შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019 16:16

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარემონტო სამუშაოების გამო, 17 იანვრიდან თებერვლის ბოლომდე, აღნიშნულ ქუჩასა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომანქანებს გადაადგილება შეეძლებათ შემდეგი მიმართულებით:

• მთაწმინდის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე გამომავალი ნაკადი იმოძრავებს ჩიტაძის ქუჩაზე;

• ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა სრულად აიკრძალება - ავტომანქანები იმოძრავებენ გერგეტის ქუჩის გავლით, სასურველი მიმართულებით. გერგეტის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ამაღლების ქუჩით ისარგებლებენ;
• გ.ლორთქიფანიძის ქუჩიდან ამომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ ამაღლების ქუჩის მიმართულებით;
• ასევე, დროებით აიკრძალება ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა ჩაიკოვსკის ქუჩის გავლით;
• გერგეტის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი კი იმოძრავებს მხოლოდ ამაღლების ქუჩით, სასურველი მიმართულებით.
აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019 15:06
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების  ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.
აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს პროკურატურას.
ეროვნულმა ბანკმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა საკითხი და აღმოჩენილ დარღვევებზე მოახდინა  შესაბამისი რეაგირება.
ხოლო საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. 
გამოძიებით დადგენილია, რომ  2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა,  ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს.  2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს  სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს  ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ს, ვალი.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ.

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 28 დეკემბერი 2018 14:11

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ ის მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიევის ვადის გახანგრძლივებაზე:

,,მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და ასევე მთავარი პროკურორის მზაობას თავად უხელმძღვანელოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების უკვე ათწლეულების მანძილზე დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმეს.

იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით გაწეული სამუშაოს შედეგად, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება და აღდგება ისტორიული სამართლიანობა, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018 15:40

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, VI საარტილერიო ბრიგადის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი  ა. ჩ. სამტრედიიდან ხონის მიმართულებით სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - უკვე გამოკითხულია მძღოლი და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიებას იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველო აწარმოებს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018 16:25

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით 2018 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამა და ამ მიმართულების გაძლიერებისთვის ევროკავშირის დაფინანსებულ ახალ პროექტში ჩაერთო.

ევროკავშირი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერას იწყებს. ახალი პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზენტაციაზე 2018 წელს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები წარმოადგინა.

სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა :

  • „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“
  • „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“
  • „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“

2018 წელს დაკავებული იქნა 4 ე.წ. კანონიერი ქურდი და "ქურდული სამყაროს" 52 წევრი, რაც, სტატისტიკური მაჩვენებლით, წინა წლის მონაცემზე 477%-ით მეტია. დაკავებულთაგან 19 პირს ბრალი ახალი მუხლებით წარედგინა.

ტრეფიკინგის ბრალდებით, 2018 წელს დაკავებულია 42 პირი, 66%-ით მეტი, წინა წელთან შედარებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მტკიცე ძალისხმევა ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო წელს ერთადერთია, რომელმაც პირველ კალათაში ადგილი შეინარჩუნა.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს 40 კიბერდამნაშავე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია 117 პირი, ეს ციფრი 2-ჯერ მეტია, წინა წელთან შედარებით. მათ შორის ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობის ფაქტზე დაკავებულია 7 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მხრივ 2018 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 19 ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა, რომელთა შედეგადაც მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 13 ე.წ. კანონიერი ქურდი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 16 დეკემბერი 2018 16:24

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ბრიფინგი:

თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები.

თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება.

კახეთის მიმართულებთ, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის გავლით მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას.

მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან. აშკარაა რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა.

პოლიციის მიერ შესწავლილი იქნება თითოეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

 

 

სადაზღვევო ინდუსტრიის საგანგებო განცხადება საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018 16:26

დღეს, 11 დეკემბერს სადაზღვევო კომპანიებმა და დაზღვევის ბროკერებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ინდუსტრიის წარმომადფგენლებმა ღიად დააფიქსირეს პოზიცია საბანკო სექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით და  საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდეს.

სადაზღვევო ინდუსტრიის განცხადება:

მოგეხსენებათ, განვითარებული და პროგრესზე ორიენტირებული სადაზღვევო სექტორის არსებობა ეკონომიკის სტაბილურობისთვის  და თანამედროვე საზოგადოების მშნენებლობისთვის, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

დღეს, ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც საბოლოოდ იშლება ზღვარი საბანკო და სადაზღვევო სექტორს შორის. დამოუკიდებელ სადაზღევო კომპანიებს ეზღუდებათ ბაზარზე წვდომა და  ბანკების ხელში არსებული რესურსების უკონტროლოდ გამოყენების პირობებში, თავისუფალი მოთამაშეებისთვის ადგილი აღარ რჩება.

ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80-90% მიაქვთ, რასაც აღწევენ საკუთარი მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვით და მათი იძულებით სესხის აღებისას შეიძინონ მხოლოდ მათთან აფილირებილი სადაზღვევო კომპანიების პოლისები; აღნიშნული განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება თიბისი ბანკის, ბაზისბანკის და საქართველოს ბანკის მაგალითზე, სადაც ეს უკანასკნელი კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანიის დაარსებაზე იღებს თანხმობას ეროვნული ბანკისგან.

ჩვენმა მივმართავთ  ეროვნულ ბანკს, დაზღვევის ზედამხედველის სამსახურს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას, მიიღონ  შესაბამისი ზომები დარგში საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად,  ამ შინაარსის მიმართვის წერილი სადაზღვევო ინდუსტრიის მხრიდან ყველა შესაბამის პირს უკვე დაეგზავნა. ზომები დროულად არის მისაღები მდგომარეობა კი დღითიდღე მძიმდება, იმ პირობებში როდესაც ეროვნული ბანკი გასცემს ახალ თანხმობებს და სულ მალე დაზღვევის სექტორში ბანკების კონტროლქვეშ არსებული სადაზღვევო კომპანიები უმრავსელობაში აღმოჩნდებიან.

ჩვენი მხრიდან მოხდება ყველა ეფექტური მეთოდისა და კომუნიკაციის გზის გამონახვა მთავრობასა და პარლამენტთთან რათა  დაყენებული საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში დაუყოვნებლივ დაიწყოს  აღნიშნული საკითხის დროული გადაწყვეტა.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც სწორედ აღნიშნულისკენ მოგვიწოდებს და ჩვენი ქვეყნისგან მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ მხრივ განხორციელებული ქმედებები, პარალელურად კანონმდებლობაში დატოვებული შავი ხვრელების პირობებში, შემოსავლების იოლი წყაროების დატოვებით ბანკების ექსპანიას დამატებით ახალისებს.

ბანკები სადაც  ჩვენ ბრუნვები გვქონდა განთავსებული და კანონისისმიერი ვალდებულებით ყველა სადაზღვევო კომპანია ვალდებულია მინიმუმ სამ ბანკში განახორციელოს პორთფელის დივერსიფიცირება  და რომლის გავლითაც მომსახურებას ვუწევდით მომხმარებელს, დღეს უკვე კონკურენტებად მოგვევლინნენ. ასეთ პირობებში სრულიად უგულებელყოფილი ხდება კონფიდენციალური კომერციული და პერსონალური ინფორმაციის დაცვა, ხოლო ბანკი უზარმაზარ კონკურენტულ უპირატესობას იღებს. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც ბანკებზე კონკურენციის შესახებ კანონიც კი არ ვრცელდება.

სწორედ მსგავსი შავი ხვრელების აღმოფხვრას ითხოვს ინდუსტრია. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მალე სადაზღვევო და საბანკო სექტორს შორის ზღვარიც გაქრება და დაზღვევაშიც მივიღებთ იმ დუოპოლიურ მოდელს რაც საბანკო სექტორში დღეს გვაქვს.

ბოლოს, გვინდა ხაზი გავუსვათ, ჩვენ არ გავურბივართ კონკურენციას და არ ვითხოვთ სახელმწიფოსგან პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას. ჩვენ ვითხოვთ თავისუფალ კონკურენციას და თანაბარ შესაძლებლობებს ბაზრის ყველა მოთამაშისთვის.

ჩვენი სურვილია ბანკებს ვუყუროთ, როგორც პარტნიორებს და არა, როგორც ჩასაფრებულ მტაცებლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018 11:52

გაცნობებთ, რომ დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში - „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩაატარა.

დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ხელნაკეთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს, არიან თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 01 დეკემბერი 2018 16:52

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციაზე დაიცავს იქ შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს.

 
რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და დაცული იყოს როგორც აქციის მონაწილეების, ისე რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 13:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის ბრიფინგი:

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.

ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის ოთხ ფაქტზე. მათ შორის გამოძიება დაიწყო თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ტვ პირველის ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, მცხეთაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე და ბათუმში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე. ბრალდების ადრესატები არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები.

ოთხივე საქმეზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას.

რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების და ტექნიკის მობილიზებაზე.

აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე. ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს - საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის და UN Women-ის თანამშრომლობა

ლიბერთის და UN Women-ის თანამშრომლობა

დღეს, ლიბერთი ბანკი გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გაწ...

ლიბერთის თანადგომა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - ,,რეჰაბს“

ლიბერთის თანადგომა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - ,,რეჰაბს“

3 დეკემბერს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა...

PSP მადლიერების დღეს 50%-იანი ფასდაკლებით ხვდება კოსმეტიკურ პროდუქტებზე

PSP მადლიერების დღეს 50%-იანი ფასდაკლებით ხვდება კოსმეტიკურ პროდუქტებზე

PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების დღეს“ კოსმეტიკურ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური