რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდეს "რუსთავი 2", მათ აქვთ უფლება იმუშაონ"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 17:33

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,მას აოცებს ის ფაქტი, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საუბრობს ყველა, გარდა იმ ხალხისა, ვისაც სასამართლო დავა ეხება. როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდეს "რუსთავი 2" და რა ღირებულებებსაც არ უნდა აღიარებდნენ მისი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები, მათ აქვთ უფლება, იმუშაონ.

"გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებს ემიჯნება ყველა, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. ყველა ამბობს, ჩვენ არაფერს არ ვგეგმავდითო. არ ვიცი, ესე იგი მხოლოდ სააკაშვილი გეგმავდა რაღაცას და მისი პარტია აღარ ემორჩილება?! არ ვიცი, ეს როგორ არის. ამ საქმის პოლიტიკური მხარე სრულიად ნათელია. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია, რომ მედია არ დაზარალდეს. რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდეს "რუსთავი 2", რა ღირებულებებსაც არ უნდა აღიარებდნენ მისი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები, მათ აქვთ უფლება, იმუშაონ. 
პირველ რიგში მაოცებს ის, რომ ამ თემაზე ყველა საუბრობს, გარდა იმ ხალხისა, ვისაც საკითხი ეხება. დავა კონკრეტულად ამ არხის მეპატრონეებთან, მათი კომპანიის თუ ქონების თაობაზეა. ვიღაცეები მას იცავენ, ვიღაცეები ბარიკადების აშენებას აპირებენ, ვიღაცეები პოზიციებს სხავანაირად გამოხატავენ. პირველ რიგში მაინტერესებს, ეს ხალხი არსებობს ბუნებაში, ისინი რეალურად ამ ტელევიზიის პატრონები არიან, თუ აღარ არსებობენ და უარი აქვთ ნათქვამი?! თუ ასეა, მაშინ სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც სხვა სურათი და ვითარება გვექნება. ყველა რაღაცას ლაპარაკობს, რაღაცას ცდილობს - დაცვას თუ პოზიციების სხვა ფორმებით გამოხატვას, გარდა იმ ხალხისა, ვისაც ეს ეხება. ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო ესაა. დანარჩენი ამ პროცესიდან, ვინ რა სარგებელის გამონახვას ცდილობს, ეს სხვა თემაა. კიდევ სხვა თემაა შესაძლო კანონდარღვევები, რომელიც შეიძლება გამოიკვეთოს და ეს სამართალდამცავების საქმეა", - განუცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს. 

შოთაძე ფარულ ჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 17:20

მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე უკრაინულ საიტზე გავრცელებულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ დროული რეაგირება მოახდინა და მოსალოდნელი საფრთხის პრევენცია შეძლო.

შოთაძის თქმით, საგამოძიებო უწყებებმა შესაბამისი სამართლებრივი დახმარების თხოვნით უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს უკვე მიმართეს.

„სათვალთვალო კამერების დამონტაჟება და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების გააქტიურება ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე - ვფიქრობს უსაფრთხოების ეს ზომები დროული იყო. ვფიქრობ, რომ ეს პრევენციული ღონისძიებები, ისევე როგორც დამნაშავეების დასჯა და საქმის გამოძიება ისეთივე მნიშვნელოვანია დანაშაულთან ბრძოლის შემთხვევაში.

სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართეს უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს. ვინაიდან ეს ჩანაწერები ატვირთულია უკრაინაში გაცილებით მარტივია მათთვის შესაბამისის საგამოძიებო მოქმედებების წარმოება“ , - განაცხადა შოთაძე

დავით ბაქრაძის განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 15:50

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა. ბაქრაძის თქმით ის ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარების მიზეზი ხელისუფლების მხრიდან სიტყვის თავისუფლებაზე განხორციელებული შეტევაა. ბაქრაძის განცხადებით ის ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება და რ2-ის დასაცავად და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას მხოლოდ კონსტიტუციური მეთოდებით აპირებს:

„მინდა პარტიის სახელით გამოვეხმაურო ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს. პირველ რიგში კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, რატომ მივიდა ქვეყანა აქამდე, რატომ შეიქმნა ეს დაძაბულობა, რატომ ვიმყოფებით კრიზისში. პასუხი არის ერთადერთი და მარტივი, ყველაფერი ხდება იმიტომ , რომ მთავრობა ცდილობს ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2 , იმიტომ რომ მთავრობა მოსამართლის და ხალვაშის ხელით ებრძვის სიტყვის თავისუფლებას. სიტუაციის განმუხტვა სწორედ ამ პროცესების შეჩერებით არის შესაძლებელი. მეორე მე მინდა კატეგორიულად განვაცხადო, ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას. ჩვენი ბრძოლა არის კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა კვირის მოვლენებმა, როდესაც მტავრობის პირდაპირი დავალებით ჩვენი 30-მდე ოფისი დაარბიეს რეგიონებში, არცერთ ჩვენს აქტივისტს საპირისპირო ნაბიჯი არ გადაუდგამს, იმიტომ , რომ ჩვენ ვიბრვით კანონიერების ფარგლებში და ჩვენი ამოცანაა ეს ხელისუფლება კონსტიტუციურად და მშვიდობიანად გავუშვათ სახლში. ჩვენი ამოცანაა, რომ დღეს საუბარი იყოს არა ბარიკადებზე და გადატრიალებებზე, არამედ ქვეყანაში არსებულ გაჭირვებაზე და დამდგარ ეკონომიკაზე. ამას ყველაფერ უპირიუსპირდება მტავრობა , რომელსაც სურს , რომ ყველაფერი გადაიტანოს დაპირისპირების პრიზმაში. ხაზგასმით ვამბობ, ჩვენ ვიბრძოლებთ კონსტიტუციურად, ვიბრძოლებთ ბოლომდე სიტყვის თავისუფლებისთვის, რუსთავი 2-ის თავისუფლებისთვის. მინდა მივმართო რუსთავი ორის ჟურნალისტებს, ამ დრეების განმავლობაში თქვენ კიდევ ერათხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენ ხართ არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ მაღალი პროფესიული ეთიკის გუნდი. ამიტომ ჩვენი ერთობლივი ბრძოლა არ დგას იმაზე, რომ ვინმე ვინმეს თანამებრძოლად განიხილავს. მე მოვდივარ და მოვალ რ2-ის ეზოსთან არ აიმიტომ, რომ ენმ-ს წევრი ვარ არამედ იმიტომ რომ მე ვარ ამ საზოგადოების წევრი და ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა საქართველო არ დაინახონ მხოლოდ 2030-ის ობიექტივიდან. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა. ჩემი უღრმესი პატივისცემა რ2-ის ჟურნალისტებს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ ყოველგვარი ძალადობისგან გამიჯვნით, ჩვენ კონსტიტუციურად გავაგრძელებთ ბრძოლას სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის. ეს ხაზი კი რუსთავი2-ის დაცვაზე გადის და ქართულ საზოგადოებასთან ერთად ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა,ვინც ამ გზით გეგმავს პროცესებს, იგი მოწყვეტილია პოლიტიკურ რეალობას-მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 15:48

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით საქართველოში რევოლუციური სცენარების დრო დამთავრდა. პრეზიდენტის თქმით დაუშვებელია, უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს საქართველოს პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე სახის ცვლილებებს.

"ქართველი ხალხის მიღწევაა არჩევნების გზით ხელისუფლბეის ცვლა, ეს კურსი შეუქცევადია. რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა. ვინც ამ გზით გეგმავს პროცესებს, იგი მოწყვეტილია პოლიტიკურ რეალობას. დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ერეოდეს და არეულობას გეგმავდეს. ადამიანი და მისი სიცოცხლე უზენაესი ღირებულებაა. მოვუწოდებ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და არ აყვნენ ავანტურებს. ვრჩები კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების და მედიის დამოუკიდებლობის გარანტად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"რუსთავი 2"საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 11:35

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდება. ბრიფინგი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. რასთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადება ჯერ-ჯერობით უცნობია.

გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენს, არც აღმასრულებელი ხელისუფლების და არც პარლამენტის აზრს-სერგეენკო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 15:49

მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა იმართება. სხდომის დაწყებამდე მინისტრებმა ჟურნალისტებთან კომენტარი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის „რუსთავი2“-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით და გოგი თოფაძის მიერ ტელეკომპანიის არსებობის შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთეს.

„ქონებრივი დავა ყოველთვის სპეციფიურია, მაგალითისათვის ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს ათეულობით სამედიცინო დაწესებულებაზე გვქონდა ქონებრივი დავა, როდესაც ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყო დამოკიდებული ამაზე, თუმცა ვერ ვიხსენებ ვერცერთ შემთხვევას, როცა ამის მეათედი ყურადღება მაინც იყო მიპყრობილი ამ საკითხზე. ცალსახა პოზიცია ჩემი, რომ ეს არის ქონებრივი დავა, განიხილავს სასამართლო და უნდა დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას“- განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრმა კომენტარი გოგი თოფაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენს, არც აღმასრულებელი ხელისუფლების და არც პარლამენტის აზრს, არამედ ეს დეპუტატის პირადი შეხედულებაა:

„ბატონი გოგი თოფაძე არ არის არც აღმასრულებელი ხელისუფლების და არც პარლამენტის მთავარი აზრის გამხმოვანებელი, ის მმართველი გუნდის წევრია და არა პრესსპიკერი, ეს მისი პირადი შეხედულებაა“- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

"მართლა რომ მოვიდეს სტალინი,პირველ რიგში თოფაძეს მიადგება"-სუბარი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 15:45

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის გოგი თოფაძის განცხადებებს, "რუსთავი 2"-თან და სტალინის სურათთან დაკავშირებით ეხმაურება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ თოფაძის განცხადება ზედაპირული იყო და მას სიტყვა გაექცა, ისევე როგორც ხშირად გაურბის სიტყვა. მინისტრი ამბობს, რომ დეპუტატს პატივს სცემს, თუმცა მან უფრო მეტად დაკვირვებული განცხადებები უნდა გააკეთოს. "მაგალითია ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა სტალინთან დაკავშირებით. გულწრფელად გეტყვით, მართლა რომ მოვიდეს სტალინი, პირველ რიგში თოფაძეს მიადგება, როგორც იმპერიალიზმის აგენტს, კაპიტალიზმის გადმონაშთს და გააციმბირებენ, ხოლო ჩვენთან და თქვენთან მეორე და მესამე რიგში მოვლენ. ამიტომ არა მგონია, თოფაძეს ძალიან უნდოდეს იმ ადამიანის მკვდრეთით აღდგომა", - განაცხადა სიზარ სუბარმა და აქვე რუსთავი 2 თან დაკავშრებით დეპუტატის განცახდებას შეფასა: "რუსთავი 2"-მა არაერთი მფლობელი გამოიცვალა და მაინც არსებობს, თუ კიდევ გამოიცვლის მფლობელს, მაინც იარსებებს, ისევე როგორც, თუ არ გამოიცვლის".

ზურაბ ტყემალაძე გოგი თოფაძის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 12:55

უმრავლესობის დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ გოგი თოფაძემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის სასარგებლოდ საუბრობს.

მისი თქმით, დეპუტატის გუშინდელი განცხადება გულისხმობდა იმას, რომ „რუსთავი 2“ მომავალში არაობიექტური აღარ იქნება.

„ხელისუფლების მხრიდან ჩარევა და რაიმე ინტერესი არ არსებობს. მთავარია, რომ კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარეობს დავა და ამაზე სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. გოგი თოფაძეს არასდროს უთქვამს მსგავსი განცხადება, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეში ვინმე ერევა. ის საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, თუ რისი სურვილი აქვს მას. მან თქვა, რომ „რუსთავი 2“ ასეთი არაობიექტური აღარ იქნებაო. თქვენთვის სასარგებლოს ლაპარაკობს ის კაცი“, - განაცხადა ტყემალაძემ.

გოგი თოფაძემ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ხვალ რუსთავი 2" აღარ იქნება".

გია ჟორჟოლიანი გოგი თოფაძის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 12:27

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით დღეს დილიდან კომენტარები კეთდება საქართველოს პარლამენტში. უმრავლესობის წევრები გოგი თოფაძის გუშინდელ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებენ.

დეპუტატმა გუშინ თქვა, რომ რუსთავი 2 დღეს აღარ იქნება.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს არ აქვს პასუხი, თუ რის საფუძველზე გააკეთა მსგავსი განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა.

"მე მაქვს კრიტიკული დამოკიდებულება რუსთავი 2-ის მაუწყებლობის მიმართ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ რუსთავი 2 არ უნდა იყოს. მან სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეცვალოს, თორემ იქ არიან ადამიანები, განსაკუთრებით ჟურნალისტები, რომლებიც თავის საქმეს პროფესიონალურად და კომპეტენტურად აკეთებენ.

სამწუხაროს უწოდებს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სამართლებრივი დავის პოლიტიზირებას. ეკა ბესელიას თქმით, იმის მიუხედავად, რომ მოსამართლეზე პირდაპირი ზეწოლის ფაქტებია, მან უნდა მიიღოს კანონიერი და სამართლებრივი გადაწყვეტილება.

ივანიშვილი გრიგოლიას განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 10:34

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის შემდეგ ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურად გაზვიადებულია.

მისი თქმით, არაობიექტურია ინგა გრიგოლიას განცხადებები, რომელიც მან „რეაქციის“ დახურვის შემდეგ გააკეთა.

„ინგა გრიგოლიას სურს მომაწეროს, რომ მე მას ვებრძვი. ობიექტური ამაში არაფერია, გარდა იმისა, რომ ინგა გრიგოლიას კარიერულ ზრდაზე მოვახდინე გავლენა და ის გაღიზიანებულია. როდესაც გრიგოლია იყო ერთ-ერთი ფსევდო ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ეს პარტიები ვამხილე... ვამხილე რამდენიმე პარტია, მათ შორის "ლეიბორისტული პარტია","ახალი მემარჯვენეები" და ქდმ, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ატყუებდა საკუთარ საზოგადოებას. ისინი უფრო საშიშები იყვნენ, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა". სხვათაშორის სად არის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია დღეს? უი აღარ არის ცალკე პარტია? გრიგოლიას განაღდებული ჰქონდა დეპუტატის ადგილი პარლამენტში და მისთვის საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჩემი მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და მას ალბათ გაღიზიანება აქვს, რადგან ის იძულებით დავაბრუნე ჟურნალისტიკაში“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური