ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი EBRD-ს პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 17:01

დღეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სერ სუმა ჩაკრაბარტის, რომელიც ბანკის დელეგაციასთან ერთად საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

აღსანიშნავია, რომ EBRD-ს პრეზიდენტის რანგში ეს მისი მეოთხე ვიზიტია ქვეყანაში.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, როგორც ძლიერი პარტნიორისა და დონორის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში და მაღალი შეფასება მისცა ბანკის პრეზიდენტის ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით.

თავის მხრივ, EBRD-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან ბანკის წარმატებული თანამშრომლობის ისტორიას და აღნიშნა, რომ EBRD კვლავ გააგრძელებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას ქვეყანაში, რომელიც ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმატორია. 

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის საქმიანობა, EBRD-ს მხარდაჭერით მიმდინარე და სამომავლო პროექტები ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, განათლების სფერო, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა ინოვაციების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სტანდარტებთან დაახლოების გზით.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო EBRD-ს განსაკუთრებულ წვლილს ინვესტორთა საბჭოს მუშაობაში, რომლის მიზანია, ქვეყანაში საჯარო-კერძო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) გაძლიერება. ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე. 

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, სწორედ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იყო პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვა ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები. ასევე, 2017 წელს პირველად, გამოვიდა EBRD-ს ლარით დენომინირებული ევრობონდები.

განხილულ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე და სამომავლო პროექტები. 

დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სამომავლოდაც სტრატეგიული და ნაყოფიერი იქნება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია, როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. 

ამ დროისთვის, ბანკის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს, დაახლოებით, 3.2 მილიარდ ევროს.

კორეასა და საქართველოს შორის „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ“ შეთანხმებას მოეწერა ხელი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019 16:10

საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა და კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა ლი ტე-ჰომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „კორეის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ“.

აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან (EDCF) საქართველოსთვის სესხების გამოყოფის ძირითად პრინციპებს. შეთანხმების ფარგლებში, შემდგომში კორეის „ექსიმბანკის“ მეშვეობით, კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხები მიმართული იქნება საქართველოში სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი შეთანხმების ფარგლებში ყოველი პროექტის დაფინანსების მიზნით, გაფორმდება დამატებითი ხელშეკრულებები, რომლითაც განსაზღვრული იქნება სესხის ფინანსური პირობები.

შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

სასტარტო სემინარის ფარგლებში ჟურნალისტებმა განიხილეს „თავისუფალი მედიის რეგულირების საწყისი მიზნები და პრინციპები“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 დეკემბერი 2018 14:24

გასულ კვირას თბილისში ჩატარდა ქართველი ჟურნალისტებისა და საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელი პირების ერთობლივი ოთხდღიანი სასტარტო სემინარი. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) - ტერეზა ტალჰამერი სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელი და მედიის განვითარების ფონდი (MDF) - თამარ კინწურაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი. შეხვედრის მხარდამჭერი - სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.

ერთობლივი სასტარტო სემინარის საგნობრივი ხელმძღვანელები იყვნენ: ტომას ვიერნი, მრჩეველი საკონსტიტუციო და მედიასამართლის დარგში, ტობიას ბრინგს–ვიზენი, კიოლნის უნივერსიტეტის კომუნიკაციისა და მედიასამართლის ინსტიტუტი, მანფრედ პროტცე, გერმანული პრესის საბჭო, დოქტორი ფრედერიკ ფერეაუ, კიოლნის უნივერსიტეტი პროფესორი, დოქტორი და ბერნდ ჰოლცნაგელი, მიუნსტერის უნივერსიტეტი.

ერთობლივი სასტარტო სემინარის ფარგლებში მისმა მონაწილეებმა განიხილეს „თავისუფალი მედიის რეგულირების საწყისი მიზნები და პრინციპები“. კერძოდ:

• მედიის ამოცანები დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში

• სახელმწიფოსა და გაერთიანების ზედამხედველობისგან

თავისუფალი მედია 

• ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვა, ინფორმაციის

სანდოობა

• ინფორმაციისა და მისი გავრცელების თავისუფლება

• მრავალფეროვნება, როგორც დემოკრატიული აზრის

ჩამოყალიბების წინაპირობა

• ახალგაზრდობისა და მომხმარებლების დაცვა

• მიმწოდებლის სამეწარმეო თავისუფლება

• პიროვნული უფლებებისა და ღირსების დაცვა

• გამჭვირალეობა როგორც რეგულირების მიზანი

ყველა თემის მოკლე მიმოხილვის და დისკუსიის შემდეგ, მონაწილეების მხრიდან მიმდინარეობდა განსაკუთრებული პრობლემების გამოვლენის პროცესი.

სემინარის მუშაობის მომდევნო დღეები დაეთმო ცალკეული და კონკრეტული თემების განხილვას, ანუ როგორიც იყო პრესისა და ტელერადიო მაუწყებლობის თვითრეგულირება, სოციალური ქსელის რეგულირება, შესწორებული დირექტივა აუდიო ვიზუალურ სამსახურებთან დაკავშირებით, ქართული სამართლებრივი მდგომარეობის და ბაზრის წარდგენა და სხვა.

თემების განხილვის შემდეგ მიმდინარეობდა აქტუალური დისკუსია პრობლემების გადაჭრის მოძებნის გზებზე, რის შემდეგაც სემინარის მონაწილეებმა მაშაობა დაიწყეს შემაჯამებელი დოკუმენტის შექმნაზე. ამის შემდეგ მოხდა დასკვნითი დოკუმეტის ერთობლოვი შემუშავება სამუშაო ჯგუფის შედეგებით და რჩევების გათვალისწინებით. 

ერთობლივი სასტარტო სემინარის ბოლო დღეს გაიმართა დასკვნითი დოკუმენტის წარმოდგენა სემინარის თემაზე: პრესისა და ტელერადიო მაუწყებლობის თვითრეგულირება, დასკვნითი დოკუმენტის წარმოდგენა სემინარის თემაზე: სოციალური ქსელის რეგულირება და დასკვნითი დოკუმენტის წარმოდგენა სემინარის თემაზე: შესწორებული დირექტივა აუდიო ვიზუალურ სამსახურებთან დაკავშირებით. ამას კი მოყვა შემუშავებული შედეგების საბოლოო განხილვა, სემინარების შედეგების შეჯამება, სემინარის შეფასება, შემდეგი ნაბიჯების და სამომავლო გეგმების განხილვა.

ერთობლივი სასტარტო სემინარის ორგანიზატორებისა და ჟურნალისტების შეფასებით, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ ჩატარდა და გამოითქვა მზადყოფნა, რათა ანალოგიური სემინარი, საქართველოს საინფორმაციო საშუალებებისათვის უკვე სხვა საინტერესო თემებზე, მომავალ წელსაც ჩატარდეს.

 ავთანდილ ოთინაშვილი

გიორგი ქობულია: „აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 1,5 მილიარდიანი საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას გეგმავს“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018 10:28

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მინისტრის შეფასებით, შეხვედრა პოზიტიური და სასარგებლო იყო - საუბარი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. 

როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი ქობულიამ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკს საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს 3 მლრდ დოლარამდე ინვესტიცია, დღესდღეობით კი  აქვს1,5 მილიარდიანი პორტფელი. „ეს, პრაქტიკულად, ჩვენი ეროვნული პროდუქტის 10%-ს შეადგენს. ბანკი აპირებს ამ პორტფელის გაფართოებას - კერძოდ, ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში ADB-ის პორტფელის გაფართოების საკითხზე, ასევე საპენსიო რეფორმისა და PPP-ს კანონის დანერგვა-მხარდაჭერაზე“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

გიორგი ქობულიასა და იეშიმ ელჰან-კაიალარის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში საშუალო და მცირე ბიზნესების მხარდაჭერის კუთხით მუშაობის გააქტიურება. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, ამ მიმართულებით ბანკმა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა წარმოადგინა. „ბანკი რეგიონებში განახორციელებს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რათა ისინი ერთმანეთს დააკავშიროს - მაგალითად, სასტუმროები და პროდუქტების მწარმოებლები, რათა მათ ითანამშრომლონ. ბანკი ასევე დააფინანსებს მათ ბიზნესებს, რომ შეძლონ პროდუქციის შექმნა და თუ სასტუმროს აშენება“- აღნიშნა მინისტრმა.

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018 12:49

საპროექტო იდეების გენერირება, ახალგაზრდული პროექტების წერა და გუნდური მუშაობა იყო წამყვანი თემები ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკისა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ინიციატივით კახეთში ჩატარდა. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში შედგა.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ კახეთის რეგიონის ისტორიას, მოინახულეს კულტურულ-ისტორიულ და რეკრეაციულ ადგილები, გაიგეს რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებათა სასწავლო პროგრამების შესახებ, შეისწავლეს ადგილობრივი ტრადიციული ხელსაქმის – მოჩითვისა და ქართულ სუფრის შექმნის ხელოვნება. მასპინძელ ოჯახთან ერთად მოამზადეს ადგილობრივი კერძები. ახალგაზრდები გაეცნენ ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და გაუმჯობესებული კომუნიკაციის სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ბანაკს ადგილობრივი, კახელი ახალგაზრდები მასპინძლობდნენ.
“მნიშვნელოვანია ახალქალაქში ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და რეგიონთაშორისი კონტაქტების განვითარება მოხდეს, ეს აქტივობები კი ბანაკის მონაწილეების სამომავლო განვითარების და ინტეგრაციის წინაპირობაა. გუნდური თამაშის საშუალებით ახალგაზრდები შეძლებენ გააუმჯობესონ კომუნიკაცია და შეინარჩუნონ კონტაქტები არა მხოლოდ ბანაკში ყოფნისას, არამედ მათთვის არაჩვეულ გარემოშიც”- აღნიშნა ფსიქოლოგმა მარიამ დავითაშვილმა.
ბანაკის მსვლელობისას განსაკუთრებული აქცენტები რეგიონული განვითარების და ტურიზმის მიმართულებით გაკეთდა. კახეთის რეგიონი კი ახალქალაქის LAG-ის მიერ სპეციალურად შეირჩა, როგორც ტურისტული სერვისების სწრაფმზარდი და მაღალი პოტენციალის მქონე რეგიონი. ახალგაზრდები კახეთის წარმატებულ სასტუმრო კომპლექსებსა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებს ეწვივნენ. საინტერესო ლექციები გაიმართა ტურიზმის განვითარების შესახებ. “ჩვენი რეგიონისთვის ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული კომპონენტია, მსგავსი ლექციები კი გვეხმარება უკეთ გავეცნოთ სტუმართმასპინძლობის სფეროში არსებულ გამოწვევებს”- განაცხადა ახალქალაქის LAG-ის თავმჯდომარემ, ანუშ გილოიანმა.
ეს არის ახალქალაქის LAG-ის მიერ ინიცირებული პირველი ახალგაზრდული ბანაკი, მსგავსი აქტივობების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.
პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

 

 

 

ევრობანკის მცირე ბიზნესის კონსულტაციების გუნდი აღნიშნავს 15 წლის საქმიანობას საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 აპრილი 2018 13:07

02.04.2018 2003 წლიდან დღემდე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მცირე ბიზნესის საკონსულტაციო გუნდმა განახორციელა 1,150-ზე მეტი საკონსულტაციო პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესთან ერთად. პროექტების დაახლოებით ნახევარი განხორციელდა დედაქალაქის გარეთ, პროექტების 1/5 განხორციელელდა იმ კომპანიებთან, რომელთაც ქალი მეწარმეები მართავენ.

ევრობანკის მცირე ბიზნესის კონსულტაციების გუნდი აკავშირებს ადგილობრივ კონსულტანტებთან და საერთაშორისო მრჩევლებთან მცირე და საშუალო მეწარმეებს ისეთი ინდუსტრიებიდან, როგორიცაა  კვების პროდუქტების წარმოება, საცალო და საბითუმო დისტრიბუცია, სამშენებლო და საინჟინრო საქმიანობა და სხვა.

 მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც სარგებლობს მცირე ბიზნესის კონსულტაციების გუნდის სერვისებით, აქვთ წვდომა ცოდნასა და ნოუ ჰაუსთან, რაც  ხელი უწყობს მათი ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ახალი ბიზნეს გარემოსთან ადაპტაციას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ საწარმოებს, რომელთაც სურთ დანერგონ სურსათის და ჰიგიენის ახალი სტანდარტები, გააუმჯობესონ ექსპორტის პოტენციალი და სრულად ისარგებლონ იმ სარგებელით, რაც თან ერთვის თავისუფალ ვაჭრობას მსოფლიოს უმსხვილეს სავაჭრო ბლოკთან-ევროკავშირთან.

"ცოდნასთან და ექსპერტიზასთან წვდომა არის წარმატებული ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. ჩვენ არაერთ საწარმოსთან ვთანამშრომლობთ და მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, მოვიდნენ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, დანერგონ ეფექტური და ინოვაციური სისტემები, გაზარდონ კონკურენტუნარიანობა, " ამბობს სევერიან ღვინეფაძე, ევრობანკის მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებისა და განვითარების გუნდის ხელმძღვანელი.

ამჟამად ევრობანკის მცირე ბიზნესის კონსულტაციების პროგრამას საგრანტო დაფინანსებით მხარს უჭერს ევროკავშირი  EU4Business ინიციატივის ფარგლებში,გარდამავალი ქვეყნების ფონდი**, შვედეთი და ევრობანკის  აქციონერთა სპეციალური ფონდი.

"ვულოცავთ ჩვენს პარტნიორს ევრობანკს მცირე ბიზნესის კონსულტაციების სფეროში 15 წლიანი წარმატებული საქმიანობის დაბადების დღეს. ამ გუნდის საქმიანობის დახმარებით, ჩვენ მხარი დავუჭირეთ მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში, გაეზარდათ კონკურენტუნარიონობა, დაემყარებინათ უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ევროპელ პარტნიორებთან, განევითარებინათ და გაეთანამედროვებინათ საკუთარი საწარმოები. ევრობანკი არის ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ყველა საქმიანობას, რაც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში”, განაცხადა ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის  თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა.

"ჩემმა კომპანიამ ისარგებლა კონსულტაციებით მცირე ბიზნესისათვის მარკეტინგის მიმართულებით. ადგილობრივი კონსულტანტის დახმარებით, შევქმენით ახალი ვებ-გვერდი, რომელიც მეხმარება ახალი კლიენტების მოძიებაში უცხოეთიდან, მაგალითად, გავაფორმე სამწლიანი კონტრაქტი ჩემი ღვინის აზერბაიჯანში გატანის თაობაზე, 50,000 ბოთლი წელიწადში, ამბობს მანანა ახვლედიანი კომპანია Madam Wine-ის მფლობელი. 

*პროგრამის დაწყებიდან, მას აფინანსებენ ევროკავშირი, ევროკავშირის, EBRD -ის გარდამავალი ქვეყნების ფონდის,  EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდის, კანადაში, შვედეთის და ტაივანი-EBRD-ის თანამშრომლობის ფონდი. l

**გარდამავალი ქვეყნების ფონდის დონორები არიან კანადა, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, იაპონია, კორეა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაიპეი ჩინეთი და გაერთიანებული სამეფო.

ევროპისრეკონსტრუქციისადაგანვითარებისბანკისშესახებ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დაარსდა 1991 წელს ევროპის ისტორიის განსაკუთრებული მოვლენის, მის აღმოსავლეთ ნაწილში კომუნიზმის დაშლასთან დაკავშირებული გამოწვევის, საპასუხოდ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ყველაზე დიდი ინვესტორია თავის რეგიონში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში, აქვს 30-მილიარდიანი საკუთარი კაპიტალი და AAA რეიტინგი სამი ძირითადი სარეიტინგო სააგენტოდან (S&P, Moody’s and Fitch), ბანკის ინვესტიციები ასევე იზიდავს მსხვილ უცხოურ ინვესტიციებს იმ ქვეყნებში, სადაც ის ახორციელებს საქმიანობას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძირითადად კერძო საწარმოებში ახორციელებს ინვესტირებას, როგორც წესი, კომერციულ პარტნიორებთან ერთად. იგი აფინანსებს პროექტებს ფინანსურ და ეკონომიკის სექტორში, ახორციელებს ინვესტიციებს როგორც ახალ, ასევე არსებულ კომპანიებში. იგი ასევე მუშაობს ღია ტიპის სააქციო საზოგადოებებთან პრივატიზაციის მხარდაჭერის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების რესტრუქტურიზაციისა და მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აქციონერია 66 ქვეყანა ხუთ კონტინენტზე,მათ შორის ჩინეთი და ორი სამთავრობათაშორისო დაწესებულება (ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკი). ის აწარმოებს მჭიდრო პოლიტიკურ დიალოგს მთავრობებთან, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა ხელი შეუწყოს თავისი მიზნების განხორციელებას. ბანკი ასევე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და გაეროს სპეციალიზებული სააგენტოები.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს საქმიანობას 38 ქვეყანაში-ცენტრალური აზიიდან სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთამდე და აქვს 40 ადგილობრივი ოფისი.

ლევან ჯოხაძე: მხოლოდ ფეხბურთის ფედარციის მუშაობა შედეგამდე ვერ მიგვიყვანს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 26 მარტი 2018 15:21

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი, ფეხბურთის დონე საქართველოში და განვითარების პერსპექტივა, - ამ თემების შესახებ, მწვრთნელს, ლევან ჯოხაძეს ვესაუბრეთ.

ჯოხაძემ სამწვრთნელო კარიერა დინამო აკადამიაში დაიწყო, შემდეგ იყო პირველი ლიგა, სადაც ცხინვალის „ლიახვის“ მთავრი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ასისტენტად მუშაობდა. სწორედ მათი თანიმიმდევრული მუშაობის პერიოდში, 2015 - 2016 წელების სეზონზე   „ლიახვი“ პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა. 2016 წელს  გარდამავალი ჩემპიონატის მსვლელობის დროს კი ლევან ჯოხაძე „ლიახვის“ მთავარი მწვრთნელი იყო.  2017 წელს შეცვლილი ფორმატით დაწყებულ  სეზონში მალხაზ ჟვანია და ლევან ჯოხაძე, ლიგა სამში  თელავის „თელავს“ წვრთნიდნენ, საკმაოდ წარმატებით, თელაველები აღნიშნულ ლიგაში 1-2 ადგილს იკავებდნენ. სეზონის დასრულებამდე, ივნისში,  მწვრთნელებმა გუნდი დატოვეს. ივლისიდან ლევან ჯოხაძემ ლიგა სამში, კვლავ ცხინვალის „ლიახვში“ გააგრძელა მუშაობა. ამჟამად ახალგაზრდა სპეციალისტი არც ერთ გუნდში არ მუშაობს.

ლევან ჯოხაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- თქვენ ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებამდე და ცვლილების შემდეგაც მუშაობდით სხვადასხვა რანგის ლიგაში, რამდენად დიდი სხაობაა, რას ფიქრობთ შედეგი მივიღეთ?

- დავიწყოთ იმით რომ არ არსებობს იდეალური ფორმატი.ყველა ფორმატს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე.  როგორც მწვრთნელს მიმაჩნია რომ ეს ფორმატი გაცილებით მობილიზებულს ხდის როგორც მწვრთნელს ასევე  ფეხბურთელს,თუნდაც იმ კუთხით რომ შენ ერთ კონკრეტულ გუნდს ეთამაშები ოთხჯერ და ოთხივეჯერ ვარლდებული ხარ რომ მოწინააღმდეგეს შესთავაზო სიახლე რაღაც კუთხით,იქნება ეს ტაქტიკური თუ შემადგენლობის მხრივ. აქედან გამომდინარე შესამჩნევია ის სხვაობა, რაც ახლა გვაქვს. გუნდები ცდილობენ სიახლეების შემოთავაზებას, თუნდაც ის ფაქტი, რომ მიმდინარე ეროვნული ლიგა1-ის და ლიგა 2-ის გუნდებმა აქტიურად დაიწყეს სამი ცენტრალური მცველით თამაში, ვფიქრობ, ეს სიახლე დამატებით ინტერესს შესძენს ჩვენს ჩემპიონატს. რადგან ეს ფორმაცია უკვე ერთგვარ ტენდენციად იქცა წამყვან საფეხბურთო ლიგებში. დაახლოებით ერთი წელი ვიმუშავე პირადად მე  ამ სქემაზე და მიმაჩნია, რომ ჩვენ ჩემპიონატში თავისუფლად შეიძლება ამის დანერგვა.

- თელავსა და ცხინვალის „ლიახვში“ მუშაობდით, რა დონეა მესამე ლიგაში?

- გასულ წელს ვმუშაობდი ს.კ „თელავში“ იქ დავიწყეთ სამ ცენტრალურ მცველიან სქემაზე მუშაობა, ჩემპიონატის შუა ნაწილში მთავარ მწვრთნელად დავინიშნე ლიგა სამის ბინადარ ცხინვალის „ლიახვში“ რომლის წინაშეც იდგა ურთულესი ამოცანა, გუნდს ჰქონდა 4 ქულა და მიზანი იყო ლიგაში ადგილის შენარჩუნება. იქაც დავიწყე იმავე სქემით მუშაობდა და გუნდმა საწყის 7ტურში მოიპოვა 15 ქულა, ფაქტობრივად თავი  დავაღწიეთ გასავარდნ ზონას, მაგრამ წინ იყო სამი გადამწყვეტი ტური, სადაც გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო  ვერ ვიხილეთ ის თამაში, რაც საჭირო იყო.  შედეგად მოხდა ისე რომ გუნდი მაინც გავარდა.ეს იყო ერთგვარი შოკი პირადად ჩემთვის,რადგან უმოკლეს დროში გუნდი ფაქტობრივად  ფერფლიდან აღდგა და ერთგვარ სიახლედ იქცა ლიგაში. სამწუხაროა, როცა ნაშრომი და ნაწვალები სრულიად უაზრო მიზეზის გამო გეყრება წყალში, თუმცა ასეთია მწვრთნელის ბედი, მთავარია სწორი დასკვნების გამოტანა შეგეძლოს, ახლა კი მზად ვარ  ახალი გამოწვევისთვის.

-  დინამოს აკადემიაში მუშაობდით, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე რას ფიქრობთ?

-  ჩვენ თუ  გვინდა განვავითაროთ ბავშვთა ფეხბურთი, ამისათვის აუცილებელია განვითარდნენ კლუბები,როდესაც კლუბი განვითარდება ის ავტომატურად იფიქრებს თავის ბავშვთა სკოლის განვითარებაზე. დღეს კი რა გვაქვს, „დინამოს“ და „საბურთალოს“ საფეხბურთო სკოლები უკონკურენტოდ არიან, ფაქტობრივად  გამოდის ისე, რომ სხვები უბრალოდ მონაწილეობას იღებენ და არანაირი პროგრესი იქ არ ჩანს. გვაქვს ორი განვითარებული კლუბი საქართველოში და ეს მათ აკადემიაზეც აისახება. სამწუხაროდ ორი ძალიან ცოტაა

- ის მიმართულება, რაც ამჟამინდელ ფედერაციას აქვს შედეგამდე მიგვიყვანს?

- მხოლოდ ფედარციის მუშაობა შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. ჩვენ დღეს გვყავს ფინანსურად ფეხზე მდგარი კლუბები, მათ მოუწევთ ძალიან მალე კარგ მოედნებზე თამაში კარგი სატელევიზიო გაშუქებით. ეს ყველაფერი ცალსახად ფედერაციის აქტივში უნდა შევიტანოთ. დანარჩენს რაც შეეხება, ამაზე თავად კლუბებმა უნდა იფიქრონ.

მიხეილ ჩხენკელი გაეროს წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 20 თებერვალი 2018 17:50

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

მიხეილ ჩხენკელმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს სისტემაში დაგეგმილი სიახლეების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, გამოხატეს მზადყოფნა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ განათლების ყველა საფეხურზე სამოქალაქო განათლების კომპონენტის გაძლიერების, პროფესიული განათლების ხელშეწყობის, ახალგაზრდობისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, განათლების მიღების მეტი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგია წარადგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017 13:53

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა.

დოკუმენტი პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, დეპუტატებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა წარუდგინა.

განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და ინსტიტუციურ გაძლიერებას, მაღალხარისხიანი აუდიტორული საქმიანობით სამსახურის როლის გაზრდას საჯარო ფინანსების მართვაში პარლამენტის, მთავრობის და საზოგადოების მეტ ჩართულობას, მმართველობითი სისტემის დანერგვას და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.

„ჩვენი გამოწვევაა, 5 წლის განმავლობაში მივიღოთ მაღალი ხარისხის აუდიტორული სამსახური, რომლის ანგარიშები თვისობრივად გააუმჯობესებს საჯარო ფინანსების მართვის პროცესს. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, შევთავაზოთ ინსტიტუციებს შედეგზე ორიენტირებული რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება მათ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში. ჩვენი მიზანია გავზარდოთ რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი პარლამენტის აქტიური ჩართულობით“, - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა მნიშვნელოვანია მთლიანად კონსტიტუციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის და ხელს უწყობს საჯარო უწყებებს, ჯეროვნად და კანონის შესაბამისად განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილება.

„აუდიტის სამსახურმა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, განსაკუთრებით მისი დამოუკიდებლობის განმტკიცების თვალსაზრისით, რაც არის უდავოდ აღსანიშნავი და ახლა არის ის დრო, როდესაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამსახურის რესურსების განვითარებას და ამ კუთხით მნიშვნელოვანია სტრატეგიული ხედვის არსებობა. მე დარწმუნებული ვარ, ეს ხედვა მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე, რასაც ჰქვია აუდიტის სამსახურის რესურსების თვისობრივი გაძლიერება“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგია საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

განვითარების სტრატეგია პასუხობს იმ გამოწვევებს, სამომავლო აქტივობებსა და ამოცანებს, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის პროექტით - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“, რომლის მიზანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და პროფესონალიზმის შემდგომი გაძლიერება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის თავმჯდომარე, ვუგარ გულმამადოვი, დიდი ბრიტანეთისა და სომხეთისა უმაღლესი აუდიტორული სამსახურების წარმომადგენლები. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 12:48

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მითუმეტეს, აბსურდულია გიორგი ჩოგოვაძის ჯემ - ფესტის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირება - ამ ფესტივალს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები და მათ შორის გიორგი ჩოგოვაძე ნამდვილად არ არის. 

გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თითქმის 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს. ამ პერიოდში საქართველომ ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის როგორც სახელმწიფოს ტურიზმის სექტორში ჩართულ სხვადასხვა უწყებებს, ასევე კერძო სექტორს და, რა თქმა უნდა, ტურიზმის ადმინისტრაციას. სწორედ ამ მიღწევებმა ტურიზმის სექტორში კიდევ უფრო მეტად გამოავლინა ახალი გამოწვევები და თვალსაჩინო გახადა არსებული პრობლემები, რომლებსაც ადეკვატური და სწრაფი საპასუხო ქმედებები სჭირდება. ამ  გამოწვევების საპასუხოდ ჩვენ  მუდმივად ვმუშაობთ ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ ყველა უწყებასთან, როგორც სტრუქტურულ, ასევე შინაარსობრივ რეფორმებზე.

როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია ამ მიმართულებით სამუშაო პროცესის გააქტიურებამ, რაც თავის მხრივ, უკავშირდება წლევანდელი ტურისტული სეზონის რეკორდულ მაჩვენებლებს, რომლის ფონზეც აშკარაა, რომ ბევრი რამ არის გასაძლიერებელი და დასახვეწი. 

ჩვენი გუნდი წარმატებით უპასუხებს  ახალ გამოწვევებს  და ამ პროცესში ყველა, მათ შორის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელიც საკუთარ წვლილს შეიტანს.

აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დაუშვებელია მიზანმიმართულად გავრცელებული, არასწორი ინფორმაციებით ჩრდილი მიადგეს  იმ მიღწევებს, რომელიც აქვს ქვეყანას.

გვერდი 1/ 2-დან

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური