შსს-მ ჰეროინი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 11:43

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული მანუჩარ გ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,003452 გრ ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს-თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 17:49

"ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანი გიგა ბოკერია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს. ჩერგოლეიშვილის თქმით მისი მეუღლის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით მას დაუკავშირდნენ.

„მირეკავს ვინმე კონსტანტინე სადათიერაშვილი სუსიდან. გიგას ვერ ვპოულობ უწყება რომ ჩავაბარო და დაკითხვაზეა დაბარებული მოწმის სახით მოდულის შენობაშიო. უწყებას პარტიაში მიიტანენ და მერე ვისაც ცირკი გაინტერესებთ, მოდით მოდულის შენობასთან“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

სავარაუდოდ საქმე უკავშირდება ე.წ. უკრაინული ვიკილიქსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც,  გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის საუბარი იყო დაბეჭდილი. 

 

კახა კალაძე შსს-ს მიერ აღძრულ საქმეზე განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 17:30

ვიცეპრემიერი კახა კალაძე შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება , მისი განცხადებით , უკრაინული ვიკილიქსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გარდა მოწოდებების შემცველი განცხადებები ტელეკომპანია რუსთავი 2-დანაც ისმის.

"ეს იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ვინც რუსთავი 2 -ში მუშაობს და ასევე ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ მოწოდებებს ტელეკომპანია რუსთავი 2-დან, რაც შეიძლება გარკვეული ჯგუფების მიერ აღქმული იყოს დაპირისპირებასთან და რომ ეს ყველაფერი აცილებული იქნას თავიდან ზუსტად მაგის გამო არის ეს გადაწყვეტილება მიღებული.

ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა სახელწმიფომ, როგორც ჩვენთან მოხდა, ანალოგიურად უნდა დაიწყოს კონკრეტული ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება და ყველა იმ ადამიანის დაკითხვა უნდა მოხდეს, ვისაც რაიმე კავშირი აქვს და ვისაც შეიძლება რაიმე ტიპის ინფორმაცია ჰქონდეს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით", - აცხადებს კახა კალაძე.

საუბარია , გამოძიებაზე რომელიც უკრაინული "ვიკილიქსის " სტატიას "სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს" - მოჰყვა. 

"ვითარება სერიოზულია"-ბოკერიას განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 15:57

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი აგონიაშია. "ეს არის აგონიაში მყოფი ივანიშვილის ბოდვა, ეს ყველაფერი იქნებოდა დასაცინი, რომ არა საერთო ვითარება ქვეყანაში, რომ არა "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების ღია მცდელობა ივანიშვილის მხრიდან, რომ არა დაჭერა "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქტივისტებისა, რომ არა მივარდნები ოფისში, რომ არა პრემიერ-მინისტრის ღია მოწოდება ძალადობისკენ და კონსტიტუციური წყობიდან გასვლისკენ, ეს ყველაფერი რომ არა უბრალოდ დავცინებდით ამას. მაგრამ, ვითარება სერიოზულია არა ამ სამარცხვინო ბოდვის გამო, არამედ ამ საერთო ვითარების გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი დარწმუნდა იმაში, რომ მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებშიც კი შემდეგ წელს მას შანსი არ აქვს ძალაუფლების შენარჩუნების და ერთი წლით ადრე ცდილობს გაანეიტრალოს საზოგადოებაში ის ინსტიტუტები, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის. ამით არის ეს ყველაფერი გამოწვეული, პირველ რიგში "რუსთავი 2"-ის ამბავი, დაჭერები, ეს ღია და სამარცხვინო ამაზრზენი მოწოდებები, ეს არის პრობლემა ივანიშილის და მისი თოჯინები ღრმად ცდებიან, ისინი ცუდად დაამთავრებენ - დამარცხდებიან; სამწუხაროდ, ამ პროცესში ქვეყანას აზიანებენ", - განაცხადა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას კომენტარს "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

"ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ დესტაბილიზაციას", - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 15:56

315-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებასთნ დაკავშირებით კომენტარს აკეთებს პრემიერმინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება გადატრიალების უფლებას არავის მისცემს.

„ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყანაში არავითარ დესტაბილიზაციას.

"არსახსენებლებს" ვეძახი წინა მთავრობის წარმომადგენლებს და სააკაშვილს, რომელიც არის სახე იმ ნიღბიანი ჯალათის, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა. პირდაპირ ხდება მოწოდება, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაამხონ, ასე უნდა გავაკეთოთ და ისე უნდა გავაკეთოთო. მე მათ ვპირდები და გპირდებით თქვენ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ დესტაბილიზაციას.

"ჩვენ ვართ დღეს იმაზე უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე ვიყავით 3 წლის წინ. ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული. ჩვენ მათ, ვინც ხალხს დაურღვევს მშვიდობას და სტაბილურობას, რა თქმა უნდა, გავუშვებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში. ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ იქნება," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ძალიან დეტალურად და სკრუპულოზურად დავაკვირდებით იმას, თუ რას გააკეთებს უსაფრთხოების სამსახური-ირაკლი ჩიქოვანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 14:45

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 315- მუხლით გამოძიების დაწყებას, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა, მისი თქმით ისინი გამოძიების მიმდინარეობას სკრუპულოზურად დააკვირდებიან:

„ძალიან დეტალურად და სკრუპულოზურად დავაკვირდებით იმას, თუ რას გააკეთებს უსაფრთხოების სამსახური და რას შესთავაზებს საზოგადოებას. ამ ფონზე ეს არის უმძიმესი ინფორმაცია, ამიტომ აუცილებელია იყოს მაქსიმალური ღიაობა, რაც კი შესაძლებელია ამ საქმესთან დაკავშირებით“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საუბარია , გამოძიებაზე რომელიც უკრაინული "ვიკილიქსის " სტატიას "სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს" - მოჰყვა. 

ბესელია სუსის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 14:39

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 315- მუხლით გამოძიების დაწყებას, რაც ხელისუფლების შესაცვლელად შეთქმულებას გულისხმობს, უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გამოეხმაურა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მნიშვნელოვნად თვლის მედიაში ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ მასალებს და აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმება სახელმწიფოს ვალდებულებაა:

„ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა მასობრივი საშუალებებით თავისი შინაარსით შეიცავს ძალიან მნიშვმელოვან მასალებს. ვის სჯერა და არ სჯერა, ეს არაა მთავარი. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და სიმშვიდისთვის, რომ გადამოწმდეს ინფორმაციის სანდოობა და ფაქტები, ამიტომ გამოძიების დაწყება იყო რელევანტური, რომ არ მოხდეს ისეთი მოვლენების განვითარება, რომელიც ჩვენი მოქალაქეების იქნება საფრთხის შემცველი. ამ ფაქტების დეტალური გადამოწმება სახელმწიფოს ვალდებულებაა და ეს არის სუს-ის ფუნქცია.“- აცხადებს ბესელია.

შეგახსენებთ , რომ უკრაინული “ვიკილიქსი” სტატიას აქვეყნებს სათაურით  "სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს".

ჩერგოლეიშვილი სტამბოლის აეროპორტში გამართულ საუბრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 13:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 315- მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რაც ხელისუფლების შესაცვლელად შეთქმულებას გულისხმობს ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი სოციალურ ქსელში ეხმაურება. გავრცელებული ინფორმაციით სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების ერთ-ერთი საფუძველი ე.წ "უკრაინული ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული მასალა გახდა, სადაც სტამბოლის აეროპორტში მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას შეხვედრა და საუბარია აღწერილი. თამარ ჩერგოლეიშვილი სწორედ სტამბოლის აეროპორტში მისი და მის მეუღლის- გიგა ბოკერიას გადაადგილებას და იქ გამართული საუბრის შესახებ წერს:

 

"საქართველოს მთავრობა საჯაროდ ვიძლევი ჩვენებას:

20 ოქტომბერს მე, გიგა და გიორგი კანდელაკი გავემგზავრეთ მადრიდში. 22 ოქტომბერს მე და გიგა უნდა წავსულიყავით ლონდონში. 25 ოქტომბერს ვბრუნდებოდით თბილისში .

გიგა და კანდელაკი EPP-ის სამიტს უნდა დასწრებოდნენ. მე თან მადრიდში უნდა გამესეირნა და თან ევროპელი პოლიტიკოსები მენახა და ჩვენი კამპანიის "დაიცავი თავისუფლებას" მხარდაჭერა მეთხოვა.

21 ოქტომბერს მადრიდში ჩამოვიდა მიშაც. გიგაც, გიორგი კანდელაკიც, მიშა სააკაშვილიც, დათო ბაქრაძეც და მგონი გიგი წერეთელიც იქ იყვნენ, სამიტს ესწრებოდნენ.

22 ოქტომბერს მე და გიგა უნდა წავსულიყავით ლონდონში, 25 ოქტომბრამდე. გარდა იმისა, რომ კატო უნდა გვენახა შეხვედრები გვქონდა დაგეგმილი პიტერ პომერანცევთან, ედვარდ ლუკასთან და ბილ ბროუდერთან.

21 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ შანტაჟის თაობაზე, გიგამ დამირეკა და მითხრა, რომ თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით.

მე გადავდე ლონდონის შეხვედრები. დავუკავშირდი ჩვენ ტურისტულ კომპანიას, რომელმაც აგვიღო ახალი ბილეთები - მადრიდი - სტამბული - თბილისი.

21 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30-ზე გავემართეთ აეროპორტისკენ. ჩვენი რეისი 23:55-ზე მიფრინავდა.

გზაში შევიტყვე რომ მიშაც ჩვენი რეისით მოფრინავს სტამბულამდე და მერე ოდესაში მიდის.

ჩვენ ადრე მივედით - კაფეში დავჯექით და წყალი, კოკაკოლა და ფორთოხლის ფრეში დავლიეთ.

ამასობაში მიშაც მოვიდა, Duty Free-სთან შევხვდით და ეგრევე მივედით გასასვლელთან. მადრიდი სტამბულის რეისით ბევრი უკრაინელი მგზავრობდა, დაესიენ მიშას და ფოტოებს იღებდნენ. ფაქტობრივად ვერც ვილაპარაკეთ.

მიშა ბიზნეს კლასით მგზავრობდა. ჩვენ ეკონომით. შესაბამისად, თვითმფრინავში არ გვისაუბრია.

სტამბულში რომ ჩავფრინდით, მიშა თვითმფრინავიდან უკვე გასული იყო. მე და გიგა, ორი მწეველი, მეორე სართულისკენ წავედით - მოსაწევად და იქვე კაფეში "დავბანაკდით".

6:05 წუთზე გავემართეთ გეითისკენ. გზაში შევიარეთ მაღაზიაში - კესოს ვუყიდეთ ყურსასმენები (დაგვაბარა) და მე ჩემთვის ვიყიდე სახის კრემი.

გეითთან როდესაც მივედით, ტელეფონებს დავხედეთ და მიშას missed call-ები გვქონდა. ხმა დაწეული იყო და ვერ გავიგეთ. გიგამ გადაურეკა და სანამ ზარი გავიდოდა, დავინახეთ რომ მიშა მოვიდა თბილისის რეისის გასასვლელთან პასპორტით ხელში.

ჩასხდომა უკვე დაწყებული იყო.

სამივენი ვიდექით ზედ გასასვლელთან, ხალხი თვითმფრინავში სხდებოდა, ნაწილი მიშასთან მოდიოდა და ფოტოს იღებდა. ხალხშივე ვლაპარაკობდით - როგორც უკვე ვთქვი ვიცინოდით ჩემს დაჭერაზე. ვიცინოდით ხმამაღლა.

მერე დავიშალეთ - არათუ არ დამემშვიდობა, არამედ გადავკოცნე კიდეც, აბა შენ იცი, ჭკუით მეთქი ვუთხარი და ბოლოები შევედით თვითმფრინავში.

თქვე მაგარო ლენჩებო!

P.S. ლონდონის შეხვედრები გადავდე და ედვარდ ლუკას ხვალ ვხვდებით ვახშამზე (ამაღამ მივდივართ), პიტერ პომერანცევს და სხვებს ორშაბათს-სამშაბათს."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკზე.

"ხელისუფლებას უნდა პრეზიდენტიც შეთქმულების მონაწილედ გამოიყვანოს?"-რომან გოცირიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 12:50
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

"მგონი ვოლტერს აქვს ნათქვამი: ის რაც სასაცილოა, საშიში არ არისო. 
წაიკითხავ ამ განცხადებას და გული უნდა გაგისკდეს. თურმე რაღაც უბედურება ხდება ქვეყნის თავს. არა და პირველი რეაქცია არის სიცილი. 
ერთი ორი უკრაინული ”დიალოგი” წავიკითხე ამ რამდენიმე თვის წინათ და მერე შევწყვიტე კითხვა. შეთხზულია ყველაზე უტვინო ადამიანების მიერ. ერთია, არ იციან თემატიკა, თუ რაზე უნდა ესაუბრათ დიალოგში მონაწილე პირებს და მეორე-ლექსიკა. აბსოლუტურად ყალბი. ისიც კი არ იციან, რა სახელებით მიმართავენ ერთმანეთს, შენობით თუ თქვენობით, ჟარგონით თუ ლიტერატურული ენით. სკოლის მოსწავლეც კი უკეთეს მოდელირებას შეძლებდა. 
გუშინ გავრცელებულიც ამ კატეგოტიას მიეკუთვნება. ყალბი ენა, ზედმეტად დალაგებული საუბარი, არაბუნებრივი პასაჟები. ვინმე ენის სპეციალისტი არა ჰყავს ქართულ სპეცსამსახურებს? ან ფსიქოლოგი? ან ცნობიერების ნაკადზე რაიმე სმენიათ? არაა დიალოგი ყოველთვის სატელევიზიო გამოსვლასავით მწყობრი. წყვეტილია. აზრები ხტის ერთიდან მეორეზე. ან ისეთი რა გაუჭირდათ, აეროპორტის რიგში არ დაგეგმონ გადატრიალება, როცა თურმე ორი დღე ერთად ყოფილან ევროპის სახალხო პარტიის კონფერენციაზე?
თუ ამით ხელისუფლებას უნდა, რომ რუსული სპეცსამსახურების უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული მასალებით ქართველი ხალხი დააბოლოს? თანაც ქვეყნის პრეზიდენტიც შეთქმულების მონაწილედ გამოიყვანოს და ამით თავიან შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს? თუ ეს ასეა, მაშინ ძალიან სახიფათო თამაში წამოუწყიათ. არ გამოუვათ. არ ჰყოფნით ამისთვის არც ინტელექტუალური და არც ელექტორალური რესურსი. ყველაფერი დამთავრდება ცუდად. პირველ რიგში მათთვის, ვინც ეს წამოიწყო და შესაძლოა ქვეყნისთვისაც. 
ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი-ვერც საკუთარ შეცდომებზე."- წერს რომან გოცირიძე ფესიბუკზე.

შეგახსენებთ,რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.რომლის თანახმადაც, თითქოს და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას 22 ოქტომბერს, სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში ესაუბრება. საუბრის სტენოგრამაში სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი. მედიით გავრცელებულ სტენოგრამაში ასევე ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

შსს-ს თანამშრომლებმა რუსთავში გამოძალვის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 10:25

შსს-ს თანამშრომლებმა რუსთავში გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. მათგან ორი აზერბაიჯანის, სამი კი საქართველოს მოქალაქეა. 

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ფულის გამოძალვის მიზნით, დაგეგმეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს რუსეთის ფედერაციის ორ მოქალაქეს.

რუსეთიდან საქართველოში ნათესავის ქორწილში სტუმრად ჩამოსული ბიზნესმენები მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ ჩაკეტილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას ითხოვდნენ.

დაკავების შემდეგ, პოლიციამ გამოსასყიდი თანხის ნაწილი - 5 700 ამერიკული დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური