პაპუაშვილის განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა, - ანა ნაცვლიშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 22 ივლისი 2016 13:00

"პაპუაშვილის მხრიდან ალბათ იქნება საშუალება, დახურულ ფორმატებში  სამართალდამცველებთან დეტალურად ისაუბროს, თუმცა ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, თავის მხრივ იძლევა იმის საფუძველს, რომ გამოძიება დაიწყოს,“- აღნიშნული კომენტარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა სამართალდამცავი ორგანოები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილი განცხადებასტან დაკავშირებით  გააკეთა. 


სეგახსენებთ, გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდება. 

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გაუგზავნა შეტყობინება მისთვის სასურველ დროს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე, მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
გიორგი პაპუაშვილის მიერ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. 

გიორგი მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 10:20

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელს, ვერნან ქანანს შეხვდა. შეხვედრას ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის პროფესორი დეილ მენი, სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის კოორდინატორები და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყნას შორის სამართლდამცავ სფეროში არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხლეს.

შს მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და INL-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული წარმატებული პროექტებისთვის, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გატარებული რეფორმების პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც საქართველოს შს სამინისტროში აშშ–ს მხარდაჭერით ხორციელდება, მათ შორისაა, საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საპატრულო პოლიციის ტექნიკური აღჭურვა.

შეხვედრაზე შს მინისტრმა შსს-ს აკადემიის რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბების პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომლის განხორციელებაც უხალოეს მომავალში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით დაიწყება.

აშშ-ს დელეგაციის წევრებმა გიორგი მღებრიშვილს შს სამინისტროში მიმდინარე და დეგეგმილი რეფორმების განხორციელებაში სრული მხარადაჭერა გამოუცხადეს. როგორც აშშ-ს ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელმა შს მინისტრთან საუბრისას აღნიშნა: „ჩვენ ერთიანი საპოლიციო საზოგადოების წარმომადგენლები ვართ, ერთნაირი პრობლემებით. ამიტომ გამოცდილების გაზიარებას და პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა აქვს“.

ვერნან ქანანმა გიორგი მღებრიშვილი კალიფორნიაში, სან დიეგოში, პოლიციის ხელმძღვანელ პირთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. ამერიკულმა მხარემ საქართველოს შს მინისტრს ასოციაციაში გაწევრიანება ოფიციალურად შესთავაზა.

გიორგი მღებრიშვილმა მიწვევისა და შეთავაზებისთვის ამერიკელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა.

 

 

პროკურატურამ ე. კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაასრულა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 22 ივნისი 2016 13:30

 პროკურატურამ ე. კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და აღნიშნულ საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე,  დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით.  

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება გაგაცნოთ გამოძიების შედეგები. 
გამოძიების მსვლელობის დროს დაიკითხა დაახლოებით 600 პირი. ოჯახის წევრების, ადვოკატების და ოჯახის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა ეროსი კიწმარიშვილის და მასთან კავშირში მყოფი პირების გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო ეროსი კიწმარიშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში. გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი:
2014 წლის 14 ივლისს, ეროსი კიწმარიშვილი მეგობარ ბადრი ნანეტაშვილთან ერთად მივიდა ქალაქ თბილისში პეკინის გამზირზე მდებარე იარაღის მაღაზია „დიანა“-ში. ნანეტაშვილს სურდა შეეძინა ცეცხლსასროლი იარაღი. მაღაზიაში ყოფნის დროს კიწმარიშვილმაც გამოთქვა იარაღის შეძენის სურვილი და შეარჩია  ცეცხლსასროლი იარაღი. მომდევნო დღეს მან დაირეგისტრირა ჩზ-75 სისტემის პისტოლეტი (დანართი N1) და დაბრუნდა ჭავჭავაძის გამზირზე N37-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში (იხ.ვიდეო), სადაც იმყოფებოდა მეუღლესთან ია კიწმარიშვილთან ერთად. მეუღლის სახლიდან წასვლის შემდგომ, 15:05 საათზე, ეროსი კიწმარიშვილი გამოვიდა სახლიდან (იხ.ვიდეო). 16 საათსა და 47 წუთზე კი, მისი გვამი მეგობრებმა და თანამოაზრეებმა - გიორგი ხევიაშვილმა, თამაზ ბაწელაშვილმა, ვალერი ტატუაშვილმა, მერაბ დოლიძემ და ზაზა ბატიაშვილმა აღმოაჩინეს საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ, ავტოსადგომზე საკუთარ ავტომანქანაში  (დანართი N4).
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, რომელსაც ესწრებოდნენ გარდაცვლილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი და მისი ადვოკატი, მანქანის წინა მარცხენა მხარეს, მძღოლის ადგილზე აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა ერთი ჭრილობა, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს მარჯვენა საფეთქლის მხრიდან შემავალ და თავის ქალის მარცხენა უკანა მხრიდან გამომავალ ცეცხლნასროლ დაზიანებას. ეროსი კიწმარიშვილს, მარჯვენა საფეთქელზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ლულის ჭრილის ანაბეჭდი ე.წ. „შტანცმარკა“ და დამწვრობის კვალი, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვითარდება მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდრო მიბჯენით გასროლის შედეგად (დანართი N5). ეროსი კიწმარიშვილის სხეულზე არსებული ტრავმის ლოკალიზაციის და მოცულობის გათვალისწინებით სიკვდილი დადგა თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობის მიყენებიდან მომენტალურად (დანართი N6). გარდაცვლილის ფეხებთან ეგდო პისტოლეტი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე შეიძინა ეროსი კიწმარიშვილმა. ამ იარაღიდან გასროლილი მასრა აღმოჩნდა სალონის უკანა მხარეს, ტყვია კი გაჭედილი იყო მარცხენა საყრდენში (დანართი N7დანართი N8). მარცხენა საყრდენიდან ამოღებული ტყვია, ჩატარებული ბალისტიკური და გენეტიკური ექსპერტიზების დასკვნებით გასროლილია ეროსი კიწმარიშვილის იარაღიდან და გავლილი აქვს გარდაცვლილის სხეული (დანართი N9). ავტომანქანის სავარძლები და სალონის დეტალები მარცხნიდან მარჯვნივ გაშლის კლებადობით დაფარული იყო გარდაცვლილის სისხლის შხეფებით, რასაც ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო, გენეტიკური, ბიოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები (დანართი N10).  შესაბამისი მიკრონაწილაკების ექსპერტიზით ასევე  დადგენილია, რომ ა/მანქანაში აღმოჩნდა მხოლოდ  კიწმარიშვილის მიკრონაწილაკები. ექსპერტების მიერ დამუშავდა ეროსი კიწმარიშვილის ტანისამოსიდან და ორივე ხელის მტევნიდან აღებული დენთის კვლები. ექსპერტიზის შედეგად კი დადგინდა, რომ კიწმარიშვილს სროლის დროს იარაღი მარჯვენა ხელში ეჭირა. ამას მოწმობს იარაღზე ჩატარებული ბალისტიკური და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნებიც. (დანართი N12დანართი N13დანართი N14)
გამოძიების მსვლელობისას ასევე გაიშიფრა ყველა ვიდეოკამერა, რომელსაც დაფიქსირებული ჰქონდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. მათ შორის ავტოფარეხის შესასვლელის მიმართულებით განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა მიხედვით გარდაცვალების დღეს 17:00 საათამდე დროის შუალედში ავტოფარეხში შევიდა 10 ავტომანქანა და ორი ფეხით მოსიარულე პირი. ყველა მათგანი დადგენილია და დაკითხულია გამოძიების პროცესში. ესენი არიან კიწმარიშვილის მეზობლები და მათი მომსახურე პერსონალი, რომლებსაც მის გარდაცვალებასთან რაიმე კავშირი არ აქვთ.
გამოძიების მიმდინარეობისას, ზურაბ კიწმარიშვილის და მის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით, ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც ჩამოთვლილი პირების გარდა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ექსპერტებმაც.
ავტომანქანის სალონში აღმოჩენილი სისხლის შხეფების განლაგების, სროლის ტრაექტორიის, ე.კიწმარიშვილის სხეულზე და ტანისამოსზე აღმოჩენილი დენთის კვალის, ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოჩენილი დნმ-ის კვალის და ა/მანქანაში მხოლოდ გარდაცვლილის ტანისამოსის მიკრონაწილაკების აღმოჩენის მხედველობაში მიღებით გამოირიცხა სროლის დროს ავტომობილში ან მისგან ისეთ დისტანციაზე სხვა პირის ყოფნა, საიდანაც შესაძლებელი იყო სროლის განხორციელება. (დანართი N15დანართი N16)
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გამოძიების პროცესში დაიკითხა კიწმარიშვილის ოჯახის ყველა წევრი: მეუღლე, ძმა და შვილები. მათი  დაკითხვით რაიმე საეჭვო გარემოება გარდაცვალების სხვა შესაძლო ვერსიასთან დაკავშირებით არ გამოვლენილა.  
გარდა ამისა, მოპოვებული ვიდეო მასალით, სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიებამ მიიღო შემდეგი ინფორმაცია: ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე რაიმე განსაკუთრებული ან დაძაბული ურთიერთობა არავისთან არ ჰქონია. მას სატელეფონო კავშირი ჰქონდა მხოლოდ მეგობრებთან, პოლიტიკურ თანამოაზრეებთან და ოჯახის წევრებთან. 
გამოძიების მსვლელობის დროს შესწავლილი იქნა ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური მდგომარეობა გარდაცვალების დროს და დოკუმენტალურად დადგინდა, რომ მის ოჯახს კერძო პირებთან, ორგანიზაციებთან და ბანკებთან საერთო ჯამში ჰქონდა დავალიანება 312 000 აშშ დოლარის და 120 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველყოფისთვის იპოთეკით დატვირთული იყო მისი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ეროსი კიწმარიშვილს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი ამ დავალიანების დასაფარად. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ კიწმარიშვილის კომპიუტერში აღმოჩნდა საუბრის ჩანაწერი, რა დროსაც იგი აცხადებს, რომ მას გააჩნია მატერიალური პრობლემები, რის გამოც მიმდინარე პრობლემებსაც ვეღარ უმკლავდება.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ეროსი კიწმარიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა თუმცა დამარცხდა, წინასაარჩევნო პროცესში მონაწილე პირების მიმართ კი დარჩა დავალიანება  120 000 ლარის ოდენობით. დაპირებული თანხის მიღების მოთხოვნით აღნიშნული პირები 2014 წლის 14 ივლისს საღამოს შეიკრიბნენ, და საპროტესტო აქცია გამართეს. ამის გამო საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი პირები და ამავდროულად ეროსი კიწმარიშვილის მეგობრები: გიორგი ხევიაშვილი და თამაზ ბაწელაშვილი იმავე საღამოს შეხვდნენ ეროსი კიწმარიშვილს და საარჩევნო პროცესში ჩართული პირების მიმართ დავალიანების დაფარვა სთხოვეს. კიწმარიშვილმა მეგობრებს უთხრა, რომ თანხას მომდევნო დღეს მეუღლის მეშვეობით გამოიტანდა ბანკიდან და  მათ გადასცემდა. მეორე დღეს ზემოთ მითითებული პირები კვლავ მივიდნენ ეროსი კიწმარიშვილთან თანხის მისაღებად თუმცა კიწმარიშვილი მათ ავტოსადგომზე საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი დახვდათ. 
ყოველივე აღწერილი ნათლად მიუთითებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დროს მკვეთრად იყო გაუარესებული მისი მატერიალური მდგომარეობა (დანართი N17დანართი N18დანართი N19დანართი N20 და  იხ. ვიდეო№1იხ. ვიდეო№2). 
საბოლოოდ, ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ.  
გვინდა გამოვეხმაუროთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც გამოძიების მიმდინარეობის პროცესში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა მედია საშუალებებით. 
გამოძიების მიმდინარეობის დროს გავრცელდა ინფორმაცია თითქოსდა გამოჩნდა საეჭვო პირი,  რომელსაც კავშირი უნდა ჰქონოდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან. აღნიშნული არ არის სიმართლე. საქმე იმაშია, რომ გარდაცვლილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა და მისმა  ადვოკატებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერების 15 ივლისის ჩანაწერები, რომელთა მიხედვით ეროსი კიწმარიშვილის ჯერ კიდევ სახლიდან გამოსვლამდე 16 წუთით ადრე, კადრში დაფიქსირდა შავ, სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი პირი (დანართი N23), რომელიც გვერდით ჩაუვლის კორპუსს და შეუჩერებლად გადაადგილდება ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. აღნიშნული პირი არ არის და არც შეიძლება იყოს დაკავშირებული კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან, რადგან ის, როგორც უკვე აღინიშნა, კორპუსთან შეუჩერებლად გადაადგილდა და გასცდა შემთხვევის ადგილს იმ დროს, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული სახლიდან. 
ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა იმის შესახებ, რომ თითქოსდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან უმალვე, პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე შემთხვევის ადგილზე გაჩნდა ტაქსის ნიშნით მოძრავი ავტომობილი, საიდანაც საეჭვო პირები გადმოვიდნენ და ავტოფარეხში ჩავიდნენ შემდეგ უკან დაბრუნდნენ და განაცხადეს ,,ეროსიმ თავი მოიკლაო“. აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა ერთ-ერთმა უფლებადამცველმა. მან გამოძიებას მიუთითა, რომ ინფორმაციის წყარო  მისთვის უცნობი ქალბატონი იყო, რომელმაც ქუჩაში უამბო ზემოთ აღწერილის შესახებ. გამოძიებით დადგინდა, რომ  ინფორმაცია უფლებადამცველს გადასცა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სილამაზის სალონში მომუშავე სტილისტმა. აღნიშნული პირი დაიკითხა გამოძიების პროცესში, რა დროსაც მან განმარტა, რომ ტაქსის ნიშნით შემთხვევის ადგილზე ავტომანქანა მივიდა არა პოლიციის თანამშრომლების ეროსი კიწმარიშვილის კორპუსში მისვლამდე, არამედ მას შემდგომ და ეს ინფორმაცია სწორედ ასეთი სახით გადასცა უფლებადამცველს.  გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე ტაქსის ნიშნის ავტომობილით მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული პირები ატარებდნენ ოპერატიულ ღონისძიებას, რის გამოც მათ ავტომობილს ჰქონდა ტაქსის ნიშანი. ღონისძიების დასრულებისთანავე  კი სწორედ ასეთი ნიშნის მქონე ავტომობილით გამოცხადდნენ გამოძახებულ ადგილზე   (დანართი №24დანართი N25დანართი N26,დანართი N27დანართი N28). 
გარდა ამისა, გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე საეჭვოდ იქნა მიჩნეული სხვადასხვა გარემოება. თითოეული მათგანი საფუძვლიანად და დეტალურად შეისწავლა გამოძიებამ და დაადგინა, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ზემოთ აღწერილ ვითარებას.  
კერძოდ, გამოძიების პირველივე სტადიაზე ცალკეული პირები სვამდნენ შეკითხვას: რატომ  დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). საქმე იმაშია, რომ კანონის თანახმად, გამომძიებელი გამოძიებას იწყებს იმ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მას აქვს. მოცემულ შემთხვევაში გამომძიებელს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი აღმოაჩინეს საკუთარ ავტომობილში, საფეთქელზე დაზიანებით და შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იყო მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული პირველადი ინფორმაცია სწორედ ზემოთ მითითებული მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველს იძლეოდა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოძიების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე დასაშვებია კვალიფიკაციის შეცვლა. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს დაბრკოლებას გამომძიებლისთვის შეისწავლოს და გამოიკვლიოს მომხდარის ნებისმიერი ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო ზემოთ მითითებული მუხლით, გამოძიების პროცესში განხორციელდა ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი გარემოების დეტალური კვლევა. 
რაც შეეხება საკითხს რატომ არ არის აღმოჩენილი იარაღზე იდენტიფიკაციისათვის ვარგისი თითის კვალი, აღნიშნული განპირობებულია შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იარაღის კონსტრუქციით. კერძოდ, ჩზ-75 -ის ზედაპირის უმთავრესი ნაწილი რელიეფურია (ე.წ. „ხორკლიანი“). მას აქვს როგორც ბორცვები ასევე გარკვეული ჩაღრმავებები. იდენტიფიკაციისათვის ვარგისი თითის ანაბეჭდი კი, როგორც წესი რჩება გლუვი ზედაპირის მქონე საგანზე. იარაღი დათვალიერდა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრის და მის მიერ წარმოდგენილი ექპერტების მონაწილეობით რა დროსაც ნათლად წარმოჩინდა ზემოთ აღწერილი გარემოებები. 
საგულისხმოა გამოძიების პროცესში შესწავლილი კიდევ ერთი გარემოება - ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დამონტაჟებულ კამერაში ჩანს, რომ მას სახლიდან გამოსვლის დროს ეცვა ღია ფერის მაისური, ხოლო შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი გვამის მაისური იყო მონაცრისფრო რუხი ფერის. ამასთან გვამს ემოსა არამხოლოდ მაისური არამედ პიჯაკიც. პირველ რიგში მაისურის ფერთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების პროცესში ექსპერტიზა ჩაუტარდა სადარბაზოში დამონტაჟებულ ვიდეო კამერას და აღმოჩნდა, რომ კამერა რეალურისგან განსხვავებულად აფიქსირებს ფერებს (დანართი N29). რაც შეეხება პიჯაკს, გამოძიებით მოპოვებულია ვიდო-ჩანაწერი, რომელზეც ასახულია ეროსი კიწმარიშვილის იარაღის მაღაზია ,,დიანადან“ გამოსვლის ფაქტი. კერძოდ, კადრში ჩანს მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ როგორ დებს ის პიჯაკს ავტომანქანის უკანა სავარძელზე. გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებულია ასევე ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ის პიჯაკის გარეშე შევიდა სახლში. შესაბამისად ფაქტია, რომ ეროსი კიწმარიშვილმა პიჯაკი სახლიდან გამოსვლის შემდეგ მანქანასთან მისვლის დროს ჩაიცვა. 
გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ავტოფარეხში დამონტაჟებული კამერა სპეციალურად იყო შეტრიალებული ისე, რომ გადაღება არ ეწარმოებინა ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანის მიმართულებით. აღნიშნული საკითხი დეტალურად არის შესწავლილი და დადგენილია, რომ ავტოფარეხში ვიდეოკამერის დამონტაჟება ეროსი კიწმარიშვილმა და მის მიერ დაქირავებულმა მძღოლმა რამდენიმე წლის წინ დაუკვეთეს ერთ-ერთ ორგანიზაციას. სისტემა განკუთვნილი იყო პირდაპირ რეჟიმში თვალთვალისთვის და არა ჩაწერისთვის. ამასთანავე, კამერის ობიექტივი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს სწორედ იმ მხარეს იყო მიმართული საითაც თავდაპირველი დამონტაჟების დროს. საქმე იმაშია, რომ კამერის დამონტაჟების დროს, ეროსი კიწმარიშვილი ავტომანქანას აჩერებდა ადგილზე, რომლისკენაც დღემდე მიმართულია ვიდეოკამერა, გარდაცვალებამდე ერთი წლის წინ კი, მან შეიცვალა ავტოსადგომი ხოლო კამერის ობიექტივის მიმართულება არვის აღარ შეუცვლია და დარჩა თავდაპირველი სახით (დანართი N30დანართი N31). აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვიდეოკამერა შემოწმების დროს იყო ძლიერად დამტვერილი, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი ზედაპირიდან იდენტიფიკაციისთვის ვარგისი თითის კვალის ამოღება.
 ყოველივე ზემოთ აღნიშნული ადასტურებს, რომ გამოძიება საბოლოო დასკვნამდე მივიდა ყველა მნიშვნელოვანი გარემოების სათანადო შესწავლის და გამოკვლევის შედეგად, რითაც გამოირიცხა სხვა ალტერნატიული ვერსიის ნამდვილობა,"- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

საჭირო ღონისძიებას შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გავატარებთ, - გიორგი გაბიტაშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 24 მაისი 2016 12:47

”გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გავატარებთ საჭირო ღონისძიებას. დაიკითხა კონფლიქტში მონაწილეთა გარკვეული ნაწილი. გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ," -  ეს განცხადება  მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.  
 - განუცხადა ჟურნალისტებს გაბიტაშვილმა. 

„გამოძიების მთავარი გამოწვევაა, ყველა კითხვას, რომელიც ამ საქმის გარშემო არსებობს, პასუხი გაეცეს“ - თამარ ქალდანი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 25 მარტი 2016 15:31

„ამ ჩანაწერების  განხორციელების, წარმომავლობის და გავრცელების საკითხის შესწავლა საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა. ინტენსიურად ხორციელდება მუშაობა ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით უწყებების კოორდინირებით და მეორე მხრივ, ქვეყნის გარეთაც სამართლებრივი დახმარების თვალსაზრისით. გამოძიების მთავარი გამოწვევაა, რომ ყველა კითხვას, რომელიც ამ საქმის გარშემო არსებობს, პასუხი გაეცეს. ეს კითხვები უკავშირდება ვის ხელში იყო ეს ჩანაწერები, როგორ და რა მიზნით მოხდა მათი გავრცელება - ეს ყველაფერი სწორედ საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაადგინონ.“ -განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ STAR FM-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს თამარ ქალდანი პასუხობს.

ეკა მიშველაძემ იმ პირის ვინაობა დაასახელა, რომელმაც მეუღლესთან ვაიბერ-მიმოწერა გადასცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 16:39

მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა . 

როგორც საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტმა განმარტა, გამოძიებას მან მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა მასსა და ალქსი პეტრიაშვილზე თვალთვალისა  და მიყურადების საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მან მედიის საშუალებით ისაუბრა. 

მისი განცხადებით, მისი და მისი მეუღლის პირადი ცხოვრების ამსახველი  ფოტო და  ვიდეომასალა თავად  არ უნახავს, თუმცა ამბობს, რომ პირი რომელმაც მას ვაიბერ ამონაწერები აჩვენა, მასალის არებობის შესახებ მტკიცებით ფორმაში საუბრობდა. პირის ვინაობა ჟურნალისტმა გამოძიებას უკვე დაუსახელა. 

რაც შეეხება მასალას, ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა 2015 წელს იყოს გადაღებული. საკითხზე გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა მიშველაძის ადვოკატი ამბობს, რომ მიწოდებული ინფორმაცია მოკვლევის დაწების ყველანაირ საფუძველს იძლევა. 

პრემიერის კომენტარი ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის საქმის გამოძიებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 19:16

„ძალიან კარგია, რომ ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესი დაიწყო“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის საშუალება იმისა, რომ საქართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად დაგროვილი მასალების სასამართლოსთვის წარდგენა მოხდეს.
„ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო. ეს არის საშუალება იმისა, რომ ჩვენ ყველა ის მასალა, რომელიც დაგროვილი გვაქვს საქართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად, წარვუდგინოთ სასამართლოს და, რა თქმა უნდა მაქსიმალურად დავიცვათ საქართველოს ინტერესები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

,,ბალგარკა“ და სხეულის დანაწევრების მცდელობა - შსს-ს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 10:17

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის დეტალებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გააკეთა და მკვლელობის დეტალებზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

,,2016 წლის 15 იანვარს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის I ნაწილით).

გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირებაც.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამოღებული იქნა კვალის ასარევად ქალაქ რუსთავში გადაგდებული ვახტანგ ქირიას კუთვნილი მობილური ტელეფონი. დადგენილი იქნა ვახტანგ ქირიას ავტომანქანის ბოლო გადაადგილების მარშუტი, რომელიც მოძრაობდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-7 კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ დროისათვის არსებული ინფორმაციის შესაჯერებლად და დანაშაულის ჩადენის ზუსტი ადგილის დასადგენად, პოლიციის მიერ გადამოწმდა მიმდებარე ტერიტორია, იქ არსებული საცხოვრებელი კორპუსები და მოხდა მაცხოვრებელთა გამოკითხვა.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 16 იანვარს ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩენილი იქნა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში. მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, ხოლო თავის არეში - ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შემთხვევის ადგილს ემჩნეოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც. კერძოდ: სისხლის კვალის მოსასპობად აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე.წ. ტალი და ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა მისი დანაწევრების საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი კვალი. იქვე იყო ე.წ. „ბალგარკა“, რომელსაც ასევე ემჩნეოდა სავარაუდოდ ადამიანის სისხლის კვალი და მოცულობით დიდი საგნების გადასატანად საჭირო გორგოლაჭებიანი ჩანთა.

ზემოთხსენებულის აღმოჩენისთანავე საქმე გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პარალელურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც შეძენილი იყო მის მიერვე ე.წ. ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე დღით ადრე.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებას შეექმნა რა მაღალი ალბათობა იმისა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას მიერ, დანაშაულის სხვა კვალის მოსპობის თავიდან აცილებისა და საქმეზე სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დაიწყო აქტიური მოქმედებები ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავებისათვის. ქვეყნის მაშტაბით შესაბამისი ორიენტირებები დაეგზავნა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფს.

მითითებულ პროცესში მიღებული იქნა ოპერატიული შეტყობინება, რომ ბიძინა კუჭავა ორ პირთან ერთად მერსედესის მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიმართულებით. რამდენიმე წუთში ხსენებული ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებმა. პოლიციელების დანახვისთანავე, ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში განახორციელა ერთი გასროლა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.

ბიძინა კუჭავას ტანისამოსის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სავარაუდოდ ადამიანის სისხლით დასვრილი ვახტანგ ქირიას კუთვნილი ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხელთათმანები, 3 ცალი მობილური ტელეფონი და სხვა.

გამოძიებით დგინდება, რომ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან.

 

საქმეზე ბიოლოგიური და სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, გრძელდება გამოძიება. შედეგების შესახებ საზოგადოებას ვამცნობთ დამატებით" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

"ლიბერთი ბანკზე" თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 10:31

გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე "ლიბერთი ბანკში", რომელსაც გუშინ რამდენიმე პირი დაესხა თავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ათეული ათასი ლარი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბანკის თანამშრომლებიც, თუმცა მათ დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ. ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 10:59

2015 წლის 24 და 29 ოქტომბერს უკრაინული გამოცემებით გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერები, რომელშიც ასახულია საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკური  გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბრები.
2015 წლის 2 ნოემბერს უკრაინულმა გამოცემებმა დამატებით გაავრცელეს საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს შორის არსებული სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები.
საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერების ინტერნეტ–სივრცეში განთავსება უკრაინული ბლოგებიდან განხორციელდა, არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნას საზოგადოების მაღალი ინტერესი, საქართველოს სამართალდამცავ უწყებათა მიერ ჩანაწერების მოპოვების კანონიერების დადგენისა და მათ მიერვე, ამ ჩანაწერების შესაძლო გასაჯაროების ეჭვების გამოსარიცხად. ამ დრომდე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან გაურკვეველია, შესაძლოა წარმოადგენდეს თუ არა მედიით გავრცელებული კადრები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას.
2015 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით, უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ 2015 წლის 24 ოქტომბერს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკური  გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტის გამოქვეყნების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315–ე მუხლის საფუძველზე. მეორე უკრაინული ბლოგის uareview.in.ua-ს მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერის საფუძველზე, მომდევნო დღეს, მოწმის სახით დაიკითხნენ პოლიტიკური  გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამსახური შეისწავლის მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობასა და ავთენტურობას.
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სახელმწიფო საკუთარ რესურსებს იყენებდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ადამიანის პირად სივრცეში სახელმწიფოს შეჭრის პროცესი მთლიანად უნდა ექცეოდეს კანონით დადგენილ ჩარჩოებში, რომლის ერთ–ერთ ფორმას მსგავს ჩარევაზე სასამართლო ხელისუფლების კონტროლის მექანიზმი წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432 და 1433 მუხლები ადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, მათ შორის სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება/ჩაწერის წესს, რომლის თანახმადაც, იგი ტარდება მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი წინაპირობების არსებობისას:
დაწყებულია გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ფაქტზე, ან სხვა იმ დანაშაულებზე, რომლებსაც კონკრეტულად და ამომწურავად განსაზღვრავს სსსკ-ის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
არსებობს  პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გამოტანილი მოსამართლის განჩინება, რომელშიც მითითებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფორმალურ–მატერიალური საფუძვლები.
გადაუდებელი აუცილებლობისას შესაძლებელია მოსამართლის განჩინების გარეშე დაიწყოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, თუმცა აუცილებელია პროკურორის მოტივირებული დადგენილების არსებობა, რომელიც გადაუდებელ აუცილებლობას ასაბუთებს. ასეთ შემთხვევაშიც, კანონიერების შემოწმების მიზნით პროკურორმა მისი დაწყებიდან 24 საათში უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელიც ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას ამოწმებს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში. კანონიერი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალის გასაჯაროება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შესაბამისად, ფარული ჩანაწერების წარმომავლობის და გავრცელების გამოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 315–ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველს არასაკმარისად მიაჩნია.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე უცნობია ახორციელებდა თუ არა რაიმე სახის ფარულ-საგამოძიებო მოქმედებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 24 ოქტომბერს, თუ მას შემდეგ გავრცელებულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიების პარალელურად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება გავრცელებული აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერებისა და ამ ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის გამოსაკვლევად. სხვა მხრივ ვერ იქნება უზრუნველყოფილი გარეშე დამკვირვებლის ნდობა ჩატარებული გამოძიების მიმართ.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დამოუკიდებელი გამოძიების ფარგლებში მოხდეს აღნიშნული აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერებისა და გავრცელების შესწავლა, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების აღსრულება.
საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს მოცემულ საქმეებზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური