"ხელისუფლებას უნდა პრეზიდენტიც შეთქმულების მონაწილედ გამოიყვანოს?"-რომან გოცირიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 12:50
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

"მგონი ვოლტერს აქვს ნათქვამი: ის რაც სასაცილოა, საშიში არ არისო. 
წაიკითხავ ამ განცხადებას და გული უნდა გაგისკდეს. თურმე რაღაც უბედურება ხდება ქვეყნის თავს. არა და პირველი რეაქცია არის სიცილი. 
ერთი ორი უკრაინული ”დიალოგი” წავიკითხე ამ რამდენიმე თვის წინათ და მერე შევწყვიტე კითხვა. შეთხზულია ყველაზე უტვინო ადამიანების მიერ. ერთია, არ იციან თემატიკა, თუ რაზე უნდა ესაუბრათ დიალოგში მონაწილე პირებს და მეორე-ლექსიკა. აბსოლუტურად ყალბი. ისიც კი არ იციან, რა სახელებით მიმართავენ ერთმანეთს, შენობით თუ თქვენობით, ჟარგონით თუ ლიტერატურული ენით. სკოლის მოსწავლეც კი უკეთეს მოდელირებას შეძლებდა. 
გუშინ გავრცელებულიც ამ კატეგოტიას მიეკუთვნება. ყალბი ენა, ზედმეტად დალაგებული საუბარი, არაბუნებრივი პასაჟები. ვინმე ენის სპეციალისტი არა ჰყავს ქართულ სპეცსამსახურებს? ან ფსიქოლოგი? ან ცნობიერების ნაკადზე რაიმე სმენიათ? არაა დიალოგი ყოველთვის სატელევიზიო გამოსვლასავით მწყობრი. წყვეტილია. აზრები ხტის ერთიდან მეორეზე. ან ისეთი რა გაუჭირდათ, აეროპორტის რიგში არ დაგეგმონ გადატრიალება, როცა თურმე ორი დღე ერთად ყოფილან ევროპის სახალხო პარტიის კონფერენციაზე?
თუ ამით ხელისუფლებას უნდა, რომ რუსული სპეცსამსახურების უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული მასალებით ქართველი ხალხი დააბოლოს? თანაც ქვეყნის პრეზიდენტიც შეთქმულების მონაწილედ გამოიყვანოს და ამით თავიან შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს? თუ ეს ასეა, მაშინ ძალიან სახიფათო თამაში წამოუწყიათ. არ გამოუვათ. არ ჰყოფნით ამისთვის არც ინტელექტუალური და არც ელექტორალური რესურსი. ყველაფერი დამთავრდება ცუდად. პირველ რიგში მათთვის, ვინც ეს წამოიწყო და შესაძლოა ქვეყნისთვისაც. 
ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი-ვერც საკუთარ შეცდომებზე."- წერს რომან გოცირიძე ფესიბუკზე.

შეგახსენებთ,რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.რომლის თანახმადაც, თითქოს და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას 22 ოქტომბერს, სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში ესაუბრება. საუბრის სტენოგრამაში სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი. მედიით გავრცელებულ სტენოგრამაში ასევე ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

პროკურატურა ალექსი ახვლედიანის და ნიკა გვარამიას დაკითხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 10:29

პროკურატურა ალექსი ახვლედიანის და ნიკა გვარამიას დაკითხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნიკა გვარამიას და ალექსი ახვლედიანის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა, გამოძიება უახლოეს დღეებში მოწმის სახით დამატებით დაკითხავს ნიკა გვარამიას. 
"2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მოწმის სახით დაიკითხა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2"-ის შენობაში მასთან შეხვედრისა და ხელისუფლების მოთხოვნის გადასაცემად მივიდა მისი მეგობარი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი - 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. გზავნილი შეიცავდა მოთხოვნას, რომ სასამართლოში მიმდინარე პროცესებისათვის ამ უკანასკნელს არ შეეშალა ხელი, წინაღმდეგ შემთხვევაში გაასაჯაროებდნენ მისი პირადი ცხოვრების ამასახველ ვიდეო ჩანაწერებს, სხვადასხვა სატელეფონო საუბრებს, მათ შორის ტელეკომპანიის მართვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან გამართულს სატელეფონო საუბრებს. 
ნიკა გვარამიას ჩვენების საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი - 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. ამ უკანასკნელმა დაადასტურა ნიკა გვარამიასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა, ამ ურთიერთობის ფარგლებში მათი სხვადასხვა ვითარებაში ხშირი შეხვედრები და მათ შორის ტელეკომპანია "რუსთავი ორის" შენობაში 2015 წლის 21 ოქტომბერს შემდგარი შეხვედრის ფაქტი, თუმცა კატეგორიულად უარყო რაიმე სახის სახელისუფლებო გზავნილების გადაცემის, მათ შორის სასამართლოში მიმდინარე პროცესებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების ანდა სატელეფონო საუბრების მასალების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით ხელისფულების მოთხოვნის გადაცემის ფაქტი. ა.ახვლედიანის განცხადებით, მათ შეხვედრაზე მსგავს თემებზე საუბარი არ ყოფილა და ყველა მათი შეხვედრის საუბარი ყოველთვის ატარებდა წმინდა მეგობრულ ხასიათს. ნ გვარამიას განცხადება, რომ მან შეხვედრისას ამ უკანასკნელს გადასცა ხელისუფლების ზემოხსენებული მოთხოვნა არის სიცრუე. 
ორივე მოწმემ დაკითხვისას აჩვენა, რომ მათ შეხვედრებს სხვა მესამე პირი არ ესწრებოდა, ასევე არც ერთი მხარის მიერ არ მომხდარა მათი საუბრის აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ასევე, გამოძიების მიერ სისხლის სამართლის საქმეს დაერთო ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის სამეთვალყურეო კამერების ვიდეო ჩანაწერები, რომლებზეც დაფიქსირებულია ალექსი ახვლედიანის ტელეკომპანიის შენობაში შესვლის და გასვლის კადრები. დათვალიერდა ნიკა გვარამიას მისაღები და სათათბირო ოთახი, სადაც 2015 წლის 21 ოქტომბერს ერთმანეთს შეხვდნენ ნიკა გვარამია და ალექსი ახვლედიანი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ტელევიზიის სათვალთვალო კამერების მიერ არ მომხდარა მათი საუბრის აუდიო-ვიდეო გადაღება, ვინაიდან შეხვედრის ოთახში არ არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები. 
ვინაიდან ნიკა გვარამიას და ალექსი ახვლედიანის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა, გამოძიება უახლოეს დღეებში მოწმის სახით დამატებით დაკითხავს ნ.გვარამიას", -ნათქვამია განცხადებაში.

უდუმაშვილის განცხადებით მოსამართლე ურთმელიძემ უკან დაიხია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 17:50

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიის ეთერში შეკრებილებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

უდუმაშვილმა მიმართა ადგილზე შეკრებილებს, რომ 26 ოქტომბერს კვალ მათი მხარდაჭერის იმედი აქვთ.

„თქვენმა თანადგომამ დღეს მცირე გამარჯვება მოიტანა, რადგან მოსამართლე ურთმელიძემ უკან დაიხია და ვერ გაბედა გადაწყვეტილების გამოცხადება. როგორც ვიცით, ორშაბათს გახდება ცნობილი გადაწყვეტილება სარჩელთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც ხელისუფლებას ხელს ააღებინებს ამ უკანონობაზე, ეს არის ხალხის ხმა. ორშაბათს ისევ აქ შევიკრიბოთ“, - მიმართა უდუმაშვილმა.

"რუსთავი 2"-ის საქმეზე პროცესი 26 ოქტომბერს განახლდება. სავარაუდოდ განაჩენი სწორედ ორშაბასთს გამოცხადდება.

ელისო ჩაფიძე პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებებს გამოეხმაურა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 14:41

უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებებს გამოეხმაურა. ჩაფიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სახიფათო განცხადება გააკეთა, პრემიერმა კი - ადექვატური.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერი სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულა. პრემიერმა კი განაცხადა, რომ გვარამიას განცხადება მუქარაზე ერთი შეხედვით პროვოკაციას ჰგავდა. მან ასევე ისაუბრა წამების კადრებსა და რუსთავი 2-ზე. 

"უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერი სახის ძალადობის პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 14:37

დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს , სადაც ნათქვამია, რომ - "ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ:

ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე; 
ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი. 
მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის", -ნათქვმია გავრცელებულ განცხადებაში

პრეზიდენტის განცხადებას გამოხმაურება მოყვა მმართველ გუნდშიც

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 13:19

პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერის განცხადებამ სიტუაციის განმმუხტვის ნაცვლად დაძაბულობის შექმნას შეუწყო ხელი, სასჯელაღსრულების მინისტრი გამოეხმაურა. კახი კახიშვილის განცხადებით პრეზიდენტმა აჟიოტაჟი უსაფუძვლოდ შექმნა.

„პრეზიდენტის განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას. როდესაც საქარტველოს პრეზიდენტი საუბრობს იმაზე რომ კონსტიტუციური წესრიგს საფრთხე ექმნება, ამის საფუძველი უნდა ქონდეს. როცა პრეზიდენტი აკეთებს მოწოდებას, რომ მოვუწოდებ სასამართლოს არ გამოიტანოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება, სხვა რა შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად. ამავდროულად ასეთი აჟიოტაჟს, რომ მოსალოდნელი საფრთხის გამო ის კონსულტაციებს იწყებს ამას საფუძველი უნდა ქონდეს. ამ შემთხვევაში კი მე ვფიქრობ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს“- განაცხადა კახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელმა მარგველაშვილის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა . 

კვაჭანტირაძე თიბილოვის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 13:40

ლეონით თიბილოვის განცხადებას, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ შესაძლოა რეფერენდუმი გაიმართოს, მმართველი გუნდის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე გამოეხმაურა. 

კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ რეფერენდუმის ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საერთაშორისო საზგოადოებამ იცის, რომ საქართველოს ტერიტორია რუსთის მიერ არის ოკუპირებული. 

"ჩვენ ვიცით რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორია რუსეთის მიერ. ამიტომ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად არანაირ რეფერენდუმს არანაირი მნიშნველობა არ ექნება," - განაცხადა 

ქართული მხარე თიბილოვის განცხადებას პროვოკაციას უწოდებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 12:51

ცხინვალში რუსეთთან ინტეგრაციის მიზნით რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ ინფორმაციას ქართული მხარე გამოეხმაურა. ქართველი პოლიტიკოსები ამ ფაქტს პროვოკაციას უწოდებენ.

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ოფიციალური თბილისის პასუხი მხოლოდ დიპლომატია იქნება. ამავე თემაზე განმარტებები დეპუტატებმაც გააკეთეს.

„ზუსტად იმის გათვალისწინებით, რომ ეთნიკური ქართველების წმენდას ჰქონდა ადგილი, ზუსტად იმის გათვალისწინებით, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი ჩვენ ოკუპირებულ რეგიონში, რა თქმა უნდა, მსგავს ღონისძიებებს არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა და ძალა არ ექნება“, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ.

უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ კი აღნიშნა, რომ სეპარატისტები ყოველთვის ეცდებიან საქართველოს ტერიტორიაზე პროვოკაციების მოწყობას.

„რასაკვირველია ეს ე.წ. რეჟიმები საქართველოს ტერიტორიაზე წახალისებული არიან რუსეთის ფედერაციის მიერ და წავლენ ყველაფერზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვას შეცდომა“, - აღნიშნა მიროტაძემ.

შეგახსენებთ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ინტეგრაციის მიზნით ცხინვალში შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს. 

"რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით "საქართველოს მოსამართლეთა ერთობა"განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 10:30

"საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ წარმოებული დავის განხილვა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცა. 
"ეს არცაა გასაკვირი, რადგან მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ბედი, მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა და თავისუფალი საინფორმაციო გარემო მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის. სწორედ, რომ გამოხატვის თავისუფლების არსებობით, მისი ხარისხით იზომება დემოკრატიულობა და პლურალიზმი სახელმწიფოში. ამ ბუნებრივი ინტერესის ფონზე კიდევ უფრო მძაფრდება ყურადღების ეპიცენტრი მოპასუხე ტელეკომპანიის, მისი წარმომადგენლების განცხადებებისა და სიუჟეტების გამო. მაგალითად, დავაში მოპასუხე მხარედ მონაწილე "რუსთავი 2"-ის დირექტორის ბატონი ნიკა გვარამიას განცხადებები შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს. ის უნდობლობას უცხადებს დავის განმხილველ მოსამართლეს და დავის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მოსამართლის მიკერძოებულობის საფუძვლებად სხვადასხვა სახის გარემოებებს ასახელებს. ტელეკომპანიის დირექტორმა ერთ შემთხვევაში მოსამართლე მოიხსენია მოქმედი იუსტიციის მინისტრის გუნდის წევრად და მისსავე დაქვემდებარებაში მყოფ "ზონდერ მოსამართლედ", მეორე შემთხვევაში მოსამართლე კორუფციაში, უფრო კონკრეტულად დავის მიკერძოებულად გადაწყვეტის სანაცვლოდ დიდი ფულის აღებაში დაადანაშაულა და მესამე შემთხვევაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მოსამართლე მისი ოჯახის წევრის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გამო პროკურატურის ტყვედ მოიხსენია. ამ წინააღმდეგობრივი განმარტებების ფონზე ობიექტურ დამკვირებელს ბუნებრივად გაუჩნდება კითხვები - რომელია მოსამართლის უნდობლობის საფუძველი? არსებობს კი მოსამართლის მიუკერძოებულობაში დასაბუთებული ეჭვის შეტანის საფუძველი? რა მიზანს ემსახურება ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებები? უნდა ითქვას, რომ თავად ბატონი ნიკა გვარამია იძლევა ამ კითხვებზე პასუხს. ის არ მალავს, რომ მისი ყველა გამონათქვამი ემსახურება ისეთი გარემოს შექმნას, რომ საქმის განხილვას ჩამოცილდეს კონკრეტული მოსამართლე.
წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოება თუ ის არ ზრუნავს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ამ ინტერესის დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი დასაშვებად მიიჩნევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც კი. ეს იმით არის განპირობებული, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის კანონიერ ინტერესებს შორის ღირებულებათა კონფლიქტის დროს "სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის" საჯარო ინტერესთან ერთად, კონფლიქტის ერთ მხარეს ექცევა "სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვის" ინტერესიც. სწორედ ამიტომ, მართლმსაჯულების (და არა კონკრეტული მოსამართლის) ინტერესებიდან გამომდინარე, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს:
1. განსახილველი საქმის შესახებ ინფორმაციების გადაცემა არ უნდა გადაიზარდოს "პარალელურ სასამართლო პროცესში"; 
2. თავიდან უნდა იქნეს აცილებული საზოგადოებაში წინასწარი შთაბეჭდილებისა და განწყობის შექმნის შესაძლებლობა. 
ამ ორი კომპონენტის დაუცველობა საფრთხეში აგდებს სასამართლოში სამართლიანი განხილვის ფუნდამეტურ უფლებას, რომელიც გულისხმობს უფლებას მიუკერძოებულ სასამართლოზე. ასეთ ვითარებაში, კონკრეტულ საქმეზე ნებისმიერი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რა სამართლებრივ შედეგსაც არ უნდა ადგენდეს იგი, შესაძლოა აღქმული იქნეს როგორც ზეწოლის შედეგად მიღებული.
ასოციაცია "საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" ვერ იქნება გულგრილი ამ ფაქტის მიმართ. ეს არაა მხოლოდ რიგითი, კონკრეტული შემთხვევა, რომელიც დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცემა. მას შეიძლება მიენიჭოს პრეცედენტის მნიშვნელობა და სხვა მრავალ შემთხვევაშიც განმეორდეს. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ყურადღება უნდა გამახვილდეს და დისკუსია გაიმართოს სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის კანონიერი ინტერესის დაცვის კუთხითაც და იურიდიული საზოგადოების მხრიდან შეფასება მიეცეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის და მისი წარმომადგენლების მოქმედებები თუ რამდენად ექცევა გამოხატვის თავისუფლების საჯარო ინტერესის ფარგლებში.
სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებულობის უზრუნველყოფის საქმეში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მათ უნდა იმოქმედონ ადეკვატურად ყოველი მოსამართლის დაუსაბუთებელი კრიტიკის, მით უფრო, კრიტიკისადმი შეუთავსებელი გამონათქვამების კვალდაკვალ. იმედია, ხელისუფლების სამივე შტო, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, იურიდიული საზოგადოება და თავად მასმედიის წარმომადგენლები საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს მხოლოდ კონკრეტული მოსამართლის საზრუნავად არ მიატოვებენ და ერთად ვიზრუნებთ კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დეკლარილებული სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ინტერესის დასაცავად. სამოსამართლო საქმიანობისათვის სათანადო გარემოს შექმნის გარეშე მართლმსაჯულება შესაძლოა იქცეს მხარეთა თუ დავის შედეგებით დაინტერესებულ სხვა პირთა სუბიექტური ზრახვების განხორციელების მსხვერპლად, რაც უპირველესად დააზარალებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და მასთან დაკავშირებული ყოველი ადამიანის ინტერესს ჰქონდეს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა სამართლიან, მიუკერძოებულ და დამოუკიდებელ სასამართლოში", -ნათქვამია განცხადებაში.

„არ არის განსაზღვრული ადგილი, სადაც არ შეიძლება პლაკატის გაკვრა“, - ზაზა ხატიაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 15:27

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ მერიას არანაირი სამართლებრივი აქტი არ აქვს პლაკატების გაკვრისთვის მოქალაქეების დასაჯარიმებლად.

„არ არის გამოყოფილი და დაგენილი ადგილები, სადაც შეიძლება პლაკატების გაკვრა და სადაც არ შეიძლება. იმიტომ, რომ მე ვესწრებოდი მალხაზ პატარაიას საქმეს, როდესაც ადვოკატი დააჯარიმეს. იქ რამდენჯერმე მიმართა მოსამართლემ და მერიამ ვერანაირი პასუხი ვერ გასცა. თუ ადამიანს დაჯარიმებ ამ პლაკატის გაკვრის გამო და ელემენტარულად, აქ არის გაკრული სვხა პლაკატებიც, აქ არის დიკსრიმინაციული მოპყრობა. არ შეიძლება ერთი და იგივე პირობებში ერთი ადამიანი დააჯარიმო და მეორეზე ინფორმაცია არ გქონდეს, ვინ გააკრა“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილის, ლექსო მაჭავარიანის და სტუდენტ სალომე ხვადაგიანის დაკავება არის სირცხვილი და წინასაარჩევნოდ ადამიანების დაშინება. 

შეგახსენებთ,რომ თამარ ჩერგოლეიშვილი ოპერასთან, "გაზპორმის" საწინააღმდეგო აქციაზე პლაკატების გაკვრის დროს დააკავეს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური