იუსტიციის მინისტრი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას გააკეთებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 11:00

ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი ბრიფინს გამართავს. თეა წულუკიანის ბრიფინგი იუსტიციის სამინისტროში ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების უფლება მიეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ (ICC) დღეს მიიღო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ამავე სასამართლოს, 2008 წლის ომამდე და ომის შემდგომ საქართველოში არსებული ვითარების გამოძიების დაწყების თხოვნით, გასული წლის 13 ოქტომბერს მიმართა. პროკურორი უკვე იმყოფებოდა საქართველოში საქმის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

გიორგი კვირიკაშვილი ლავროვის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 15:50

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღეს გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში პირველი პირები ეხმაურებიან. საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს მნიშვნელოვანი წინაპირობები.

"ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სუვერენიტეტის, ანუ ყველა სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემა," - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი. 

მისივე განმარტებით, ვიზების შემსუბუქება უკანასკნელ პერიოდში იყო ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება.

პრემიერი დღესვე სერგეი ლავროვის მიერ პანკისის ხეობის ტერორისტების თემაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

"პანკისის ხეობის თაობაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ვაცხადებ, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სრულ კონტროლს. არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერმინისტრის თქმით, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია ყველა შემთხვევაში. 

,,ბალგარკა“ და სხეულის დანაწევრების მცდელობა - შსს-ს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 10:17

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის დეტალებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გააკეთა და მკვლელობის დეტალებზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

,,2016 წლის 15 იანვარს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის I ნაწილით).

გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირებაც.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამოღებული იქნა კვალის ასარევად ქალაქ რუსთავში გადაგდებული ვახტანგ ქირიას კუთვნილი მობილური ტელეფონი. დადგენილი იქნა ვახტანგ ქირიას ავტომანქანის ბოლო გადაადგილების მარშუტი, რომელიც მოძრაობდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-7 კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ დროისათვის არსებული ინფორმაციის შესაჯერებლად და დანაშაულის ჩადენის ზუსტი ადგილის დასადგენად, პოლიციის მიერ გადამოწმდა მიმდებარე ტერიტორია, იქ არსებული საცხოვრებელი კორპუსები და მოხდა მაცხოვრებელთა გამოკითხვა.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 16 იანვარს ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩენილი იქნა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში. მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, ხოლო თავის არეში - ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შემთხვევის ადგილს ემჩნეოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც. კერძოდ: სისხლის კვალის მოსასპობად აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე.წ. ტალი და ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა მისი დანაწევრების საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი კვალი. იქვე იყო ე.წ. „ბალგარკა“, რომელსაც ასევე ემჩნეოდა სავარაუდოდ ადამიანის სისხლის კვალი და მოცულობით დიდი საგნების გადასატანად საჭირო გორგოლაჭებიანი ჩანთა.

ზემოთხსენებულის აღმოჩენისთანავე საქმე გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პარალელურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც შეძენილი იყო მის მიერვე ე.წ. ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე დღით ადრე.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებას შეექმნა რა მაღალი ალბათობა იმისა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას მიერ, დანაშაულის სხვა კვალის მოსპობის თავიდან აცილებისა და საქმეზე სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დაიწყო აქტიური მოქმედებები ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავებისათვის. ქვეყნის მაშტაბით შესაბამისი ორიენტირებები დაეგზავნა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფს.

მითითებულ პროცესში მიღებული იქნა ოპერატიული შეტყობინება, რომ ბიძინა კუჭავა ორ პირთან ერთად მერსედესის მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიმართულებით. რამდენიმე წუთში ხსენებული ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებმა. პოლიციელების დანახვისთანავე, ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში განახორციელა ერთი გასროლა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.

ბიძინა კუჭავას ტანისამოსის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სავარაუდოდ ადამიანის სისხლით დასვრილი ვახტანგ ქირიას კუთვნილი ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხელთათმანები, 3 ცალი მობილური ტელეფონი და სხვა.

გამოძიებით დგინდება, რომ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან.

 

საქმეზე ბიოლოგიური და სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, გრძელდება გამოძიება. შედეგების შესახებ საზოგადოებას ვამცნობთ დამატებით" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

პრეზიდენტი თურქეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 16:57

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტამბულში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო. პრეზიდენტმა დღევანდელ ტერაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მტკიცედ ვგმობ, დღეს, სტამბულის ცენტრში, ტურისტულ რაიონში, სულთანმეჰმეთის მოედანზე მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელმაც უდანაშაულოთა სიცოცხლის მოსპობა და მრავალი ადამიანის დაშავება გამოიწვია.

"საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ინტენსიური თანამშრომლობით, საქართველო განაგრძობს საკუთარ ძალისხმევას თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.“ 

შსს განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 17:01

შინაგან სამეთა სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ირაკლი კ. ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ფაქტზე მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 16:29

შსს-ს თბილისში მომხდარ ყაჩაყობასთან დაკავშირებითგანცხადებას ავრცელებს . შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკის ძარცვის მცდელობისთვის დაკავებულ პირს, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდა ბოლო პერიოდში მომხდარ სხვა ანალოგიურ ფაქტებთან. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ჩანთა, ნიღაბი და სხვა მტკიცებულებები. 

სამუშაო ჯგუფი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 13:53

პოლიტიკურმა პარტიებმა და ადვოკატთა ასოციაციამ სასამართლო სისტემაში შექმნილი კრიზისის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, ლევან მურუსიძის დანიშვნამ საბოლოოდ დაასამარა ილუზია დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სასამართლოს ფორმირების და სამართლიანობის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ.

„დღეს უკვე ცხადი ხდება, რომ მურუსიძის დანიშვნა იყო ლოგიკური შედეგი იმ კურსისა, რომელსაც უკვე დიდი ხანია ატარებს ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ხალხს და საკუთარ დაპირებებს და ახალი რეჟიმის მიმართ ლოიალობის ფასად ინდულგენცია უბოძა წინა რეჯიმის „მურუსიძეებს“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში. 

სამუშაო ჯგუფი საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლასა და მოქმედი შემასდგელბის დაშლას ითხოვს. საკანონდმბლო ინიციატივას პარლამეტნში ორ კვირაში სავარაუდოდ თავისუფალი დემოკრატები წარადგენენ. პოლიტიკური სუბიექტების ნაწილი კვლავ საპროტესტო აქციების მომხრეა.

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 12:45

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე 2015 წელს აჯამებს. მამუკა ახვლედიანის განცხადებით, მიმდინარე წელი საკმაოდ პრობლემატური იყო.

ახვლედიანი მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ მან რამდენჯერმე მოითხოვა საქალაქო სასამართლოებში ახალი მოსამართლეების დამატება და შტატების ზრდა, თუმცა უარი მიიღო. ახვლედიანი აცხადებს, რომ მას ბოლოს შეთავაზეს ერთი შტატი, ან მოსამართლის, ან მოსამართლის თანაშემწის რაზეც ახვლედიანი ამბობს, რომ ეს არასაკმარისი იყო. 

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ ვერ გაამთართლა.  ახვლედიანის განცხადებით, გვენეტაძის ნომერიც არ იცის და აცხადებს, რომ არჩევის შემდეგ გვენეტაძე საქალაქო სასამართლოში არსებული მდგომარეობით არ დაინტერესებულა. 

აქვე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბევრი საეჭვო რეპუტაციის მოსამართლის დანიშვნა მოხდა. ახლვედიანი ფიქრობს, რომ მოსამართლეთა დანიშვნა პირადი ნაცნობობით მოხდა. 

მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 17:26

საქართველოს მთავარი პროკურატურა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძისა და პოლიტპატიმრად აღიარებული პირების დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის, სერგო ჩაპლიგინის რეაბილიტაციისთვის შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს იწყებს. ამის შესახებ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი:

"საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე, უცვლელად ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენი, რომლის თანახმადაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია და უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი დამნაშავედ ცნო სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის და სერგო ჩაპლიგინის წამების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად დაუნიშნა თითოეულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბაჩანა ახალაიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მეგის ქარდავას, ალექსანდრე მუხაძის, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის მონაწილეობითა და ორგანიზებით, 2011 წლის სექტემბერში, გამოგონილი ,,ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებული იყვნენ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და სერგო ჩაპლიგინი, რომელთა მიმართაც სამხედრო პოლიციაში, აღიარების მიღების მიზნით ადგილი ჰქონდა წამებას. ასევე სერგო თეთრაძის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

2011 წლის 25 ოქტომბერს, დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და სერგო ჩაპლიგინი უკანონოდ გასამართლდნენ ჯაშუშობის ბრალდებით და საპატიმრო დაწესებულება მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მიიღეს პოლიტპატიმრის სტატუსი. სერგო თეთრაძის მიმართ კი საქმე შეწყდა მისი გარდაცვალების გამო.

საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, მსჯავრდებულების: გიორგი გორელაშვილის, დავით ლონდარიძისა და სერგო ჩაპლიგინის მიმართ გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით, ხოლო სერგო თეთრაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა არა მისი გარდაცვალების, არამედ მარეაბილიტირებელი საფუძვლით - მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო.

ამავდროულად, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის და სერგო ჩაპლიგინის მიმართ ჩადენილი დანაშაულების ორგანიზატორის ბაჩანა ახალაიას მიმართ, წამების და სექსუალური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, საქმე არსებითად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში."- აღნიშნულია განცხადებაში.

მაგდა პაპიძის საქმეზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 15:43

არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე.  

განცხადებაში ნათქვამია: "წარდგენილი ბრალის თანახმად, მან ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, კერძოდ, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობა, მათ შორის ერთის - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზეა ბრალდებულის მხრიდან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტი, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს სასჯელს 16-20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას.

 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათზე, სპეციფიკაზე და ბრალდებულის პიროვნებაზე და მიიჩნევს, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელშეშლის საფრთხეები და რისკები”, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური