განცხადება თსუ-ს სტუდენტთა საყურადღებოდ

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 22 მარტი 2016 14:11

ბოლო დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  newsday.ge უცველელად გთავაზობთ:

"ვაფასებთ თქვენს სურვილს, წვლილი შეიტანოთ იმ ცვლილებების პროცესში, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს საუნივერსიტეტო ცხოვრება. ამასთან, მყარად გვჯერა, რომ ამ ტიპის ცვლილებების სრულფასოვნად განხორციელება მხოლოდ თქვენი მონაწილეობითაა შესაძლებელი.

ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვხატოთ მზაობა, დავიწყოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასატარებელ რეფორმებზე მსჯელობა.

მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი თქვენი წინადადება და შემოთავაზება ყველა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შეარჩიოთ თქვენი წარმომადგენლები და მობრძანდეთ ხვალ, 23 მარტს 15:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც შევთანხმდებით ყველა იმ თემაზე, რაზეც მომავალში ინტენსიურ მუშაობას დავიწყებთ,"- აღნიშნულია განათლების სამინსიტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება-ახალი ბრალდებები კრემლის მხრიდან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 მარტი 2016 18:13

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე ოფიციალური თბილისიდან „ანტირუსული გამოხტომების მკვეთრი გააქტიურება“ შეინიშნება. 

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრაზე პრაღაში, ჩვენ მოვუწოდეთ პარტნიორებს, დაიცვან ზომიერება საკუთარ პიარ ვარჯიშებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ზიანი ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების მიმდინარე პროცესისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 19 მარტი 2016 23:16

საფრანგეთში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა პარიზში ტურიზმის მსოფლიო სალონის ერთერთ სტენდზე, აფხაზეთის როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარმოდგენასთან დაკავშირებით. აღნიშნულ განცხადებას newsday.ge უცვლელად გთავაზობთ.
"პარიზის ტურიზმის მსოფლიო სალონზე, აფხაზეთი წარმოდგენილი იქნა სტენდზე დიდი აბრით, “აფხაზეთის რესპუბლიკა”, ხოლო სალონის ინტერნეტ გვერდზე იგი მოხსენიებულ იქნა, როგორც რუსეთის ფედერაციის ნაწილი, დამოუკიდებელი ქვეყანა.

საქართველოს საელჩომ საფრანგეთში დაუყონებლივ მიმართა სალონის დირექტორს, მოსთხოვა აბრის ჩამოხსნა და ფორმულირების შეცვლა, აუხსნა რა მას, რომ სალონის მიერ წარმოდგენილი ფორმულირება აფხაზეთთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტსა და საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სეპარატისტული რეჟიმების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას.

საელჩოს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, აფხაზების პროტესტის მიუხედავად, სტენდიდან ჩამოიხსნა აბრა „აფხაზეთის რესპუბლიკა“, სტენდზე დარჩა მხოლოდ რუქა, რომელზეც აფხაზეთი გამოყოფილია, როგორც რეგიონი. ასევე, დროულად მოხდება ინფორმაციის ჩასწორება საიტზეც. ტურიზმის სალონის დირექტორმა კი ორგანიზატორების სახელით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა პოლიტიკური პრობლემა არ შექმნას.

და ბოლოს, საქართველოს საელჩომ მიმართა სავაჭრო სამრეწველო პალატასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავს სალონებში, რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა", ნათქვამია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

თსუ-ს აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 16:15

თსუ-ს აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს,განცხადებაში ნათქვამია , რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას განვითარებული მოვლენების გამო და ყველა სტუდენტს, პროფესორს, თანამშრომელს ერთიანობისკენ მოუწოდებს, რათა მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად.

„შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივალთ სავალალო შედეგებამდე. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში გავრცელდა არა მარტო დაუზუსტებელი, არამედ მიზანმიმართულად შეურაცხმყოფელი განცხადებები. მძიმე ბრალდებები წაუყენეს როგორც რექტორს, ასევე, ორივე სტუდენტური აქციოს მონაწილეებს და კანცლერობის კანდიდატს. გამოითქვა სერიოზული და უაპელაციო ურთიერთბრალდებები, რაც დაუშვებელია. სამწუხაროდ, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.
მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით პროფესურას, თავი შეიკავოს მკვეთრი განცხადებებისგან. ორივე სტუდენტური აქციის მონაწილეები ჩვენი სტუდენტები არიან. ვალდებულნი ვართ, მოვუსმინოთ ყველას, გავითვალისწინოთ მათი კონსტრუქციული მოსაზრებები და მათთან ერთად მოვძებნოთ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან“, - აცხადებენ აკადემიური საბჭოს წევრები. 

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 13 მარტი 2016 12:47

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე "სტარვიზიის" ეთერში, გადაცემა ''ახალგაზრდულ აქცენტებში'' აკეთებს განცხადებას, რომელსაც newsday.ge უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა იყოს ავტონომიური, მასში მიმდინარე პროცესები კი მაქსიმალურად გამჭირვალე. პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა დადებითად ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე და ობიექტური. უნივერსიტეტში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიმდინარე პროცესების დამოუკიდებლობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა იყოს ავტონომიური, მასში მიმდინარე პროცესები კი მაქსიმალურად გამჭირვალე. თითოეული უნივერსიტეტი უნდა იყოს სტუდენტებზე ორიენტირებული და აკმაყოფილებდეს მათ მოთხოვნებს. დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის დაძაბული ვითარება. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ მაქსიმალურად მოხდეს სტუდენტების მოთხოვნების დაკმაყოფილება და ამ პროცესების მშვიდობიანი გზით გადაჭრა. ჩვენ, მხარს ვუჭერთ სტუდენტთა მოთხოვნებს და ვფიქრობთ, რომ თითოეული სტუდენტის უფლება უნდა იყოს დაცული.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 12 მარტი 2016 15:58

ორი თვის წინ პირობა მივეცი ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი, ყველა განცხადება, ყველა საქმე მოემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და, პირველ რიგში, ადამიანს. თითოეული ადამიანის დაცვა სახელმწიფოს ღირსების საქმეა. ის, რაც დღეს მოხდა, არის არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების დაშანტაჟებისა და დათრგუნვის მცდელობა. ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, და ჩვენი პასუხი ამ დარტყმაზე იქნება უმკაცრესი!
ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მსგავსი დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ აღარასოდეს მოხდეს.
ვისი გადაღებული და გავრცელებულიც არ უნდა იყოს ეს ჩანაწერი, გეუბნებით, - პირობას გაძლევთ, უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ეს იქნება სამაგალითო პასუხი, რომ მსგავსი სიბინძურე თავში აღარავის მოუვიდეს! სამაგალითოდ დაისჯება ყველა, ვინც საკუთარი ამაზრზენი მოქმედებებით საზოგადოების განვითარებას აფერხებს.
მე დავალება მივეცი შესაბამის უწყებებს - პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსწრაფესად გამოიძიონ ეს საქმე. ეს არის საგამოძიებო უწყებების გამოცდა, რომელიც მათ უნდა ჩააბარონ. ჩვენ მზად ვართ, გამოძიების პროცესში ჩავრთოთ ნებისმიერი ორგანიზაცია, ჯგუფი, ვისაც ამ საქმეში დახმარების გაწევა შეუძლია.
სიტყვას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ეს საშინელი ჩანაწერები ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 21:52

"საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ" პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც newsday.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებამ და გავრცელებამ ჩვენს ქვეყანაში უკვე მიიღო უკიდურესად საშიში და ევროინტეგრაციაზე ამბიციის მქონე სახელმწიფოსთვის დამანგრეველი ფორმები. ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის, რომ ფარული ჩანაწერებით დაშანტაჟების არც ერთი შემთხვევა არ არის დღემდე გახსნილი და არავინ არ არის დასჯილი.
ვინც არ უნდა იყოს ასეთი ჩანაწერების დამამზადებელი და გამავრცელებელი, მათ დაუსჯელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ჩვენ, რესპუბლიკელები, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის კატეგორიული ვიყავით ამ საკითხში, ამ პასუხისმგებლობის ტვირთს, როგორც სახელისუფლო კოალიციის წევრი პარტია, ვერ გავექცევით.
იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პრაქტიკა კიდევ გაგრძელდება, არ იქნება კონკრეტული დამნაშავეები გამოვლენილი და დასჯილი, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება დავარწმუნოთ ვინმე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ეს არ არის ხელისუფლების უსუსურობის ან თანამონაწილეობის გამოვლინება.
აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალია, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ პირადი ცხოვრების ჩანაწერებით მანიპულირების ამაზრზენ პრაქტიკას", - ნათქვამია "რესპუბლიკური პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადება 8 მარტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 მარტი 2016 11:43

8 მარტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავეცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სრულიად საქართველოს ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელიც, უპირველესად, ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ძალადობის აღმოფხვრისაკენ ბრძოლის საკითხებს უკავშირდება. სამწუხაროდ, აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს თემებს, რომლებმაც 8 მარტის – უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია შექმნეს.

მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქალთა შრომითი უფლებების დაცვა და შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის აკრძალვა. ასევე, თვალსაჩინოა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიმართულებით არსებული უთანასწორობა. ერთი მხრივ, საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებები, ხოლო მეორე მხრივ, სპეციალური ღონისძიებების სიმცირე, ხილულ და უხილავ ბარიერებს ქმნის ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობისათვის.

საქართველოს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალის ხმა გადაწყვეტილების  მიღების, მშვიდობის მშენებლობისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებში. ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ თავად ქალებს არ სურთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არგუმენტი მხოლოდ იმ ადამიანს შეიძლება ეჩვენოს დამაჯერებლად, რომელსაც არ უნახავს ქალები საქართველოში - უფლებადამცველი, ლიდერი, სოფლად მცხოვრები, აქტიური ქალები, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან თავიანთი თემის ყოფას.

ჩვენ გვჭირდება კვოტირების სისტემა, რომ დავძლიოთ არსებული უთანასწორობა და მოვხსნათ უხილავი ბარიერები. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესება, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან სწორედ ამ გზით მოხდება თანასწორუფლებიანობის იდეის განმტკიცება პრაქტიკულ ცხოვრებაში.

განსაკუთრებული  მნიშვნელობის მქონეა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევა, რაც ქალთა გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მათი წარმომადგენლობის ხელშეწყობას გულისხმობს. ჯერ კიდევ 1917 წელს, კატო მიქელაძე წერდა: „ქალებო, თქვენ გეუბნებიან „თვითმმართველობა უნდა გადავიდეს ხალხის ხელშიო“. სთქვით, რომ ხალხს არ წარმოადგენს მარტო მამაკაცები, რომ თვითმმართველობა ნამდვილად ხალხოსნური უნდა იყოს. წამოაყენეთ ეგ სამართლიანი მოთხოვნილება! დაიცავით თქვენი უფლება!“. ვიზიარებ კატო მიქელაძის სიტყვებს და მოვუწოდებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქციონ გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა, „ხალხოსნური“ მმართველობის მისაღწევად.

ამასთან, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს მხარდაჭერას კვოტირების სისტემის შემოღების მიმართ და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, საქართველოს პარლამენტს – ერთად დავუჭიროთ მხარი თანასწორობას. ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში," - ნათქვამია განცხადებაში.

"რესპუბლიკური პარტიის" განცხადება ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 მარტი 2016 16:47

"საქართველოს რესპუბლიკური პარტია" ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია,  რომ ქვეყნის კონსტიტუციით და კანონმდებლობით ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირია. 
newsday.ge " რესპუბლიკური პარტიის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"რესპუბლიკური პარტია" სრულიად ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირია და ამ საკითხში ცვლილების შეტანას, არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად, არავინ და არაფერი გვავალდებულებს.

ქორწინების სუბიექტების დაზუსტების თაობაზე კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების შესახებ ბოლო ხანებში წამოწეული საკითხის დეტალურმა ანალიზმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ:

ა) კონსტიტუციურად და სამართლებრივად დასაზუსტებელი არაფერია - სრულიად ცალსახაა, რომ საქართველოში მოქმედი კონსტიტუციით და კანონმდებლობით ქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი და სხვა არაფერი. ამაზე მეტყველებს კონსტიტუციის მოქმედი ნორმის კონსტრუქცია, ნორმატიული შინაარსი და ტერმინოლოგია ("მეუღლეთა", "ოჯახი", "დედათა და ბავშვთა"), აგრეთვე, კონსტიტუციის სწორედ ამგვარ განზრახულობას ადასტურებს მისი უკლებლივ ყველა ავტორი;

ბ) ამ საკითხზე კონსტიტუციაში რაიმეს კიდევ უფრო დაზუსტება, თუნდაც მხოლოდ პოლიტიკურ-პიარული მიზნით, მოქმედ პარლამენტში ფიზიკურად შეუძლებელია, ვინაიდან პროექტის ინიცირებისთვის საკმარისია 76 ხმა, მაგრამ მის მისაღებად აუცილებელია 113 ხმა;

გ) აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილების ინიცირებით და მისი ვერ მიღებით ჩვენ არა თუ ვერ გავამყარებთ, არამედ დავაზიანებთ ქორწინებას, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს. თუ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტით ინიციატორები აცხადებენ, რომ კონსტიტუციაში სიტყვა "მეუღლეთა" უნდა შეიცვალოს სიტყვებით "ქალისა და მამაკაცის", მაშინ ინიციატორები ამბობენ იმასაც, რომ დღეს, სანამ რამე არ შეცვლილა, კონსტიტუცია ქორწინების უფლებას შეიძლება აძლევდეს ვინმე სხვასაც, გარდა ქალისა და მამაკაცისა.

"რესპუბლიკური პარტია" თვლის, რომ ინიცირება საფრეთხეების წინაშე აყენებს საზოგადოებას და არ აპირებს, ასე წინდაუხედავად შეაბიჯოს შორსმიმავალი მიზნებით დაგებულ პოლიტიკურ მახეში. თუ რას ემსახურება ამ საკითხის წამოწევა, ვინ გულწრფელი მოტივებით ადგება არასწორ გზას და ვინ ცდილობს ამ მეტად მგრძნობიარე თემაზე სპეკულირებით პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამის გარკვევა საქართველოს მოქალაქეებისთვის მიგვინდვია.

შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად ამოიწურა შიდაკოალიციური კონსულტაციების რესურსი, რესპუბლიკური პარტია ადასტურებს პატივისცემას თვითეული დეპუტატის, მათ შორის ჩვენივე ფრაქციის წევრების, განსხვავებული პოზიციისადმი, მაგრამ პოლიტიკურად ემიჯნება კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების პროცესს, რომელსაც მოყვება არა საკითხის უკეთ გადაწყვეტა, არამედ საკითხის უფრო გამწვავება თანამდევი პოლიტიკური მეტასტაზებით," - ნათქვამია "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებაში. 

ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით კომპანია “სტერეო +” განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 15:51

კომპანია “სტერეო +”ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ციფრული მაუწყებლობის გავრცელების არეალის გაფართოება წარმატებით მიმდინარეობს. ამის გარდა, კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ციფრული სიგნალის მიღება, ღია ეთერით უკვე შესაძლებელია გუდაურში და არაგვის ხეობაში. “ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა 2015 წელს წარმატებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ახალი ტექნოლოგიური პლატფორმისთვის საჭირო ყველა ღონისძიება უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში წარმატებით დაასრულა”,- აღნიშნავენ კომპანიაში.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური