"გამოძიება სრულფასოვნად ვერ ჩაითვლება თუ არ გამოიძიეს ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის ფაქტები"-წულუკიანი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 13:17

„გამოძიების დაწყებისას განსაკუთრებუი ადგილი და მნიშვნელობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას დაეთმობა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან შეხვედრის შემდეგ.

მინისტრის განცხადებით, დღეს ცხინვალის ტერიტორიაზე 75%-ით ნაკლები ეთნიკური ქართველი ცხოვრობს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა აგვისტოს ომის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჰააგის პროკურორთან პირველ რიგში უმნიშვნელოვანესი მიმართულებით ვითანამშრომლებთ. ეს არის ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდა. ანუ გამოძიებაში ქართველთა ეთნიკურ წმენდას დაეთმობა განსაკუთრებული ადგილი. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ გამოძიება ვერ ჩაითვლება სრულფასოვნად თუ პროკურატურამ არ გამოიძია ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის ფაქტები“, - აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გამოძიების მთავარ მიმართულებად გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძისა და კახა ხუბურულის საქმეები იქნება პრიორიტეტული.  

შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში ჩამოვიდა. ის მოსამართლისგან ელოდება ნებართვას, რომ აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულზეც აწარმოოს. 

ფატუ ბენსუდა დღეს საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებს და NGO-ებს შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 09:59

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა თბილისში გუშინ საღამოს ჩამოვიდა. მან აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა. დაგემილია პროკურორის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლებთან. ასევე ომის შედეგად დაზარალებულ ოჯახებთან. შეხვედრა გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

დღის ბოლოს ბენსუდა პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

ჰააგას პროკურორის ოფისი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ფაქტები იკვეთება.

აგვისტოს ომის ფაქტების გამოძიებას საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ითხოვს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 17:07

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება. პროკურორის ოფისის განცხადებას ჰააგის სასამართლოს ვებგვერდი ავრცელებს:

„2008 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონსა და საქართველოს შორის შეიარაღებული შეტაკებები, რომელშიც ასევე რუსეთის ფედერაცია იყო ჩართული, გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში, პროკურორის ოფისი ჩაერთო საქართველოს საქმის წინასწარ შესწავლაში. პროკურორი თვლის, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.

პროკურორის ოფისში არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ და რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე წევრის შესაძლო მონაწილეობით მოსახლეობის იძულებით გადაადგილების შედეგად 51-დან 113-მდე ეთნიკური ქართველი სამოქალაქო პირი დაიღუპა. აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა ის, რომ 13.400-დან 18.500-მდე ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა გადაადგილებული და 5.000-ზე მეტი ქართველის კუთვნილი საცხოვრებელი განადგურდა. არსებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურორის ოფისი მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნულ და სხვა სამართლდარღვევებს, როგორიცაა მოროდიორობა და სამოქალაქო მოსახლეობის ქონების მასიურად განადგურება ფართომასშტაბიანი ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილს. შედეგად, პროკურორის შეფასებით ეთნიკური ქართველი მოსახლეობის რაოდენობა კონფლიქტის ზონაში შემცირდა მინიმუმ 75 პროცენტით. პროკურორს აგრეთვე გააჩნია გონივრული საფუძველი, რათა ირწმუნოს, რომ როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, რაც გამოიხატა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებზე და მათ ობიექტებზე თავდასხმაში. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ქართველების სამშვიდობო ობიექტები მრავალჯერ მძიმედ იქნა დაცხრილული სამხრეთ ოსეთის სამხედრო პოზიციებიდან, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ქართველი მშვიდობისმყოფელი. სხვა ინციდენტის დროს კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ძალების თავდასხმის შედეგად 10 რუსი მშვიდობისმყოფელი იქნა მოკლული და 30 დაჭრილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელების ბაზა და მასში არსებული სამედიცინო დაწესებულება განადგურებულ იქნა.

ბოლო პერიოდამდე, რუსეთის და საქართველოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები აწარმოებდნენ გამოძიებას ამ დანაშაულების ჩადენაში ყველაზე მეტად პასუხისმგებელი პირების მიმართ. თუმცა, მოგვიანებით სამართალწარმოება საქართველოში შეფერხდა. იმის გამო, რომ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ გამოძიება კვლავ განახლდება ეროვნულ დონეზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე სხვა სახელმწიფოში არ მიმდინარეობს გამოძიება, და აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე, პროკურორი მიიჩნევს, რომ ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილების საქმე, დასაშვები იქნება პროკურორის ოფისისთვის გამოძიების ჩასატარებლად. მშვიდობისმყოფელებზე და მათ ობიექტებზე განზრახ თავდასხმის შემთხვევები ამ ეტაპზე ნაწილობრივ იქნება დასაშვები გამოძიების ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე გამოძიების გათვალისწინებით.

მეტიც, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, არ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ გამოძიების დაწყება არ წაადგება მართლმსაჯულების ინტერესებს. აღნიშნულ დანაშაულთა შედეგად დაზარალებული პირები კვლავ ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას.

დღეს ქალბატონმა პროკურორმა თხოვნით მიმართა სასამართლო პალატას. სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით პროკურორმა აცნობა აღნიშნული დანაშაულების შედეგად დაზარალებულ პირებს თუ მათ კანონიერ წარმომადგენლებს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა 30 დღის ვადაში მიმართონ წინასასამართლო პალატას.

იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები მისცემენ ნებართვას გამოძიების საწარმოებლად, პროკურორი დაიწყებს საქართველოში კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას.პროკურორის ოფისი გამოძიებას ჩაატარებს ობიექტურად და მიუკერძოებლად.

პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების პროცესში შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურორმა შესაძლოა შუამდგომლობით მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ მათ დაიბარონ სასამართლოში ან გასცენ დაპატიმრების ბრძანება საქართველოში სასტიკი დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ, ვინც არ უნდაიყვნენ აღნიშნული პირები.“- აღნიშნულია პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 09:47

 ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები ქურდულ სამყაროს აღიარებდნენ.

შს სამინისტროს ცნობით, ბრალდებულებმა მუქარისა და დაშინების გზით ინდმეწარმეებს 10 ათასი ლარი გამოსძალეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ქრთამის აღების ფაქტზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თემის რწმუნებული დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 10:39

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თემის რწმუნებული, მერაბ საცერაძე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ერთ-ერთ მეწარმეს, სამეწარმეო საქმიანობისათვის ტერიტორიის უკანონოდ გამოყოფისა და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 აშშ დოლარი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.

აფეთქება ჩინეთში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 14:15

ჩინეთის სამხრეთით მდებარე გუანგში გუანგის ავტონომიურ ოლქში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა 51 კი დაშავდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

ჩინური საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ავტონომიური ოლქის სხვადასხვა ტერიტორიაზე 15-ი განსხვავებული აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ნაწილი დამწვრობის შედეგად დაიღუპნენ. აფეთქებები სავადმყოფოებთან, ავტობუსის გაჩერებებთან, მუშათა პანსიონებთან და სხვა თავშეყრის ადგილებში განხორციელდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

თურქეთის ერთ-ერთი მედია ჯგუფის წინააღმდეგ „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის„ ბრალდებით გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2015 17:31

თურქეთის უმსხვილესი ოპოზიციური მედია საშუალებებიდან ერთ-ერთის დოღან მედია ჯგუფის მიმართ (CNN Türk ტელევიზია მის დაქვემდებარებაშია) „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის“ ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

გაზეთი „Hürriyet“-ის ინფორმაციის მიხედვით, ისტანბულის ბაქირქოის გენერალურმა პროკურატურამ, დოღან მედია ორგანოებში გამოქვეყნებული მასალებიდან გამომდინარე მედია საშუალებების ხელმძღვანელების შესახებ „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის“ ბრალდებით საქმე აღძრა.

დოღან მედია ჯგუფის ფარგლებში CNN Türk-თან ერთად  შედის თურქეთის წამყვანი გაზეთებიდან „Hürriyet“, სატელევიზიო არხი Kanal D და საინფორმაციო სააგენტო DHA. ბოლო პერიოდში, იგივე მედია ჯგუფის გაზეთ „Hürriyet“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, ახალგაზრდული ორგანიზაციების დაჯგუფება, რომელიც  AKP პარტიას (სამთავრობო პარტია) მიეკუთვნება, ორჯერ თავს დაესხა და შენობის ფანჯრები ჩაამტვრია.

შეგახსენებთ რომ ქვეყანაში არსებული ოპოზიციური მედია ჯგუფიდან  Samanyolu Grup-ის გენერალური დირაქტორი ჰიდაეთ ქარაჯა უკვე ერთი წელია პატიმრობაში იმყოფება. შემდეგ გაზეთ თარაფის ჯურნალისტი მეჰმეთ ბარანსუ ციხეში ჩასვეს. გასულ კვირას პოლიციამ İpek Holding-ის ოფისები დარბია და დღემდე გრძელდება ჩხრეკა. პ-პოლიციამ გუშინწინ კი ჟურნალი Nokta-ს ოფისი დაარბია, რედაქტორი დააკავა და ჟურნალის გავრცელება შეაჩერა.  

ქვეყანაში არსებული მედია საშუალებებზე თანმიმდევრობით განხორციელებული თავდასხმები და დარბევები მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ჩატარებული ოპერაციები თავისუფალი პრესის გაჩუმების მიზნით არის გამოწვეული.

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და 4 კილოზე მეტი მარიხუანა ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 12 სექტემბერი 2015 19:55

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული დავით ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის გადაზიდვა ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისი-ლესელიძე-სენაკის საავტომობილო მაგისტრალის 24-ე კილომეტრზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს სკუტერი, რომელსაც დავით ზ. მართავდა. მისი პირადი ჩხრეკისას, სპორტული ზურგჩანთიდან პოლიეთილენის სამ პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ნედლი მარიხუანაა. სკუტერის საბარგულის ჩხრეკისას კი ამოიღეს გერმანული წარმოების, „ვალტერის“ სისტემის „P 22“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი, 18 საბრძოლო ვაზნა, „ეკოლ სპეციალ 99“-ის მოდელის აირის პისტოლეტი, რომელიც არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და პოლიეთილენის ორ პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. სულ ამოღებულია 4 კილო და 425,95 გრამი ნედლი მარიხუანა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამოღებული „ვალტერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 2013 წლის დასაწყისში წყნეთში, ერთ-ერთი მოქალაქის ბინაში მომხდარი ქურდობის დროს არის წაღებული და შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეოთხე განყოფილების მიერ 2013 წლიდან იძებნებოდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გადაზიდვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

შსს-მ დედოფლისწყაროში „სილქნეტის“ სერვისცენტრის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 30 აგვისტო 2015 12:08

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თეიმურაზ ქ. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ღამით, დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „სილქნეტის“ სერვისცენტრის საკეტი დააზიანა, შენობაში ფარულად შეაღწია და სათვალთვალო ვიდეოკამერა, 13 ცალი მოდემი, კომპიუტერის მონიტორი და კავშირგაბმულობის ტექნიკის დეტალები მოიპარა. მომხდარი ქურდობის შედეგად, კომპანია „სილქნეტმა“ 602 ლარის ოდენობით ზარალი მიიღო.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თეიმურაზ ქ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს. ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მიმდინარეობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით).

შსს-მ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 16 აგვისტო 2015 12:44

საქართველოს შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული გიორგი თ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი თ. 5 აგვისტოს ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში ნიღბით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული შეიჭრა, იარაღის მუქარით ბანკის მენეჯერსა და მოლარეებს ფული მოსთხოვა. ბრალდებულმა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გიორგი თ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ბათუმში დააკავეს. პოლიციამ ნიღაბი და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური