ცესკოს განცხადება ამომრჩეველთა სამაგიდო სიების კანონშეუსაბამო მოთხოვნასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 ოქტომბერი 2017 15:13

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ არსებობს ამომრჩეველთა სამაგიდო სიის საჯარო ვერსია და ის არ გაიცემა საჯარო წესით. სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის პროცესი ხელმისაწვდომია არჩევნების დღეს, დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის. შესაბამისად, ეს პროცესი არჩევნების დღეს ხელმისაწვდომი იყო როგორც დამკვირვებლებისთვის, ისე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის აკრედიტებული წარმომადგენლისთვის.

ამასთან, არჩევნების დღის შემდეგ, სამაგიდო სიები იმყოფება დალუქულ მდგომარეობაში და მასში არსებული ინფორმაციის დამუშავება და ნებისმიერი ინფორმაციის გაცემა უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ კომისიისთვის კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ბრიფინგზე გაჟღერებული მოთხოვნა საერთოდ აცდენილია კანონმდებლობას, თუმცაღა წესით, აღნიშნული რეგულაციები კარგად უნდა იყოს ცნობილი პოლიტიკური მხარეებისთვის.

ამდენად, საზოგადოების საყურადღებოდ განვმარტავთ, რომ ეს მოთხოვნა აბსოლუტურად შეუსაბამოა კანონთან და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამომრჩეველთა სამაგიდო სია საჯარო წესით არ გაიცემა.

რაც შეეხება ცაგერის # 21 საარჩევნო უბანს, ამ უბანზე არის სულ 35 ამომრჩეველი რეგისტრირებული (33 ერთიან და 2 სპეციალურ სიაში) და როგორც საუბნო შემაჯამებელი ოქმიდან ჩანს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31-მა ამომრჩეველმა (4-ს არ მიუღია მონაწილეობა). ამ უბანზე კენჭისყრის დღეს იმყოფებოდნენ დამკვირვებლები და სუბიექტების წარმომადგენლები, უბანზე  არ დაფიქსირებულა არანაირი პრეტენზია და ცაგერის მთლიან ოლქში არ შესულა არანაირი საჩივარი. უფრო მეტიც, კომისიის ყველა - 13-ვე წევრის, მათ შორის ნაციონალური მოძრაობიდან დანიშნულ და ნაციონალური მოძრაობის ბლოკში შემავალი ქრისტიან-კონსერვატიული პარტიიდან დანიშნული წევრების ხელმოწერაც ახლავს შემაჯამებელ ოქმს და არ ფიქსირდება არანაირი განსხვავებული აზრი, რაც ცხადია კომისიის ყველა წევრის მიერ ადასტურებს პროცესის კანონშესაბამისობას.

შესაბამისად, ამ უბანთან დაკავშირებული პრეტენზიები ან გაურკვეველი წარმომავლობის სატელეფონო ზარები არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის ხასიათის, საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მიზნით და მას რეალური სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.

ცესკოს განცხადება კენჭისყრის დღეს დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017 10:36

დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ერთ-ერთი კანდიდატის განცხადება, თითქოსდა მისი წარმომადგენლების უფლებების განხორციელებას ექმნება საფრთხე. ამასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად უზრუნველყოფს გამჭვირვალობის პრინციპების დაცვას, კენჭისყრის დღეს დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის შექმნის შესაბამის პირობებს და ხელს შეუწყობს კანონით დადგენილი მათი უფლებების თავისუფლად განხორციელებას.

ამასთან, დაკვირვების უფლების მქონე პირებს (დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები) ცესკო შეახსენებს, რომ მათ შეუძლიათ კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან, მათ შორის კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების შესაბამისი უბნის სიაში იდენტიფიცირების შესაძლებლობის კუთხით, დააკვირდენენ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას, მათ დამოწმებას და კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად განახორციელონ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზემოხსენებული უფლების განხორციელება მოხდეს კენჭისყრის შენობაში აგიტაციისა ან ამომრჩეველზე რაიმე ზეგავლენის გარეშე, რათა დაცული იქნას ხმის მიცემის ფარულობისა და ნების თავისუფლად გამოხატვის ფუძემდებლური პრინციპები.

შესაბამისად, ცესკო მიმართავს დაკვირვების უფლების მქონე პირებს იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას და კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ესპანეთის სამეფოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017 11:12

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას.

იმედს გამოვთქვამთ,  რომ კრიზისი დარეგულირდება დიალოგის გზით და ესპანეთის ხელისუფლება შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას და ამით გარანტირებული იქნება ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, ნათქვამია საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

ცესკოს განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ მუქარის შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 03 სექტემბერი 2017 13:10

2 სექტემბერს, ახალქალაქში, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა სამველ პეტროსიანმა და მისმა შვილმა გიორგი პეტროსიანმა (გამგებლის რწმუნებული) განახორციელეს მუქარა. ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ როგორც საკუთარი სიცოცხლის მოსპობით, ისე ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, სახლის დაწვით. საყურადღებოა,  რომ ჰასმიკ მარანგოზიანის განცხადებით, აღნიშნული პირების მხრიდან მსგავსი მუქარა მის მიმართ უკვე არაერთგზის განხორციელდა.

გარდა ამისა, გუშინვე, სამველ პეტროსიანმა ქუჩაში მიმავალ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, პაატა ფანჯიკიძეს, მოპირდაპირე მხრიდან გაუჩერა მანქანა და  მოსთხოვა ახსნა-განმარტებები მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფაქტები შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მოწოდებული ინფორმაცია შესასწავლად  გადაეგზავნება პროკურატურას.

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ამ სახის ჩარევა უკვე საშიში ტენდენციის სახეს იღებს, რაც მოითხოვს ყველა ჩართული მხარის დროულ რეაგირებას და  მაქსიმალურ ძალისხმევას ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის. 

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს არჩევნებში მონაწილე მხარეებს თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევისა და უკანონო ქმედებების განხორციელებისგან.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ადმინისტრაციის განცხადება

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 02 სექტემბერი 2017 12:38

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "2017 წლის 29 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გაგადწყვეტილება, რომლითაც  დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს უარი ეთქვა  ავტორიზაციაზე, რაც ნიშნავს სკოლის საქმინობის შეჩერებას.  ამ გადაწყვეტილებით განათლების უფლება შეეზღუდა 350-მდე მოსწავლეს და უმუშევრობა ემუქრება 100- მდე თანამშრომელს. 

 მოგეხსენებათ, რომ 2016-2017 სასწალო წელი ურთულესი იყო დემირელის კერძო კოლეჯისთვის. სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში შემოვიდა ფინანსური პოლიცია, მთელი წლის განმავლობაში დაკითხვებზე იბარებდნენ პედაგოგებს, რაც მათთვის დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო. ამავე წელს, ავტორიზაცია გაუუქმდა შაჰინის სახელობის ბათუმის სკოლა- ლიცეუმს, რომელიც  დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლაა; დაუსაბუთებელი ბრალდებით დააკავეს დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი და შეუფარდეს საექსტრადაციო პატიმრობა.

    დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ადმინისტრაცია შეშფოთებული და იმედგაცრუებულია  ამგვარი მიდგომით იმ სკოლის მიმართ, რომელიც  1993 წლიდან  წარმატებულ  საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა  საქართველოში და  რომლის მოსწავლეებსა და კურსდამთავრებულებს  არაერთხელ უსახელებიათ საქართველოს სახელი საერთაშორისო მასშტაბით. სულ ახლახან, აგვისტოს დასაწყისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს ტაილანდში გამართულ  ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიდაზე, ასევე  ევროპისა და მსოფლიოს ინფორმატიკის  ოლიმპიადებზე და მხოლოდ ერთ თვეში  სკოლამ ქვეყანისთვის ოთხი  მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. ეს არ რის სრული ჩამონათვალი იმ მიღწევებისა, რომელიც მხოლოდ წელს სკოლამ მოუტანა ქვეყანას.   

 ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებული  გადაწყვეტილების ოფიციალურად  გამოქვეყნების შემდეგ, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი კონსულტაციას გაივლის ადვოკატებთან და  არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს,   რათა არ შეილახოს  სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებები. 

ვაპირებთ, გამოვიყენოთ კანონმდებლობით  მონიჭებული გასაჩირების უფლება, რათა ბათილად იქნას ცნობილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  ავტორიზაციის საბჭოს  გადაწყვეტილება".

                                                                     დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ადმინისტრაცია

ცესკოს განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017 13:07

2017 წლის 30 აგვისტოს დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსი. 73 საარჩევნო ოლქის 3635 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 810 ვაკანტურ ადგილზე სულ შევიდა 28 666 კონკურსანტის განცხადება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 1-5 სექტემბრის პერიოდში, ხოლო 6 სექტემბრიდან დაიწყება 7 უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნომინირება/დანიშვნა. პარტიების მიერ დასანიშნ წევრთა რაოდენობა ყველა უბანზე ჯამში შეადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის 25 445 წევრს.

საუბნო  საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და მედიას. 

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და წესებს. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია, როგორც კოლეგიალური ორგანო, ხელმძღვანელობს და  გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობის საფუძველზე.

ამასთან, წარმატებული და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნების ხელშესაწყობად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გაიცა რეკომენდაციები საოლქო საარჩევნო კომისიებზე, რომ უბნის კომისიების დაკომპლექტების პროცესში დამატებით გაითვალისწინონ:

-        კარგი პროფესიული გამოცდილება;

-        საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება;

-        საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში „საარჩევნო განვითარების სკოლა“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ და სხვა მონაწილეობა.

ცესკო მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე მოქალაქეებს საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მზაობისთვის და დარწმუნებულია, რომ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართება კანონმდებლობის შესაბამისად, გამჭვირვალედ და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა იქნება მორიგი წარმატებული და სანდო არჩევნების მნიშვნელოვანი გარანტი.

სამხრეთ კორეის განცხადება ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 12:43

ჩრდილოეთ კორეამ 29 აგვისტოს ბალისტიკური რაკეტის ცდა ჩაატარა სუსანში. სამხრეთ კორეა გმობს ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციას რადგან ის მიუხედავად საერთაშორისო მკაცრი გაფრთხილებებისა კვლავ აგრძელებს ბალისტიკური რაკეტების ცდას და არღვევს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სანქციებს.

ჩრდილოეთ კორეამ უნდა გაათვითცნობიეროს რომ უატომობა არის ერთადერთი გზა უსაფრთხოებისთვის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.  დაუდევარ პროვოკაციებს სჯობს ჩრდილოეთ კორეამ მიიღიოს უატომობა.

თუ ჩრდილოეთ კორეა გააგრძელებს ატომური ირაღების ცდებს და პროვოკაციებს, სამხრეთ კორეა უპასუხებს სათანადოდ მას სამხრეთ კორეის და ამერიკის ერთიანი ძალების მეშვეობით.  სამხრეთ კორეა მზად არის უპასუხოს ნებისმიერ საფრთხეს სათანადოდ, რათა დაიცვას თავისი მოსახლეობა და მათი სიცოცხლე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 10:56

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სისტემატურად დარღვევის გამო და გმობს 2017 წლის 29 აგვისტოს ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდას.

როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე, საქართველო ემიჯნება ნებისმიერ ქმედებას, რაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 27 აგვისტო 2017 14:03

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა - „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა. 

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ სახანძრო - სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სპეცტექნიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

პირველადი ინფორმაციით, წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა. 

პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეოთხე თანამშრომელი, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაჰყავთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს - „მი-8“ - ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა. მოცემულ დროს, ვერტმფრენის ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

საგანგებო შტაბის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 აგვისტო 2017 11:25

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში სრული დატვირთვით მიმდინარეობდა, ბოლო ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი, ხანძრის კერების ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. საგანგებო შტაბი, მთავრობა, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. 

გამთენიისას სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა რომლებმაც ღამით, არჯევანიძის ტყიდან თორთის გზამდე 3 კილომეტრიანი გზა გაჭრეს, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება. ქართულ და აზერბაიჯანულ ვერტმფრენებთან ერთად, რამდენიმე საათში, საავიაციო სამუშაოებში ჩაერთვება თურქული მხარეც, რომელიც დამატებით 2 ვერტმფრენს გამოაგზავნის. ამ დროისათვის არ არსებობს ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე.

მთელი ღამე შეუჩერებლად მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ადგილზე იმყოფება 300- ზე მეტი მაშველი. 100-ზე მეტი ტყის მცველი, უსაფრთხოების სამსახურის, შსს-ს, გარემოს დაცვის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სახანძრო სამსახურების, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილზე რჩება და საგანგებო შტაბის მუშაობას უშუალოდ ხელმძღვანელობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური