საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 16 ივლისი 2015 19:42

2015 წლის 15 ივლისს დაიწყო რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის ფართომასშტაბიანი წვრთნები სამხრეთის სამხედრო ოლქში, ამასთან წვრთნები მიმდინარეოს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ცხინვალის რეგიონში. წვრთნებში მონაწილეობს 58-ე არმიის 1500-ზე მეტი არტილერისტი. წვრთნებში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეიარაღება, როგორიცაა 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები «Акация», «Мста-С» და «Мста-Б»,  ზალპური ცეცხლის რეაქტიული საშუალებები «Град», «Торнадо-Г» და «Ураган», ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები «Штурм-С» , ნაღმტყორცნები «Поднос» და «Сани». სულ წვრთნებში მონაწილეობს 300 ერთეული სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღება.

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს პროვოკაციული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას, საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამასთან, შეშფოთების საფუძველს ქმნის აგრეთვე რუსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბანერებს დამონტაჟების განახლება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის დაწყებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიული ქმედებების ამ მორიგ გამოვლინებას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ აღკვეთოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული ქმედებები.
 

ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედბებს ჩაიდენენ, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან - კულტურის მინისტრი

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 09 ივლისი 2015 16:34

2015 წლის 8 ივლისს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამართალდამცავებმა დააკავეს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი ირაკლი მირუაშვილი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გთავაზობთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის პოზიციას.

"ძალიან სამწუხაროა, რომ კორუფციასთან ბრძოლის და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მაქსიმალური, ინსტიტუციური განვითარების ფონზე ადამიანები მაინც სჩადიან მსგავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
ბატონი მირუაშვილი ძალიან მძიმე ბრალდებით არის დაკავებული. მომავალშიც ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით მსგავსი ფაქტების მიმართ და ადამიანები, ვინც ასეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედბებს ჩაიდენენ, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ ქრთამის აღება გარდა კანონდარღვევისა, უზნეობაა.
"ქრთამის აღება გარდა კანონდარღვევისა, ჩვენს დარგში არის უზენობა", -განაცხადა ანთიძემ.
მან ამ დარგში დასაქმებულ ყველა ადამიანს მოუწოდა გაუფრთხილდნენ დარგს და რეპუტაციას.
შს სამინისტროს ინფორმაციით,
გამოძიებამ დაადგინა, რომ ირაკლი მირუაშვილმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით იჯარით გადაცემაში დახმარებას სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 13 000 ლარი.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 09 ივლისი 2015 12:38

დღეს გამთენიისას წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე დიდი მეწყრული სხეულიდან აღმოსავლეთით 200 მ-ის დაშორებით ადგილი ჰქონდა 13-14 ივნისს წარმოქნილი ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას. დროებით გადაიკეტა საავტომობილო გზა. მწყობრიდან გამოვიდა აღდგენილი მაგისტრალური გაზსადენის მილი.

ამჟამად უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტილია ნაწილობრივ, აუცილებელია სატრანსპორტო მოძრაობის სპეციალური რეჟიმის დაწესება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები . კერძოდ, გარემოს ეროვნული საააგენტოს გეოლოგები, საპატრულო პოლიცია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

სახალხო დამცველის განცხადება კვერნაძის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 ივლისი 2015 12:33

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2015 წლის 6 ივლისს, თბილისში, ბ.კვერნაძის ქ.#10 მომხდარ ტრაგედიას. აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ჭერის ჩანგრევის გამო, მშენებლობაზე დასაქმებული ოთხი მუშა დაიღუპა. საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. სამწუხაროა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო აღნიშნული მძიმე ტრაგედიის თავიდან აცილება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოცემულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა). მიგვაჩნია, რომ შესასწავლია ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების კანონშესაბამისობის საკითხი.

საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო წლების განმავლობაში მწვავედ აყენებს ქვეყანაში შრომის ინსპექციის არარსებობის საკითხს და მისი შექმნის აუცილებლობას უსვამს ხაზს. სამწუხაროა, რომ აღნიშნული რეკომენდაცია დღემდე არ არის შესრულებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი მექანიზმის შექმნასა და ამ სფეროში მინიმალისტური სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება შექმნას ისეთი ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების პრევენციისკენ იქნება მიმართული, მაშინ როცა საქართველოში მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ერთადერთი საშუალება სისხლის სამართლის წესით საქმის გამოძიებაა. აღნიშნული, რასაკვირველია, არ არის საკმარისი.

მიმდინარე წელს სხვადასხვა სამუშაოებზე, მათ შორის მშენებლობებზე დასაქმებული არაერთი მუშის დაღუპვისა თუ დაშავების შესახებ შეიტყო საზოგადოებამ. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, დროულად იწყება გამოძიება, თუმცა საზოგადოება არ არის საკმარისად ინფორმირებული მისი შედეგების შესახებ. ამის გათვალისწინებით, მხოლოდ გამოძიების დაწყება არ წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას მშენებლობისა თუ სხვა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიებისათვის, მაქსიმალურად მკაცრად და პასუხისმგებლობით მოეკიდონ უსაფრთხოების წესებსა და მათ დაცვას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს სრულყოფილად, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევების მიზეზები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და მასზე ზედამხედველობის კანონშესაბამისობის საკითხი. ამავდროულად, მნიშვნელოვანია საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია უსაფრთხოების წესების დარღვევაზე მიმდინარე გამოძიების შედეგებისა და სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების თაობაზე. აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დროულად შექმნას შრომის პირობების ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი და უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო გარემო ყველა დასაქმებული პირისათვის.

ელჩ ნორლანდის განცხადება პრესისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ივნისი 2015 16:05

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდ "ლაბუნის" დახვედრის ცერემონიაზე განცხადება გააკეთა პრესისთვის. მასში კერძოდ აღნიშნულია:

"მადლობა, რომ აქ ხართ. უპირველეს ყოვლისა, აშშ-ისა და აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდ "ლაბუნის" სახელით, გისამძიმრებთ გუშინ, სანაპირო დაცვის სამსახურის თანამშომლის თემურ კონცელიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვიცით, რომ მისი მეუღლე თბილისის საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძვის. ვიმედოვნებთ, რომ გამოჯანმრთელდება.
დიდი სიამოვნება და პატივია "ლაბუნის" მეთაურ, კაპიტან მაკალუმთან ერთად აქ ყოფნა. ამ გემის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს აშშ-ის სურვილს, იმუშაოს საქართველოსთან ერთად, რათა გაძლიერდეს საქართველოს შემაკავებელი შესაძლებლობები, მისი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმი და უნარჩვევები. გემის ვიზიტი იმის ნიშანია, რომ შეერთებული შტატები და საქართველო, ნატო და საქართველო გააგრძელებენ თანამშრომლობას რეგიონში უსაფრთხოების გამტკიცებისათვის. ვიცი, რომ გემი და მისი ეკიპაჟი მოუთმენლად ელიან სტუმრობას შესანიშნავ ბათუმში, რომელიც ყოველთვის გამორჩეულად სტუმართმოყვარეა ამერიკული საზღვაო ხომალდების მიმართ. ყოველთვის მადლობელნი ვართ ბათუმის მერისა და აჭარის მთავრობის მიმართ", - ნათქვამია აშშ-ის ელჩის განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 14 ივნისი 2015 21:27

საზოგადოება “მოქალაქე” თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს: მასში კერძოდ ნათქვამია: “ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს. საზოგადოება “მოქალაქე” სწავლობს არსებულ მდგომარეობას, მუშაობს ქალაქის თანადგომისთვის კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმაზე და ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად. საზოგადოება ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს დედაქალაქს ახალი ზოოპარკის აშენებაში”, - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

გვერდი 26/ 26-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური