საბურთალოს რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 13:11

დიდ დიღომში წყლის მილზე მომხდარი დაზიანებასთან დაკავშირებით საბურთალოს რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს:


საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომში, მელიქ სურხავის ქუჩაზე ცენტრალური წყალდენის დაზიანების შესახებ ქალაქ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 3 მარტს, 07:00 საათზე შევიდა. ინფორმაცია ავარიის თაობაზე პარალელურად გადაეცა კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზს, საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს.

ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე წუთში საბურთალოს რაიონის გამგეობის საუბნო განყოფილების ხელმძღვანელი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სასმელი წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი დაზიანების აღმოფხვრაზე სრულად არის პასუხისმგებელი კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“. საბურთალოს რაიონის გამგეობა დაზიანების აღმოფხვრის პროცესს დააკვირდება და მისი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენს.

შემთხვევის ადგილზე მუშაობა მიმდინარეობს. კომპანია „ჯივიპის“ ინფორმაციით, დაზიანებული მილის შეკეთდება და წყლის მიწოდება თბილისის რამდენიმე უბანს ეტაპობრივად, 16:00 საათის შემდეგ აღუდგება.

შეგახსენებთ, ცენტრალური წყალდენი მელიქ სურხავის ქუჩაზე გამთენიისას დაზიანდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამშველო ბრიგადები, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბა ოპერატიულად დაიწყეს. მომხდარი ავარიის შედეგად დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიასა და მიწისქვეშა ავტოსადგომებში პარკირებული ავტომობილები. კომპანია „ჯივიპის“ წარმომადგენელთა განცხადებით, მათი სადაზღვევო კომპანია ვითარებას შეისწავლის და შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს ზარალს აუნაზღაურებს.

ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დაასრულა ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 17:47

ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქ-ნი დუბრავკა სიმონოვიჩი ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები განხორციელდა თბილისში, ასევე კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს. ვიზიტის ბოლოს ქ-ნმა სიმონოვიჩმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ კი საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყანაში მოწვევისთვის. სწორედ საგრეო საქმეთა სამინისტროს ეკისრა ოფიციალური პროგრამის ორგანიზების პასუხისმგებლობა. ეს ქვეყანაში ჩემი პირველი ვიზიტია ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრის მანდატის ფარგლებში და მადლობელი ვარ ყველა იმ დაინტერესებული მხარის, მათ შორის სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ადამიანის უფლებათა დამცველი დამოუკიდებელი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების, სოფლების მაცხოვრებლების, დევნილი ქალებისა და გაეროს სააგენტოების (კერძოდ, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის და გაეროს მოსახლეობის ფონდის) წარმომადგენლებისა, რომლებსაც შევხვდი ხუთდღიანი ვიზიტის განმავლობაში. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომლებიც შემხვდნენ და გამიზიარეს საკუთარი გამოცდილება და პრობლემები.
მე წარმოგიდგენთ ჩემს წინასწარ დასკვნებს. მომავალში მათ კიდევ უფრო სრულვყოფ და უფრო კონკრეტულ და მოქმედებებზე ორიენტირებულ რეკომენდაციები იქნება წარმოდგენილი ანგარიშში, რომელიც განიხილება ადამიანის უფლებათა საბჭოს 32-ე სესიაზე 2016 წლის ივნისში. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი პირველადი დასკვნები და ძირითადად საქართველოს მთავრობის მისამართით გაკეთებული საბოლოო რეკომენდაციები,  რომელსაც აკისრია უპირველესი პასუხისმგებლობა - აღკვეთოს და მოახდინოს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, გამოადგება ყველა დაინტერესებულ მხარეს.
ჩემი დასკვნები ქვეყანაში განხორციელებულ ვიზიტს ემყარება. ვიზიტისას ჩემი მანდატის ფარგლებში უნდა მომეხდინა არსებული ფართო სამართლებრივი ბაზის იმპლემენტაციის შეფასება. აღნიშნული სამართლებრივი ბაზა მოიცავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციას, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ დეკლარაციას, რომლებიც ადგენს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფორმაა და ადამიანის უფლებათა დარღვევაა. ჩემი დასკვნები ასევე ეყრდნობა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტის ბოლოდროინდელ რეკომენდაციებს საქართველოს მისამართით იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, მოსაზრებებს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის საფუძველზე საქართველოსთან დაკავშირებით ქალთა მიმართ ძალადობის პირველ საქმესთან მიმართებაში („X და Y საქართველოს წინააღმდეგ“, № 24/2009); კომიტეტის რეკომენდაციები მიუთითებს იმ სისტემურ ნაკლოვანებებზე, რომლებიც დაკავშირებულია საკანონმდებლო ბაზის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული ზომების განხორციელებასთან. მე ასევე ვითვალისწინებ საქართველოს საკითხის განხილვას საყოველთაო პერიოდული განხილვის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს შედგა.
ქვეყანაში ჩემი ვიზიტი იმედის მომცემ დროს განხორციელდა, როდესაც მთავრობა, და მალე პარლამენტიც, განიხილავენ სტამბოლის კონვენციის - ახალი ევროპული ინსტრუმენტის, რომელიც არეგულირებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას - რატიფიცირების საკითხს. საქართველო ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, რათა მოახდინოს თავისი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია სტამბოლის კონვენციასთან. ამ ცვლილებების შედეგად ასევე გაუმჯობესდება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის განხორციელებაც: ამ უკანასკნელში იგივე ვალდებულებებია განსაზღვრული, რაც სტამბოლის კონვენციაში: ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, მოძალადეთა დასჯა, კანონებისა და პოლიტიკის კოორდინირებისა და განხორციელებისთვის ადეკვატური სამსახურების უზრუნველყოფა, ასევე რეპარაცია, მათ შორის ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემა.
იუსტიციის სამინისტრომ ითავა 17 კონკრეტულ კანონში ცვლილებების განხორციელება, რათა კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს სტამბოლის კონვენციასთან. მე დაბეჯითებით მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, მოკლე დროში მოახდინოს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება.
საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში, განსაკუთრებით კი ხაზგასასმელია კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ.
საქართველოს მთავრობამ წარმოაჩინა თავისი სურვილი და მზადყოფნა, გააუმჯობესოს ზოგადად ქალების მდგომარეობა, კერძოდ კი ებრძოლოს ოჯახში ძალადობას. მაგრამ, მიუხედავად ქალების მიმართ ძალადობასთან საბრძოლველად რიგი კანონების მიღების, პოლიტიკის და ინსტიტუციური ღონისძიებების გატარებისა, მათ შორის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს 2006 წლის კანონის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის კანონის და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის კანონისა, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას გენდერული იდენტობის საფუძველზე, ასევე მიუხედავად პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის და პრემიერ-მინისტრის აპარატში ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში  მრჩევლის პოზიციის შემოღებისა, არ არსებობს სპეციალური კანონმდებლობა გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი არ არის ყოვლისმომცველი სახელმწიფო მექანიზმი, რომელიც აწარმოებდა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კოორდინირებას და მის ეფექტიან განხორციელებას და მონიტორინგს.
აღნიშნული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

ტრენინგი და ცნობიერების დონის ამაღლება
გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს პრევენციის ხელშეწყობა და მოსახლეობაში, მათ შორის მამაკაცებსა და ბიჭებს შორის, ქალებისა და გოგონების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების გაგრძელება იმასთან დაკავშირებით, რომ მიუღებელია ძალადობა გენდერული ნიშნით, მათ შორის ადრეული ქორწინებებიც, ამგვარი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით.
მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ პოლიციის თანამშრომლებს უტარდებათ ტრენინგები და მათ მიერ უფრო პროაქტიულად ხდება შემაკავებელი ორდერების გაცემა. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, გააგრძელოს პოლიციაში ქალი თანამშრომლების რაოდენობის ზრდა. მათ შეუძლიათ საკვანძო როლის შესრულება ძალადობის შემთხვევების გამოვლენის და მსხვერპლთათვის ყველანაირი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების მხრივ და საქმეების წარმართვა გენდერული თვალსაზრისით სენსიტიურად. ამის შედეგად შესაძლებელი იქნება მსხვერპლთა რევიქტიმიზაციისა და ძალადობის ციკლის მუდმივად გამეორების საშიშროების თავიდან აცილება. მე ასევე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს პოლიციის თანამშრომელთა ტრენინგი მთელ ქვეყანაში, რათა ბოლო მოუღოს ძალადობას. გენდერული ნიშნით სასტიკი ძალადობის, მათ შორის ქალთა მკვლელობის შემთხვევათა პრევენციისათვის ასევე მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ სოციალურ მუშაკებს და სხვა სპეციალისტებს, მათ შორის ექიმებსა და მასწავლებლებს, ძალადობის შემთხვევათა გამოვლენასა და პოლიციისთვის შეტყობინებაში.
გარდა ამისა, მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობას სასამართლო სისტემის მუშაკებისთვის, მათ შორის პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის, ქალთა უფლებების საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტების, მათ შორის ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციისა და სათანადო პრაქტიკის შესახებ ტრენინგების ჩატარების მნიშვნელობაც, რათა ქვეყნის დონეზე უზრუნველყოფილი იქნეს კანონების გამოყენება გენდერული ასპექტის გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად.
აუცილებელია ქალებისა და გოგონების, განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლების, უფრო მეტად გაძლიერება. განათლებას, მათ შორის გენდერული თანასწორობის საკითხებში, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქალების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად და არსებითი თანასწორობის მისაღწევად, რისთვისაც გენდერული თანასწორობის საკითხები შეტანილი უნდა იქნეს სასწავლო პროგრამებში განათლების ყველა საფეხურზე. ძალზე კმაყოფილი დავრჩი, როდესაც განათლების სამინისტრომ მაცნობა, რომ არსებობს გენდერული საკითხის სასწავლო პროგრამაში შეტანის სურვილი და მზადყოფნა. დაბეჯითებით მოვუწოდებ მთავრობას, რომ პროგრამაში ასევე შეტანილი იქნეს სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების სფეროში განათლების საკითხები.

მონაცემები ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ
ვიზიტის განმავლობაში შევიტყვე, რომ არ არსებობს ერთიანი სტატისტიკური მონაცემები ქალების მიმართ ძალადობის საკითხთან დაკავშირებით. მე გადმომცეს გარკვეული მონაცემები ქვეყანაში ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის გამოვლინების სხვადასხვა ფორმის, ასევე სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების, სექსუალური შევიწროებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2014 წელს 34 ქალი იქნა მოკლული, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებული იქნა ინტიმური პარტნიორის მიერ ქალის მკვლელობის 13 ფაქტი. მე ვაღიარებ საქართველოში ქალთა მკვლელობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვების მხრივ გადადმულ ნაბიჯებს და მინდა გავიმეორო ჩემი მოწოდება გაეროს წევრი ყველა სახელმწიფოს მიმართ - რომ მათ დანერგონ მეთვალყურეობა „ქალთა მკვლელობისა“ თუ „გენდერული ნიშნით მკვლელობის“ შემთხვევებზე, რომლის მეშვეობით წევრი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, ყოველწლიურად 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, გამოაქვეყნებენ წლის განმავლობაში მომხდარი ქალთა მკვლელობისა თუ გენდერული ნიშნით მკვლელობის შემთხვევათა რაოდენობას; ეს მონაცემები კლასიფიცირებული უნდა იყოს მოძალადეთა ასაკისა და სქესის, ასევე მოძალადესა და მსხვერპლს თუ მსხვერპლებს შორის კავშირის მიხედვით. ასევე უნდა შეგროვდეს და გამოქვეყნდეს ინფორმაცია მოძალადეთა სამართლებრივი დევნისა და დასჯის შესახებ. ამგვარი ინფორმაციის საფუძველზე საგულდაგულოდ უნდა იქნეს გაანალიზებული ქალთა მკვლელობის თითოეული შემთხვევა, რათა იდენტიფიცირებული იქნეს დაცვაში არსებული ნებისმიერი ნაკლოვანება და გაუმჯობესდეს და შემუშავდეს დამატებითი პრევენციული ზომები.

დაცვა, მართლმსაჯულება და რეაბილიტაცია
ვიზიტის დროს მომაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს მრავალი გამოწვევა ხვდებათ დაცვის, მართლმსაჯულებისა და რეაბილიტაციის თვალსაზრისით. მაგალითად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, დაარღვიონ ეს საშინელი ტაბუ, საზოგადოება - განსაკუთრებით სოფლად - და/ან პოლიცია აიძულებს დარჩნენ მოძალადეებთან და ხდება არა მარტო მათი რევიქტიმიზაცია, არამედ მათ ემუქრებათ ახალი ძალადობის რისკიც. და თუმცა პოლიციის აღნიშნული de facto პრაქტიკა თითქოს შემცირებულია, მაგრამ მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მოძალადეებს კვლავ სთხოვენ, ხელი მოაწერონ „გაფრთხილების წერილს“ (რომელსაც არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს), რომლის საფუძველზე ისინი დებენ პირობას, რომ არ მიმართავენ ძალადობას საკუთარი პარტნიორის მიმართ.
ხშირად იმ ქალებს, რომლებიც პოლიციას ძალადობის შემთხვევებს ატყობინებენ, კვლავ უსვამენ კითხვას: „რა გააკეთეთ იმისათვის, რომ ასეთი ძალადობა გამოგეწვიათ?“, რაც ცხადყოფს, რომ სტერეოტიპები ჯერ კიდევ ძლიერია, ასევე იმას, რომ არსებობს სირთულეები საქმის ინიცირებაში მსხვერპლის მხრიდან განაცხადის წარდგენის საჭიროების გარეშე. არ ხდება ოჯახში ძალადობის ჩამდენთა ex officio სამართლებრივი დევნა და მსხვერპლებს თავად უხდებათ იმის გადაწყვეტა, სურთ თუ არა სისხლის სამართლის პროცედურის აღძვრა.
მიუხედავად ბოლო წლებში გამოცემული შემაკავებელი ორდერების - რომელთა მოქმედების ვადა მაქსიმუმ ერთი თვეა - მზარდი რაოდენობისა, ძალადობის მსხვერპლები ჯერ კიდევ აწყდებიან არაერთ დაბრკოლებას, მათ შორის ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისო საბჭოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის მხრიდან მათთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაში. ამ სტატუსის გარეშე ისინი რჩებიან ძალადობის „სავარაუდო მსხვერპლებად“, რასაც მათთვის რამდენიმე შედეგი მოაქვს. მსხვერპლის სტატუსი შესაძლებლობას აძლევს მათ, ითხოვონ ადგილი სახელმწიფოს გამგებლობაში ქვეყნის მასშტაბით არსებული სამი თავშესაფრიდან ერთ-ერთში. მანამდე კი მათ დახმარებას უწევენ მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მართული კრიზისული ცენტრები. თუმცა მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დედაქალაქში გაიხსნება პირველი სახელმწიფო კრიზისული ცენტრი. მე დაბეჯითებით ვუწევ მთავრობას რეკომენდაციას, ამგვარი ცენტრები რეგიონებშიც გახსნას.
მნიშვნელოვანია საგანგებოდ აღინიშნოს ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი სოფლად ახალი თავშესაფრების შექმნის გადაუდებელი საჭიროება. მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ თავშესაფრებში მცხოვრებ ბევრ ქალს არა აქვს განათლება და სათანადო უნარები და ამიტომ არც შრომის ბაზარზე მიუწვდებათ ხელი, რაც მათ ეკონომიკურად დამოუკიდებლებს გახდიდა და მისცემდა შესაძლებლობას, დაეტოვებინათ თავშესაფრები და/ან ეშოვნათ საცხოვრებელი ადგილი. გარდა ამისა, არ არსებობს დროებითი სპეციალური ზომები ან დროებითი ზომები, რომლებიც იმ ქალებისთვის, რომლებსაც თავშესაფრის დატოვება უხდებათ, უზრუნველყოფდა საცხოვრებლის და/ან დასაქმების მისაწვდომობას, რაც ამ ქალებს უფრო დაუცველებს ხდის და ხელს უწყობს მათ დაბრუნებას მოძალადეებთან და ძალადობის ციკლის გამეორებას.
მე შეშფოთებული ვარ დამცავი ორდერების მცირე რაოდენობის გამო. აღნიშნული ორდერები მსხვერპლებისათვის დაცვის უფრო ხანგრძლივ - ექვს თვემდე - პერიოდს უზრუნველყოფს. საჭიროა დამცავი ორდერების პროაქტიული გაცემა პოლიციისა და პროკურორების მიერ და ისინი დაკავშირებული უნდა იყოს შემაკავებელ ორდერებთან და თითოეულ შემთხვევაში რისკის შეფასებასთან.
სოფლად სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობა, კერძოდ კი ოჯახში ძალადობა, უმეტესად ძალზე პირადულ საკითხად აღიქმება და ქალები ნაკლებად ატყობინებენ სათანადო ინსტანციებს ასეთ შემთხვევებს. გარდა ამისა, სოფლად მცხოვრებ ქალებს, რომლებიც თავს აღწევენ მოძალადეებს, უხდებათ საკუთარი სოფლებისა და თემების მიტოვება, რათა საცხოვრებლად გადავიდნენ თავშესაფრებში, რომლებიც მხოლოდ ქალაქებშია განლაგებული.

ადრეული/იძულებითი ქორწინება
მე მომაწოდეს, აგრეთვე, ინფორმაცია, რომ ადგილი აქვს ადრეული ქორწინების შემთხვევებსაც. ზოგჯერ ადრეული ქორწინება გოგონების გატაცების შიშით არის გამოწვეული, განსაკუთრებით სოფლად, სადაც გოგონების უმრავლესობა 18 წლამდე, ზოგჯერ კი 16 წლამდეც თხოვდება და ქორწინების გამო სკოლას ტოვებს. ეს გოგონები უკიდურესად მოწყვლადები არიან ძალადობის მიმართ და არა აქვთ ეკონომიკური დამოუკიდებლობა, რომ მიატოვონ მოძალადეები. ამიტომ აუცილებელია კანონის მკაცრი აღსრულება. სხვა სახის მავნე პრაქტიკა, რომლის შესახებაც მე შევიტყვე, მოიცავს, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით, ქალწულობის შემოწმებას და  სქესის შერჩევით აბორტებს.
დისკრიმინაციის  მრავალრიცხოვანი ფორმები, ასევე ის საკითხი, თუ რა კავშირი აქვთ მათ ქალთა მიმართ ძალადობასთან, შემდგომ შესწავლას საჭიროებს. ქალები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნებიან და/ან სოფლად ცხოვრობენ, ასევე დევნილი ქალები, უკიდურესად მოწყვლადები არიან გენდერული ძალადობის მიმართ, ხოლო ლესბოსელი, ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი მსხვერპლები დამატებით დისკრიმინაციას განიცდიან.

ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში
პარლამენტში ქალთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით მე მხარს ვუჭერ სავალდებულო კვოტების შესახებ კანონის მიღებას, რომელიც განსაზღვრავს ქალთა სულ მცირე 30%-იან მონაწილეობას. მე ასევე ველოდები საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიმდინარე წლის ოქტომბერში და იმედი მაქვს, რომ პარლამენტში უფრო მეტი ქალი იქნება არჩეული.

დასკვნა
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავის სამართლებრივ სისტემაში სრულყოფილად მოახდინოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების ინტეგრირება და შექმნას საკანონმდებლო ჩარჩო, ასევე მექანიზმები  ქალების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის  პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს, რომ დაირღვეს სიჩუმის ციკლი, ბოლო მოეღოს ქალთა მიმართ ძალადობის პირადულ საკითხად აღქმას და უზრუნველყოფილ იქნეს ყველა და თითოეული ქალისა და გოგონას უფლება - იცხოვროს ისე, რომ მას არ დაემუქროს ძალადობა.“

ქ-ნი დუბრავკა სიმონოვიჩი (ხორვატია) ქალთა მიმართ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზების და შედეგების საკითხებზე სპეციალურ მომხსენებლად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2015 წლის ივნისში დაინიშნა. მანდატის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის და მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების გაცემა ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე.
2002 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ქ-ნი სიმონოვიჩი გახლდათ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტის წევრი. ის ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროში; გახლდათ ხორვატიის მუდმივი მისიის წარმომადგენელი გაეროში, ნიუ-იორკში; აგრეთვე ელჩი ეუთოსა და გაეროში, ვენაში; ასევე იყო თანათავმჯდომარე ევროპის საბჭოს საგანგებო კომიტეტისა (CAHVIO), რომელმაც შეიმუშავა კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის  წინააღმდეგ (სტამბულის კონვენცია); აქვს დოქტორის ხარისხი საოჯახო სამართლის სფეროში; არის ავტორი წიგნების და სტატიებისა ადამიანის უფლებებსა და ქალთა უფლებებზე. უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს:  http://www.ohchr.org/EN/Issues/Women/SRWomen/Pages/SRWomenIndex.aspx

მანანა კობახიძე კობა კობახიძეზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 13:47
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ კობა კობახიძეზე ისაუბრა . მისი თქმით, ხშირად ხდება, როდესაც ადამიანები ცდილობენ საერთო გვარით მანიპულირებას. "არანაირი ნათესაური კავშირი ჩემსა და კობა კობახიძეს შორის არ არის. არის გვარი, რომელიც გვაერთიანებს. ალბათ ყველას გვყავს გვარში ადამიანები, რომლებიც შეიძლება მთლად ღირსეულები არ იყვნენ. ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ეს ადამიანი "ქართულ ოცნებაში" მუშაობდა, შემდეგ გაუჩნდა სურვილი და ამბიცია, რომ რაღაც თანამდებობაზე დანიშნულიყო - ეს იყო პროკურორის პოზიცია თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია, ის კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, აქტიურის იყო კომიტეტის სხდომებზე და რაღაც სკანდალივითაც მოაწყო. მას ჰქონდა პრეტენზია, რომ უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც ამ თანამდებობაზე. იმის გამო, რომ "ქართულმა ოცნებამ" ასეთი თანამდებობა ვერ შესთავაზა, არის განაწყენებული. იმის გამო, რომ რაღაც სამსახური ვერ მიიღო იმ პოლიტიკური აქტიურობის და საადვოკატო საქმიანობის გამო, რომელსაც "ქართულ ოცნებასთან" ახორციელდებდა 2012 წელს, არის ნაწყენი. 2012 წლის შემდეგ აქტიურად იყენებს პირადად ჩემს გვარსა და სახელს თავის კლიენტებთან ურთიერთობაში იმისთვის, რომ სარფიანად გაყიდოს თავისი საადვოკატო მომსახურება. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ და მოატყუებულები არიან", - განაცხადა მანანა კობახიძემ. ვიცე-სპიკერი მოუწოდებს პროკურატურას, შეისწავლოს კობა კობახიძის ქმედებები. "თუ ის თავის კლიენტებს სთავაზობდა გარკვეული სახის მომსახურებას და ამ დროს იყენებდა ჩემს სახელსა და გვარს, რომ რაღაც იურიდიული შედეგი დადგებოდა თითქოსდა ჩემი დახმარებით, შეწყალებულები იქნებოდნენ ეს თუ სხვა პირები, ეს ადამიანები არიან მსხვერპლნი და ალბათ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, იყენებდა თუ არა აქტიურად კობა კობახიძე ჩემს პოზიციას, ჩემს მდგომარეობას მის ე.წ. საადვოკატო საქმიანობაში, იყო თუ არა ბოროტად გამოყენებული ჩვენი საერთო გვარი", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

კახა კოჟორიძე ახვლედიანის გათავისუფლების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 15:27

 იუსტიციის საბჭოს მუშაობაზე პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განცხადება გააკეთა, მისი თქმით  საბჭოს სჭირდება სასწრაფო და ძირეული რეფორმები.

„მინდა განვაცხადო ის, რაც საქართველოს პრეზიდენტმა არერთხელ თქვა. საბჭოს სჭირდება სასწრაფო და ძირეული რეფორმები., იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სამწუხაროდ, არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში, არღვევს კანონს სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების პროცესში, არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით და ყველკაზე უკეთ იმას, რომ ამ ორგანოს სჭირდება ძირეული რეფორმები თავად საბჭოს გადაწყვეტილებები ადასტურებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ ვისაც ხელეწიფება რეფორმების სწრაფი და დროული გატარება, დაუყოვნებლივ მოახდინოს ძირეული რეფორმირება ამ ორგანოსი“, - აღნიშნა კოჟორიძემ.

კახა კოჟორაძის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს, სასამართლოს თავმჯდომრის იმ წესით გათავისუფლების შესაძლებლობას, რა წესითაც გუშინ მოხდა თავმჯდომარის გათავისუფლება.

კოჟორიძემ აღნიშნა, რომ კანონში უნდა გაიწეროს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის კრიტერიუმები, რაც შეამცირებს კანონის ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

რაც შეეხება სანქციებს, ასეთ კანონდარღვევაზე კონკრეტული სანქციები არ არსებობს.

 

დავით უსუფაშვილი თოფაძის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 15:15

დავით უსუფაშვილი გოგი თოფაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გაზეთ საქართველო და მსოფლიოში დაიბეჭდა და სადაც მრეწველების ლიდერი თინა ხიდაშელს საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში გაყალბებაში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კოალიციის ერთიანობა განცხადებებზე არ არის დამოკიდებული. 

„კოალიციის ერთიანობა რაიმე განცხადებაზე არ არის დამოკიდებული, ამას გაცილებით სერიოზული წინაპირობები და საფუძვლები გააჩნია. თოფაძე ბრძანებს, რომ მას ეს ასე არ უთქვამს, ველი, რომ მედიასაშუალება რომელმაც  ეს გაავრცელა როგორ გვიმტკიცებს, რომ მან ეს თქვა თუ არ თქვა, სანამ ეს არ გაირკვევა ვერნაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ," - განაცხადა უსუფაშვილმა. 

გია გაჩეჩილაძის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 13:54
"მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დირექტორად მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, "ნიუსდეი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "მინდა განვაცხადო, რომ გუშინდელი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, მიმართულია ქვეყანაში კანონიერების, ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. საჯარო რეესტრი არის ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კანონის აღსრულება და არ უნდა წამოეგოს შანტაჟს და სხვა სახის მანიპულირებად მოქმედებებს. ამ შემთხვევაში, ადგილი გვაქვს ტელეკომპანია "მაესტროს" და "რუსთავი 2"-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის მართვის მცელობასთან, რომლის პირველი მსხვერპლი გახდა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა - საჯარო რეესტრი. ასეთი ქმედებით საჯარო რეესტრი ირიბად ხელს უწყობს კომპანიის გაკოტრებას. მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე, ასეთი უპრინციპო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ზემდგომი ორგანოების ჩარევის გარეშე. ყველაზე ცოტა ქალბატონი იუსტიციის მინისტრის და ჩემი "მეგობრის" - პრემიერ მინისტრის გარეშე. რომელ ცივილიზებულ ქვეყანაში გინახავთ, რომ ტელევიზიის დირექტორს შეეძლოს მფლობელზე და კანონზე მაღლა დადგეს: არ გადაიხადოს გადასახადები, დააგროვოს ვალები, გაანიავოს ინტელექტუალური საკუთრება, კონკრეტული აქციონერების შეკვეთით მიზანმიმართულად გააკოტროს და "გადააგდოს"კომპანიის სხვა აქციონერები. ეს უკვე არის გაცხადებული გეგმა, რომლის მიზანია გაკოტრებული კომპანიის ნაცვლად, შეიქმნას ახალი კომპანია, სადაც მხოლოდ კოტე გოგელია დარჩება, ხოლო სხვა კანონიერი მფლობელების ადგილი აღარ იქნება. კოტე გოგელიას ახალი კომპანია - იგივე ეთერით და ეთერ გადაბაძით! ეს ყველაფერი იფუთება "თავისუფალი სიტყვის ზეიმად" და "პოლიტიკურ დაკვეთასთან" ბრძოლად, ორი მთავარი მესიჯით: "მივრბივარ ამერიკის ელჩთან" და "ყველაფერი ბიძინას ბრალია." როდესაც 55 % წილის მფლობელი აქციონერი ვერ ცვლის დირექტორს, მიუხედავად სასამართლოს პოზიციისა, ეს არა "მაესტროს", არამედ მთელი ქვეყნის უბედურებაა. ქვეყნის მართვა არ გულისხმობს მთავრობის პასიურ პოზიციას პრინციპულ საკითხებზე. ქვეყნის მართვა არ ნიშნავს გვარამიას და გადაბაძის ხუშტურზე სიარულს, ქვეყნის მართვა არ ნიშნავს ტელევიზიების გასვლას კანონიერების სივრციდან. ეს ნიკა გვარამიას და ეთარ გადაბაძის მიერ ქვეყნის მართვას უფრო გავს. ჩვენ ისინი არ აგვირჩევია! ეს ნორმალურია? საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ტელე-შანტაჟების ეპოქა! ამიტომაც განვაგრძობ ბრძოლას "მაესტროს" გადასარჩენად, - აღნიშნულია განცხადებაში.

შსს უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 10:20

შინაგან საქმეთა სამინისტრო უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებას "ნიუსდეი" უცვლელად გთავაზობთ:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ შსს-ს პოზიცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტთან, კერძოდ, უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით.

ბოლო დღეებში მედიაში მიზანმიმართულად ხდება მოსაზრებების ტირაჟირება იმის თაობაზე, რომ შსს ე.წ. „ფარულ თვალთვალს“ იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ არაერთგზის არგუმენტირებულად განმარტა, რომ უკონტაქტო პატრულირებას „თვალთვალთან“ საერთო არაფერი აქვს, აშკარაა, რომ შეგნებულად ხდება აღნიშნულის არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

უკანასკნელ 2-3 წელიწადში საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. იმატა დატვირთვამ გზებზე და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკებმაც.

შსს-ს ძირითადი ამოცანაა, დაიცვას მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, აღნიშნულ სფეროში ქმედითი ღონისძიებები გავატაროთ.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უკონტაქტო პატრულირება, ისევე, როგორც მთლიანად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტი, ემსახურება ყველაზე მთავარ ღირებულებას - ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას. ცალსახაა, რომ:

  • უკონტაქტო პატრულირება არ ხორციელდება წინასწარ იდენტიფიცირებული პირის ან პირთა წრის მიმართ, არამედ - საგზაო მოძრაობის პროცესის მიმართ, პიროვნების იდენტიფიცირების გარეშე. უკონტაქტო პატრულირებისას ხდება მხოლოდ დამრღვევი ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება.
  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაშიც კი, არ ხდება მძღოლის იდენტიფიცირება - ავტომობილის მესაკუთრის სახელზე დგება ვიდეო-ჯარიმის ოქმი, რომელიც დღესაც დამკვიდრებული სტანდარტია.

 

უკონტაქტო პატრულირება დასავლეთის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და იცავს მოძრაობის მონაწილეებს: ქვეითებს, მგზავრებს და მძღოლებს - მაშინაც კი, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არ ჩანან.

პროექტის თანახმად, უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობებს ქულებს არ აკლებს.

რაც შეეხება მოთხოვნას სპეციალური საინფორმაციო ნიშნების განთავსების თაობაზე, ეს საკითხი ისედაც მოწესრიგებულია კანონით პოლიციის შესახებ, კერძოდ, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით, სადაც ნათქვამია, რომ ვიდეოტექნიკის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას.

შსს ხელმძღვანელობს და მომავალშიც იხელმძღვანელებს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად."- აღნიშნულია განცხადებაში.

დონალტ ტუსკი twitter-ზე ქართულენოვან განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 09:57

გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა Twitter-ზე განცხადება ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. "ევროკავშირი და საქართველო - ნამდვილი პარტნიორები," – წერს დონალდ ტუსკი და შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას თავის გვერდზე ავრცელებს.

განცხადებაში ევროსაბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლასთან ერთად ევროკავშირს და საქართველოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალება მიეცემათ, რაც პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს.

დონალდ ტუსკმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 

იუსტიციის მინისტრი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას გააკეთებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 11:00

ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი ბრიფინს გამართავს. თეა წულუკიანის ბრიფინგი იუსტიციის სამინისტროში ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების უფლება მიეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ (ICC) დღეს მიიღო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ამავე სასამართლოს, 2008 წლის ომამდე და ომის შემდგომ საქართველოში არსებული ვითარების გამოძიების დაწყების თხოვნით, გასული წლის 13 ოქტომბერს მიმართა. პროკურორი უკვე იმყოფებოდა საქართველოში საქმის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

გიორგი კვირიკაშვილი ლავროვის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 15:50

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღეს გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში პირველი პირები ეხმაურებიან. საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს მნიშვნელოვანი წინაპირობები.

"ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სუვერენიტეტის, ანუ ყველა სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემა," - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი. 

მისივე განმარტებით, ვიზების შემსუბუქება უკანასკნელ პერიოდში იყო ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება.

პრემიერი დღესვე სერგეი ლავროვის მიერ პანკისის ხეობის ტერორისტების თემაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

"პანკისის ხეობის თაობაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ვაცხადებ, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სრულ კონტროლს. არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერმინისტრის თქმით, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია ყველა შემთხვევაში. 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური