"წინ გველის საპასუხისმგებლო პროცესი"-მარგველაშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 16:34

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომიის პოზიტიურ ანგარიშს მიესალმება და მიიჩნევს, რომ ის სრულად ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ დღეიდან ჩვენ წინ გველის საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც ევროკავშირის მიერ იმ პოლიტიკური გადაწვეტილების მიღებით უნდა დაგვირგვინდეს, რომელიც ოფიციალურად გახსნის ევროკავშირის საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისათვის.
"მივესალმები ევროკომისიის ანგარიშს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია.
საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევით უმოკლეს ვადებში შეძლო სრულად დაეკმაყოფილებინა ყველა ის მოთხოვნა, რასაც სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა. ამ ერთიანობამ ქვეყანას მოუტანა ის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილებისათვის.
დღეიდან ჩვენ წინ გველის ფრიად საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც ევროკავშირის მიერ იმ პოლიტიკური გადაწვეტილების მიღებით უნდა დაგვირგვინდეს, რომელიც ოფიციალურად გახსნის ევროკავშირის საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისათვის.
ჩვენი ამოცანაა ღირსეულად გავიაროთ ეს პროცესი და ძალისხმევა არ დავიშუროთ დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე ვადებში მისაღწევად", - აცხადებს პრეზიდენტი.
გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, პოლიტიკური ძალები და საზოგადოება კვლავ ერთიანი იქნება ჩვენი ევროპული არჩევანის ხორცშესხმისათვის.
"ჩვენი არჩევანი ევროპული არჩევანია, ევროპა ჩვენი კეთილდღეობა და პროგრესია, მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!
მე, როგორც პრეზიდენტი, კვლავ აქტიურად ვიქნები ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ამ სტრატეგიული მიზნის რეალიზებას უკავშირდება", - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი. 

ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით სისტემური დანაშაული აღარ არსებობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 15:51

პატიმართა წამების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით განმარტებები იუსტციისა და სასჯელაღსრულების უწყებების წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათი თქმით, ისინი იცნობენ ამ დოკუმენტს, თუმცა აცხდადებენ, რომ სისტემური დანაშაული აღარ არსებობს ქვეყანაში. 

„სისტემურ დანაშაულს ადგილი აღარ აქვს. წამება, როგორც სისტემური პრობლემა, აღარ არის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში და ამას ყველა აღიარებს. ცალკეული ფაქტები სისტემური დანაშაული არ არის, თუმცა იწვევს შეშფოთებას. ყველა ცალკეული ფაქტი უნდა იქნეს გამოძიებული. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და ამაზე ვმუშაობთ, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ფარგლებში,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.

კომიტეტის დასკვნის მიხედვით, პატიმრებისადმი მოპყრობის მხრივ საქართველოში კვლავ რთული ვითარებაა.

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული დასკვნა უწყებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტია. თამარ ხულორდავას მტკიცებით, არ ფიქსირდება სისტემური ფაქტები, თუმცა ცალკეულ შემთხვევებზე საუბარი არის. მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს. 

პრემიერი ვიზალიბერალიზაციაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 11:52

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირს, საქართველოს მიმართ, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არა აქვს.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების გადადება მხოლოდ ტექნიკურ დეტალებს უკავშირდება.
“საუბარია რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რაც ჩვენს ქვეყანას არ ეხება. ასე რომ გთხოვთ, დაველოდოთ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშს, რომლის გამოქვეყნება უახლოეს დღეებში მოხდება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც დღეს იგეგმებოდა, გადაიდო.

ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები სკანდალურ განცხადებას აკეთებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 13:43

ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრების ინფორმაციით მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი კორუფციულ გარიგებაში შევიდა და ცააძისა და ფირცხალავას მიმართ განაჩენი შემდეგ გამოიტანა. 

ამის დასადასტურებლად ყოფილი სამართალდამცავების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოსამართლემ განაჩენის გამოტანის შემდეგ ერთ თვეში ორი იპოთეკური სესხი წინასწარ დაფარა. ირინა ცააძის განცხადებით იპოთეკური სესხები რამდენიმე ათას შეადგენდა. მისივე ინფორმაციით მოსამართლის და მისი ოჯახის წევრების ფინანსური მდგომარეობა სესხების წინასწარ დაფარვის შესაძლებლობას არ იძლევა. 

ამასთან ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, პროკურატურამ საქმეში არსებული მოწმეებიდან ორს სახელი და გვარი შეუცვალა, მათგან ერთი საქართველოდან გაუშვა ერთი კი სხვა სახელითა და გვარით ქვეყანაში დაასაქმა. 

დაკავებულის ოჯახის წევრები პროკურატურას ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვენ პარალელურად არ გამორიცხავენ, საკითხის განხილვის მოთხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც მიმართონ, რათა მოსამართლის დისციპლინური საკითხის შესწავლა მოხდეს. 

შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გააპროტესტეს სააპელაციო სასამართლოში, თუმცა საქმის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა. 

თბილისის მერიის განცხადება მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 15:37

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური დ.სარაჯიშვილის გამზირიდან დ.გურამიშვილის გამზირის მიმართულებით არსებულ ხიდზე (გზაგამტარი N1) დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლას იწყებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე სამშაბათს, 8 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 10:00

პატრიარქის მიერ პატიმრების შეწყალების ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განმარტებას აკეთებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ნიუსდეი” უცვლელად გთავაზობთ: "ა.წ. 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება. 
ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ქუმსიშვილის განცხადება მეზობელი ქვეყნების ურთიერთობაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 11:30

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "როსსელხოზნადზორის" ოფიციალური წარმომადგენლის ალექსეი ალექსეენკოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ალექსეი ალექსეენკოს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის აკრძალვის ინფორმაციამ რუსეთის მეზობლები გაახარა. 
"მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული, არ მოხდეს ესკალაცია და პირიქით, რაც შეიძლება მალე ამოიწუროს კონფლიქტი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 
რუსეთში თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის შეტანა აიკრძალება. ეს აკრძალვა ძალაში რამდენიმე კვირაში შევა. "როსსელხოზნადზორის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსეი ალექსეენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მოსახლეობას ამ მხრივ უკმარისობა არ ექნება. მისი თქმით, რუსეთი ასეთ პროდუქტებზე ძლიერად არ არის დამოკიდებული, რადგან ქვეყანამ მისი წარმოება ჩრდილოეთ კავკასიაში, კუბანზე, სტავროპოლში, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში გაზარდა. 
"ამ ინფორმაციამ ხილისა და ბოსტნეულის შესახებ აშკარად გაახარა ჩვენი სხვა მეზობლები: იმიერკავკასია, სომხეთი. ეს ინფორმაცია ძალიან პოზიტიურად აღიქვა საქართველომ და აზერბაიჯანმა და ისინი არსებითად გაზრდიან თავისი პროდუქციის მიწოდებას. განსაკუთრებით ხარისხიანი პროდუქციის მოწოდებისთვის მზადაა ირანი", - განაცხადა ალექსეენკომ.
მისივე თქმით, სომხეთი უკვე მზადაა დაიკავოს ეს ნიშა და გაზარდოს ხილისა და ბოსტნეულის წარმოება კონკრეტულად რუსეთის ბაზრის დასაკავებლად.

თბილისის საკრებულო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 29 ნოემბერი 2015 09:56
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური გამნცხადებას ავრცელებს.  "ნიუსდეი" მას უცვლელად შემოგთავაზებთ
“გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი და მასზე დაყრდნობით, რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა დამახინჯებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის საკრებულოს წევრმა რიმა ბერაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციართათვის საკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია. გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბენეფიციართა კვება წლების განმავლობაში რეგულირდება „დედაქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფასო სასადილოებით მომსახურეობის შესყიდვის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის N 33.46 დადგენილებით, სადაც კვების რაციონი ექსპერტთა მიერაა განსაზღვრული.
რიმა ბერაძე ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართათვის განკუთვნილი უფასო სასადილოების მუშაობაზე, ბენეფიციართა კვებაზე, კალორიულობაზე, მონიტორინგზე და სატენდერო პირობებზე საუბრობდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთან საუბარში, საკრებულოს დეპუტატის რიმა ბერაძის მიერ ნათქვამი ფრაზა: „ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით ჩვენ შენიშვნები არ გაგვაჩნია“ – საკვების კალორიულობასა და სერვისის მონიტორინგს ეხებოდა.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხა 3 940 000 ლარით გაიზარდა.
სამწუხაროა, რომ რიგმა მედიასაშუალებებმა არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.
აქვე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც ფრაგმენტულად ამოღებული ინფორმაციის ტირაჟირება არ მოახდინეს და ინფორმაციის დასაზუსტებლად, ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, თბილისის საკრებულოს შესაბამის სამსახურს მიმართეს”, – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 28 ნოემბერი 2015 13:12

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაა, რაც თავის მხრივ სხვა, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის პრევენციის მთავარ პირობას წარმოადგენს.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ბოლო 2 თვის მანძილზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 47 პირი.

ავტომანქანების, საცხოვრებელი ბინების, ასევე, პირადი ჩხრეკისას ამოვიღეთ 50 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, აქედან - 31 პისტოლეტი, 10 ავტომატი, 3 რევოლვერი, 3 შაშხანა, 3 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 1016 ცალი საბრძოლო ვაზნა.

კომპლექსური ღონისძიებები მიზნად ისახავს დანაშაულის გამოვლენას, სხვა კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის პრევენციასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვიდან ამოღებას.

ღონისძიებების მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა პრევენციულად აღკვეთეს მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, სხეულის მძიმე დაზიანება და სხვ.

ამასთან, გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, კანონის თანახმად, პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ.

ცისკარიშვილი რაფალიანცის საქმეზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 17:55

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს შორის შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.  შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეზეც ისაუბრეს.

პეტრე ცისკარიშვილმა შოთაძეს ლალი ბიწოშვილის განცხადება შეახსენა, სადაც ის ქართულ ოცნებას რაფალიანცის მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებდა. 

"თქვენ ორი ასეთი სპეცოპერაცია დადგით: პირველი ციხის კადრები, მეორე ეს ბავშვის საზარელი მკვლელობა იმიტომ, რომ არჩევნებში გაგემარჯვათ. ვერ დადგინდა სიმართლე, ვერ იძიებთ ამ საქმეს. თავისთავად ეს არის არაკვალიფიცირებული პასუხი და აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილის ქართული ოცნების ორგანიზებით მოხდა ეს საზარელი დანაშაული და არ გინდათ, რომ სიმართლე დადგინდეს,"- განაცხადა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა. 

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა კი აღნიშნა, რომ ის საქმეს არ იცობს. მაგრამ შოთაძე ამბობს, რომ თუ ის გახდება მთავარი პროკურორი, მთელ ძალისხმევას მიმართავს რაფალიანცის საქმის გამოძიების დასრულებისკენ. 

"ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელიც გამოძიებული უნდა იქნეს და საბოლოოდ უნდა გაეცეს კითხვებს პასუხი ვინ ჩაიდინა ეს საზარელი ქმედება. მე ამ საქმესთან არ მქონია შეხება. მე თუ ამირჩევენ მთავარ პროკურორად მთელ ძალისხმევას მივმართავს იმისკენ, რომ ეს საქმე გაიხსნას,"- განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური