შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადება

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 18:58

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეხმაურება ბოლო დროს პრესასა და ტელევიზიაში თურქოლოგ რომან კვიციანის და პოლიტიკოსს ჯონდი ბაღათურიას მიერ უნივერსიტეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უნივერსიტეტს კავშირი აქვს რელიგიური და ექსტრემისტული იდეოლოგიის მქონე პირებთან. ეს არის აბსურდი და ემსახურება მათ მიერ გაურკვეველი მიზნების მიღწევას.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სეკულარული უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და თავისუფალია ყოველგვარი იდეოლოგიისაგან. მისი დამფუძნებლები არიან ადგილობრივი და გერმანული იურიდიული პირები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 21 წელია ემსახურება ახალგაზრდების აღზრდას და ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს კერძო უნივერსიტეტებს შორის. მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ დისკრიმინაციული და ცილისმწამებლური განცხადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კერძო უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. IBSU-ში 290 საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს 19 ქვეყნიდან, გაცვლითი პროგრამით კი სტუდენტები 90-ზე მეტ საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტში ეუფლებიან განათლებას. საერთშორისო დონის განათლება, აკადემიური თავისუფლება და ყოველგვარი იდეოლოგიისგან დაცლილი გარემო, წლებია სწორედ ამან გააერთაიანა ასობით მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი და ათასობით სტუდენტი", - ნათქვამია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადებაში.

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 18 აგვისტომდე შეიზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 14:32

17 ივლისის 22:00 საათიდან საგზაო სამუშაოების გამო, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 18 აგვისტომდე შეიზღუდება.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით,  წინამძღვრიშვილის ქუჩა  კიტა აბაშიძის ქუჩიდან ლევ ტოლსტოის ქუჩამდე  გადაიკეტება, ხოლო გოგიბერიძის ქუჩა ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი დარჩება.

შესაბამისად, 18 ივლისის 06:00 საათიდან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოძრავი N122 ავტობუსის  მარშრუტი შემდეგნაირად შეიცვლება: წინამძღვრიშვილის ქუჩიდან ავტობუსი აუხვევს კიტა აბაშიძის ქუჩაზე, საიდანაც გადავა ჩიტაიას ქუჩაზე და მაზნიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით გზას განაგრძობს დადგენილი სქემის მიხედვით.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს,  წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გაუხვევენ მარჯანიშვილზე, გაივლიან ჩუბინაშვილის, ჩიტაიასა და მაზნიაშვილის ქუჩებს, შევლენ ჯავახიშვილის ქუჩაზე, რის შემდეგაც მოძრაობას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

ვგმობ სამხედრო ამბოხების მცდელობას: ფეთჰულაჰ გიულენი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 16:42

გადატრიალების მცდელობას ვგმობ და ასეთი ამბოხების მცდელობასთან დაკავშირება ჩემთვის შეურაცმყოფელია. ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრებმა რელიგიურმა ლიდერმა ფეთჰულაჰ გიულენმა განაცხადა და ასევე მკაცრად დაგმო გადატრიალების ყველანაირი მცდელობა.

ფეთჰულაჰ გიულენმა, გასულ ღამეს თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. გიულენის თქმით, მთავრობები ძალის გამოყენებით კი არა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს. ″ამ სამხედრო გადატრიალებას მკაცრად ვგმობ″, - აღნიშნა მან.
ნიუ-იორკში დაფუძნებულ საერთო ღირებულებების ასოციაციის (afsv) მიერ გამოქვეყნებული წერილის შინაარსი ასეთია:
″თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ძალიან მკაცრად ვგმობ. მთავრობები, არა ძალით, არამედ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს. თურქეთის, თურქი ხალხისა და ამჟამად თურქეთში მცხოვრებ თვითოეული მოქალაქისთვის ვლოცულობ. ალლაჰს ვთხოვ ეს პრობლემა ყველაზე სწრაფად და მშვიდობიან გზით მოგვარდეს.
ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველა სამხედრო გადატრიალება განვიცადე, ჩემი ამ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირება ღირსების შემლახველია. ასეთი ტიპის ცილისწამებას უპირობოდ უარვყოფ″ - ნათქვამია ფეთჰულაჰ გიულენის განცხადებაში.

მერსი სულხანიშვილი რადიო ეთერიდან მოხსნილია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 09 ივლისი 2016 17:23

მერსის დაპირისპირებას სუპერმარკეტის კონსულტანტთან უამრავთა აღშფოთება, კრიტიკა და გაღიზიანება მოჰყვა. ამ ფაქტს რადიო „აფხაზეთის ხმა“ სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა.

„აფხაზეთის ხმის“ საგანგებო განცხადება

"ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით თქვენი ანუ ჩვენი მსმენელების ერთგულნი. ძალზედ ბევრი შეტყობინება მივიღეთ თქვენგან, ყველაზე შესაბამისად სათითაოდ პასუხს ვერ გაგცემდით, ამიტომაც ამ პოსტით გვინდა გაცნობოთ რომ თქვენივე კატეგორიული მოთხოვნის შესაბამისად ვითარების გარკვევამდე (მერსი სულხანიშვილი) რადიო ეთერიდან მოხსნილია !!! (გმადლობთ რომ გვისმენთ და აქტიურობთ".

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება NATO-ს სამიტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 ივლისი 2016 17:14

საქართველოს დელეგაცია ვარშავაში, NATO-ს სამიტზე ქართული პოლიტიკური ძალების ერთობლივი დეკლარაციით წარსდგა, რომელსაც ხელს აწერს ასევე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვარშავის სამიტზე საქართველოს დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს და რომელშიც მხარდაჭერილია საქართველოს NATO -ს კურსის ურყევი ნება.

„ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო აწერს ხელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მადლობა მინდა გადავუხადო ამ პარტიებს - როდესაც, საკითხი ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ, ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

განცხადების განიხილვა „საერთო სასამართლოების შესახებ“

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 15:56

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე განცხადება განიხილეს.

განცხადება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177 მუხლის შესაბამისად, მოქალაქეებმა: დავით ჯანდიერმა, ირაკლი მოდებაძემ, ქრისტინე ჩაფიძემ, დიმიტრი ბლუაშვილმა და სესილი ბარბაქაძემ წარმოადგინეს. განცხადებას ერთვის საინიციატივო ჯგუფის წევრების მონაცემები და კანონპროეტები: „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“; „ადვოკატთა შესახებ“; „სახალხო დამცველის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესახებ“. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა აღნიშნა, რეგლამენტთან მიმართებაში ინიციატივის უფლების მქონე სპეციალური სუბიექტები არიან განსაზღვრული - პარლამენტის წევრი, კომიტეტი და ფრაქცია. ამიტომ კომიტეტმა მხარი დაუჭირა საინიციატოვო ჯგუფის დარეგისტრირებას კანონპროექტთა პაკეტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტის გარეშე.

ამავე მოქალაქეებმა წარმოადგინეს განცხადება არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე. წარმოდგენილ კანონპროეტთა პაკეტში, ასევე, არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტი. კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტის გარეშე კანონპროექტთა პაკეტზე საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირებას.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 17:34

დევნილთა და განსახლების სამინისტრო თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს, სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7 000 აშშ დოლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. 

2012 წლიდან დღემდე, თაღლითობის ფაქტზე სამინისტროს 2 თანამშრომელია დაკავებული, ხოლო ფინანსური მაქინაციების ბრალდებით 4 თანამშრომელი, რომელთა საქმეები გადაგზავნილია პროკურატურაში და მიმდინარეობს ძიება. 

ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა სამართალდამცავ სტრუქტურებთან, გარდა უკანასკნელი შემთხვევისა. აღნიშნული ფაქტი, სამინისტროსთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. 

აქვე, კიდევ მივმართავთ დევნილ მოსახლეობასა და საზოგადოებას - არ დაუჯეროთ მსგავს შემოთავაზებას. ბინების განაწილდება ხდება კომისიურად, ღიად და გამჭვირვალედ. ყოველი ასეთი ფაქტი გამოაშკარავებული იქნება. 

მოვუწოდებთ დევნილებს, რომ მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს ან სამინისტროს ანონიმურობა დაცული იქნება,"- აღნიშნულია სამინისტოს განცხადებაში.

"თავისუფალი დემოკრატების’’ განცხადება წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 12:48

"თავისუფალი დემოკრატები’’ წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"უახლოეს დღეებში სამეგრელოს რეგიონში პარტია ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ წარადგენს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. შესაბამისად ყველა რაიონში მიმდინარეობს საარჩევნოს შტაბების ჩამოყალიბება და პარტიული ორგანიზაციების ახალი წევრებით შევსების პროცესი. ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის გზით მუდმივად არის მცდელობა ხელი შეეშალოს ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მუშაობას. ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ მოვუწოდებთ ხელისუფლებას იყოს საკუთარი განცხადებების ერთგული, ვგულისხმობთ თავისუფალი არჩევნების დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში ჩატარების ქცევის კოდექსის შესახებ მოწოდებას პრემიერის მხრიდან. მთავრობის ხელმძღვანელის ამ მოწოდების ფონზე ოპონენტების წინააღმდეგ უკადრისი მეთოდებით ბრძოლა სულ მცირე არაეთიკურია და აზიანებს საარჩევნო პროცესს," - აღნიშნულია  პარტიის განცხადებაში.

 

 

2016 წლის განმავლობაში არანაირი გადარიცხვა არ განხორციელებულა, - „კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 17 ივნისი 2016 16:51

„ჩვენ, „კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორები - ჯორჯ ათანასი და სუზან კალოგრეიდსი ვაცხადებთ, რომ კომპანიას შექმნის დღიდან არასდროს საოპერაციო-საბანკო ანგარიში კვიპროსში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ჰქონია, შესაბამისად, არანაირი გადარიცხვა კომპანიის მიერ 2016 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. აგრეთვე, არ გაცემულა მესამე პირებზე უფლებამოსილება საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულ განცხადებას „კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ ავრცელებენ. 
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ”ალფა ბანკში” გახსნილ ანგარიშებზე კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების,  ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის ანგარიშზე ”კალა კაპიტალ ლიმიტედისგან”  და რუსეთში მცხოვრები დავით ქარსელაძისგან, იგივე ”კალატოზასგან” გარკვეული თანხა გადაირიცხა.

ომბუდსმენის განცხადება ლგბტ დღესთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 17 მაისი 2016 12:23

საქართველოს სახალხო დამცველი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც newsday.ge უცვლელად გთავაზობთ:

"17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს, 1990 წლის 17 მაისს უკავშირდება. სოლიდარობის გამოხატვისა და ძალადობის დაგმობისკენ მიმართული საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ხდება ლგბტ ადამიანების და მათი მხარდაჭერების მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენის ადგილი.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. დისკრიმინაციის აკრძალვა, ძალადობისგან დაცვა, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ის ძირითადი ღირებულებებია, რაზეც დაფუძნებულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და შემწყნარებლობის კულტურის ჩამოყალიბებისათვის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. კვლავ პრობლემას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვა. სამი წლის გასვლის მიუხედავად, 2013 წლის 17 მაისს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების გამო არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

მაშინ როცა სხვადასხვა ჯგუფების მიერ დაგეგმილია არაერთი აქცია დედაქალაქის ცენტრალურ ადგილებში, სამწუხაროა, რომ ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ ვერ მოხერხდა. ლგბტ აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფის განცხადებით[1], ძალადობის მოსალოდნელი საფრთხეებისა და ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიების არარსებობის გამო უარს ამბობენ საჯარო გამოსვლაზე. შემაშფოთებელია, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული ჰომოფობიური განწყობები საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზაციას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და  ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას, ასევე ლგბტ ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და თავისუფლებების უპირობო განხორციელების ხელშეწყობას.

2016 წლის 17 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე: 14-81,"- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური