"წართმეული უნდა დაბრუნდეს"-ვოლსკი რუსთავი2-ის საქმეზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 18:55

"წართმეული უნდა დაბრუნდეს" - ასე აფასებს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი. დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას ღიად ამბობს, რომ გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

„ჩვენს ინტერესებში ყოველთვის იქნება სამართლიანობის პრინციპის დაცვა, როგორც მესაკუთრის მიმართ, ასევე ადამიანის რომლის უფლებებიც შეილახა. თუკი მე ეს გადაწყვეტილება მომწონს, ეს არ ნიშნავს, რომ მე ქიბარ ხალვაშისკენ ვიყავი და არა რუსთავი 2-სკენ. პრინციპი უნდა აღდგეს-ადამიანს არ უნდა წაართვა ქონება. გადაწყვეტილება მომწონს, მე მომწონს პრინციპი-წართმეული უნდა დაბრუნდეს,“ - აცხადებს გია ვოლსკი.

მმართველ გუნდში რუსთავი 2-ს ბრძოლის გაგრძელებას  სასამართლოს სხვა ინსტანციებში ურჩევენ.

სდლ საგამოძიებო ორგანოს სოსანაშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 17:38

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გია სოსანაშვილის მიერ, დღეს სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ ფაქტთან დაკავშირებით. სოსანაშვილის განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ თვეების განმავლობაში და დღესაც მიმდინარეობს პოლიციის ოფიცრის ირაკლი ფირცხალავას და მისი კოლეგების დისკრედიტაცია პოლიტიკური ნიშნით.

შეგახსენებთ, რომ დღეს სასამართლო სხდომაზე საკუთარ დასკვნით სიტყვაში ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. „პროკურატურაში 12 საათის განმავლობაში მკითხავდნენ. მითხრეს, რომ ფალიაზე აღმოჩენილი დნმ მე მეკუთვნოდა. შენ მოკალიო. მე ვუთხარი, რომ არ ჩამიდენია ეს დანაშაული-თქო. სადაც გინდა იქ იჩევლეო, უკვე არაფერი გეშველებაო. თავიდან ეს ყველაფერი ხუმრობა მეგონა. რამდენიმე საათში შემოვიდა პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე. იგივე მითხრა. გამომძიებელი მეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი ვითომ ირაკლი ფირცხალავამ დაგავალა, თქვიო. შენ რამდენიმე წელს მოგისჯიო. სამაგიეროდ, შენი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილიო. ამაზე არ დავთანხმდი. ირაკლი ფირცხალავას „ფეისბუქით“ ვიცნობდი. როგორ დამებრალებინა დანაშაული, რომელიც მე არ ჩამიდენია“, - განაცხადა გია სოსანაშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 22:23

საქართველოს სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის შეთავაზებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომელსაც ამჟამად ვხელმძღვანელობ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა და მისი გამართულად ფუნქციონირება ქვეყნის სტაბილურობის, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ხელისუფლების მიდგომის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია. სასჯელაღსრულების სამინისტრო ახლა თავისი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. სამინისტროს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა და ჯერ კიდევ დარჩენილი პრობლემების გადაჭრის პროცესი აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, რაც ჩემს პირად პასუხისმგებლობად მიმაჩნია. ამიტომაც გადავწყვიტე, უარი ვთქვა მთავარი პროკურორობის კანდიდატობაზე და მოვხსნა საკუთარი კანდიდატურა. ამასთანავე, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა წამოაყენეს. უღრმესი მადლობა, ყველა მოქალაქეს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს და საზოგადოების იმ თითოეულ წევრს, რომლებმაც ბოლო დღეებში ჩემს, როგორც პიროვნებისა და სასჯელაღსრულების მინისტრის მიმართ დადებითი შეფასებები გამოთქვეს. მათი მსგავსი თბილი დამოკიდებულება და შეფასება, ჩემთვის დამატებითი სტიმული და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა, ბოლომდე ღირსეულად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ხალხს“, - აცხადებს კახი კახიშვილი.

 


რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდეს "რუსთავი 2", მათ აქვთ უფლება იმუშაონ"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 17:33

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,მას აოცებს ის ფაქტი, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საუბრობს ყველა, გარდა იმ ხალხისა, ვისაც სასამართლო დავა ეხება. როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდეს "რუსთავი 2" და რა ღირებულებებსაც არ უნდა აღიარებდნენ მისი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები, მათ აქვთ უფლება, იმუშაონ.

"გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებს ემიჯნება ყველა, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. ყველა ამბობს, ჩვენ არაფერს არ ვგეგმავდითო. არ ვიცი, ესე იგი მხოლოდ სააკაშვილი გეგმავდა რაღაცას და მისი პარტია აღარ ემორჩილება?! არ ვიცი, ეს როგორ არის. ამ საქმის პოლიტიკური მხარე სრულიად ნათელია. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია, რომ მედია არ დაზარალდეს. რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდეს "რუსთავი 2", რა ღირებულებებსაც არ უნდა აღიარებდნენ მისი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები, მათ აქვთ უფლება, იმუშაონ. 
პირველ რიგში მაოცებს ის, რომ ამ თემაზე ყველა საუბრობს, გარდა იმ ხალხისა, ვისაც საკითხი ეხება. დავა კონკრეტულად ამ არხის მეპატრონეებთან, მათი კომპანიის თუ ქონების თაობაზეა. ვიღაცეები მას იცავენ, ვიღაცეები ბარიკადების აშენებას აპირებენ, ვიღაცეები პოზიციებს სხავანაირად გამოხატავენ. პირველ რიგში მაინტერესებს, ეს ხალხი არსებობს ბუნებაში, ისინი რეალურად ამ ტელევიზიის პატრონები არიან, თუ აღარ არსებობენ და უარი აქვთ ნათქვამი?! თუ ასეა, მაშინ სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც სხვა სურათი და ვითარება გვექნება. ყველა რაღაცას ლაპარაკობს, რაღაცას ცდილობს - დაცვას თუ პოზიციების სხვა ფორმებით გამოხატვას, გარდა იმ ხალხისა, ვისაც ეს ეხება. ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო ესაა. დანარჩენი ამ პროცესიდან, ვინ რა სარგებელის გამონახვას ცდილობს, ეს სხვა თემაა. კიდევ სხვა თემაა შესაძლო კანონდარღვევები, რომელიც შეიძლება გამოიკვეთოს და ეს სამართალდამცავების საქმეა", - განუცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს. 

შოთაძე ფარულ ჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 17:20

მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე უკრაინულ საიტზე გავრცელებულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ დროული რეაგირება მოახდინა და მოსალოდნელი საფრთხის პრევენცია შეძლო.

შოთაძის თქმით, საგამოძიებო უწყებებმა შესაბამისი სამართლებრივი დახმარების თხოვნით უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს უკვე მიმართეს.

„სათვალთვალო კამერების დამონტაჟება და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების გააქტიურება ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე - ვფიქრობს უსაფრთხოების ეს ზომები დროული იყო. ვფიქრობ, რომ ეს პრევენციული ღონისძიებები, ისევე როგორც დამნაშავეების დასჯა და საქმის გამოძიება ისეთივე მნიშვნელოვანია დანაშაულთან ბრძოლის შემთხვევაში.

სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართეს უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს. ვინაიდან ეს ჩანაწერები ატვირთულია უკრაინაში გაცილებით მარტივია მათთვის შესაბამისის საგამოძიებო მოქმედებების წარმოება“ , - განაცხადა შოთაძე

დავით ბაქრაძის განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 15:50

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა. ბაქრაძის თქმით ის ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარების მიზეზი ხელისუფლების მხრიდან სიტყვის თავისუფლებაზე განხორციელებული შეტევაა. ბაქრაძის განცხადებით ის ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება და რ2-ის დასაცავად და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას მხოლოდ კონსტიტუციური მეთოდებით აპირებს:

„მინდა პარტიის სახელით გამოვეხმაურო ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს. პირველ რიგში კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, რატომ მივიდა ქვეყანა აქამდე, რატომ შეიქმნა ეს დაძაბულობა, რატომ ვიმყოფებით კრიზისში. პასუხი არის ერთადერთი და მარტივი, ყველაფერი ხდება იმიტომ , რომ მთავრობა ცდილობს ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2 , იმიტომ რომ მთავრობა მოსამართლის და ხალვაშის ხელით ებრძვის სიტყვის თავისუფლებას. სიტუაციის განმუხტვა სწორედ ამ პროცესების შეჩერებით არის შესაძლებელი. მეორე მე მინდა კატეგორიულად განვაცხადო, ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას. ჩვენი ბრძოლა არის კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა კვირის მოვლენებმა, როდესაც მტავრობის პირდაპირი დავალებით ჩვენი 30-მდე ოფისი დაარბიეს რეგიონებში, არცერთ ჩვენს აქტივისტს საპირისპირო ნაბიჯი არ გადაუდგამს, იმიტომ , რომ ჩვენ ვიბრვით კანონიერების ფარგლებში და ჩვენი ამოცანაა ეს ხელისუფლება კონსტიტუციურად და მშვიდობიანად გავუშვათ სახლში. ჩვენი ამოცანაა, რომ დღეს საუბარი იყოს არა ბარიკადებზე და გადატრიალებებზე, არამედ ქვეყანაში არსებულ გაჭირვებაზე და დამდგარ ეკონომიკაზე. ამას ყველაფერ უპირიუსპირდება მტავრობა , რომელსაც სურს , რომ ყველაფერი გადაიტანოს დაპირისპირების პრიზმაში. ხაზგასმით ვამბობ, ჩვენ ვიბრძოლებთ კონსტიტუციურად, ვიბრძოლებთ ბოლომდე სიტყვის თავისუფლებისთვის, რუსთავი 2-ის თავისუფლებისთვის. მინდა მივმართო რუსთავი ორის ჟურნალისტებს, ამ დრეების განმავლობაში თქვენ კიდევ ერათხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენ ხართ არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ მაღალი პროფესიული ეთიკის გუნდი. ამიტომ ჩვენი ერთობლივი ბრძოლა არ დგას იმაზე, რომ ვინმე ვინმეს თანამებრძოლად განიხილავს. მე მოვდივარ და მოვალ რ2-ის ეზოსთან არ აიმიტომ, რომ ენმ-ს წევრი ვარ არამედ იმიტომ რომ მე ვარ ამ საზოგადოების წევრი და ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა საქართველო არ დაინახონ მხოლოდ 2030-ის ობიექტივიდან. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა. ჩემი უღრმესი პატივისცემა რ2-ის ჟურნალისტებს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ ყოველგვარი ძალადობისგან გამიჯვნით, ჩვენ კონსტიტუციურად გავაგრძელებთ ბრძოლას სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის. ეს ხაზი კი რუსთავი2-ის დაცვაზე გადის და ქართულ საზოგადოებასთან ერთად ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა,ვინც ამ გზით გეგმავს პროცესებს, იგი მოწყვეტილია პოლიტიკურ რეალობას-მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 15:48

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით საქართველოში რევოლუციური სცენარების დრო დამთავრდა. პრეზიდენტის თქმით დაუშვებელია, უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს საქართველოს პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე სახის ცვლილებებს.

"ქართველი ხალხის მიღწევაა არჩევნების გზით ხელისუფლბეის ცვლა, ეს კურსი შეუქცევადია. რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა. ვინც ამ გზით გეგმავს პროცესებს, იგი მოწყვეტილია პოლიტიკურ რეალობას. დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ერეოდეს და არეულობას გეგმავდეს. ადამიანი და მისი სიცოცხლე უზენაესი ღირებულებაა. მოვუწოდებ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და არ აყვნენ ავანტურებს. ვრჩები კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების და მედიის დამოუკიდებლობის გარანტად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"რუსთავი 2"საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 11:35

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდება. ბრიფინგი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. რასთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადება ჯერ-ჯერობით უცნობია.

გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენს, არც აღმასრულებელი ხელისუფლების და არც პარლამენტის აზრს-სერგეენკო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 15:49

მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა იმართება. სხდომის დაწყებამდე მინისტრებმა ჟურნალისტებთან კომენტარი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის „რუსთავი2“-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით და გოგი თოფაძის მიერ ტელეკომპანიის არსებობის შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთეს.

„ქონებრივი დავა ყოველთვის სპეციფიურია, მაგალითისათვის ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს ათეულობით სამედიცინო დაწესებულებაზე გვქონდა ქონებრივი დავა, როდესაც ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყო დამოკიდებული ამაზე, თუმცა ვერ ვიხსენებ ვერცერთ შემთხვევას, როცა ამის მეათედი ყურადღება მაინც იყო მიპყრობილი ამ საკითხზე. ცალსახა პოზიცია ჩემი, რომ ეს არის ქონებრივი დავა, განიხილავს სასამართლო და უნდა დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას“- განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრმა კომენტარი გოგი თოფაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენს, არც აღმასრულებელი ხელისუფლების და არც პარლამენტის აზრს, არამედ ეს დეპუტატის პირადი შეხედულებაა:

„ბატონი გოგი თოფაძე არ არის არც აღმასრულებელი ხელისუფლების და არც პარლამენტის მთავარი აზრის გამხმოვანებელი, ის მმართველი გუნდის წევრია და არა პრესსპიკერი, ეს მისი პირადი შეხედულებაა“- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

"მართლა რომ მოვიდეს სტალინი,პირველ რიგში თოფაძეს მიადგება"-სუბარი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 15:45

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის გოგი თოფაძის განცხადებებს, "რუსთავი 2"-თან და სტალინის სურათთან დაკავშირებით ეხმაურება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ თოფაძის განცხადება ზედაპირული იყო და მას სიტყვა გაექცა, ისევე როგორც ხშირად გაურბის სიტყვა. მინისტრი ამბობს, რომ დეპუტატს პატივს სცემს, თუმცა მან უფრო მეტად დაკვირვებული განცხადებები უნდა გააკეთოს. "მაგალითია ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა სტალინთან დაკავშირებით. გულწრფელად გეტყვით, მართლა რომ მოვიდეს სტალინი, პირველ რიგში თოფაძეს მიადგება, როგორც იმპერიალიზმის აგენტს, კაპიტალიზმის გადმონაშთს და გააციმბირებენ, ხოლო ჩვენთან და თქვენთან მეორე და მესამე რიგში მოვლენ. ამიტომ არა მგონია, თოფაძეს ძალიან უნდოდეს იმ ადამიანის მკვდრეთით აღდგომა", - განაცხადა სიზარ სუბარმა და აქვე რუსთავი 2 თან დაკავშრებით დეპუტატის განცახდებას შეფასა: "რუსთავი 2"-მა არაერთი მფლობელი გამოიცვალა და მაინც არსებობს, თუ კიდევ გამოიცვლის მფლობელს, მაინც იარსებებს, ისევე როგორც, თუ არ გამოიცვლის".

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური