ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 12:46

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 5 ოქტომბერს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და ეროვნული გალერეის მმართველი ეკა კიკნაძე უძღვებოდნენ. პრესკონფერენციას, ასევე ესწრებოდნენ წამყვანი ავსტრიული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც თბილისს, ქართული კულტურის გაცნობის მიზნით სტუმრობენ.

“NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds” - ამ სახელწოდების ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას ვენის ალბერტინას მუზეუმი 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე უმასპინძლებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან, ასევე, 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის მიერ ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“. აღნიშნულ წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა, მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. პროექტის ფარგლებში, ასევე პირველად გამოიფინება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით “Table Of Pirosmani”, რომელიც, სწორედ, მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.

გამოფენის მთავარი მიზანია ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენის ორგანიზატორია “Infinitart Foundation Vienna”, საქართველოს ეროვნული და ვენის, ალბერტინას მუზეუმები. პროექტის პარტნიორია Julius Baer, TS Foundation, Lady Angela Nevill. გამოფენის სპონსორია საქართველოს ბანკი.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 10 ივნისი 2018 11:55

2018 წლის 9 ივნისს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ლია გიგაური, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  წარმომადგენელი ქ-ნი ნინო ბუაჩიძე და სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა" დირექტორი ქ-ნი მარინა უშვერიძე.

კონფერენციის სტუმრებმა დაათვალიერეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა. ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 250 პედაგოგი, სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო. მათ ასევე, მიიღეს ინფორმაცია მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის და მათთვის საინტერესო სხვა რესურსების შესახებ. კონფერენციის მსვლელობისას, სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალის დროს სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცათ ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი.

კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

თბილისში საზეიმოდ გაიხსნა ფოტოგამოფენა „დეფილე დროის მიღმა: ქალთა მოდის კანონები აზერბაიჯანში“

გამოქვეყნებულია კულტურა
შაბათი, 21 აპრილი 2018 12:47

20 აპრილს, თბილისში, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში, საზეიმოდ გაიხსნა ფოტოგამოფენა „დეფილე დროის მიღმა: ქალთა მოდის კანონები აზერბაიჯანში“.

პროექტი, რომლის ორგანიზატორია მ. ფ. ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმი, კურატორთა საინიციატივო გაერთიანებასთან (ICU) ერთად, 20-დან 26 აპრილამდე წარმოადგენს აზერბაიჯანელი ფოტოგრაფის რუსტამ ჰუსეინოვის საგამოფენო პროექტს “დეფილე დროის მიღმა: ქალთა მოდის კანონები აზერბაიჯანში”, რომელიც ეძღვნება აზერბაიჯანელ ქალთა სამოსის ტრადიციებს.

პროექტის კურატორის, კენულ რაფიევას თქმით, გამოფენა მიზნად ისახავს ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის კულტურათა დიალოგის გაგრძელებას; ეროვნული იდენტობის წარმოჩენას აზერბაიჯანის ქალის ტრადიციული კოსტუმიდან, რომელიც საუკუნეების მანძილზე აზერბაიჯანული ხალხის უნიკალური თვითმყოფადობის კულტურის გამოხატულებაა. „ისტორიული ეპოქების სამოსის რეკონსტრუქცია მნიშვნელოვანი ეტაპია ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების და ხალხის ცნობიერებაში ეროვნული სახეების აღდგენის საქმეში, რომლებიც დაიკარგა საზოგადოებრივ მეხსიერებაში და მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრის თვალთახედვაშია შენარჩუნებული“, - აღნიშნა კ. რაფიევამ.

ცნობილმა აზერბაიჯანელმა ფოტოგრაფმა რუსტამ ჰუსეინოვმა ფოტოგრაფიების სერია მიუძღვნა ქალთა ტრადიციული სამოსის სილამაზის და მრავალფეროვნების პოპულარიზაციას, სადაც კულტურულ-ისტორიულ ინტერესს აერთიანებდა დიზაინერულ ინტერესთან ერთად. მისი ექსპოზიცია მოიცავს 25 ფოტოპორტრეტს აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონების ტრადიციული სამოსის გამოსახულებით, რომლებიც აჩვენებს ქვეყნის ცხოვრების და წეს-ჩვეულებების მრავალფეროვნებას.

პროექტის “დეფილე დროის მიღმა: ქალთა მოდის კანონები აზერბაიჯანში” ფარგლებში ასევე გაიმართება აზერბაიჯანელი დიზაინერის ნატავან ალიევას კოლექციის “Neo Classic Love” ჩვენება, რომელიც თანამედროვე აღქმის ვიზუალიზაციას ახდენს, ყოველდღიურ სამოსში ეთნო-სტილის მოდის აღორძინების კონტექსტში ქალთა ტრადიციული კოსტუმების მრავალფეროვნების გათვალისწინებით.

ეხმაურება რა აზერბაიჯანელი ქალის ტრადიციული სახის გამომსახველ ავტორისეულ ფოტოგრაფიებს, ნატავან ალიევას კოლექცია, რომელიც თანამედროვეა შეკერილობით და ფორმით, თუმცა იყენებს მე-19 საუკუნის ეროვნული სამოსის ფერებს, როგორიცაა ბორდოსფერი, ლურჯი, ფირუზისფერი, ასევე იყენებს ეროვნული გარდერობის ელემენტებს, კერძოდ, კელაგაის და ნაქსოვ წინდებს. ხელით შექმნილ ნიმუშებში, რომლებსაც დიზაინერისთვის ჩვეული ზედმიწევნობა და დეტალებისადმი ყურადღება ეტყობა, ჭარბობს ეროვნული ნაქარგის მოტივები.

რ. ჰუსეინოვი თავის ნაშრომებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აზერბაიჯანელი ქალების ტრადიციულ თავსაბურავებს, რომლებიც ხაზს უსვამენ ასაკობრივ და სოციალურ განსხვავებებს. ქალთა სახეებს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს აბრეშუმის თხელი თავშლები – კელაგაი, რომლებიც ეხამება დიადემებს და არახჩინებს.

საგამოფენო პროექტი “დეფილე დროის მიღმა: ქალთა მოდის კანონები აზერბაიჯანში”, 26 აპრილს საზეიმო ჩვენებით დასრულდება.

ავთანდილ ოთინაშვილი

საქართველო მონაწილეობას მიიღებს შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 17 აპრილი 2018 16:53

ჩინეთის მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულ მხარეს ჩინეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაში დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრთან ჭონ შანთან პეკინში გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის შემოთავაზება უპრეცედენტოა და ის ხელს შეუწყობს ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. 

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი უპრეცედენტო დახმარების შემოთავაზება მივიღეთ კომერციის მინისტრისგან ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით. მინისტრმა შემოგვთავაზა არაერთი ღონისძიების წარმართვა ჩინეთის ტერიტორიაზე, რათა უფრო მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს ჩინეთში და შესაბამისად, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდოს“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ჩინეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ჯგუფები იმუშავებენ, რაც შეიძლება მეტი ჩინური კომპანიისთვის მოხდეს საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა და შეთავაზება, და იმ ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაა აუცილებელი. 

შანხაის ექსპოს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო აღნიშნულ შეხვედრაზე. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის კომერციის მინისტრს საქართველოს ოფიციალური მიწვევისთვის შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება. 

„შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ 150,000 მყიდველთან პირდაპირი კომუნიკაცია მოახდინონ, რაშიც მათ ჩინეთის კომერციის სამინისტრო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ეს იქნება გამოფენა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სრული პოტენციალით უნდა გამოიყენოს. ეს გამოფენა საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, რათა მათ თავიანთი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაიტანონ და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი გაყიდვები“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ. 

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭონ შანი საქართველოში, ზაფხულში მოიწვია და ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომისა და მის ფარგლებში ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში, მიმდინარე წლის ზაფხულში შესთავაზა. 

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია წარმოადგენს ეფექტურ ბერკეტს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილი და ჭონ შანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საკითხზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალიწინებული სარგებელი, რისთვისაც ორივე მხარე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

შეთანხმება, რომლის შესახებაც მოლაპარაკება რეკორდულად მოკლე დროში 7 თვეში დასრულდა, ძალაში 2018 წლიდან ამოქმედდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერისა და ამოქმედების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია სახეზეა, თუმცა პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად ესაჭიროება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი მიმართულების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩინეთის მხარე ქართველ მწარმოებლებს დახმარებას აღმოუჩენს.

შეხვედრა ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შანხაის გამოფენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018 10:50

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდა ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო გამოფენის „China International Import Expo“-ს შესახებ, რომელიც 5-10 ნოემბერს გაიმართება. საქართველო გამოფენაზე მიწვეულია, როგორც სტუმარი ქვეყანა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი. 

1.5 მილიონი კვ. მეტრ ფართობზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში მომსახურების 5 და საქონლის 6 საგამოფენო ლოკაცია მოეწყობა, სადაც ქართველი ექსპორტიორებს ექნებათ შესაძლებლობა ჩინეთში დაინტერესებულ პირებს საკუთარი პროდუქცია  და მომსახურება  გააცნონ.

"ეს არის ჩინეთში იმპორტირებული საქონლის უდიდესი გამოფენა და მის შესახებ ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით ამ საწყის ეტაპზე, რათა უკვე დაიწყონ მზადება გამოფენისთვის,“ - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თავის მხრივ, გეგმავს ამ ინფორმაციის გავრცელებას როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონებში არსებული კომპანიებისთვის. „როგორც იცით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ძალაში შევიდა ამ წლის პირველი იანვრიდან ძალაში. ეს არის რეგიონში პირველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ქართველ მეწარმეებს აძლევს საშუალებას, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები. ამდენად, ქართული კომპანიების ორგანიზებული მონაწილეობა ასეთ გამოფენებში ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ჩიქოვანმა.

„ვფიქრობ, დაინტერესება გამოფენაში მონაწილეობის მხრივ იქნება საკმაოდ მაღალი. ჩვენ ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ უკვე ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებისგან, რის საფუძველზეც მოვახდენთ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების ინფორმირებას და გამოფენაში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული კომპანიების გამოვლენას,“ - აღნიშნა  საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა. 

საქართველოს საექსპორტო პროდუქციას შორის ჩინეთში ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა ქართულ ღვინოს აქვს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, „ჩინეთის ბაზარი მევენახეობა-მეღვინეობისთვის მნიშვნელოვანია, წელსაც ძალიან დიდი ზრდა იყო ექსპორტის მიმართულებით და 2018 წელს, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა ძალაში, გაცილებით შთამბეჭდავ ზრდას ველოდებით. მისი თქმით, გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიები ძალიან აქტიურობენ, რომ რაც შეიძლება მეტ გამოფენაში მიიღონ მონაწილეობა და ზოგადად, უფრო კარგად წარმოაჩინონ ქართული ღვინო, მეღვინეობის დარგი და ქვეყანა.

„მსგავსი გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია. იმ კომპანიებისთვის, რომელთაც საკუთარი პროდუქციის ექსპორტის განხორციელების სურვილი აქვთ, ეს არის უნიკალური შანსი. ჩინეთი ძალიან დიდი ქვეყანაა. ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია პროდუქციის რეალიზების კუთხით და ვფიქრობ, ასეთი გამოფენები ხელს შეუწყობს სწორედ ბიზნესების განვითარებას, ასევე დამწყები ბიზნესისთვის იქნება მოტივაცია იმისთვის, რომ თავიანთი პროდუქტი გაიტანონ ქვეყნებს გარეთ და გააცნონ მსოფლიოს“ - განაცხადა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ. 

საქონლის 6 საგამოფენო სივრცე მოიცავს სპეციალურ დარბაზებს მაღალი წარმადობის ინტელექტუალური ტექნიკის, სამომხმარებლო ელექტრონიკისა  და მოწყობილობების, ავტომობილების, ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სამომხმარებლო ნივთების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობებისა და სამედიცინო მომსახურების პროდუქტების გამოფენისათვის. მომსახურების 5 სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში კი შესაძლებელია ტურიზმის, განვითარებადი ტექნოლოგიების, კულტურისა და განათლების, შემოქმედებითი დიზაინისა და მომსახურების აუთსორსინგის წარმოდგენა. 

საგამოფენო სივრცის დაჯავშნის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ივნისია. 

გამოფენის ოფიციალური მასპინძლები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრო და ქ. შანხაის მუნიციპალიტეტის სახალხო მთავრობა. აღნიშნული გამოფენის მხარდაჭერები არიან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია.

Hennessy X.O. ლეგენდარული აბრეშუმის გზის გავლით უნიკალურ ოდისეას იწყებს

გამოქვეყნებულია კულტურა
შაბათი, 18 ნოემბერი 2017 15:51

ჰენესის სახლმა 14 ნოემბერს, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოაწყო გამოფენა: „Hennessy X.O.-ს ოდისეა აბრეშუმის გზაზე“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჰენესის სახლის ისტორიასთან და აბრეშუმის გზის პროექტთან დაკავშირებული ექსპოზიცია და ქართველი არტისტის, როკო ირემაშვილის ინსტალაცია „ეკვილიბრიუმი“.

კონიაკის მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლის, Maison Hennessy-ს აბრეშუმის გზისადმი მიძღვნილი პროექტი იმ კულტურული მარშრუტის გაგრძელებაა, რომელმაც საუკუნეების წინ სხვადასხვა ეროვნება და ხელოვნება ერთ ისტორიაში მოაქცია. Hennessy-ს სამშობლოში მიპატიჟებული 7 ხელოვანი კონიაკის წარმოების საიდუმლოებას პირადად გაეცნო, კულტურული თვითმყოფადობის კოდების გაცვლის შედეგად კი შეიქმნა ხელოვნების 7 ნიმუში, რომელიც Hennessy X.O.-ს თავისებური ხედვა და ინტერპრეტაციაა.

აბრეშუმის გზის უნიკალური მარშრუტის არტისტული და კულტურული თავგადასავლის შედეგების პრეზენტაცია კიდევ 7 ქალაქში გაიმართება, ის  7 ქვეყნის 7 მხატვრის ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებიც Hennessy X.O.-სთან დაკავშირებულ პირადი მოგზაურობის განცდებს ამ პროექტის საშუალებით გადმოსცემენ: ბურსაკ ბინგოლი (სტამბოლი, თურქეთი), ვიქტორ სირნევი (ბიშკეკი, ყირგიზეთი), რაშად ალაკბაროვი (ბაქო, აზერბაიჯანი), როკო ირემაშვილი (თბილისი, საქართველო), ვიაჩესლავ უსეინოვი (ფერგანა, უზბეკეთი), აშკათ ახმედოვი (ასტანა, ყაზახეთი) და ინ შიუჟენი (პეკინი, ჩინეთი).

თითოეული ნამუშევარი საკულტო კონიაკის, Hennessy X.O.-ს „არომატების პალიტრის“ შვიდი ქვეთავიდან ერთ-ერთს ეძღვნება: მწველი ცეცხლი, შოკოლადის ხავერდოვნება, მზარდი მხურვალება, ხის ისტორია, პიკანტური ზღვარი, ტკბილი ნოტები, უსასრულო ექო.

როკო ირემაშვილის ნამუშევარიც – „ეკვილიბრიუმი“ ქართველი მხატვრის პერსონალური ოდისეათია შთაგონებული; ინსტალაცია კონიაკში მოგზაურობის და Hennessy X.O.-ს ერთ-ერთი სენსორული თავის – უსასრულო ექოს შთაგონების გაგრძელებაა.

პროექტის   „Hennessy X.O.-ს ოდისეა აბრეშუმის გზაზე“ შესახებ

ორი ათასწლეულის განმავლობაში აბრეშუმის გზა ნივთების, ადათების და კონტაქტების გაცვლის ყველაზე ლაკონური საშუალება იყო. Hennessy-ს ოდისეასადმი მიძღვნილი გამოფენა აზრობრივად ეხმაურება ამ მოულოდნელობებით აღსავსე მარშრუტის იდეოლოგიას და აზავებს სხვადასხვა კულტურებს  Hennessy-ს განვითარების ისტორიულ ჭრილში, 1765 წლიდან.

წელს კონიაკიდან პეკინამდე ნამდვილი დღესასწაული იმართება. საკულტო კონიაკი Hennessy X.O. ამ წამოწყებით მნახველს ერთდროულად გლობალურ და ავთენტიკურ სამოგზაურო გამოცდილებას სთავაზობს. აბრეშუმის გზის თავგადასავალი ერთდროულად ლოკალურიცაა და გლობალურიც („გლოკალური“) – ეს კონცეფცია თანამედროვე არტისტების წარმოსაჩენად შეიქმნა.

Hennessy X.O.-ს შესახებ

1870 წელს მორის ჰენესიმ კონიაკის სპირტების იმჟამინდელ დიდოსტატს – ემილ ფილუს სთხოვა, ხანგრძლივად დავარგებული სპირტებისგან განსაკუთრებული კონიაკი შეექმნა, რომელსაც მეგობრების წრეში დააგემოვნებდა. სახელიც შესაბამისი შეირჩა – X.O. (Extra Old) ანუ “განსაკუთრებით ძველი” და ლეგენდასაც ჩაეყარა საფუძველი. როგორც კეთილშობილების და მარადიულობის სიმბოლო, Hennessy X.O.-ს გემო არ შეცვლილა დროთა განმავლობაში.

Hennessy-ს შესახებ

საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში დაფუძნებული კომპანია Hennessy თავისი 250-წლიანი ისტორიის განმავლობაში ქმნიდა თავგადასავლებსა და აღმოჩენებზე დაფუძნებულ გამორჩეულ მემკვიდრეობას, რომელიც ხუთივე კონტინენტზე ამკვიდრებდა უმთავრეს ფასეულობებს: ეპოქასთან შესაბამისობის განსაკუთრებულ უნარს, ინოვაციის მუდმივ ძიებას და შემოქმედებითობის, მუდმივი განვითარების ერთგულებას. ეს ღირებულებები, რომლებიც ყველაზე პრესტიჟული, საკულტო კონიაკის სახლის შექმნას ედო საფუძვლად, დღესაც LVMH Group-ის ნამდვილი საგანძური და სავიზიტო ბარათია. ჰენესის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია „ჯდ ალკოა“.

აგვისტოს ომის ამსახველი გამოფენა პარლამენტში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017 10:37

პარლამენტის ეზოში  რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის ამსახველი ფოტო გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე,  ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ. პარლამენტში ასევე,  საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე,  თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების  წარმომადგენლები იმყოფებოდნენ .

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან  და ომში დაღუპული ფოტორეპორტიორის ალექსანდრე კლიმჩუკის დედასთან  ერთად აგვისტოს ომის ამსახველი კადრები დაათვალიერეს. 

გამოფენა 5  ფოტორეპორტიორის 90 ნამუშევარს მოიცავს. მისი იდეის ავტორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძეა. გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტორეპორტიორების - ზურაბ ქურციკიძის, ივანე შლამოვის, ნოდარ ცხვირაშვილის და გლებ გორანიჩის ფოტოები.

ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 15:50

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამისა“ და  ორგანიზაცია ,,ბერილუსის“ თანამშრომლობით, ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ბოშათა კულტურისა და ყოფის დამახასიათებელი ნივთები, რომელიც დამზადდა ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ბოშების ისტორიის შესახებ დამუშავებული ინფორმაციის გათვალისწინებით.

ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ ბოშების თემატიკაზე მომუშავე საჯარო სკოლები, სკოლა-პანსიონები და ის საბავშვო ბაგა-ბაღები, რომლებიც ახლოს მდებარეობენ ბოშათა დასახლებებთან.

,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის“ ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების - ბოშების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას და ბოშების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების ჩანაცვლებას დადებითი განწყობებით. 

გამოფენა - „ვეფხისტყაოსანი“

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 16:10

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის „ვეფხისტყაოსანი“ გახსნას დაესწრო.

გამოფენაზე ბიბლიოთეკაში დაცული ,,ვეფხისტყაოსნის’’ უძველესი, უიშვიათესი და სხვადასხვა ენებზე თარგმნილი გამოცემები, მათ შორის პირველი, 1712 წლის ვახტანგისეული ,,ვეფხისტყაოსანი’’ იყო წარმოდგენილი. 

წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს სიტვით მიმართა, ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველი „ვეფხისტყაოსნის“ საუნივერსიტეტო გამოცემით დააჯილდოვა. 

დღესვე  საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კიმ ჩან გიუმ, შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში,  თსუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად ,,ვეფხისტყაოსნის’’ კორეული თარგმანი გადასცა.

ღონისძიებაზე ასევე გამომცემლობის ,,ნოტა ბენე’’ ახალი გამოცემის - “ვეფხისტყაოსნის მხატვრობა”, მხატვარ პაპუნა დავითაიას წიგნის ,,ვეფხისტყაოსანი - გრაფიკული რომანი’’ და ფილოლოგისა და კინომცოდნის ლევან გელაშვილის ,,ვეფხისტყაოსნის’’ პირველი ფერადი, ილუსტრირებული სამაგიდო თამაშის პრეზენტაცია მოეწყო. 

კულტურულ ღონისძიებას, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობის საგამოფენო დარბაზში გაიმართა,თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები,  სტუდენტები  და საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

გამოფენა „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი“ გაიხსნება

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 15:09

თბილისის მერიის,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და იტალიის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში დღეს გამოფენა „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი“ გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით,   კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და გამოფენის კურატორი კომპანიის “Galgano&Tota”-ს და გამოფენის სპონსორის „ვითიბი“ ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს, „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი“  მოდისა და დიზაინის თვალსაჩინო ფიგურების ნიჭსა და პროფესიონალიზმს და  იმ ადამიანებს ეძღვნებათ, რომლებმაც „იტალიური სტილის“ დამკვიდრებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. გამოფენაზე ცნობილი იტალიური მოდის სახლებისა და დიზაინერების საუკეთესო ქმნილებები იქნება წარმოდგენილი. კომპანია “Galgano&Tota”-ს მიერ  მომზადებული ექსპოზიცია თითოეული დიზაინერის განმასხვავებელი ნიშნების  წარმოსაჩენად შერჩეულ 80-მდე  ისტორიულ მოდელს  მოიცავს.

თბილისის მერის მოადგილის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, გამოფენა  იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასზე ქართველი წარმოშობის იტალიელი დიზაინერის ირენე გალიცინას ნამუშევარიც იქნება წარმოდგენილი.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქართულ-იტალიური პროექტი, რომელიც არის გამორჩეული თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით იმიტომ, რომ საქართველოში ჩამოსულია იტალიის მოდის 60 წლიანი ისტორია. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა  როგორც დიზაინერებისთვის, ასევე  ზოგადად მოდით დაინტერესებული ადამიანებისთვის“ - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

გამოფენას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების  მუზეუმი 14 ნოემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით  უმასპინძლებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური