ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ინარჩუნებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 13:34

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს - ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს,"ნიუსდეი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. " საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2016 წლის 3 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ერთი მხრივ, დადებითად აისახება ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის დამატებით შებოჭვით შეასუსტებს ინფლაციურ ზეწოლას. პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2016 წლის დასაწყისში მცირედით გადააჭარბებს 5 პროცენტს, ხოლო შემდეგ ჩამოსცდება 5 პროცენტიან მაჩვენებელს, თუმცა კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების მატება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე ელექტროენერგიის გადასახადის ერთჯერად მატებას. ინფლაციის ზრდას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავს.

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა პროგნოზირებულთან შესაბამისია. წინასწარი შეფასებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2015 წელს 2.8 პროცენტი შეადგინა. საგარეო სექტორი კვლავ რჩება ეკონომიკური ზრდის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად. რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. განვლილი პერიოდის მანძილზე ეკონომიკური ზრდა ძირითადად შიდა მოთხოვნით იყო განპირობებული, თუმცა უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო მომსახურების ტვირთის ზრდა, მოთხოვნის შესუსტებაზე მოქმედებდა.

პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ. შემცირებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ დააჩქარა იმპორტის კორექტირების პროცესი. 2015 წელს იმპორტის წლიურმა კლებამ 15.3 პროცენტი შეადგინა (ერთჯერადი ფაქტორების გათვალისწინების გარეშე). შესაბამისად, დღევანდელი მონაცემებით საგარეო შოკის გავლენა გაცვლით კურსზე ამოწურულია. სხვა თანაბარ პირობებში, არსებული საგარეო შოკიდან კურსზე დამატებითი ზეწოლა მოსალოდნელი არ არის.

 

2015 წლის მანძილზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკაზე ნაწილობრივ აისახა. გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები ლარით დენომინირებულ სესხებზე და შედეგად შემცირდა საკრედიტო პორტფელის ზრდა, რაც ერთობლივ მოთხოვნას კიდევ უფრო შეასუსტებს და ფასებზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე, თუ სხვა დამატებითი შოკები არ გამოიკვეთა, ინფლაციის მოლოდინების მოსათოკად პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ არის. შედეგად, საგარეო რისკებისა და ადგილობრივი ფაქტორების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.0 პროცენტზე შენარჩუნება. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 9 მარტს გაიმართება",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში,

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები შესაძლოა კიდევ გაძვირდეს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 10:12

გაძვირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები დღეს გაირკვევა . გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღებენ.

წინა შეხვედრაზე, რომელიც დეკემბერში გაიმართა, კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა იმ იპოთეკურ და ბიზნეს სესხებზე პროცენტის ზრდას იწვევს, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

დეკემბერში გამართულ ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული, ლარში გამოტანილი სესხები ნახევარი პროცენტით გაძვირდა. ამით სესხის პროცენტი სულ 8564 ადამიანს გაუძვირდა.  

რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 10:46

 

რეფინანსირების განაკვეთი ისევ გაიზარდა და მან უკვე 8 პროცენტი შეადგინა. შედეგად, სესხის პროცენტი 8 ათას 500-ზე მეტ ადამიანს გაუძვირდება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე დადებითად უნდა აისახოს.

ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ თუ სხვა დამატებითი შოკები არ გამოიკვეთა, პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მომდევნო პერიოდში მოსალოდნელი არ არის.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 3 თებერვალს გაიმართება.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური