გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019 10:28

2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად - საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

აღსანიშნავია, რომ წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 44 მეტი ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად  უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ 44 ქვეყნის სახელითაა, და მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

რეზოლუციის წარდგენისას, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ეფუძნება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს. ბატონმა იმნაძემ,   ხაზგასმით განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთები რჩება. მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულისტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვა“ საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას. ასეთი შემთხვევები ხშირია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია.

სხდომაზე აგრეთვე გაკეთდა შემდეგი მხარდამჭერი განცხადებები: სუამ-ის ქვეყნების სახელით ისაუბრა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა; ჩრდილო ევროპული და ბალტიის ქვეყნების სახელით განცხადება გააკეთა ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა, რომელსაც მიუერთდნენ ბულგარეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ნიდერლნდები, პოლონეთი და სლოვენია. მხარდამჭერი ეროვნული განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მუდმივმა წარმომადგემლებმა.

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან აღნიშნული საკითხი, მის საბოლოო გადაჭრამდე, რომელიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანდგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

პრეზიდენტი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019 15:21

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-სთანაკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-სთან ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნძულების, ესვატინისსამეფოს და მიკრონეზიის ფედერალური შტატების მუდმივ წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების თაობაზე და გაერო-ში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს“ უკავშირდება.

ელჩები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესით დაინტერესდნენ და შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.

სამოქალაქო საზოგადოების 100-მდე ჯგუფი შეიკრიბა სოციალური არეულობების საპროტესტო დემონსტრაციაზე სეულში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 09 თებერვალი 2019 14:23

გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტთან დაკავშირებული, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე სამხრეთ კორეის საერთაშორისო სამშვიდობო არასამთავრობო ორგანიზაცია HWPL-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ გაავრცელა პრეს-რელიზი, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ. "25 წლის გოგონა, სახელად გუ ძი-ინი მისი მშობლებისა და საეკლესიო ხელმძღვანელების მიერ ორგანიზებული სარწმუნოებაზე იძულებითი მოქცევის შედეგად გარდაიცვალა. განსვენებული გუ ძი-ინი - მისი ძვირფასი, ნათელი სული ძალიან ნაადრევად წავიდა ჩვენგან. რა აუნაზღაურებს ამ დანაკლისს მის ოჯახსა და მეგობრებს? ეს ინფორმაცია გავრცელდა გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში, New York Times-ის რეკლამაში. ამ დროისთვის ეს ამბავი მხოლოდ 51 ქვეყანაშია გავრცელებული.

27 იანვარს, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, 30 000 მოქალაქე და სამოქალაქო საზოგადოების 100-მდე ჯგუფი შეიკრიბა სოციალური არეულობების სერიების საპროტესტო დემონსტრაციაზე სეულში, კვანგვამუნის მოედანზე მდებარე კორეის ქრისტიანულ კომპლექსთან, სადაც იმართება ხოლმე სიმბოლური პოლიტიკური და სოციალური მოძრაობები, მათ შორის, ახლახან მომხდარი დემოკრატიული სანთლების რევოლუცია.

სარწმუნოების თავისუფლება აბსოლუტური, ფუძემდებელი უფლებაა, რომელიც კორეის რესპუბლიკის კონსტიტუციით არის გამყარებული. გარდა ამისა, ადამიანის სიცოცხლის დაცვა და მისი პატივისცემა უდიდესი ფასეულობაა, რომელიც ასევე დაფიქსირებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და მისი იგნორირება არ უნდა ხდებოდეს. საკუთარი რელიგიის უკანონო გზებით შეცვლის მცდელობა უკვე თავისთავად არაკონსტიტუციურია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი პატივისცემის პრინციპი არის არა მხოლოდ რელიგიის საფუძველი, არამედ სოციალური სტანდარტი და ადამიანის საბაზისო მახასიათებელი.

მიუხედავად ამისა, კორეის ქრისტიანული საბჭო (CCK) სიმართლის დამალვას ცდილობს, არა მხოლოდ უგულებელყოფს კანონს და სხვა მხარეს იყურება, არამედ მხარს უჭერს თავისი პასტორების უკანონო საქმიანობას. როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იუწყებოდა, კორეის ქრისტიანული საბჭოს სარწმუნოებაზე იძულებითი მოქცევის მასწავლებელი პასტორები ცხვრის ქურქში გახვეული მგლები არიან, რომლებიც თავს არიდებენ სისხლის სამართლის სასჯელს, იყენებენ რა მსხვერპლის ოჯახის წევრებს და სარგებლობენ მათით, რათა ფული ამ გაუკუღმართებული ბიზნესით გამოიმუშავონ.

კორეის ქრისტიანული საბჭო უნდა დაიშალოს, ვინაიდან მან კორეელი ხალხი, ასევე საერთაშორისო საზოგადოება ქაოსში გახვია. სარწმუნოებაზე იძულებით მოქცევაში მონაწილე პასტორებს კი შესაბამისი სასჯელი უნდა მიეზღათ თავიანთი ქმედებებისთვის.

ჩვენ სიმართლისთვის ფარდის ახდაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა მკაფიო მსჯელობით, თანაც სხვებზე მეტად. თქვენი დახმარების იმედი მაქვს ადამიანის უფლებების დარღვევის ამ პრობლემის გავრცელების საქმეში, რათა მთელმა მსოფლიომ დაინახოს კორეის ქრისტიანული საბჭოს რეალური სახე და ყველამ რელიგიის თავისუფლების გაფართოებისკენ მოუწოდოს მას.

ჩვენ სხვებზე აქტიურად უნდა მივიღოთ მონაწილეობა სიმართლის გამჟღავნებაში. გთხოვთ, იხილეთ თანდართული პრესრელიზი და ფოტოები. კითხვების გაჩენის შემთხვევაში, დამიკავშირდით ნებისმიერ დროს", - ნათქვამია პრეს-რელიზში.

ხისუ კიმი, გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტთან დაკავშირებული, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის მქონე საერთაშორისო სამშვიდობო არასამთავრობო ორგანიზაცია HWPL-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან.

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 01 დეკემბერი 2018 15:57

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველად, კანტის აკადემიის ორგანიზებით იმართება. კონფერენციის 200-მდე დელეგატს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა. 
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებული მდებარეობისა და ისტორიის მქონე სახელმწიფოა, რომელიც ნათელი მაგალითი გახდა იმის, თუ როგორ შეუძლია მცირე ზომის ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო ვაჭრობაში, საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაში და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის საქმეში. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ასევე აჩვენა მტკიცე ძალისხმევა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების კუთხით და ქვეყნის პოზიციებს ცივილიზებული სამყარო სრულად იზიარებს. 
საერათშორისო კონფერენციის მონაწილეების კითხვები რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას, საგარეო პოლიტიკას, რუსეთთან ურთიერთობებს, საქართველოში გატარებულ საკონსტიტუციო რეფორმას, პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, ქვეყნის დემოკრატიულ გამოწვევებსა და ეკონომიკურ განვითარებას ეხებოდა. მონაწილეებს პრეზიდენტმა ასევე გაუზიარა საკუთარი ხედვა, თუ რა შეიძლება გააკეთოს ახალმა პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

ქართველი ახალგაზრდა გაეროში სიტყვით გამოვიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018 12:24

გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე საკომიტეტო სხდომაზე საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, ლიკა ტორიკაშვილი, სიტყვით გამოვიდა. მან მსოფლიოს ახალგაზრდებს, გაერთიანებისკენ და მსოფლიოს გაუმჯობესებაში წვლილის შეტანისკენ მოუწოდა. ახალგაზრდობის წარმომადგენელმა ასევე ყურადღება გაამახვილა მშვიდობის მშენებლობის მნიშვნელობაზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე.

ახალგაზრდობის წარმომადგენლის პროგრამა, გაეროს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. ახალგაზრდობის წარმომადგენელი სხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად ახორციელებს ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და ინიციატივებს.

საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით.

პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე ესაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018 09:47

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლზე კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაეროს შტაბბინაში გაიმართა.

ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების გააქტიურების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატების ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას. პრემიერმა გაეროს მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ერთგულია და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

პრემიერ-მინისტრმა ანტონიო გუტიერეში საქართველოში მიიწვია. გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო ორგანიზაციის მეგობარია და მზადყოფნა გამოთქვა, თბილისს პირველივე შესაძლებლობისთანავე ეწვიოს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

გაერო-ში საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018 13:04

2018 წლის 6 აგვისტოსგაეროსთან საქართველოს მუდმივმაწარმომადგენლობამ ორგანიზება გაუწია შეხვედრას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წელთან დაკავშირებითშეხვედრას გაერო- წევრი სახელმწიფოების ელჩებიკვლევითი და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებიესწრებოდნენ.
დისკუსია გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ გახსნა. თავის გამოსვლაში მან დეტალურად განიხილა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია, რომლის კულმინაცია რუსეთ-საქართველოს ომი და შედეგად, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაცია გახდა.
გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით ათწლეულის წინ, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპა ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს მიმართ ღია აგრესიის მოწმე გახდა, რაც გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების უხეში დარღვევა იყო.  მისი თმით რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. მოსკოვი  აძლიერებს  უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე.  სიტუაციას კიდევ უფრო  ამწვავებს რუსეთის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიისაკენ, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულების ხელმოწერის გზით.
როგორც ელჩმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, საქართველო კვლავაც განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას დიალოგისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის გზით. საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა ძალისხმევა ომისა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოების  შერიგებისკენ. „ათწლიანი ოკუპაციისა და ყოველდღიური პროვოკაციების მიუხედავად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიულ გარდაქმნებსა და კარგ მმართველობაში და მყარი საფუძველი ჩაუყარა  მდგრად  ეკონომიკურ  განვითარებას. საქართველომ წარმატებას მიაღწია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში, რაც წარმოაჩენს ქართველი ხალხის უპირობო ერთგულებას  საერთო დემოკრატიული ფასეულობების მიმართ”-აღნიშნა ელჩმა.
ჰერითიჯის ფონდის საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა,  ლუკ კოფიმ ისაუბრა 2008-ის წლის ომზე, რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკაზე, ასევე ყირიმის უკანონო ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე,  როგორც 2008 წელს საქართველოში დაწყებული პროცესების გაგრძელებაზე. 
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს  2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ ევროპის კრიზისს შორის ურთიერთკავშირზე. თავიანთ გამოსვლებში უკრაინის, ავსტრიის, ესტონეთის, გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის, ნიდერლანდების, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და თურქეთის წარმომადგნელებმა კიდევ ერთხელ მტკიცედ დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მონაწილეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია  საერთაშორისო სახელმწიფო საზღვრების ძალის გამოყენებით გაუქმება და მოითხოვა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპების უპირობო პატივისცემა. მონაწილეებმა მოიწონეს საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომლის მიზანი  საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახელობისთვის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებაა.
შეხვედრის მიზანს მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების  პერსპექტივებისა და სირთულეების შესახებ მსჯელობის ხელშეწყობა წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება გაყინული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაძლებლობებზე  გამახვილდა.

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ივლისი 2018 17:18

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, კონკურსის - „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში“ ფინალური ეტაპი გაიმართა, სადაც მესამე ეტაპზე გასულმა კანდიდატებმა მოხსენებები წარმოადგინეს თემაზე "SDG’s, Youth and Georgian Reality".

კონკურსის შედეგად შერჩეული წარმომადგენელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავს, შემდეგ გაემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოვა ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 18-დან 25 წლამდე.

ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაეროს ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივაა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ.

საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით.

გაერო თურქეთს საგანგებო მდგომარეობის დასრულებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 21 მარტი 2018 13:34

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) ახალ ანგარიშში თურქეთს საგანგებო მდგომარეობის დასრულებისკენ მოუწოდებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, რომელიც 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწესდა, რადგან ქვეყანაში ადამიანების უფლებები სერიოზულად ირღვევა.

მოხსენების თანახმად, ძალაუფლების წარუმატებელი ჩამორთმევის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაქვეყნა 20-ზე მეტი განკარგულება, რამაც დაკავებულების წამება და სასამართლო სისტემაში ჩარევა გამოიწვია. აღნიშნავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა, ნებისმიერი კრიტიკის ჩასახშობად გამოიყენება.

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 28 გვერდიან დოკუმენტში ასევე თურქეთში პოლიციის, ჟანდარმერიის, სამხედრო პოლიციის და უშიშროების ძალების მხრიდან პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი. კერძოდ, წამება, სექსუალური ძალადობა, არასათანადო მოპყრობა, ელექტრო შოკი და თვითნებური პატიმრობა, აგრეთვე აზრის გამოხატვის თავისუფლების და მუშაობის უფლების შეზღუდვა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ზაიდ რად ალ-ჰუსეინის თქმით, დაკავებული ან თანამდებობიდან გათავისუფლებული პირების რაოდენობა "შემაძრწუნებელია".

გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, თურქეთში ბოლო 1.5 წლის განმავლობაში დაახლოებით 160 ათასი ადამიანი დააკავეს, 152 ათასი საჯარო მოხელე სამსახურიდან გაათავისუფლეს და ეს ყველაფერი ″სრულიად თვითნებურად″ გაკეთდა.

″მასწავლებლები, მოსამართლეები სამსახურიდან გაათავისუფლეს ან მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს; ჟურნალისტები დააკავეს, მედია საშუალებები დაიხურა ან ინტერნეტ საიტებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა... ნათლად ჩანს, რომ თურქეთში საგანგებო მდგომარეობის არაერთხელ გაგრძელება ძალიან ბევრი ადამიანის ადამიანური უფლებების სერიოზულად და თვითნებურად დასარღვევად იქნა გამოყენებული″, - განაცხადა მან.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში უსაფრთხოების ძალები ″მძიმედ და სერიოზულად″ ადამიანის უფლებების დარღვევას განაგრძობენ. მათ შორის სავარაუდოდ ესენია მკვლელობა, წამება, გადამეტებული ძალის გამოყენება, სახლების დანგრევა და ქურთული კულტურის განადგურება. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა ასევე რეგიონში სიტუაციის შესაფასებლად რეგიონში შესვლის ნებართვაც მოითხოვა.

წყარო: https://www.reuters.com/article/us-turkey-security-rights/u-n-calls-for-turkey-to-end-state-of-emergency-halt-violations-idUSKBN1GW107

ქალაქი ბუსანი მომსწრეა ომის ბატალიების და კორეელი ხალხი არ ივიწყებს ომში დაღუპულ გმირებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 მარტი 2018 20:15

4-11 მარტს, სეულში ჩატარდა „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“, რომელშიც მონაწილეობდა 65-ი ჟურნალისტი, მსოფლიოს 46 ქვეყნიდან. მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლებიც. კონფერენციის მასპინძელი იყო კორეის ჟურნალისტთა ასოციაცია. კონფერენციის ძირითად თემას წარმოადგენდა „პრესის როლი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხში და მშვიდობის შენარჩუნება მსოფლიოში“. ჟურნალისტთა კონფერენცია  მიზნად ასევე ისახავდა კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული შეიარაღების შეჩერებას და მშვიდობის განმტკიცებას. კონფერენციის ბოლო დღეს ჟურნალისტებმა მიიღეს ერთობლივი სამშვიდობო კომუნიკე, რომელიც მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას შეუერთდნენ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კორეის ნახევარკუნძულზე უსაფრთხიებისა და მშვიდობის განმტკიცებისკენ.

კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტები გაემგზავრენ სეულის შემდეგ, სიდიდით მეორე ქალაქ ბუსანში, რომელსაც კორეის საზღვაო დედაქალაქსაც უწოდებენ. ბუსანში ასევე მდებარეობს უდიდესი საზღვაო პორტიც. კორეის ომის დროს სწორედ ბუსანის პორტი იყო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, საიდანც ხდებოდა კორეის არმიის და გაეროს დამხმარე ნაწილების სამხედრო ძალით, ტექნიკითა და იარაღით მომარაგება. 

2002 წელს ბუსანში ჩატარდა აზიური თამაშები და მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. 2005 წელს ბუსანი გახდა ATEC-ის ფორუმის დედაქალაქი. 2005 წლის 14 ნოემბერს ბუსანი, ულსანთან ერთად გამოცხადდა 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების პრეტენდენტ ქალაქად.

კონფერენციაში მონაწილე ჟურნალისტებმა ბუსანში მოინახულეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) მრავალეროვანი კონტიგენტის  მემორიალურ სასაფლაო, სადაც განისვენებენ კორეის ომში დაღუპული სამხედრო პირები.

ეს არის გაეროს ერთად-ერთი სასაფლაო მსოფლიოში. მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალულია დაახლოებით 2300 ჯარისკაცი და სხვა პირი, რომელიც მონაწილეობდა კორეის ომში. სასაფლაოს საერთო ფართობი 14 ჰექტარს აღემატება.

მემორიალური სასაფლაო გაეროს მიერ შეიქმნა 1951 წელს. 1955 წელს კოპრეის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება გამოეყო მიწა უვადო სარგებლობისთვის. 1955 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც გაერო მართავს აღნიშნულ სასფლაოს მუდმივად. 1959 წლის ნოემბერში სამხრეთ კორეა და გაერო შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოუვლიდნენ და გაეროს მემორიალურ სასაფლაოს ბუსანში. დღეისათვის მემორიალურ სასაფლაოს მართავს კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედის 11 ქვეყნის წარმომადგენელი. 

გაეროს გენერალური მდივნები არ სტუმრობდნენ სასაფლაოს, თუმცა 2011 წლის 30 ნოემბერს პან გი მუნი გახდა პირველი გაეროს გენერალური მდივანი, რომელმაც მოინახულა გაეროს მრავალეროვანი კონტიგენტის  მემორიალურ სასაფლაო ბუსანში.

სამუშაო ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა დაათვალიერეს მემორიალური სასაფლაოს ტერიტორია, მოინახულეს მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია კორეის ომის ამსახველი დოკუმენტური მასალა და ფოტო გალერეა. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა გვირგვინით შეამკეს გაეროს დაღუპული გმირების მემორიალური დაფა და წუთიერი დუმილით პატივი სცეს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას. 

კორეის ომის დროს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა აშშ, ავსტრალიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, კანადის, კოლუმბიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ტაილანდის, თურქეთის ფილიპინების, საფრანგეთის, ეთიოპიის და სამხრეთ აფრიკის შენაერთები. გარდა ამისა, სამხედრო-სამედიწინო ქვედანაყოფები გამოაგზავნეს ინდოეთმა, იტალიამ, ნორვეგიამ და შვეციამ. საერთო ჯამში კოალიციის სამხედრო შენაერთების რაოდენობა 900 ათასიდან 1,1 მლნ ადამიანს აღემატებოდა.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სწორედ გაეროს კოალიციის სამხედრო მოქმედებებში ჩართვამ სრული გარდატეხა შეიტანა ომის მსვლელობაში და საბოლოო ჯამში სამხრეთ კორეამ ამ სამხედრო დაპირისპირებაში წარმატებას მიაღწია.

ავთანდილ ოთინაშვილი

ბუსანი, კორეა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური