კორეის რესპუბლიკის მთავრობის განცხადება ჩრდილოეთ კორეის რიგით მეხუთე ბირთვული ცდის შესახებ
1. 2016 წლის 9 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ ჩაატარა რიგით მეხუთე ბირთვული ცდა (Punggye-ri, North Hamgyong Province).
2. დიდი ოცეულისა და აღმოსავლეთ აზიის სამიტზე საერთაშორისო საზოგადოების აშკარა გაფრთხილებების მიუხედავად, მან კიდევ ერთხელ განახორციელა ატომური ცდა, რითიც უხეშად დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. კორეის რესპუბლიკის მთავრობა მკაცრად გმობს ამგვარ დანაშაულებრივ პროვოკაციას, რომელიც გახლავთ მიუტევებელი.
3. ჩრდილო კორეული რეჟიმი განაგრძობს სახიფათო პროვოკაციებს, ფოკუსირებულია მხოლოდ და მხოლოდ ატომური და რეაქტიული შესაძლებლობების განვითარებაზე, რითიც სრულად უგულვებელყოფს საკუთარი მოქალაქეების ადამიანურ უფლებებსა და სასიცოცხლო საშუალებებს. ჩრდილო კორეულმა რეჟიმმა რაიმე გზით უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი ქმედებებით ვერაფერს მიაღწევს. რაც უფრო მეტ წინდაუხედავ პროვოკაციას განახორციელებს, მით უფრო მეტად დადგება საერთაშორისო სანქციებისა და მკაცრი დიპლომატიური იზოლაციის წინაშე, რაც საბოლოო ჯამში მიიყვანს ეკონომიკური კოლაფსსა და თვით განადგურებამდე.
4. კორეის რესპუბლიკა ისევ და ისევ მკაცრად მოუწოდებს ჩრდილო კორეას, რომ სასწრაფოდ უარი თქვას ბირთვული იარაღისა და სარაკეტო პროგრამის დასრულებაზე, გარდაუვალი და კონტროლირებადი წესით. კორეის რესპუბლიკა გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო საზოგადოებასთან და ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დაწესდეს გაცილებით უფრო მკაცრი სანქციები გაეროს უშიშროების საბჭოსა და ორმხრივ დონეზე.
5. გარდა ამისა, კორეის რესპუბლიკის მთავრობა შეინარჩუნებს მზაობას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომავალში შესაძლო პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ, რაც საფრთხეს შეუქმნის კორეის რესპუბლიკის და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებას, რასაც გაეცემა შეუდრეკელი და მდგრადი პასუხი.
ირაკლი კობახიძის განცხადება
ჩვენს ინტერესებშია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან, სამართლიან გარემოში ჩატარება და ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. ჩვენ დღეს ვსაუბრობდით პროვოკაციების საშიშროებაზე, სამწუხაროდ, ორი მცირე ინციდენტი მოხდა დღეს, ორ სხვადასხვა რეგიონში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ჩვენ კიდევ ერთხელ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები. კარგია, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ მსუბუქი პროვოკაციებით შემოიფარგლა და რაიმე მძიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.კიდევ ერთხელ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რომ მომავალში მაქსიმალურად მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები.
თავდაცვის სამინისტროს განცხადება მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშრებით გავრცელებულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.
"მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშრებით არის დაუზუსტებელი და მცდარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მართლაც იგეგმება სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან მიმართებში, თუმცა, ეს არ გულისხმობს დეპარტამენტის გაუქმებას, არამედ მიმართულია მის კიდევ უფრო გაძლიერებისა და ფუნქციურად მეტი დატვირთვისკენ.
თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ორგანიზაციულ-სტრუქტურული რეფორმის პროცესი ემყარება ერთის მხრივ, შექმნილი ობიექტური მოცემულობის შეფასებასა და ანალიზს და მეორეს მხრივ, ნატოს ოფისის, საერთაშორისო ექსპერტებისა და მრჩევლების რეკომენდაციებს, ოპტიმიზაციისა და რაციონალური ერთიანი პოლიტიკის წარმოების კუთხით.
კერძოდ, დღეს არსებული სიტუაციით, თავდაცვის სამინისტროში არსებობს დუბლირებული ფუნქცია-მოვალეობებისა და ამოცანების მქონე დეპარტამენტები, შესაბამისად, გაბერილი შტატებით. ადგილი აქვს ფუნქციების იდენტურობასა და ურთიერთგადაფარვას. საგულისხმოა, რომ შტატების სიმრავლე არ არის გამოწვეული შესასრულებელი ამოცანების სიმრავლით. პირიქით, დეპარტამენტების დატვირთვა მინიმალურია და შესაბამისად, მათი საქმიანობაც ნაკლებად ეფექტიანი. რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის პროცესში სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს აქტიურ კონსულტაციებს უწევენ ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველთა ჯგუფი CUBIC, დიდი ბრიტანეთის მრჩევლები; ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა ნატოს ოფისთან და არსებითი პაკეტის წარმომადგენლებთან. მათ ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციას თავდაცვის დაგეგმვის, მართვისა და შიდა კოორდინაციის მექანიზმების ინტეგრირების გაუმჯობესება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავდაცვის სამინისტროში მოვლინებული დიდი ბრიტანეთის მრჩევლებიდან ერთ-ერთი, უშუალოდ სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს უწევს სარეკომენდაციო მომსახურებას.
სწორედ ნატოს ოფისისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში სამინისტროს ბრიტანელი მრჩევლის რეკომენდაციით იქნა მიღებული გადაწყვეტილება დეპარტამენტის სახეცვლილების შესახებ, რის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდება სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. აღნიშნული გადაწყვეტილება, საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ კოორდინირებული საქმიანობა და ერთიანი პოლიტიკა, რაც გაზრდის როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობების ეფექტიანობას,'- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ცესკოს განცხადება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის შესახებ
ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომელთაც ცესკოს №60/2016 დადგენილების საფუძველზე მიენიჭათ უფლებამოსილება საპარლამენტო არჩევნებში ისარგებლონ იმავე რიგითი ნომრით, რომლის სარგებლობის უფლებაც მინიჭებული ჰქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიზნებისთვის, როგორც საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალა, ისე საერთო ეროვნულ ან/და ადგილობრივ მაუწყებელებში განთავსებული ფასიანი და უფასო რეკლამა არ უნდა შეიცავდეს იმ რიგით ნომერს, რომლის გამოყენების უფლება შესაბამის საარჩევნო სუბიექტებს, ამავე დადგენილების შესაბამისად, აქვთ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩატარდება წილისყრის პროცედურა ყველა შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისთვის და გამოიცემა რიგითი ნომრების შესახებ ცესკოს განკარგულება.
სოციალური და სხვა მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ზემოაღნიშნული წესის სავარაუდო დარღვევების შესახებ, როგორც ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“-ს, ისე ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ.
შესაბამისად, მოვუწოდებთ აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტებს, დაიცვან თანაბრობის პრინციპი და გაითვალისწინონ, - იმის მიუხედავად, რომ რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს/ბლოკებს ამ ეტაპზე ოფიციალურად არ წარუდგენიათ საარჩევნო ადმინისტრაციაში პარლამენტის წევრობის კანდიდატები, ისინი, როგორც რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ვალდებული არიან დაიცვან საკანონმდებლო მოთხოვნები და სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცესკო ასეთ ფაქტებს, დადასტურების შემთხვევაში, განიხილავს, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევას.
ცესკოს განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თაობაზე
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ
სახალხო დამცველის განცხადება
ცესკოს თავმჯდომარის განცხადება პ/გ „ცენტრისტების“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით
პროკურატურის დ.სტურუას გარდაცვალების ფაქტზე
საქართველოს პროკურატურა დ.სტურუას გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს:
"2016 წლის 8 აგვისტოს, შ.ს.ს. სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.
გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს,"- აღნიშნული პროკურატურის განცხადებაში.
"ქვეყნის ინტერესებს არ გადავაყოლებთ არაფერ სხვას!“- დავით უსუფაშვილი
„მე მინდა დავამშვიდო ყველა, სანამ მე ვარ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და გიორგი მარგველაშვილი- ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენ ქვეყნის ინტერესებს არ გადავაყოლებთ არაფერ სხვას!“- ნათვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დავით უსუფაშვილის თქმით, სახელმწიფოს მართვის პროცესში შეფერხება არ იქნება.
„სახელმწიფოს მართვის პროცესში არ იქნება არანაირი შეფერხება. ეს უბრალოდ აღარ გვეკადრება! ჩვენ არ ვართ არც ისეთი ახალგაზრდები და არც ისე გადასული სხვა თემებზე რომ ეს ვერ გავიაზროთ,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.