყოვნებლივ განახლდეს ხელფასების გაცემა დაკომპანიის მიმდინარე ვალდებულებების შესრულება”, - ნათქვამია განცხადებაში. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური