დონორებისა და ფინანსური ინსტიტუტების ინვესტიციების აღქმა: 2020 წლის მოლოდინები და რეალობა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2020 14:12

Noblet Media–მ და Info Sapiens–მა წარმოადგინეს აქტიური მომხმარებლების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების აღქმის კვლევა საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში.

2020 წლის 18 დეკემბერი – კომუნიკაციების კომპანიამ Noblet Media, Edelman-ის შვილობილმა კომპანიამ, Info Sapiens კვლევით სააგენტოსთან თანამშრომლობით წარადგინა კვლევა მომხმარებელთა მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების აღქმის შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც ეს კომპანიები ოპერირებენ. აღნიშნული კვლევა არის საშუალო და ზედა-საშუალო ფენის სოციალური და ეკონომიკური შეხედულებების ინტეგრაციული კვლევის ნაწილი, რომელიც ჩატარდა Noblet Media–ს და Info Sapiens–ის მიერ 2020 წელს. კვლევის მიზანია წარმოადგინოს ყველაზე აქტიური მომხმარებლების პორტრეტი, რომლებიც ტონს აძლევენ ეკონომიკურ ცხოვრებას საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში.

 „ბოლო 10 წლის განმავლობაში, Noblet Media მუშაობს საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ახლა ჩვენ ვახორციელებთ დონორების მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს და ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია თვალყური ვადევნოთ რეგიონში აქტიური მომხმარებლის მიერ აღქმისა და ნდობის ნებისმიერ ცვლილებას მსხვილი დონორი ორგანიზაციების მიმართ. ჩვენ ვაღიარებთ მონაცემთა საფუძველზე კომუნიკაციის მნიშვნელობას - კარგად ვიცნობთ რა სამიზნე აუდიტორიის ქცევას, მიზნებს, მტკივნეულ წერტილებსა და გამოწვევებს, შევიმუშავებთ ეფექტურ კამპანიებს მათი კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად. ეკონომიკური კოლაფსის შედეგად, რომელიც გამოწვეულია პანდემიითა და ქცევითი მოდელის შეცვლით ჩვენს მთავარ ბაზრებზე, ჩვენ დავიწყეთ კვლევა, რათა მოვნახოთ ძირითადი შეტყობინებების მიწოდებისა და ჩვენი პარტნიორების რეპუტაციით მუშაობის ყველაზე საიმედო გზები”, - თქვა ევგენია პანკრატიევამ, Noblet Media CIS-ს დირექტორმა.

კვლევა შედგება 8 ბლოკისგან. პირველ ბლოკში ასახულია დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აღქმა, ასევე სამიზნე აუდიტორიის ნაციონალური პროფილები. ქვემოთ მოცემულია მთელს რეგიონში დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ ნდობასთან, აღქმასთან და შეფასებასთან დაკავშირებული ძირითადი დასკვნები:

  • ნდობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ. საქართველოში რესპონდენტები ძირითადად ენდობიან ევროკავშირს (59%), გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) (53%) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) (51%). უკრაინელები ძირითადად ენდობიან ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო დონორს[1], ყველაზე მეტად ენდობიან ევროკავშირს (74%). ასევე მოლდოველების 59% ამბობს, რომ ენდობა ევროკავშირს. გაეროს სააგენტოებს ძირითადად ენდობიან აზერბაიჯანელები, ბელარუსები და უზბეკები: UNICEF (35%, 39% და 51%) და UNDP (აღნიშნულ ქვეყნებში გამოკითხულთა 44%, 42% და 39%). მსოფლიო ბანკი ასევე ყველაზე სანდო დონორია უზბეკებისა (51%) და ბელარუსებისთვის (53%).
  • ძირითადი დონორები. უკრაინაში (64%) და საქართველოში (45%) საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) განიხილება, როგორც ძირითადი დონორი. აზერბაიჯანში (51%) და უზბეკეთში (65%) რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ მათ ქვეყანაში ყველაზე ხშირად მსოფლიო ბანკი ახორციელებს ინვესტიციებს და უზრუნველყოფს საგრანტო მხარდაჭერას. რესპონდენტების აზრით, ბელარუსში - EBRD (48%), ხოლო მოლდოვასა და საქართველოში - ევროკავშირი (54% და 44%).
  • დონორების ინვესტიციების აღქმა. აზერბაიჯანის გამოკლებით, ყველა ქვეყანაში რესპონდენტები თვლიან, რომ ინვესტორებისა და დონორების უმეტესობა ენერგოსექტორში ახორციელებენ ინვესტირებას. გამოკითხულთა 86%-ის აზრით, აზერბაიჯანში ინვესტიციები ყველაზე ხშირად ნავთობისა და გაზის სექტორში კეთდება. ფარმაცევტიკა და ინფრასტრუქტურა ასევე ინვესტირების ძირითად სექტორებს შორისაა: უზბეკეთსა და მოლდოვაში გამოკითხულთა 38%-მა და 49%-მა ფარმაცევტიკა მიუთითეს, ხოლო ქართველების 38% მიიჩნევს, რომ ეს ინფრასტრუქტურაა. კვლევის თანახმად, მანქანა-დანადგარების წარმოება რეგიონში 5 ყველაზე დაფინანსებული სექტორების შორის ბოლო ადგილზეა, ყველაზე დიდი მაჩვენებლით ბელარუსში (34%) და უზბეკეთში (37%).
  • უცხოური ინვესტიციების წარმატებულობა. რესპონდენტები ყველა ქვეყანაში, აზერბაიჯანისა და მოლდოვას გარდა, ასევე თვლიან, რომ ინვესტიციები ენერგოსექტორში ყველაზე წარმატებულია. აზერბაიჯანში, ნავთობისა და გაზის სექტორებში ინვესტიციები ყველაზე წარმატებულად გამოკითხულთა 93%-ით აღიქმება, ხოლო მოლდოვაში გამოკითხულთა 70% ფარმაცევტულ სექტორში ინვესტიციებს მიიჩნევს წარმატებულად. სხვა წარმატებული ინვესტიციები განხორციელდა ეკოლოგიაში საქართველოში (39%), განათლებაში მოლდოვაში (52%), ფარმაცევტიკაში უზბეკეთში (41%), ჯანდაცვაში უკრაინაში (25%) და მანქანა-დანადგარების წარმოებაში ბელარუსში (39%).
  • რეფორმების ღირებულება. უკრაინელები ყველაზე მეტად აცნობიერებენ, რომ დასავლეთ ქვეყნების დონორები ხელს უწყობენ სასარგებლო რეფორმებს მათ ქვეყანაში; კერძოდ, მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ ეს ინვესტიციების ძირითადი სარგებელია. ბელარუსების და მოლდოველების მიერ დასავლეთ ქვეყნების დონორების პოზიტიური აღქმის დონე ყველაზე დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით, და შესაბამისად, მათი 12% და 14%-ი აცხადებს, რომ ინვესტიციებს, კრედიტებს და საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერას არანაირი სარგებელი არ მოაქვს მათი ქვეყნისთვის.
  • ძირითადი დონორების შესახებ არსებული აღქმა. საქართველოში ძირითად დონორებად რესპონდენტები მიიჩნევენ საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) და ევროკავშირს თითქმის თანაბარი პროპორციით (45% და 44% შესაბამისად). IMF უკრაინაში განიხილება, როგორც მთავარი დონორი (64%). მსოფლიო ბანკი ლიდერობს აზერბაიჯანში (51%) და უზბეკეთში (65%). რესპონდენტები ბელარუსიიდან თვლიან, რომ მათ ქვეყანაში ინვესტიციებს ყველაზე ხშირად EBRD ახორციელებს (48%), ხოლო მოლდოველები (54%) მთავარ დონორად ევროკავშირს მიიჩნევენ.
  • კომუნიკაციის ნაკლებობა. ყველა ქვეყნის მოქალაქეებს არა აქვთ ზუსტი წარმოდგენა საერთაშორისო დონორების ფინანსური პროგრამების შინაარსის შესახებ, მაშინ როცა უკრაინელები ყველაზე ინფორმირებულ საზოგადოებას წარმოადგენენ - 34% ამბობს, რომ ფინანსური პროგრამების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა. კომუნიკაციის ნაკლებობას ძირითადად განიცდიან ბელარუსის (77%), მოლდოვის (77%) და უზბეკეთის (78%) მოქალაქეები.
  • ინფორმაციის სანდო წყაროები.  ქართველები (50%), ბელარუსები (50%) და უზბეკები (48%) ირჩევენ სოციალურ ქსელს ინფორმაციის ძირითად წყაროდ იმის გასაგებად, თუ რა ხდება ქვეყანაში და საზღვარგარეთ, ხოლო უკრაინელები (60%), აზერბაიჯანელები (53%) და მოლდოველები (60%) სიახლეების გასაგებად ხშირად მედიის ვებსაიტებს იყენებენ.  

 „გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ მკაფიო კომუნიკაცია საერთაშორისო დონორების ფინანსური პროგრამების შინაარსთან დაკავშირებით. თუმცა, უკრაინელები შედარებით უფრო ინფორმირებული საზოგადოებაა. უფრო მეტიც, უკრაინაში ხალხი საკმაოდ მაღალ ნდობას გამოხატავს საერთაშორისო დონორების მიმართ და ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის შემთხვევებმა შეიძლება ეფექტური სამუშაო მოდელები წარმოუდგინოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ხოლო უკრაინაში დონორებთან ჩვენი ერთობლივი მუშაობის გამოცდილება შეიძლება გამოსადეგი გახდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ”, აღნიშნა ინა ვოლოსევიჩმა, Info Sapiens-ის დირექტორის მოადგილემ.

კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ

კვლევაში მოცემულია 6 ქვეყნის საშუალო და ზედა-საშუალო ფენის სოციალური და ეკონომიკური შეხედულებების ინტეგრაციული კვლევა, მათ შორის საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში. თითოეულ ქვეყანაში 200 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა 18-45 წლის ასაკის ქალაქის მოსახლეობაში. კვლევის მიხედვით, საშუალო და ზედა-საშუალო ფენა შეადგენს სამიზნე ასაკის ქალაქის მოსახლეობის 50-60%-ს და იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მსხვილი შესყიდვებისა და ინვესტიციების თაობაზე.

Noblet Media CIS-ის შესახებ

Noblet Media CIS არის საზოგადოებასთან ურთიერთობების, კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კომპანია, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა. დღეს კომპანია ოპერირებს რვა ქვეყანაში – უკრაინა, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი და უზბეკეთი, მთავარი ოფისებით ქ. კიევსა და ქ. თბილისში. Noblet Media არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილ დამოუკიდებელ კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კომპანია Edelman-თან აფილირებული. Noblet Media სთავაზობს პიარისა და მარკეტინგის პროფესიონალური სერვისების სრულ სპექტრს, რომელიც იყენებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების შიდა და გარე გამოცდილებას. კომპანიის და მისი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ან ფეისბუქის გვერდზე.

Info Sapiens-ის შესახებ

კვლევითი სააგენტო Info Sapiens სპეციალიზდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე (სოციალური, პოლიტიკური და მარკეტინგის საკითხებზე), ქცევის გაზომვისა და მეორადი წყაროებიდან მიღებული მონაცემების ანალიზზე. Info Sapiens დაფუძნდა 2018 წლის სექტემბერში, GfK კომპანიის მომხმარებელთა კვლევის ბიზნესის გლობალური დახურვის შემდეგ. 2019-2020 წლებში Info Sapiens-მა განახორციელა 500-ზე მეტი კვლევითი პროექტი 200-ზე მეტი კლიენტისთვის. უკრაინული მარკეტინგის ასოციაციის 2019 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი ადგილობრივი კვლევითი კომპანია (საერთაშორისო კომპანიების 5 წარმომადგენლის შემდეგ). Info Sapiens შეესაბამება ICC/ESOMAR-ის ყველა კვლევით სტანდარტს და განთავსებულია ESOMAR-ის ცნობარში. კომპანიის და მისი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე ან ფეისბუქის გვერდზე.

[1] კითხვარი მოიცავდა შემდეგ დონორებს: ევროკავშირი (EU); ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO); მსოფლიო ბანკი (WB); საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF); გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD); გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF); ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE); ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB); ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB); შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA); გერმანიის განვითარების ბანკი (KfW Entwicklungsbank / KfW განვითარების ბანკი); გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO); სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO); სკანდინავიის საინვესტიციო ბანკი (NIB); გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit / GIZ); საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC)

 

ადამიანის უფლებათა დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის საფუძველია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2020 13:48

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირი იწყებს 3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს გაეროს განვითარების პროგრამასთან და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან ერთად
 
თბილისი. 9 დეკემბერი 2020 – კორონავირუსის პანდემია კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას და საფრთხის წინაშე აყენებს მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვას. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (OHCHR) ერთად იწყებენ 2.5 მილიონი ევროს (3 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების პროგრამას, „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.

სამწლიანი ინიციატივის ხელმოწერა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა.

პროგრამა განხორციელდება გაეროს სააგენტოების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

„ინვესტიცია ადამიანის უფლებებში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში აუცილებელია უფრო სამართლიანი, უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების მისაღწევად. ევროკავშირისთვის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ისევე როგორც გენდერული თანასწორობა, ყოველთვის წამყვანი იქნება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისა და შემდგომი აღდგენის საქმეში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

„საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში აღწერილი პრინციპების განხორციელების გზაზე. თუმცა, პანდემიამ ამ პროცესის სუსტი მხარეებიც გამოავლინა და დაგვანახა ის საფრთხე, რომელიც ადამიანის უფლებებს ემუქრება. ჩვენი ახალი პროგრამა პასუხს გასცემს ამ გამოწვევას და თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებს პოსტ-პანდემიური აღდგენის ცენტრში დააყენებს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

„დღეს ხაზს ვუსვამთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის იმპერატივია. საერთო მიზნების მიღწევას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ყველა ადამიანისთვის თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველვყოფთ, პანდემიის მიერ გამოვლენილ ჩავარდნებს მივხედავთ, ხოლო დამკვიდრებული, სისტემატური და თაობათაშორისი უთანასწორობის, გარიყულობისა და დისკრიმინაციის მოსაგვარებლად ადამიანის უფლებათა სტანდარტებს გამოვიყენებთ“, -  განაცხადა ვლადიმირ შკოლნიკოვმა, OHCHR-ის უფროსმა მრჩეველმა.

ევროკავშირის, UNDP-სა და OHCHR-ის ერთობლივი პროგრამა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკისა და შესაბამისი პრაქტიკის განმტკიცებას საქართველოში. პროგრამის განხორციელებისას, განსაკუთრებული ყურადღება იმ საკითხებსა და გამოწვევებს მიექცევა, რომლებიც აღნიშნულია ევროკავშირისა და გაეროს მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ დამოუკიდებელ შეფასებაში.  

ახალი პროგრამა ხუთი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:

  1. ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის შექმნაზე, მონიტორინგსა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების გაძლიერება.
  2. სამართალდამცავი ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ხელშეწყობა.
  3. უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა.
  4. ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე.  
  5. საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირება ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.

პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ეყრდნობა ევროკავშირისა და გაეროს ოთხწლიან თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ამ თანამშრომლობის ახალი ეტაპი მომავალი სამი წლის მანძილზე, 2023 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს-რელიზი

გაერო-ს დღისადმი მიძღვნილი მიღება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017 11:17

საქართველოს წევრობას გაერო-ში 25 წელი შეუსრულდა და ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ამ 25 წელიწადში ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან რეგიონულ ლიდერ ქვეყნად გადაიქცა; მეტიც, დღეს საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას თავმჯდომარეობს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას - დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

პრემიერმა გაერო-ს დღე მიულოცა ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ნილს სკოტს და საქართველოსა და გაერო-ს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„ჩვენი წარმატება მნიშვნელოვნად უკავშირდება საქართველოში გაერო-ს ნაყოფიერ მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც ბევრი მიმართულებით გვაქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ გაეროს 13 უწყებასთან ისეთ მთავარ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ეკონომიკური და სოციალური განვითარება, ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება და გარემოს დაცვა. ჩვენ დაგვიგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება და ზუსტად ვიცით გაეროს სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. მინდა, დღეს ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს გაერო-ს საქმიანობას ქვეყანაში, ასევე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით. ჩვენი მთავრობისთვის უდიდესი პატივია, რომ ვართ ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე და შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის საქმიანობაში. მოგეხსენებათ, ეს გავლენიანი გლობალური მოძრაობა იღვწის ღიაობისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, განსაკუთრებით მე-16 მიზანს, რომელიც ითვალისწინებს „მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობას ყველა დონეზე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს დღევანდელ პირველ პლენარულ სხდომას, რომელიც, მისი შეფასებით, 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა.

„ამ პროცესში გაწევრიანებულია ყველა ქვეყანა და მთავრობა იმ გზაზე, რასაც ჰქვია მსოფლიოს ტრანსფორმაციისა და ეროვნულ პრიორიტეტებთან მდგრადი განვითარების ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განზომილებების ინტეგრაცია. საქართველოში ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ეფექტიანი მმართველობის განსამტკიცებლად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ უცხადებს საქართველო მტკიცე მხარდაჭერას გაეროსა და მის საქმიანობას. კიდევ ერთხელ, მადლობას მოვახსენებ ნილს სკოტს და მის კოლეგებს დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა რწმენა, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოსა და გაერო-ს თანამშრომლობასა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში.

„1992 წელს, საქართველო გაეროს წევრი შიდა და საგარეო გამოწვევების ფონზე გახდა. მას შემდეგ მან გასაოცარი ტრანსფორმაცია განიცადა. მეტიც, ის გაეროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ძვირფასი წევრი გახდა. საქართველო განაგრძობს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გაეროს საქმიანობაში - უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. საერთაშორისო ჩართულობის ეს ტენდენცია ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობისა და ხალხის დიდ სურვილს, მხარი დაუჭიროს გაეროს საქმიანობას უფრო ძლიერი, უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდის, გარემოს დაცვის, თანაბარი შესაძლებლობისა და გენდერული თანასწორობის, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად და ყველასათვის სათანადო ცხოვრების პირობების მისაღწევად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ერსა და საქართველოს მთავრობას ამ ღირებული თანამშრომლობისათვის, ასევე იმისათვის, რომ ის საშუალებას აძლევს გაეროს, წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებაში", - აღნიშნა ნილს სკოტმა.

გაერო მხარს უჭერს საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ ყოვლისმომცველ კანონს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 02 მაისი 2017 13:07

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით დღეს გაიმართა პრეს კონფერენცია საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიღების მხარდასაჭერად. გაეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს თამბაქოს მოხმარების ეკონომიკურ ტვირთზე, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მნიშვნელობაზე წევრი ქვეყნებისათვის, კონვენციის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე და იმ პრაქტიკულ ზომებზე, რომელთა გატარება აუცილებელია თამბაქოს მოხმარების კონტროლისათვის. მათ აღნიშნეს, რომ გაეროს ქვეყნის გუნდი საქართველოში მიესალმება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით  გაღებულ ძალისხმევას  და დასძინეს, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიგს განეკუთვნება, სადაც თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

გაეროს ქვეყნის გუნდი საქართველოში მიესალმება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით  გაღებულ ძალისხმევას. საქართველო იმ ქვეყნების რიგს განეკუთვნება, სადაც თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

თამბაქოს მოხმარება იწვევს თამბაქოზე დამოკიდებულებას  და დიდ ზიანს აყენებს როგორც მწეველებს, ასევე მათი ოჯახის წევრებსა და სრულიად საზოგადოებას. საქართველოში მწეველ მამაკაცთა პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 57%-ს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქალებს შორის მწეველების რაოდენობა ჯერ კიდევ შედარებით დაბალია, ბოლო წლების განმავლობაში მწეველი ქალების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა საქართველოში. ათასობით მწეველი და აგრეთვე  მწეველთა გარემოცვაში მყოფი ადამიანი იტანჯება უამრავი დაავადებით, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ფილტვების დაავადებებით და კიბოთი. თამბაქოს ხანგრძლივი დროით მომხმარებელთა ნახევარი თამბაქოსთან დაკავშირებული დაავდებით იღუპება. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 11 000 ადამიანი იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო, და მათ შორის 3 000 არამწეველია. ეს საგანგაშო მაჩვენებლები ნათლად მიუთითებს თამბაქოს კონტროლის სფეროში მკაცრი და გადაუდებელი ქმედებების აუცილებლობაზე.

ამ კვირაში პარლამენტის მიერ განხილული კანონპროექტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის, ეკონომიკის ზრდისა და ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრირების თვალსაზრისით.

განვითარებად ქვეყნებში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანი, ძირითადად ჯანმრთელობისადმი მიყენებული ზიანის კუთხით განიხილება, რაც იწვევს იმ მნიშვნელოვანი პრობლემების ნაწილობრივ უგულებელყოფას, რასაც თამბაქოს მოხმარება ქმნის სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კუთხით. თამბაქოს კონტროლი ქვეყნის განვითარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი წარმატებით გახორციელების საქმეში საჭიროა სხვადასხვა სექტორების ჩართვა, როგორიცაა სავაჭრო, საფინანსო, მართლმსაჯულებისა და საგანმანათლებლო სექტორები. სწორედ ეს დაედო საფუძვლად საერთაშორისო საზოგადოების თანხმობას 2030 წლისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების დღის წესრიგში ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ჩართვის თაობაზე.

ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის შესახებ მოლაპარაკება წარიმართა ჯანმო-ს ეგიდით. აღნიშნული კონვენცია მიღებულ იქნა მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის მიერ 2003 წლის 21 მაისს გამართულ სხდომაზე და იგი წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მიღებულ და ფართოდ გავრცელებულ შეთანხმებას. ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შექმნა განაპირობა თამბაქოს  ეპიდემიის გლობალურმა ხასიათმა. აღნიშნული კონვენცია წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ხელშეკრულებას, რომელიც განამტკიცებს ადამიანის უფლებას ჯანმრთელობის უმაღლეს ხელმისაწვდომ სტანდარტებზე.  კონვენცია წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობის ახალ ეტაპს და ქმნის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს ჯანმრთელობის საკითხებში საერთაშორისო   თანამშრომლობისათვის. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლებიც შეუერთდა აღნიშნულ კონვენციას 2006 წელს.

თამბაქოს ინდუსტრია ძლიერ აფერხებს თამბაქოს კონტროლის შესახებ მკაცრი და ყოვლისმომცველი კანონის შემოღებას. კანონპროექტის მიღებით საქართველო იღებს კონკრეტულ ვალდებულებებს და ხდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მონაწილე  მხარე, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 356-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებების შესრულებას; თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაცია არის ევროპასთან ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა.

თამბაქოს მოხმარება ავადობისა და ნაადრევი სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს და, შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ მკაცრი და ყოვლისმომცველი კანონის შემოღებას.

წინასწარი დასკვნები თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვის საქმეში საქართველოს მიერ გახორციელებული ინვესტიციის შედეგების შესახებ

საქართველოში თამბაქოს კონტროლის შედეგების შესახებ დამატებითი მტკიცებულების მოსაპოვებლად, ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნო, გაეროს განვითარების პროგრამასთან და ჯანმო-სთან ერთად, აწარმოებს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვის საქმეში გახორციელებული ინვესტიციის პილოტირებას.

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO მიერ წარმოებული წინასწარი კვლევით დგინდება შემდეგი:

  • წელიწადში, თამბაქოზე გაღებული ხარჯები საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს მშპ-ს დაახლოებით 2%-ს.
  • თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი შეადგენს დაახლოებით 455 მლნ ლარს (მთლიანი ეკონომიკური ზარალის 86%-ს), ხოლო თამბაქოსთან დაკავშირებულ დაავადებაზე გაწეული ჯანდაცვის ხარჯები შეადგენს 73,5 მლნ ლარს  (ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების 14%-ს).
  • რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების შედეგად დგინდება, რომ თამბაქოს მოხმარების სრული აკრძალვა რესტორნებსა და ბარებში არათუ უარყოფითად არ აისახება კვების მიწოდების სექტორის მიერ მიღებულ შემოსავლებზე, არამედ, რიგ შემთხვევაში დადებით შედეგს იძლევა ამ სექტორში შემოსავლების მოზიდვის თვალსაზრისით, როგორც მოკლევადიან ასევე საშუალოვადიან პერსპექტივაში. მოცემულ სექტორში აღნიშნული პოლიტიკის სავარაუდო შედეგია დასაქმების ზრდა და არა სამუშაო ადგილების კარგვა.
  • შემოთავაზებული კანონპროექტის დამტკიცებისა და გატარების შემთხვევაში საქართველოს წლიური დანაზოგი შეადგენს 27 მლნ ლარს (იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ თამბაქოს მოხმარება წლიურად 2%-ით შემცირდება).

 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჩარჩო კონვენციის გავლენა თამბაქოს კონტროლზე

  • ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის შესახებ მოლაპარაკება წარიმართა ჯანმო-ს ეგიდით. აღნიშნული კონვენცია ძალაში შევიდა 2005 წლის 27 თებერვალს.
  • იგი წარმოადგენს პირველ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს, რომელიც შექმნილია მსოფლიოში თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირების მიზნით. ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია ქვეყნების მთავრობებს სთავაზობს სისტემას, რომლის საფუძველზეც მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ თამბაქოს კონტროლის საკუთარი სტრატეგიები.
  • ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის წევრია 180 ქვეყანა, რომლებმაც კონვენციის რატიფიცირებასთან ერთად, თამბაქოს კონტროლის მიზნით გასატარებელი ამ ხელშეკრულებაში მოცემული ღონისძიებების გატარების სამართლებრივი ვალდებულება აიღეს.
  • საქართველომ ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 2006 წელს.
  • საქართველო შეირჩა როგორც ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ერთადერთი წევრი ქვეყანა, და აგრეთვე იგი წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით შერჩეული 15 ქვეყნიდან ერთ-ერთს, რომელშიც დაინერგება  ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის პროექტი 2030 წლისათვის.

თამბაქოს კონტროლის ძირითადი ღონისძიებები

  • თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო გაფრთხილებები: თამბაქოს საწინააღმდეგო რეკლამები და  გრაფიკული გაფრთხილებები -  სურათების თანხლებით - ამცირებს იმ მოზარდების რაოდენობას, რომლებიც თამბაქოს მოხმარებას იწყებენ, და ზრდის თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობას, რომლებიც თავს ანებებენ თამბაქოს მოხმარებას. გრაფიკული გაფრთხილება აიძულებს მწეველებს იზრუნონ არამწეველთა ჯანმრთელობაზე - თავი შეიკავონ თამბაქოს მოხმარებისაგან დახურულ სივრცეში და ბავშვების სიახლოვეს. საქართველოში სიგარეტის შეფუთვაზე ძალიან მკვეთრი გრაფიკული გაფრთხილებების დატანა 5 წელიწადში თამბაქოს მოხმარების 6%-ით შემცირებას გამოიწვევს (იხ. SimSmoke მოდელირება, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი).
  • თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების, წახალისების, სპონსორობის სრული აკრძალვა იწვევს თამბაქოს მოხმარების შემცირებას დაახლოებით 7%-ით - ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული ღონისძიების შედეგად თამბაქოს მოხმარება 16%-ამდე შემცირდა. საქართველოში თამბაქოს რეკლამირების სრული აკრძალვა 5 წელიწადში გამოიწვევს თამბაქოს მოხმარების შემცირებას 10%-ით (იხ. SimSmoke მოდელირება, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი).
  • თამბაქოზე გადასახადის გაზრდა წარმოადგენს თამბაქოს მოხმარების შემცირების ყველაზე ეფექტურ და ეკონომიურ გზას, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და საზოგადოების ღარიბ მოსახლეობას შორის. თამბაქოზე გადასახადის გაზრდა, რომელიც მისი ფასის 10%-ით ზრდას იწვევს, მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში თამბაქოს მოხმარებას ამცირებს დაახლოებით 4%-ით, ხოლო დაბალი და საშუალო  შემოსავლების მქონე ქვეყნებში - დაახლოებით 5%-ით. საქართველოში თამბაქოზე გაზრდილი გადასახადები 5 წელიწადში გამოიწვევს თამბაქოს მოხმარების შემცირებას 18,2 %-ით (იხ. SimSmoke მოდელირება, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი). თამბაქოზე მაღალი გადასახადების დაკისრება მრავალი თვალსაზრისით მომგებიანი ღონისძიებაა, ვინაიდან იგი ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ეკონომიკის ზრდას და მთავრობის შემოსავლების გაზრდას, რომელთა მიმართვაც შესაძლებელია განვითარებისა და ჯანმრთელობის სხვა ინიციატივების დასაფინანსებლად.
  • ყველა დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მიხმარების სრული აკრძალვა. დადებითი შედეგები სახეზეა  თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალი საზოგადოებრივი სივრცის შემოღებიდან 6 თვეში. საქართველოში, ყველა დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში თამბაქოს მოხმარების სრული აკრძალვა 5 წელიწადში გამოიწვევს თამბაქოს მოხმარების შემცირებას 5,4 %-ით (იხ. SimSmoke მოდელირება, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი).
  • მკაცრი კონტროლის დაწესება ელექტრო სიგარეტებზე ან მათი თამბაქოს პროდუქტების რანგში განხილვა.
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა თამბაქოს მწარმოებელთა კომერციული ინტერესების მსხვერპლად ქცევისაგან.
  • თამბაქოს მოხმარებისათვის თავის დანებების მსურველთა ხელშეწყობა და მათი უზრუნველყოფა სათანადო რჩევებით.
  • ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისი მკაცრი პოლიტიკის გატარებით, 5 წელიწადში საქართველოში შესაძლებელია თამბაქოს მოხმარების შემცირება 40%-ით (იხ. SimSmoke მოდელირება, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი).

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხარს უჭერს დაუყოვნებლივ ქმედებას საქართველოში თამბაქოს კონტროლის გაძლიერებისათვის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 01 მაისი 2017 17:41

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აწყობენ პრეს-კონფერენციას საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიღების მხარდასაჭერად. პრეს-კონფერენცია გაიმართება სამშაბათს, 2017 წლის 2 მაისს, 09:30 საათზე, გაეროს სახლში (რ. ერისთავის ქ. 9, თბილისი).
გაეროს წარმომადგენლები გააცნობენ მედიას ახლახანს ჩატარებული კლევის შედეგებს, რომლის მიზანია საქართველოში თამბაქოს მოხმარების ტვირთის შეფასება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) განხორციელების ხელშეწყობა.
გაეროს წარმომადგენლები ასევე ისაუბრებენ თამბაქოს მოხმარების ეკონომიკურ ტვირთზე, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მნიშვნელობაზე წევრი ქვეყნებისათვის, კონვენციის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე და იმ პრაქტიკულ ზომებზე, რომელთა გატარება აუცილებელია თამბაქოს მოხმარების კონტროლისათვის.
პრეს-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ:
• მარიან ივანუშა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგებელი საქართველოში
• შომბი შარპი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
• ენდრიუ ბლექი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) სამდივნოს ჯგუფის ხელმძღვანელი
• ქრისტინა მაუერ სტენდერი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის პროგრამის მენეჯერი

საქართველომ სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგია მიიღო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 05 იანვარი 2017 13:12

2016 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ მიიღო სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ხედვას 2017-2020 წლებისთვის ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.

სოფლის განვითარების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის მიღებით დაასრულდა სტრატეგიის შემუშავების ერთწლიანი პროცესი, რომელიც განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და  ევროკავშირისა (EU) და გაეროს ორი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს სოფლის განვითარების ახალ ხედვას, რომელიც ეყრდნობა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ამ სფეროში. მისი მიზანია ადგილობრივი ბიზნესის განვითარება,  სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებებს.

ENPARD-ის ექსპერტული ცოდნის გაზიარებით, სტრატეგიის შემუშავება იყო კომპლექსური და თანამონაწილეობითი პროცესი, რომელშიც ჩართულები იყვნენ ეროვნული და საერთაშორისო მხარეები, მათ შორის არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები, სამინისტროები, სახელმწიფო დაწესებულებები და საერთაშორისო ექსპერტები. სტრატეგიის პროექტის განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო საზოგადოება. ამ მიზნით გაიმართა რამდენიმე შეხვედრა თბილისსა და ქუთაისში.

სტრატეგიის მიღებას მოჰყვება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დაფუძნება, რომელსაც სათავეში ჩაუდგება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საბჭო კოორდინირებას გაუწევს როგორც სტრატაეგიის განხორციელებას, ასევე კონკრეტულ ინიციატივებს საქართველოს რეგიონებში.  

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. 2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში შეადგენს 102 მილიონ ევროს.  ENPARD-ის პირველი ფაზა ორიენტირებული იყო სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მეორე ფაზის ფოკუსი სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების მიცემაა.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:www.enpard.ge

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აჯამებენ საარჩევნო მედია მონიტორინგის შედეგებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 21:52

პოლიტიკური პროგრამების ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობა, პოლარიზების ტენდენციები მედიის გარკვეულ სეგმენტებში, სიძულვილის ენის შემთხვევები არჩევნების გაშუქებისას - ასეთია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით განხორციელებული 2016 წლის საპარლამნეტო არჩევნების მედიამონიტორინგის მთავარი მიგნებები და რეკომენდაციები.

მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშების განხილვა შედგა 16 დეკემბერს გამართულ პრეს კონფერენციაზე. ანგარიშებში ხაზგასმულია როგორც საქართველოს მედიის მიღწევები უკანასკნელი წლების მანძილზე, ასევე გამოწვევები პროფესიული, ხარისხიანი და ეთიკური მედიის განვითარების გზაზე.

„მედიის თავისუფლება და პლურალიზმი ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის ფუნდამენტური ღირებულებებია. მოხარული ვარ, რომ არჩევნების გაშუქებისას გამოიკვეთა პოზიტიური ტენდენციები - მეტი დაბალანსებულობა და მრავალფეროვნება. ამ დადებით დინამიკას წვლილი შეაქვს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საარჩევნო მედიამონიტორინგი მიმდინარეობდა 2016 წლის მაისიდან ნოემბრის ბოლომდე. მედიამონიტორინგმა მოიცვა ორმოცზე მეტი მედია საშუალება - ტელეკომპანია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია. მედიამონიტორინგში ჩართული იყო სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაინტერნიუს - საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, რომელთაც პროფესიულ დახმარებას უწევდა სლოვაკური ორგანიზაცია „მემო’98“.

„მედიამონიტორინგის შედეგები ეყრდნობა ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესრულებულ უდიდეს სამუშაოს, 300 ათასამდე შემთხვევის დოკუმენტირებასა და ანალიზს. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მედიამონიტორინგი საქართველოს საარჩევნო ციკლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის შედეგებითაც თანაბრად სარგებლობს როგორც მედია, ასევე მთლიანად საზოგადოება“, - თქვა ნილს სკოტმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის ყველა ანგარიში განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.mediamonitor.ge

საქართველო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ რატიფიცირების შემდეგ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 22:02

საქართველოში 2013 წელს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ რატიფიცირება მოხდა და საზოგადოებაში დიდი ცვლილებების იმედიც გაჩნდა. თუმცა, მას შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სამოქალაქო საზოგადოება ბევრს საუბრობს კონვენციის მხოლოდ ქაღალდზე არსებობისა და რეალობაში ცვლილებების არ განხორციელების შესახებ.
2016 წლის 3 დეკემბერს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს მთავრობამ წარადგინა საქართველოს პირველი ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიმართ.
ანგარიშში რატიფიცირების შემდეგ ქვეყანაში განხორციელებული პოზიტიური ცვილლებებია ასახული, რომელიც ნამდვილად იმედის მომცემად გამოიყურება.
ცვლილებების მოკლე შეჯამება ვთხოვეთ მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსს, ნატალია ჯალიაშვილს:
- საქართველოს კონვენციის განხორციელების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მოცემულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა შშმ პირთა უფლებების და თავად კონვენციის პრინციპების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხი. კონვენციის რატიფირების შემდეგ ბევრი ცვლილება გვაქვს: განხორციელდა „ქმედუნარიანობის სისტემის“ ძირეული რეფორმა, რომელიც ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირებს შესაძლებლობას აძლევს მათი ნების საფუძველზე მოახდინონ საკუთარი უფლებების რეალიზაცია, შესაბამისი მხარდაჭერის მიღების გზით. მნიშვნელოვანი შედეგებს მივაღწიეთ ინკლუზიური განათლების მიმართულებით. მნიშვნელოვნად გაიზარდა ზოგადი განათლების საფეხურზე ინკლუზიურ პროცესში ჩართული სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირების რაოდენობა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სერვისების ადაპტირების მიმართულებით. ამ კუთხით აღსანიშნავია 112-ის სერვისის ადაპტირება, სერვისების განვითარების სააგენტომ 2015 წელს დანერგა დისტანციური რეჟიმში სერვისების მიღების სისტემა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო პროექტის „,თანაბარი შესაძლებლობა ყველასთვის“ განხორციელება, რომელიც უსინათლო პირებისთვის შესაბამისი სერვისების მიღების ადაპტირებულ სისტემას ქმნის. აღსანიშნავია, რომ მოცემულ პერიოდში გაიზარდა შშმ ბავშვების სოციალური პაკეტი. სოციალური პაკეტის ზრდა ასევე, შეეხო მკვეთრად გამოხატული შშმ პირებს. სხვადასხვა მიმართულებით ბევრი პროგრამა ამოქმედდა და დღეის მონაცემებით ნამდვილად გვაქვს სასიკეთოდ განსხვავებული რეალობა.
ზემოთ აღნიშნული ცვლილებების ფონზე, არსებითი პრობლემების არსებობაზე საუბრობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერი, ივონ გოგოლი:
- ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები უკვე ხორციელდება, თუმცა მდგრადი პოზიტიური გავლენის მოსახდენად მეტის გაკეთებაა საჭირო. საქართველოში მთავარი პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება: ქუჩების და შენობა/ნაგებობების ადაპტირება, დასაქმების შესაძლებლობა, ინკლუზიური განათლება, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობა. პროცესში მნიშვნელოვანია, როგორც სამთავრობო სტრუქტირების, ასევე კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზაგოდოების უფრო კონკრეტული, მიზანმიმართული და კოორდინირებული მუშაობა.

ნატალია ჯალიაშვილი ინკლუზიური გარემოს შექმნის პროცესში სახელმწიფოს როლის მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა საზოგადოების ჩართულობასა და მათ დამოკიდებულებებს შშმ პირთა მიმართ არსებით საკითხად განიხილავს და აღნიშნავს, რომ სწორედ საზოგადოების მზაობის საფუძველზე უნდა განისაზღვროს პოლიტიკა შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით და გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები.
ამ საკითხებზე მომუშავე, ოკუპაციური თერაპევტი ქეთი ტალახაძე საიმედო შეფასებას აკეთებს:
- სფეროში არსებულ სირთულეებზე თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, გამოიკვეთება ძირეული პრობლემები: სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის შეუთანხმებელი ქმედებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ საზოგადოების განსხვავებულ დამოკიდებულება, კვალიფიციური კადრების სიმცირე.
ამის მიუხედავად, ვფიქრობ, არასდროს უნდა დავკარგოთ, თუნდაც ძალიან მინიმალური მიღწევები ამ სფეროში. ბოლო 6 წლის განმავლობაში გაცილებით სწრაფად განვითარდა სფერო, ვიდრე წინა წლებში, თუმცა პროცესი მაინც ნელა მიდის. ამ ეტაპისთვის, ზოგადი შეფასებით (კანონმდებლობა, გარემო, საზოგადოების დამოკიდებულება/ჩართულობა) საკითხის განვითარებას შეგვიძლია 10 ბალიანი სისტემიდან ( სადაც 0 ნიშნავს ძალიან ცუდს და 10 ძალიან კარგს) 5 ქულა მივანიჭოთ.

გაერო-ს წარმომადგენლობამ მდგრადი განვითარების მიზნებზე შექმნილი ინსტალაცია "რუბიკის კუბიკი” მოსახლეობას გააცნო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 25 ოქტომბერი 2016 10:58

გაეროს დღესთან დაკავშირებით, 24 ოქტომბერს, თბილისში მეტროსადგურ "რუსთაველთან" გაიმართა მდგრადი განვითარების მიზნებზე შექმნილი ინსტალაციის "რუბიკის კუბიკის” წარდგენა. პროექტის მიზანია - გაერო-ს მდგრადი განვითარებისათვის შემუშავებული 17 მიზანის საზოგადოებისთვის გაცნობა. მისი დევიზია - "არავინ ყურადღების მიღმა".

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ნილს სკოტმა - გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მოსახლეობამ და ჟურნალისტებმა.

"დღეს გაერო-ს დღეა და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ დღეს საქართველოში ავღნიშნავთ. გაერო-ს მდგრადი განვითარებისათვის შემუშავებული აქვს 17 მიზანი, რომელიც გენდერული თანასწორობის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის და სხვა კუთხით პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს. დარწმუნებულები ვართ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს და დაძლევს ყველა სირთულეს", - აღნიშნა ნილს სკოტმა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ შეიმუშავა 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგი, რომლის ერთ-ერთი დევიზია — „არავინ ყურადღების მიღმა“. მიზნები ძალიან შთამბეჭდავია: სიღარიბისა და შიმშილის დაძლევა, პლანეტის უსაფრთხოების დაცვა და ყველა ადამიანის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

ინსტალაცია "რუბიკის კუბიკი“, ისევე როგორც მდგრადი განვითარების 17 მიზანი, არის უნივერსალური, ურთიერთდაკავშირებული და რთულად განსახორციელებელი. საჭიროა გააზრებული და თანმიმდევრული მიდგომები ქვეყნის მდგრადი განვითარებისაკენ სწრაფვისა და ახალ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებისათვის.

 

მდგრადი განვითარების მიზნებზე შექმნილი ინსტალაციის ,,რუბიკის კუბიკის” წარდგენა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 24 ოქტომბერი 2016 13:48

გაეროს დღესთან დაკავშირებით, 24 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისში მეტროსადგურ რუსთაველთან გაიმართება მდგრადი განვითარების მიზნებზე შექმნილი ინსტალაციის ,, რუბიკის კუბიკის” წარდგენა.

ღონისძიებას დაესწრებიან: ნილს სკოტი — გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, — და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ შეიმუშავა 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგი, რომლის ერთ-ერთი დევიზია — „არავინ ყურადღების მიღმა“. მიზნები ძალიან შთამბეჭდავია: სიღარიბისა და შიმშილის დაძლევა, პლანეტის უსაფრთხოების დაცვა და ყველა ადამიანის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

ინსტალაცია ,, რუბიკის კუბიკი“ , ისევე როგორც მდგრადი განვითარების 17 მიზანი, არის უნივერსალური, ურთიერთდაკავშირებული და რთულად განსახორციელებელი. საჭიროა გააზრებული და თანმიმდევრული მიდგომები ქვეყნის მდგრადი განვითარებისაკენ სწრაფვისა და ახალ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებისათვის.

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური