პრემიერის კომენტარი ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის საქმის გამოძიებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 19:16

„ძალიან კარგია, რომ ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესი დაიწყო“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის საშუალება იმისა, რომ საქართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად დაგროვილი მასალების სასამართლოსთვის წარდგენა მოხდეს.
„ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო. ეს არის საშუალება იმისა, რომ ჩვენ ყველა ის მასალა, რომელიც დაგროვილი გვაქვს საქართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად, წარვუდგინოთ სასამართლოს და, რა თქმა უნდა მაქსიმალურად დავიცვათ საქართველოს ინტერესები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

,,ბალგარკა“ და სხეულის დანაწევრების მცდელობა - შსს-ს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 10:17

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის დეტალებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გააკეთა და მკვლელობის დეტალებზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

,,2016 წლის 15 იანვარს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის I ნაწილით).

გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირებაც.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამოღებული იქნა კვალის ასარევად ქალაქ რუსთავში გადაგდებული ვახტანგ ქირიას კუთვნილი მობილური ტელეფონი. დადგენილი იქნა ვახტანგ ქირიას ავტომანქანის ბოლო გადაადგილების მარშუტი, რომელიც მოძრაობდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-7 კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ დროისათვის არსებული ინფორმაციის შესაჯერებლად და დანაშაულის ჩადენის ზუსტი ადგილის დასადგენად, პოლიციის მიერ გადამოწმდა მიმდებარე ტერიტორია, იქ არსებული საცხოვრებელი კორპუსები და მოხდა მაცხოვრებელთა გამოკითხვა.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 16 იანვარს ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩენილი იქნა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში. მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, ხოლო თავის არეში - ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შემთხვევის ადგილს ემჩნეოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც. კერძოდ: სისხლის კვალის მოსასპობად აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე.წ. ტალი და ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა მისი დანაწევრების საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი კვალი. იქვე იყო ე.წ. „ბალგარკა“, რომელსაც ასევე ემჩნეოდა სავარაუდოდ ადამიანის სისხლის კვალი და მოცულობით დიდი საგნების გადასატანად საჭირო გორგოლაჭებიანი ჩანთა.

ზემოთხსენებულის აღმოჩენისთანავე საქმე გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პარალელურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც შეძენილი იყო მის მიერვე ე.წ. ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე დღით ადრე.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებას შეექმნა რა მაღალი ალბათობა იმისა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას მიერ, დანაშაულის სხვა კვალის მოსპობის თავიდან აცილებისა და საქმეზე სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დაიწყო აქტიური მოქმედებები ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავებისათვის. ქვეყნის მაშტაბით შესაბამისი ორიენტირებები დაეგზავნა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფს.

მითითებულ პროცესში მიღებული იქნა ოპერატიული შეტყობინება, რომ ბიძინა კუჭავა ორ პირთან ერთად მერსედესის მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიმართულებით. რამდენიმე წუთში ხსენებული ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებმა. პოლიციელების დანახვისთანავე, ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში განახორციელა ერთი გასროლა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.

ბიძინა კუჭავას ტანისამოსის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სავარაუდოდ ადამიანის სისხლით დასვრილი ვახტანგ ქირიას კუთვნილი ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხელთათმანები, 3 ცალი მობილური ტელეფონი და სხვა.

გამოძიებით დგინდება, რომ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან.

 

საქმეზე ბიოლოგიური და სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, გრძელდება გამოძიება. შედეგების შესახებ საზოგადოებას ვამცნობთ დამატებით" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

"ლიბერთი ბანკზე" თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 10:31

გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე "ლიბერთი ბანკში", რომელსაც გუშინ რამდენიმე პირი დაესხა თავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ათეული ათასი ლარი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბანკის თანამშრომლებიც, თუმცა მათ დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ. ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 10:59

2015 წლის 24 და 29 ოქტომბერს უკრაინული გამოცემებით გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერები, რომელშიც ასახულია საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკური  გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბრები.
2015 წლის 2 ნოემბერს უკრაინულმა გამოცემებმა დამატებით გაავრცელეს საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს შორის არსებული სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები.
საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერების ინტერნეტ–სივრცეში განთავსება უკრაინული ბლოგებიდან განხორციელდა, არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნას საზოგადოების მაღალი ინტერესი, საქართველოს სამართალდამცავ უწყებათა მიერ ჩანაწერების მოპოვების კანონიერების დადგენისა და მათ მიერვე, ამ ჩანაწერების შესაძლო გასაჯაროების ეჭვების გამოსარიცხად. ამ დრომდე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან გაურკვეველია, შესაძლოა წარმოადგენდეს თუ არა მედიით გავრცელებული კადრები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას.
2015 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით, უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ 2015 წლის 24 ოქტომბერს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკური  გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტის გამოქვეყნების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315–ე მუხლის საფუძველზე. მეორე უკრაინული ბლოგის uareview.in.ua-ს მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერის საფუძველზე, მომდევნო დღეს, მოწმის სახით დაიკითხნენ პოლიტიკური  გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამსახური შეისწავლის მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობასა და ავთენტურობას.
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სახელმწიფო საკუთარ რესურსებს იყენებდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ადამიანის პირად სივრცეში სახელმწიფოს შეჭრის პროცესი მთლიანად უნდა ექცეოდეს კანონით დადგენილ ჩარჩოებში, რომლის ერთ–ერთ ფორმას მსგავს ჩარევაზე სასამართლო ხელისუფლების კონტროლის მექანიზმი წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432 და 1433 მუხლები ადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, მათ შორის სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება/ჩაწერის წესს, რომლის თანახმადაც, იგი ტარდება მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი წინაპირობების არსებობისას:
დაწყებულია გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ფაქტზე, ან სხვა იმ დანაშაულებზე, რომლებსაც კონკრეტულად და ამომწურავად განსაზღვრავს სსსკ-ის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
არსებობს  პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გამოტანილი მოსამართლის განჩინება, რომელშიც მითითებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფორმალურ–მატერიალური საფუძვლები.
გადაუდებელი აუცილებლობისას შესაძლებელია მოსამართლის განჩინების გარეშე დაიწყოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, თუმცა აუცილებელია პროკურორის მოტივირებული დადგენილების არსებობა, რომელიც გადაუდებელ აუცილებლობას ასაბუთებს. ასეთ შემთხვევაშიც, კანონიერების შემოწმების მიზნით პროკურორმა მისი დაწყებიდან 24 საათში უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელიც ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას ამოწმებს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში. კანონიერი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალის გასაჯაროება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შესაბამისად, ფარული ჩანაწერების წარმომავლობის და გავრცელების გამოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 315–ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველს არასაკმარისად მიაჩნია.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე უცნობია ახორციელებდა თუ არა რაიმე სახის ფარულ-საგამოძიებო მოქმედებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 24 ოქტომბერს, თუ მას შემდეგ გავრცელებულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიების პარალელურად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება გავრცელებული აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერებისა და ამ ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის გამოსაკვლევად. სხვა მხრივ ვერ იქნება უზრუნველყოფილი გარეშე დამკვირვებლის ნდობა ჩატარებული გამოძიების მიმართ.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დამოუკიდებელი გამოძიების ფარგლებში მოხდეს აღნიშნული აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერებისა და გავრცელების შესწავლა, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების აღსრულება.
საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს მოცემულ საქმეებზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგს.

დეპუტატი თამაზ მეჭიაური გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 16:49

დეპუტატი თამაზ მეჭიაური გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. "ქართული ოცნების" წევრი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართავს და ინტერესდება რა შეფასებას მისცემენ ისინი ჩანაწერში გაჟღერებულ მოსაზრებებს. 
"საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ირიბად ნათქვამ სიტყვასაც კი არ შეარჩენდნენ, დღეს, როდესაც პირდაპირ მოწოდებებია სისხლის ღვრისკენ, მაინტერესებს, რას იტყვიან ისინი - არიან ქვეყნის მეგობრები, თუ არიან ერთი პოლიტიკური ჯგუფის, რომელიც აშკარად ჩანს, რომ დანაშაულის ნიშნების მატარებლები არიან"- ამბობს დეპუტატი.
მეჭუარი საქმის აღძვრის მომხრეა. 
"საქმე აღძრულიც უნდა იყოს იმდენად, რამდენადაც ინტელექტუალური მხარდაჭერისა და თითიდან გამოწოვილი ბრალდებების საფუძველზე აღნიშნული პირები ახდენდნენ ქალბატონი კვიციანის, თუ ბატონი ირაკლი ბათიაშივილის და კიდევ უამრავი ადამიანის დაპატიმრებას. სხვათაშორის, დღეს საკუთარი მხარდამჭერიც გამოაცხადეს მოღალატეებად მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთის საელჩოსთან შეხვედრაზე დაინახეს, სადღაც ქუჩაში ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. იგივე ხალხი, პირდაპირ სისხლისღვრისკენ მოუწოდებენ ამ ჩანაწერების მიხედვით და ფაქტიურად არც უარყოფენ. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს გამოძიებული ვინ იყო კიდევ ამაში ჩართული, ვინ უმაგრებდა ზურგს თუნდაც გარედან" - დასძინა მან.

პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 12:59

საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გიორგი წ. და 1981 წელს დაბადებული გიორგი ჩ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის, ხოლო 1982 წელს დაბადებული გიორგი ც, 1986 წელს დაბადებული დავით ნ. და 1968 წელს დაბადებული ხათუნა ც. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ირანის ისლამური რესპუბლიკის ორ მოქალაქეს თავისუფლება აღუკვეთეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ. ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ ღამის კლუბის თანამშრომლებმა ორ კლიენტს - ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს ფული წაართვეს, შემდეგ კი თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბარის ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს.

გამოძიება გიორგი წ-ს და გიორგი ჩ-ს მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 143-ე და 178-ე მუხლებით), ხოლო გიორგი ც-ს, დავით ნ-ს და ხათუნა ც-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისებთან მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 17:51

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისებთან მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისებთან მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 22 შემთხვევაში ჩვენ დაწყებული გვაქვს ადმინისტრაცვიული სამართალ წარმოება, დავაკავეთ სამი პირი ადმინისტრაციულად, რომლების შემდეგ გადავიყვანოთ სასამართლოში და სასამართლომ შეუფარდა ჯარიმები. 8-ზე სისხლის სამართლით მიმდინარეობს გამოძიება. უახლოეს მომავალში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ამის შესახებ. ჩვენის მხრიდან არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ,რომ ბოლო პერიოდში ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ოფისი დაარბიეს . 

EMC-ი განცხადებას ავრცელებს ხელისუფლების დამხობის ბრალდებით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 13:25

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ ხელისუფლების დამხობის ბრალდებით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (შსს-ს რეფორმის შედეგად შექმნილი ახალი უწყება) დაიწყო გამოძიება სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება დაემთხვა და შესაბამისად დაუკავშირდა გამოძიების დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ინტერნეტში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც, როგორც მედიასაშუალებები ამტკიცებენ, შესაძლოა აღწერდეს მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის დეტალებს.

უსაფრთხოების სამსახურს არ გაუკეთებია დამატებითი განმარტება გამოძიების დაწყების კონკრეტული საფუძვლის ან შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ. ამდენად, საზოგადოებისთვის უცნობი რჩება, ეყრდნობა თუ არა დაწყებული გამოძიება მხოლოდ ინტერნეტში გავრცელებულ მასალას ან არსებობს თუ არა გამოძიების დაწყების სხვა სამართლებრივი საფუძველი. საზოგადოებისთვის ასევე უცნობია გამოძიების მიმდინარეობის, ამჟამინდელი მდგომარეობისა და გამოძიების შედეგად გამოკვეთილი გარემოებების შესახებ.

მოქმედი კანონმდებლობით, საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება, თუკი აქვს ინფორმაცია დანაშაულის შესახებ. ამასთან, გამოძიების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს, მათ შორის, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია. ნათელია, რომ კანონმდებლობა საუბრობს ინფორმაციაზე, რომელიც გარკვეული ხარისხის სანდოობითა და რეალურობით ხასიათდება და რომელიც ამაში დაარწმუნებდა ობიექტურ დამკვირვებელს. ასევე ნათელია, რომ გამოძიების დაწყების ეტაპისთვის ინფორმაციის წყაროს სანდოობა ასპროცენტიანი სიზუსტით ვერ იქნება შემოწმებული და თავისთავად, ინფორმაციის გადამოწმებაც საგამოძიებო მოქმედებების ნაწილია.

იმ პირობებში, როდესაც საუბარია ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ შესაძლო ქმედებებზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას დროულად და სათანადო მიეწოდოს ინფორმაცია საქმის გარემოებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამ დრომდე არ დაზუსტებულა ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატიის სანდოობისა და ავთენტურობის შესახებ ინფორმაცია. დღემდე არ გამხდარა ხელმისაწვდომი სტატიაში აღწერილი შესაძლო საუბრის დეტალების ამსახველი ვიდეო, აუდიო ან სხვა დამადასტურებელი მონაცემი. ამ ვითარებაში და სტატიის გამავრცელებელი ინტერნეტ-პორტალის მიმართ არსებული შეკითხვების არსებობის პირობებში, ძლიერდება ეჭვები იმ ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც გამოძიებაა დაწყებული. გასათვალისწინებელია ის შედეგებიც, რაც გამოძიების დაწყებას მოჰყვა და რაც საპოლიციო ძალების მიერ კონტროლის გაძლიერებასა და რუსთავი 2-ის ტერიტორიის გაძლიერებულ მეთვალყურეობაში გამოიხატა. აღნიშნული გარემოებები აძლიერებს უსაფრთხოების სამსახურის მიმართ არსებულ მოლოდინს და მოთხოვნას, რომ სამსახურმა დამატებითი განმარტებები გააკეთოს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახლადშექმნილი უწყებაა, რომლის საქმიანობის შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ცნობილია, რომ ეს სამსახური განსაკუთრებულად ფართო უფლებამოსილებებით ხასიათდება და გამორჩეულია დახურულობის მაღალი ხარისხით, რაც ართულებს მისი საქმიანობის კანონიერების გარე კონტროლს. ვითარებას ართულებს ისიც, რომ არ არსებობს უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული კონტროლის განმახორციელებელი მწყობრი და გამართული სისტემა, რომელიც აღნიშნული ორგანოს სათანადო ზედამხედველობას უზრუნველყოფდა.

არსებულ სამართლებრივ სისტემაში, საპარლამენტო კონტროლი წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემაზე ზედამხედველობის ერთადერთ შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო მექანიზმებიც არასაკმარისი და არაეფექტურია, კერძოდ, შეზღუდულია პარლამენტის ნდობის ჯგუფის მანდატი. თუმცა, კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის მიმართ და ადგენს სამსახურის უფროსის ვალდებულებას, მოთხოვნის შემთხვევაში, დაესწროს პარლამენტის სხდომებს და პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს.

უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართ არსებული შეკითხვების, ზოგადი პოლიტიკური ვითარების, მედიის და პოლიტიკური აქტორების საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების არსებობის გათვალისწინებით:

  • მოვუწოდებთ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურს, გააკეთოს განმარტება გამოძიების დაწყების რეალური საფუძვლის შესახებ და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
  • მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, განმარტოს, რა მიზანს უკავშირდება კერძო ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მეთვალყურეობა და რა კავშირი არსებობს დაწყებულ გამოძიებასა და რუსთავი 2-ს შორის;
  • მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, განახორციელოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და აამოქმედოს საპარლამენტო კონტროლის მექანზმი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. კერძოდ, სათანადო ფორმატში, დაიბაროს და მოუსმინოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს კონსტიტუციური წყობილების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ.“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

უსუფაშვილი უკრაინულ ვიკილიქსზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 17:28

პარლამენტის თავმჯდომარე სუს-ის მიერ 315-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, დღეს ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა. უსუფაშვილის თქმით მნიშვნელოვანია ის თუ რა მასალები გააჩნია გამოძიებას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა თუ გამოძიება მხოლოდ უკრაინული ვიკილიქსის მასალებზე დაყრდნობით აპირებს გამოძიებას, ეს ფაქტი გამოძიების მწარმოებელ ადამიანებზე დადებითად არ აისახება. ამასთანავე უსუფაშვილი არ დაეთანხმა „ნაციონალური პარტიის“ წარმომადგენლების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ენმ-ს მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ხელისუფლება ახალისებს.

„არავითარი ძალადობის წახალისება არ ხდება, აღნიშნულ ფაქტებს შესაბამისი ორგანოები მიაქცევენ ყურადღებას.“- აღნიშნა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით მნიშვნელოვანია რომ სუს-ის მიერ 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით მალე გამომზეურდება, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მოხდა გამოძიების დაწყება:

„თუ მსგავს გამოძიებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის დოკუმენტი, ეს ძალიან მალე გამომზეურდება და ეს იქნება უკიდურესად დამაზარალებელი იმ ადამიანებისთვის ვინც ასეთი გამოძიება დაიწყო ასეთ დოკუმენტზე, თუ სხვა საფუძველი აქვთ ესეც მალე გამოჩნდება. მთავარია, რომ ასეთი საკითხების გამოძიებაც და სასამართლო წარმართვაც იყოს გამჭვირვალე, არ დაირღვეს ადამიანების უფლება.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სახალხო დამცველი წამების კადრების გასაჯაროებაზე ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 14:43

წამების კადრების გასაჯაროებაზე ეფექტურ გამოძიებას ითხოვს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის განცხადებით გამავრცელებლები სათანადოდ უნდა დაისაჯონ ,რათა შემდგომში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს .მისი თქმით გამოძიება უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა შედეგი ბოლომდე არ არის მიღწეული რისი შედეგიც არის მსგავსი კადრების გავრცელება. შეგახსენებთ , რომ უკრაინულ ვებგვერდზე წამების ამსახველი ვიდეო მასალა ისევ გამოქვეყნდა ,მასალაში ნაჩვენებია დაკავებულ მამაკაცზე სექსუალური ძალადობადა დამამცირებელი მოპყრობა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური